ფილიპე III (ესპანეთი)
ფილიპე III (ესპ. Felipe III, პორტ. Filipe III, იტალ. Filippo III; დ. 14 აპრილი, 1578, მადრიდი, ესპანეთი — გ. 31 მარტი, 1621, მადრიდი, ესპანეთი) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის მეფე ფილიპე II-ისა და მისი მეოთხე ცოლის, დედოფალ ანა ავსტრიელის ვაჟი. ესპანეთისა და პორტუგალიის კოლონიური იმპერიების, ნეაპოლის, სიცილიისა და სარდინიის მეფე, მილანისა და ბურგუნდიის ჰერცოგი და ასევე ჩვიდმეტი პროვინციის მონარქი 1598-1621 წლებში.
ფილიპე III | |
---|---|
ესპანეთის, პორტუგალიის, ნეაპოლის, სიცილიისა და სარდინიის მეფე, მილანისა და ბურგუნდიის ჰერცოგი, ჩვიდმეტი პროვინციის მონარქი | |
მმართ. დასაწყისი: | 13 სექტემბერი, 1598 |
მმართ. დასასრული: | 31 მარტი, 1621 |
წინამორბედი: | ფილიპე II |
მემკვიდრე: | ფილიპე IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 აპრილი, 1578 |
დაბ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 31 მარტი, 1621, (42 წლის) |
გარდ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
დაკრძ. ადგილი: | ესკორიალი, მადრიდი |
მეუღლე: | მარგარეტ ავსტრიელი |
შვილები: |
ანა, საფრანგეთის დედოფალი ფილიპე IV, ესპანეთის მეფე მარია ანა, საღვთო რომის იმპერატრიცა კარლი ფერდინანდი, კარდინალ-ინფანტი |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ფილიპე II, ესპანეთის მეფე |
დედა: | ანა ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ფილიპეს დედ-მამა ერთმანეთის ძალიან ახლო ნათესავები, კერძოდ კი ბიძა და დის შვილი იყვნენ, რის გამოც მათი უამრავი შვილიდან მხოლოდ ფილიპემ შესძლო სრულწლოვანებამდე მიღწევა. 1599 წელს კი მან ცოლად თავისი ბიძაშვილი, ერცჰერცოგინია მარგარეტ ავსტრიელი შეირთო.
მიუხედავად იმისა, რომ ფილიპეს მმართველობა ესპანეთის ისტორიაში დადებით პერიოდად მიიჩნევა, საზღვარგარეთ მისი პოლიტიკური რეპუტაცია საკმაოდ ნეგატიური იყო. უცხოელები მას "უმნიშვნელოზე უმნიშვნელო ადამიანს" და "უმწეო მონარქს" უწოდებენ. ეს იმითაა გამოწვეული, რომ იგი მიჯაჭვული იყო თავის პირველ კორუმპირებულ მინისტრ ჰერცოგ ლერნაზე. რეალურად სწორედ ჰერცოგი მართავდა ქვეყანას და არა ფილიპე. მან ასევე სცნო ჰოლანდიის დამოუკიდებლობა, ჩაება ოცდაათწლიან ომში, რამაც ესპანეთი გაკოტრებამდე მიიყვანა და ცდილობდა ინგლისის დაპყრობას, რამაც ესპანეთი კიდევ უფრო საშინელ მდგომარეობამდე მიიყვანა. ფიქრობდა ინგლისთან ომში ირლანდიის გამოყენებას და დახმარებას უწევდა ირლანდიის 1595–1603 წლის აჯანყებას, თუმცა საბოლოოდ ინგლისს დაუზავდა. ფილიპეს მმართველობის პერიოდში ესპანეთში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, რამაც გამოიწვია კოლონიებზე კონტროლის კარგვა.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაფილიპე დაიბადა 1578 წლის 14 აპრილს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე II-ისა და მისი მეოთხე ცოლის, დედოფალ ანა ავსტრიელის ვაჟი. მეფე ფილიპეს პირველი ცოლისაგან ჰყავდა ვაჟი, ასტურიის პრინცი დონ კარლოსი რომელიც ფსიქიკურად შერყეული იყო, რის გამოც ფილიპეს მისი დილეგში გამოკეტვა მოუწია, სადაც კარლოსი 1568 წელს გარდაიცვალა დიზინტერიისგან. ამავე წელს მშობიარობას გადაჰყვა ფილიპე II-ის მესამე ცოლი, დედოფალი ელიზაბეტ ვალუა, რომელმაც მკვდარი გოგონა დაბადა. ამის შემდეგ ორ წელიწადში ფილიპემ თავის დისშვილ ანა ავსტრიელზე იქორწინა, რომელთანაც ფილიპემდე სამი ვაჟი შეეძინა. სამივე მათგანი მცირეწლოვანი დაიღუპა და ამრიგად მეფის ნაბოლარა ვაჟი მის ერთადერთ მემკვიდრედ იქცა. თუმცა როდესაც ფილიპე სულ ორი წლის იყო, 1580 წელს დედამისი, დედოფალი ანა ავსტრიელი გრიპის ეპიდემიას ემსხვერპლა. მეფე ფილიპე მიიჩნევდა, რომ მისი გარდაცვლილი ვაჟი კარლოსი ჭკუიდან არასწორი განათლების გამო შეირყა, რის გამოც ფილიპეს განათლებას ძალიან სერიოზულად უდგებოდა. იმის გამო, რომ ფილიპესაც კარლოსის ბედი არ გაეზიარებინა, მეფემ მას ესპანეთის საუკეთესო რეპეტიტორები დაუქირავა და თავადაც ადევნებდა თვალყურს მის აღზრდას. ფილიპე ცდილობდა ვაჟისთვის ქვეყნის მართვა პატარაობიდანვე ესწავლებინა, რათა მას კიდევ უფრო გაეზარდა ესპანეთს ტერიტორიები. ფილიპე II ვაჟის ქორწინებაზე მისი ღრმა ბავშვობიდანვე ფიქრობდა, თუმცა თავის სიცოცხლეში მის დაოჯახებას ვერ მოესწრო.
