ფოკის წმინდა ნინოს ეკლესია

ფოკის წმინდა ნინოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში. აგებულია 1027 წელს. ნაგებია თლილი ადგილობრივი ქვით.

ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთის კედელში ერთი ხოლო სამხრეთის კედელში ორი თაღოვანი სარკმელია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ღერძზე ერთი სარკმელია, მის ორივე მხარეს კი თითო თაღოვანი ნიში. აფსიდა მხრითაა გამოყოფილი დარბაზისგან. კონქი მხრებზე დარყრდნობილ თაღს ებჯინება. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე ორ-ორი წყვილი ორმაგი პილასტრია გაკეთებული, რომლებიდანაც კამარის საბჯენი თაღები გადადის, ასეთივე პილასტრი და თაღია დასავლეთის კედლის კიდეებში. პილასტრებს შორის კედლის დეკორატიული თაღებია გაკეთებული. ტაძრის მორთულობას წარმოადგენს სარკმლების მოჩარჩოება და კარის არქიტრავი, რომელზეც ჯვარი და ასომთავრული წარწერაა მოცემული.

ეკლესიას 2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

წარწერები

რედაქტირება
 

სამხრეთის კედელზე რამდენიმე წარწერაა შესრულებული:

 
„ქრისტე ადიდე ბაგრატ კურაპალატი“
 
„ქრისტე ძეო და სიტყუაო ღმრთისაო ადიდე იოვანე ოქროპირი, ქართლისა კათალიკოზი ორთავე შინა ცხორებათა ამენ“
 
„ქ. სახელითა ღმრთისაითა მე ბავრელი ღირს ვიქმენ შენებასა წმიდაისა ამის ეკლესიისა საფუძველი დაიდუა მე თანა დავშუერ ხელოსანი ვიყავ ოქროპირისა ქართლისა კათალიკოზისა“
 
„ქრისტე ადიდე მიქელ ქართლისა ბნქსალარი“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6094