როგორც ჩანს, კარლოსის ჭკუიდან შერყევამ ფილიპე II-ს კარგი გაკვეთილი მისცა, რამაც შემდგომში პრინცი ფილიპეს კარგად აღზრდას შეუწყო ხელი. ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, რომ იგი მამაზე ბევრად უფრო ჭკვიანი და კომპეტენტური იყო. პრინცმა ფილიპემ შეისწავლა ლათინური, პორტუგალიური, იტალიური, ფრანგული, გერმანული, ასტრონომია, ბრძოლის ხელოვნება, დიპლომატია და მრავალი სხვა რამ, რამაც იგი მეტად დახვეწილ და განათლებულ კაცად ჩამოაყალიბა. იგი ასევე აღზრდილი იყო როგორც ღრმადმორწმუნე და ღვთისმოშიში კათოლიკე. მას განსაკუთრებით ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა უფროს დებთან — ისაბელ კლარა ეუხენისათან და კატალინა მიკაელასთან — რომლებიც მეფე ფილიპეს მესამე ცოლთან, დედოფალ ელიზაბეტ ვალუასგან ჰყავდა. სწორედ დებმა ასწავლეს მას სიფრთხილე და სამეფო კარის ინტრიგებთან გამკლავება, რაც მეტად საჭირო იყო.
ფილიპე ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში შეხვდა დენიას მარკიზს (მომავალში ლერნას ჰერცოგი), რომელიც მალევე მისი საუკეთესო მეგობარი გახდა. ლერნა მართალია მალევე იქცა ფილიპეს განუყრელ მეგობრად და თანამოაზრედ, თუმცა იგი მეფესა და მის მრჩევლებს ძალიან არ მოსწონდა. 1595 წელს ლერნამ ვალენსიაში დიდი გავლენები მოიპოვა და მეფე ფილიპეს წინააღმდეგ ვალენსიელები აამბოხა, რის გამოც იგი ქვეყნიდან გააძევეს. სულ ორ წელიწადში კი მან თავისი შეცდომა აღიარა და მეფეს პატიება სთხოვა, რის შემდეგაც იგი კვლავ უბრუნდება სამეფო კარსა და პრინც ფილიპეს. ფილიპე II-ს სულ უფრო აშფოთებდა მისი შვილის მომავალი. მას სურდა ფილიპეს მრჩეველი ლერნა კი არა, არამედ ჰერცოგი დე ლოაისა ყოფილიყო. მართალია ფილიპე მას დაუახლოვდა, მაგრამ ისე არა, როგორც ლერნას. 1598 წელს მეფე ფილიპე ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა 71 წლის ასაკში, თავისი აშენებული უზარმაზარი ესპანეთის იმპერია კი ვაჟს, ახლა უკვე ფილიპე III-ს დაუტოვა.
რელიგია, ფილიპე და ქალების გავლენა სამეფო კარზე
რედაქტირებაფილიპე II-ის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში, 1599 წლის 18 აპრილს ფილიპემ ცოლად თავისი ბიძაშვილი, ერცჰერცოგინია მარგარეტ ავსტრიელი შეირთო. მარგარეტი საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ II-ისა და მისი ცოლის, იმპერატრიცა მარია ანა ბავარიელის შუათანა ქალიშვილი იყო. მან მალევე შეაყვარა ფილიპეს თავი. ამიერიდან სამეფო კარზე უკვე სამი ქალი იყო, რომელთაც მეფეზე დიდი გავლენა ჰქონდათ, ესენი იყვნენ: დედოფალი მარგარეტ ავსტრიელი, ფილიპეს მამიდა და ამავდროულად ბებია, ქვრივი იმპერატრიცა მარია ესპანელი და მისი ქალიშვილი, მონაზონი მარგარეტ ავსტრიელი. დედოფალმა მალევე სამეფო კარის დიდი სიყვარული და მხარდაჭერა დაიმსახურა. იგი ზედმეტად მორწმუნე და ღვთისმოშიში იყო, რის გამოც ხშირად ერეოდა პოლიტიკაში. მას სძულდა ლერნას ჰერცოგი და ყველაფერს აკეთებდა მის მოსაცილებლად. თითქმის ყოველთვის მელანქოლიურ ფილიპეზე დიდი გავლენა ჰქონდა მარგარეტს. დედოფალი მარგარეტ ავსტრიელი ლერნას ჰერცოგთან მუხლჩაუხრელ ბრძოლას თავის გარდაცვალებამდე განაგრძობდა. ფილიპეს მარგარეტთან ძალიან მზრუნველი, მჭიდრო და ყურადღებიანი ურთიერთობა ჰქონდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 1605 წელს მარგარეტმა მას ვაჟი გაუჩინა.
გარდა ცოლისა, ფილიპეზე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა მარია ესპანელს, რომელიც ერთდროულად მისი ბებია, მამიდა და უახლოესი მრჩეველი იყო. მარია, ისევე როგორც დანარჩენი ჰაბსბურგები ღრმადმორწმუნე კათოლიკე იყო და ფილიპეს ყოველთვის კათოლიციზმის დაცვისკენ მოუწოდებდა. იგი ასევე იყო პრო-ავსტირიული პოლიტიკის მატარებელი ქალი, სწორედ მან დაარწმუნდა 1600 წელს ფილიპე, რომ ერცჰერცოგ ფერდინანდისათვის დიდი ფინანსური დახმარება გაეწია. ფილიპეს უფროსი ქალიშვილის, პრინცესა ანას მოძღვარი ფიქრობდა და თამამად აცხადებდა კიდევაც, რომ ფილიპეზე ქალებს დიდი გავლენა ჰქონდათ. განსაკუთრებით კი 1618 წელს ლერნას დამხობის შემდეგ გაიზარდა მასზე ქალების გავლენა.
მმართველობის სტილი
რედაქტირებაესპანეთის იმპერიას სამეფო საბჭო მართავდა, რომლის თავშიც მეფე იყო მოქცეული. ამ სამეფო საბჭოს დაქვემდებარებაში იყო სხვა შვიდი პროფესიული საბჭო (თანამედროვე სამინისტროს სტილის). ამ შვიდი საბჭოდან ოთხს ესპანეთსა და მის კოლონიებში ინკვიზიციის აღსრულება ევალებოდა, ერთს ფინანსთა მოწესრიგება, ერთს სამხედრო საქმიანობა და ერთსაც ჯვაროსანთა გადასახადების აკრეფა. თავის დროზე, ყველა ეს საბჭო ფილიპე II-მ გააუქმა და თვითონ, სრულიად ერთპიროვნულად აგვარებდა ყველა მათგანის მოვალებობებს, თანაც საკმაოდ კარგად, თუმცა მისი ვაჟი მას არ ჰგავდა, რის გამოც საჭირო გახდა ზემოთ ხსენებული საბჭოების თავიდან შექმნა. ფილიპე სამეფო საბჭოში დიდად თავს არ იტვირთავდა და ყოველთვის მაღალჩინოსანთა მოსაზრებას იზიარებდა. ამიტომაცაა, რომ ფილიპეს ევროპელები ძალიან სუსტი ბუნების მონარქად თვლიან. ფილიპე II-ს ყოველთვის ეშინოდა, რომ მისი ვაჟი სუსტი მონარქი გახდებოდა და ამის თავიდან ასარიდებლად, ფილიპეს 15 წლიდან ასწავლიდა ქვეყნის მართვას.
ფილიპე III-ის მიდგომა ხელისუფლებისადმი, სამ ძირითადად საკითხად იყოფა. პირველ რიგში, მან გავლენა მოახდინა დაქვემდებარებულ იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებში ჰუმანიზმისა და ჰიგიენური ნორმების აღორძინებაზე. იტალიელი მწერალი ფრანჩესკო ფარაკეტა ფილიპეს ამ რეფორმებს დიდად მიესალმბებოდა და მას აღმშენებელსაც კი უწოდებდა. მეორე ისაა, რომ ფილიპემ გაიზიარა ჰერცოგი ლერნას მოსაზრება და მამის მიერ შექმნილი ერთპიროვნული მონარქია დაანგრია, რაც მისი აზრით ძირს უთხრიდა ესპანეთს, ამიტომაც მან შექმნა რამდენიმე საბჭო, რომელთაგან ცხადია ყველა მეფეს ემორჩილებოდა, თუმცა აღარ იყო ძველებურად ერთპიროვნული. და ბოლოს, მესამე რაც მან გააკეთა, ისაა, რომ გაიზიარა ჰერცოგი ლერნას ყველა იდეა და დაანგრია ფილიპე II-ის მიერ შექმნილი სახელმწიფო მოწყობის ყველა სისტემა.
ლერნას ჰერცოგი
რედაქტირებაფილიპე III-ის ტახტზე ასვლიდან სულ რამდენიმე საათში ჰერცოგმა ლერნამ მას თავი მის პირველ მრჩევლად დაანიშნინა და მალევე იგი მეფის ფავორიტად იქცა. ლერნა მალევე სამეფო კარზე და სამეფო საბჭოში ყველაზე გავლენიან და ძლევამოსილ კაცად იქცა. ფილიპეს ნებართვითა და ზოგჯერ თხოვნით, ლერნა უხეშად ერეოდა ქვეყნის მართვის ყველა სფეროში. ფილიპე ძალიან მელანქოლიური და პასიური ადამიანი იყო, რის გამოც ხშირად სთხოვდა "მეგობარს" მის ნაცვლად მიეხედა პოლიტიკისთვის. ცხადია მეფეზე ამგვარი გავლენის გამო ლერნას სამეფო კარზე ყველა გადაემტერა, დაწყებული მეფის ოჯახით დასრულებული დიდგვაროვნებით, თუმცა სანამ მას თავად მეფე მფარველობდა არაფერი არ ემუქრებოდა. მალე ლერნა ისე გათავხედდა, რომ სამეფო საბჭოს მიერ წარდგენილ საბუთებზე ფილიპეს ნაცვლად აწერდა ხოლმე ხელს. მართლაც, 1612 წელს სამეფო საბჭოში ფილიპემ ბრძანა, რომ ლერნას დამორჩილებოდნენ, თითქოს ის ყოფილიყო მეფე. მალევე ლერნას ხელი მთავრობის ყველა მოქმედებაში გაერია. იგი შეუწყნარებელი და ამბიციური კაცი იყო. იგი ასევე ძალიან ენერგიული და ტემპერამენტიანი იყო, რის გამოც ხშირად ეწინააღმდეგებოდა სამეფო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
მმართველობის ეს ახალი სისტემა სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა. ლერნა თავის ნებასურვილზე იღებდა გადაწყვეტილებებს და აღასრულებდა მართლმსაჯულებას. ამან ცხადია არა მხოლოდ ელიტაში, არამედ უკვე ესპანელთა ყველა წრეში წარმოშვა დიდი უკმაყოფილება. ისინი აცხადებდნენ, რომ მეფეს თავად უნდა ემართა სახელმწიფო და არა სხვების მეშვეობით. მოგვიანებით სამეფო საბჭომ მიიღო დადგენილება, რომ ჰერცოგ ლერნას კატეგორიულად ეკრძალებოდა ქვეყნის მართვის ყველა საკითხში ჩარევა. მან კი საპასუხოდ განაცხადა, რომ რეალურად იგი ძალიან თავმდაბალი კაცი იყო და მხოლოდ ფილიპეს თხოვნით აკეთებდა ყოველივეს. ამან ცხადია ფილიპეზე იმოქმედა და ლერნასთვის უფლებების აღდგენა სცადა.
იმპერიული პროკონსულები
რედაქტირებაჰერცოგი ლერნას, როგორც სამეფო ფავორიტის როლი ძალიან დიდი იყო ფილიპე III-ის მეფობაში. ლერნამ მნიშვნელოვნაც გაზარდა სხვა ქვეყნებში ელჩებისა და ლეგატების რაოდენობა, რომლებიც იმდენად გათავხედდენ, რომ უცხო სამეფო კარებზე თავად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ამას მეფის წინადადებად წარუდგენდნენ მონარქებს. ფილიპე თანდათან ხელიდან უშვებდა ქვეყნის მართვის სადავეებს და ამას მის ნაცვლად სხვები იღებდნენ.
ფილიპე III-მ ნიდერლანდებში არსებული ესპანური კოლონიები (თანამედროვე ბელგია, ლუქსემბურგი, ჩრ. საფრანგეთი და სა. ნიდერლანდები) მთლიანად თავის დას, ინფანტა ისაბელ კლარა ეუხენიას და მის ქმარს, ალბერტ VII-ს აჩუქათ სამართავად, ოღონდ იმ პირობით, რომ თუ მათ შვილები არ ეყოლებოდათ, მთელი ეს ტერიტორიები კვლავ ესპანეთს დაუბრუნდებოდა. ფილიპეს ისაბელ კლარა ეუხენიასთან, ღრმა ბავშვობიდანვე ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც მან იცოდა, რომ თუ მეამბოხე ნიდერლანდებს მას აჩუქებდა, იგი იქ მაინც ესპანურ პოლიტიკას გაატარებდა და მომავალშიც უფრო გაუადვილდებოდა ნიდერლანდების შემოერთება. საბოლოოდ მართლაც ასე მოხდა, ისაბელ კლარა ეუხენიამ და ალბერტმა ნიდერლანდებში ბოლო მოუღეს ამბოხებას, გაატარეს პრო-ესპანური პოლიტიკა და ხელოვნების აღორძინებას მიჰყვეს ხელი. ამავდროულად მეფეზე გაიზარდა გენერალ ამბროსიო სპილოლას გავლენები. 1603 წლიდან სპილოლას ხელში მოექცა მთელი ესპანური არმია და მისი წვრთნაც მას დაევალა. მალევე მან მადრიდში დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო. იგი ცხადია ყოველივე ამას ესპანური ხაზინიდან დაფინანსების გარეშე აკეთებდა. სპინოლას ნიდერლანდებში ლაშქრობა სწყუროდა, რასაც შემდგომში საშინელი ომი უნდა მოჰყოლოდა. ლერნა ცხადია მას კონკურენტად აღიქვამდა, თუმცა ღიად არ უპირისპირდებოდა მას, რადგან ნიდერლანდების დამორჩილება მასაც აწყობდა. 1618 წელს ნიდერლანდებთან ომის დაწყებამდე სპინოლამ ჰოლანდიელთა დამარცხების გეგმა შეიმუშავა, რასაც მალევე უნდა მოჰყოლოდა ნიდერლანდების კვლავ კათოლიკურ რელიგიაზე მოქცევა.
იგივე სიტუაცია იყო ესპანეთის იტალიურ კოლონიებშიც. ლომბარდიის გუბერნატორი საკმაოდ გაურჩდა და მადრიდისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო, მაგალითად 1607 წელს მან რომის პაპისაგან ნებართვა აიღო და ვენეციის რესპუბლიკაში შეიჭრა. ლომბარდიის გუბერნატორი სიცოცხლის ბოლომდე ამგვარ დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა. იგივე მდგომარეობა იყო ვილფრანკას მარკიზთან, რომელიც ესპანეთისგან სრულიად დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა. ჰერცოგი დე ოსუნა, რომელიც ლერნას ძლერი მოკავშირე და ნეაპოლის გუბერნატორი იყო, სიცოცხლის ბოლომდე ფილიპესაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა ნეაპოლში. ნეაპოლელები გარკვეულწილად კმაყოფილნიც იყვნენ ამით, რადგან მათ ესპანელები ადრინდელივით აღარ ეუფროსებოდნენ. მას შემდეგ რაც ლერნამ თავისი მდგომარეობა დაკარგა, ოსუნა კიდევ უფრო გათავხედდა და გერმანელებთან ომის დაწყება სცადა.
ლერნას დაცემა
რედაქტირება1612 წლიდან 1617 წლამდე ლერნას მმართველობა დაიმსხვრა. ლერნას ამგვარი მონოპოლია სამეფო ხელისუფლებას უამრავ მტერს უქმნიდა. განსაკუთრებული სკანდალი მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ლერნა პირადი გამდიდრებისათვის სამეფო ხაზინიდან იპარავდა საკმაოდ სოლიდურ თანხებს. დედოფალმა მარგარეტმა ისარგებლა მომენტით და თავისი მოძღვარი მიუშვა ფილიპესთან, რომელმაც საოცარი ქადაგებებით მეფე თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია. მრავალწლიანი მეგობრობის შემდეგ ფილიპეს ლერნა ასე უბრალოდ მოსაცილებლად არ ემეტებოდა, ამიტომაც მოძღვარმა ლერნას ეკლესიაში გაშვება შესთავაზა. მალევე ფილიპემ რომის პაპ პავლე V-ისაგან 1618 წლის მარტში ლერნას კარდინალის წოდება უბოძა. ამან ცხადია ლერნას ხელისუფლება დაამხო.
ლერნამ თავისი ძალაუფლების აღდგენა შეეცადა და უამრავი ესპანელი დიდგვაროვანი გადაიბირა, რომელთან ერთადაც მას მეფე ფილიპე III-ის მეფობა უნდა დაემხო, ტახტზე მისი ვაჟი ფილიპე IV უნდა დაესვა, თავად კი მისი რეგენტი გამხდარიყო. რაც შეეხებოდა თავად ფილიპე III-ს, ლერნა მას ისევე მოექცეოდა როგორც ის მოექცა, ანუ მონასტერში გაუშვებდა. მოსალოდნელი აჯანყების შესახებ ინფორმაციამ სამეფო კარზე მალევე გაჟონა. ფილიპეს არ სჯეროდა, რომ ლერნა ამგვარ რამეს ჩაიდენდა, თუმცა მისმა საშინაო საქმეთა მინისტრმა ლერნას წერილები წააკითხა, რომლებიც მას აჯანყებულებთან ჰქონდა მიწერილი. ფილიპეს ბრძანებით ლერნა სასწრაფოდ დააპატიმრეს და აწამეს, ამის შემდეგ კი დილეგში გამოკეტეს.
საშინაო პოლიტიკა
რედაქტირებაფილიპემ მემკვიდრეობით მიღებული იმპერია გააფართოვა. 1580 წელს, მას შემდეგ რაც მამამისი, მეფე ფილიპე II პორტუგალიის მეფეც გახდა, ფილიპე ორი კოლონიური იმპერიისა და მთლიანი პირენეს ნახევარკუნძულის მმართველი გახდა. მიუხედავად ნიდერლანდებში მიმდინარე გაუთავებელი აჯანყებებისა, ესპანეთი მაინც კვლავ ევროპის უდიდეს და უძლიერეს სახელმწიფოდ რჩებოდა. მისი მმართველობისას ესპანეთიდან იტალიაში მიმავალი საზღვაო გზა გაწმენდილ იქნა მეკობრეებისა და ოსმალებისგან, რის გამოც ამ გზაზე გადაადგილება ბევრად უფრო უსაფრთხო გახდა. ფილიპეს გარდა ევროპისა, უამრავი კოლონია ჰქონდა ჩრდილო, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ფილიპინებში, ინდოეთსა და აფრიკაში. რეალურად ის იყო ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული სახელმწიფოთა მონარქი, რომელთაც სხვადასხვა გუბერნატორები მართავდნენ. ზოგიერთ გუბერნატორს თავის კოლონიაში დიდი გავლენა ჰქონდა და ესპანეთისაგან დამოუკიდებლობასაც კი ითხოვდნენ ხოლმე. თავად ესპანეთიც უამრავი სამეფო-სამთავროს გაერთიანებით იყო შექმნილი, ესენია კასტილია, არაგონი, ნავარა, ვალენსია, ანდალუსია, კატალონია, გალისია და ა.შ. თუმცა ესპანეთის ეკონომიკაც და შეიარაღებაც მთლიანად კასტილიაზე იდგა, სადაც მდებარეობდა დედაქალაქიც. ამრიგად კასტილიელი დიდგვაროვნები ყოველთვის განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ.
მორისკების გაძევება
რედაქტირებაფილიპე III-ის პირველი საშინაო ღონისძიება იყო 1609 წელს მორისკების გაძევება, ამის შემდეგ კი ნიდერლანდების აჯანყების ჩახშობა. მორისკები იყვნენ იმ არაბი და ბერბერი მუსულმანთა შთამომავლები, რომლებიც გასულ საუკუნეებში მიმდინარე რეკონკისტას დროს ქრისტიანობაზე მოექცნენ და ესპანეთში დარჩენის ნება დართეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კათოლიკეები იყვნენ, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში მაინც შეინარჩუნეს გარკვეული მუსულმანური ტრადიციები. ფილიპე II-მ მორისკების თაობაზე ფიქრობდა, რომ საჭირო იყო მათი აღმოფხვრა. ცხადია მათი ჩახოცვა არ გამოუვიდოდა, რადგან სამხრეთ რეგიონების მოსახლეობას თითქმის მთლიანად ისინი შეადგენდნენ, ამიტომ ფილიპემ მათი ესპანელებთან ასიმილაცია გადაწყვიტა. 1560 წლიდან ფილიპემ ასიმილაციის კამპანია წამოიწყო, რასაც 1570 წელს კინაღამ დიდებულთა რევოლუცია მოჰყვა. როდესაც ფილიპე III ტახტზე ავიდა მან მორისკების აღრიცხვა მოითხოვა. ისინი მთელი ესპანეთის მასშტაბით სულ 200 000 ადამიანს შეადგენდნენ.
ვალენსიის არქიეპისკოპოსმა ხუან დე რიბერამ, რომელსაც მეფეზე დიდი გავლენა ჰქონდა, ფილიპე III-ს ესპანეთის მიწის მორისკებისაგან განწმენდის იდეა შესთავაზა. 1609 წელს ფილიპემ მიიღო დადგენილება, რომლის მიზანიც ამ "ბოროტების სექტორის" (იგულისხმებიან მორისკები) აღმოფხვრა იყო. თავიდან იგეგმებოდა მათი გადასახლება ბრაზილიის ტერიტორიაზე. ეს იდეა პირველად სწორედ ვალენსიელებს დაებადათ, რომელთაც მუსულმანთა მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ მორისკები უკვე საუკუნეების მანძილზე ქრისტიანები იყვნენ. იმ ტერიტორიებზე, სადაც მორისკები სახლობდნენ, მათი გაძევების შემდეგ სახელმწიფოს გადაეცემოდა. არქიეპისკოპოსმა თვალნათლივ დაუხატა მეფეს ის "გრძელვადიანი შიში და შფოთვა" რაც ესპანეთს წინ ელოდა თუ მორისკებს არ გააძევებდნენ. 1609 წლიდან 1614 წლამდე ესპანეთის ტერიტორიებიდან გაძევებულ იქნა 270 000-დან 300 000-მდე მორისკი. ამის გაკეთებას ცხადია დიდი თანხები დასჭირდა, რადგან ამდენი ადამიანის ქვეყნიდან გაძევებას უამრავი ხომალდი და ჯარისკაცი სჭირდებოდა. სულ 30 000 ესპანელი სამხედრო მონაწილეობდა ამ საქმეში და გამოყენებულ იქნა ასობით ხომალდი, რომლითაც მორისკები მაროკოსა და ტუნისში ჩაასახლეს. თუმცა დადგა ერთი დიდი პრობლემა. სანამ მორისკები ესპანეთში იყვნენ, ისინი ქრისტიანები იყვნენ და შვილებსაც ასე ზრდიდნენ, ახლა კი როდესაც მათ მუსულმანურ ქვეყნებში გადაასახლებენ, განა არ დაუბრუნდებიან კვლავ ისლამს და შვილებსაც არ გაამაჰმადიანებენ?, რის აღმოსაფხვრელადაც ფილიპემ ახალი დადგენილება მიიღო. მორისკებს მომავალი შვიდი თაობის მანძილზე აეკრძალათ რელიგიის შეცვლა, მაგრამ ვინაიდან ისინი უკვე აღარ ცხოვრობდნენ ესპანეთში, ეს იდეა უარყვეს.
ამდენი ათასი ადამიანის ქვეყნიდან გაქრობამ საშინლად შეარყია ესპანეთის ეკონომიკა, განსაკუთრებით კი სამხრეთი რეგიონები დაზარალდნენ, სადაც მოსახლეობის ძირითად ნაწილს მორისკები შეადგენდნენ, ახლა კი ეს მიწები უკვე დაცარიელდა. ამან ასევე დამღუპველად იმოქმედა სოფლის მეურნეობაზე, რადგან საკმარისი მუშახელი აღარ იყო. ცხადია საგრძნობლად შემცირდა პროდუქტის რაოდენობა, განსაკუთრებით კი შაქრის, ბრინჯის, თუთიის, ხორბლისა და ყურძნის.
ეკონომიკური კრიზისი და რეფორმების ჩავარდნა
რედაქტირებაესპანეთსა და მთელს მის კოლონიებში ფილიპე III-ის მმართველობა საშინელი ეკონომიკური კრიზისით ხასიათდება. 1599-1600 წლებში ესპანეთში გავრცელდა შავი ჭირი, რამაც მთელი მოსახლეობის 10% შეიწირა. ევროპელმა მწერლებმა ამ ეპოქის ესპანეთს "ჭირისაგან გაძარცვული ქვეყანა" უწოდეს, რაც რეალურად ასე იყო. უამრავი ადამიანის გარდაცვალებამ ქვეყანას მუშახელი გამოაცალა, რამაც ცუდად იმოქმედა ეკონომიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჭირი სოფლის მოსახლეობას არ შეჰხებია და ლოგიკურად სოფლის მეურნეობის პროდუქცია დიდად არ დაზარალდა, შავმა ჭირმა ქვეყნის ურბანული მოსახლეობა შეიწირა, რამაც პროდუქციაზე მოთხოვნა შეამცირა. ამ წლებში პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე ვეღარ გავიდა, რამაც დიდი ზარალი მიაყენა ეკონომიკას.
ფინანსური თვლასაზრისით ფილიპეს მეფობა უფრო უკეთესი არ აღმოჩნდა, ვიდრე მამამისის. მან მემკვიდრეობით ვალებში ჩაფლული ქვეყანა მიიღო, რაც ფილიპე II-ის ბოლო წლებში წარმოებული წარუმატებელი ომებით იყო გამოწვეული. ფილიპე III-მ ტრადიცია განაგრძო და ეკონომიკური კრიზისის კასტილიაში გადასახადების გაზრდით გამოსწორება სცადა. 1616 წელს ქვეყნის ხაზინაში შესული მთელი გადასახადების 65% მხოლოდ კასტილიიდან იყო შესული. ფილიპე III-ს გადასახადებს არც პორტუგალიელები, არც ბასკები და არც არაგონელები არ უხდიდნენ, რაც ისევ და ისევ კასტილიას აწვებოდა მხრებზე. 1604 წელს ვალენსიამ გადასახადები გადაიხადა, შემდეგ კი ისიც უარს აცხადებდა. ფულის მისაღებად ფილიპემ ამერიკულ კოლონიებში თავისი კონკისტატორები გაუშვა, რომლებიც ოქროთი დატვირთულ გემებს გზავნიდნენ, რამაც ცოტა გამოასწორა ეკონომიკური მდგომარეობა. 1607 წელს ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რასაც უკვე ამერიკიდან გამოგზავნილი ოქროც ვეღარ შველოდა. კრიზისმა მთელი სამი წელი გასტანა.
ფილიპესა და ლერმას მცდელობები, რომ როგორმე ქვეყანა კრიზისიდან ამოეთრიათ არ ამართლებდა. საბოლოოდ სამეფო ოჯახს ხარჯების შემცირება მოუწია, რადგან სამეფო ოჯახი კატასტროფულად დიდ თანხებს ფლანგავდა ისეთ რამეებში, რაც საერთოდ არ იყო საჭირო. 1617 წელს ფილიპეს გამოსახულებიანი ახალი მონეტები გამოვიდა, რამაც ეკონომიკა შედარებით დაასტაბილურა. მიუხედავად ამისა, ესპანეთის ეკონომიკას ვერაფერი უშველიდა, რადგან ფილიპე ნიდერლანდებში ყოვლად უაზრო ომებს აწარმოებდა, რაც ესპანეთს ისევ და ისევ ეკონომიკური კრიზისისკენ მიაქანებდა. საბოლოოდ ფილიპემ მამის მიერ ნაცადი ხერხი გაიმეორა და გენუელი და ტოსკანელი ბანკირებისაგან დიდძალი ვალი აიღო, თუმცა არც ამან უშველა ქვეყანას. ფილიპეს ვალის დიდ პროცენტში გადახდა მოუწია, რამაც ესპანეთი უარეს დღეში ჩააგდო.
ესპანეთის ეკონომიკურ კრიზისს უამრავი მიზეზი იწვევდა, როგორებიცაა სოფლის მეურნეობის დეპოპულარიზაცია, უშედეგო ომები, უაზრო ადმინისტრაციული რეფორმები, სოციალური იერარქია, კორუფცია და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი მეფობის პერიოდში ესპანეთი ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა, იგი მაინც განაგრძობდა ომებს, ფუფუნებაში ცხოვრებას, ასევე ადგენდა ახალ კანონებსა და საბაჟო წესებს. ფილიპეს ყოველივე ამის გამო, შემდგომში სამეფო ოჯახის კუთვნილებაში შემავალი უამრავი და ვრცელი ადგილ-მამულების გაყიდვა მოუწია. სამეფო საბჭოს წევრები მას საფრანგეთისა და ინგლისის ეკონომიკური მოდელის გადმოღებას სთხოვდნენ, თუმცა იგი კატეგორიულ უარს აცხადებდა. საბოლოოდ ესპანეთის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებას განაგრძობდა, მიუხედავად მთელი რიგი რეფორმებისა.
საგარეო პოლიტიკა
რედაქტირებატახტზე ასულმა ფილიპემ მამისაგან მემკვიდრეობით მიიღო ორი დიდი საგარეო კორფლიქტი. პირველი ეს იყო ნიდერლანდებთან ომი, რომელიც დამოუკიდებლობას მოითხოვდა, პროტესტანტიზმს ავრცელებდა და ამასთან ესპანეთის ხარჯზე ფართოვდებოდა, ხოლო მეორე იყო ანგლო-ესპანური ომი, რომელიც ინგლისთან მიმდინარეობდა კოლონიებისა და ატლანტის ოკეანეზე ბატონობისათვის.
ფილიპეს საგარეო პოლიტიკა შეიძლება დაიყოს სამ ფაზად. მისი მმართველობის პირველი ცხრა წლის მანძილზე მან დიდი აგრესიული პოლიტიკის შემუშავება დაიწყო ნიდერლანდების წინააღმდებ, რასაც მისი განცხადებით "დიდი გამარჯვება" უნდა მოჰყოლოდა. ამის შემდეგ დაიწყო მეორე ფაზა, რაც აერთიანებს ესპანეთის ეკონომიკური კრიზისიდან ამოთრევის მცდელობას, ნიდერლანდებთან მარცხსა და მისი პროკონსულების დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებასა და ასევე ინგლისთან ომს. საბოლოო ფაზად კი შეგვიძლია მივიჩნიოთ მისი ოცდაათწლიან ომში ჩართვა საღვთო რომის იმპერიის სასარგებლოდ, როდესაც მან ტახტზე ფერდინანდ II დასვა, რასაც ნიდერლანდებთან კონფლიქტის განახლება მოჰყვა შედეგად.
ომი ჰოლანდიასა და ინგლისში, 1609-21 წლების ზავი
რედაქტირებაფილიპე III-ის თავდაპირველი მიზანი იყო მეამბოხე ჰოლანდიელების საბოლოო დამორჩილება და მათზე "დიდი გამარჯვების" მოპოვება. ამის გამო ჰოლანდიელებმა დასახმარებლად ინგლისისა და ირლანდიის დედოფალ ელისაბედ I-ს მიმართეს, რომელიც ესპანელთა მოსისხლე მტერი იყო. 1590 წლიდან მოყოლებული, ესპანელებს მთელს მსოფლიოში საუკეთესო საზღვაო ფლოტი ჰყავდათ, რომელიც კვლავ ეფექტურად მუშაობდა. ფილიპემ იცოდა, რომ ინგლისელთა ზურგს ირლანდია წარმოადგენდა, ამიტომაც თუ მათ ირლანდიას წაართმევდა, ინგლისის დამარცხება უკვე ადვილი გახდებოდა. ფილიპე დიდ დახმარებას უწევდა მეამბოხე ირლანდიელებს, რომლებსაც უკვე დიდი ხანია დამოუკიდებლობა სურდათ. ამიტომაც ესპანელების დახმარებით ირლანდიელები ელისაბედს აუჯანყდნენ. მან აჯანყებაც ჩაახრშო და ესპანელებიც დაამარცხა. ამ მარცხის შემდეგ, უკვე ნაკლებად შესაძლებელი გახდა ინგლისელების შემდგომში დამარცხება. ამის შემდეგ ფილიპემ ახალი საბრძოლო გეგმა შეადგინა ნიდერლანდების დასაპრობად. მას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესრულებინა მეამბოხე ნიდერლანდელების თარეში, დაემორჩილებინა ისინი და თავისი სამფლობელოები კვლავ ძველებურად გაეერთიანებინა. ფილიპეს სამხრეთ ნიდერლანდები კვლავ ემორჩილებოდა, თუმცა ჩრდილოეთ ნიდერლანდები ესპანეთთან გაერთიანებაზე უარს აცხადებდნენ. 1607 წლიდან კი ესპანეთის ეკონომიკური კრიზისის დაწყებამ ომის დაწყება შეუძლებელი გახადა. ამიტომ ფილიპემ ინგლისელებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. 1603 წელს უშვილო ელისაბედი გარდაიცვალა, მან კი ინგლისისა და ირლანდიის ტახტი თავისი მამიდაშვილის შვილს, შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I-ს დაუტოვა, რითაც ყველა ბრიტანული ქვეყანა გაერთიანდა. 1604 წელს ფილიპემ ჯეიმზთან მოლაპარაკებები აწარმოა, რამაც ხელშეკრულების დადება და ინგლის-ჰოლანდიის კავშირის გაწყვეტა გამოიწვია. ამან ნიდერლანდებს ძირი გამოუთხარა, რადგან მას ინგლისის სახით დამცველი უკვე აღარ ჰყავდა.
1609 წელს ფილიპემ ნიდერლანდებთან თორმეტწლიანი ზავი დადო, რამაც მას საშუალება მისცა სამხრეთ ნიდერლანდებში თავისი ძალაუფლება აღედგინა, სანაცვლოდ კი ჩრდილო ნიდერლანდების რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დე ფაქტო აღიარება მოჰყვა ესპანელთა მხრიდან. ნიდერლანდებმა ამით ისარგებლა და რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოსთან დიპლომატიური კავშირი დაამყარა. ნიდერლანდებმა ასევე შეკრიბა დიდი არმია, შექმნა დიდი ფლოტილია და დაიწყო თავისი კოლონიების შექმნა კარიბის ზღვაში, ინდოეთსა და ზონდის არქიპელაგზე. ამას მოჰყვა აზიაში ჰოლანდიელებისა და პორტუგალიელების დაპირისპირება. 1602 წლიდან კი დაიწყო ჰოლანდია-პორტუგალიის ომი, რომელიც 1654 წლამდე გაგრძელდა. მიუხედავად ამგვარი დათმობებისა, თორმეტწლიანმა მშვიდობამ ფილიპეს საშუალება მისცა, ეკონომიკური მდგომარეობა გაემყარებინა.
1610 წელს საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV მოკლეს, რასაც ესპანეთსა და საფრანგეთს შორის არასტაბილური ურთიერთობები მოჰყვა. ამის დასარეგულირებლად ფილიპე III-მ და საფრანგეთის რეგენტმა დედოფალმა მარია მედიჩმა ორმაგი დინასტიური ქორწინება განიზრახეს. 1615 წელს ფილიპემ თავისი ვაჟი ინფანტი ფილიპე დააქორწინა საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტ ფრანგზე, ხოლო საფრანგეთის ახალგაზრდა მეფე ლუი XIII-მ ცოლად შეირთო ფილიპეს უფროსი ასული, ინფანტა ანა ავსტრიელი. ფილიპემ ასევე დაარეგულირა თავისი პოლიტიკა ესპანეთის იტალიურ კოლონიებში — მილანის საჰერცოგოსა და ნეაპოლის სამეფოში. აგრეთვე 1618 წელს დაუზავდა ვენეციის რესპუბლიკას, რომელსაც მილანზე ჰქონდა პრეტენზია.
მცდელობა ოცდაათწლიან ომში
რედაქტირებაფილიპის მმართველობის ბოლო წლებში, 1618 წლიდან ესპანეთი ოცდაათლიან ომში ჩაება. მთელი ევროპა საღვთო რომის იმპერატორის ახალ არჩევნებს ელოდა და ცხადია ყველა თავისი კანდიდატისათვის იბრძოდა. ეს ბრძოლა იმპერატორ მატაის I-ის უძეოდ გარდაცვალებას მოჰყვა. ესპანეთი და ავსტრია ამ შემთხვევაში, როგორც ჰაბსბურგთა დინასტიის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნები ერთ მხარეს იბრძოდნენ, რათა ფერდინანდ II იმპერატორად დაესვათ. ცხადია ფილიპეს თავისი ინტერესები ამოძრავებდა. მან ერთხელ განაცხადა კიდევაც, რომ თუ ფერდინანდი ჰაბსბურგთა მოლოდინებს ვერ გაამართლებდა, საიმპერატორო ტახტზე თავისი ვაჟი, ასტურიის პრინცი ფილიპე ესპანელი დაესვათ.
ფილიპე III-მ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მხარი ფერდინანდისთვის დაეჭირა. პრინცი ფილიპე უარყოფილი აღმოჩნდა, რადგან იგი გერმანიაში გასამეფებლად სრულიად არასასურველი კანდიდატი იყო. ფილიპეზე დიდ გავლენას ახდენდნენ დედოფალი მარგარეტი და სხვა ძლიერი ჰაბსბურგი ქალები. სწორედ მარგარეტის ღვიძლი ძმა იყო მომავალი იმპერატორი ფერდინანდი.
1618-19 წლებში თავად ჰაბსბურგთა სამფლობელოებში გაჩნდა შიდა ბზარი, რაც პროტესტანტებისა და კათოლიკეების დაპირისპირებით იყო გამოწვეული. ეს დაპირისპირება განსაკუთრებით ბოჰემიაში იყო გამწვავებული, სადაც 1619 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ფერდინანდი და მის ნაცვლად პფალცის კურფიურსტი ფრიდრიხ V გაამეფეს. ფრიდრიხს ცოლად ინგლისის მეფე ჯეიმზ I-ის ასული, ელიზაბეთ სტიუარტი ჰყავდა, რომლის წაქეზებითაც ჯეიმზმა ესპანეთთან ალიანსი გააუქმა და მათი მოკავშირე გახდა. მალევე კვლავ ატყდა ბოჰემიის ტახტისათვის ბრძოლა. ფილიპემ იცოდა, რომ თუ ფრიდრიხი პფალცს დაკარგავდა, ბოჰემიასაც ადვილად წაართმევდა. რის გამოც 1620 წელს ფილიპემ პფალცი დაიპყრო, რის შემდეგაც ამავე წელს თეთრი მთის ბრძოლაში ფერდინანდმა ფრიდრიხი დაამარცხა და ტახტიდან ჩამოაგდო. ამრიგად ფრიდრიხი დევნილობაში აღმოჩნდა. ამ უდიდესი გამარჯვებებით შეგულიანებულმა ფილიპემ ჩათვალა, რომ ნიდერლანდების დაპყრობაც აღარ გაუჭირდებოდა. ნიდერლანდებთან ომში ფილიპე კვლავ დამარცხდა.
მემკვიდრეობა
რედაქტირებაფილიპე III 1621 წლის 31 მარტს გარდაიცვალა მადრიდში. ტახტზე მისი ვაჟი ფილიპე IV ავიდა რომელმაც სამეფო კარიდან სანდოვალების მთელი საგვარეულო გააძევა (ჰერცოგი ლერნას გვარი სანდოვალი იყო). გარდაცვლილი ფილიპე მალევე დაკრძალეს ესკორიალის სამეფო საძვალეთში თავისი ცოლის, დედოფალი მარგარეტ ავსტრიელის გვერდით (რომელიც 1611 წელს დაიღუპა).
ზოგადად ფილიპემ ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დატოვა. მისი პერიოდის სამი სხვადასხვა ისტორიკოსი მას აღწერს როგორც "უმნიშვნელოზე უმნიშვნელო კაცს", "უმწეო მონარქსა'' და " არაკეთილსინდისიერ ადამიანს". მან სუსტი და მელანქოლიური მონარქის სახელი დატოვა, რომელსაც ქვეყნის მართვას ნადირობა და მოგზაურობა ერჩია. ფილიპე IV-ისაგან განსხვავებით, რომელსაც ისტორიაში საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს, ფილიპე III-ის მმართველობის პერიოდი ძალიან არასტაბილურია, შესაძლოა იმიტომ, რომ მეფეზე გავლენის მოხდენა ძალიან მარტივი იყო და ვისი გავლენის ქვეშაც იყო ფილიპე, ფაქტობრივად ქვეყანასაც ის მართავდა. მის დროს ესპანეთმა განიცადა არაერთი გაკოტრება, მარცხი ნიდერლანდებსა და ინგლისში, აგრეთვე დამყარდა მშვიდობა საფრანგეთთან და საღვთო რომის იმპერიასთან. საბოლოოდ მან უკვე დასუსტებული და გაღატაკებული ესპანეთი დაუტოვა თავის შთამომავლებს, რომლის ყველა კოლონიაც დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფვოდა.
ოჯახი
რედაქტირებამეუღლე
რედაქტირებაპორტრეტი | სახელი | დაიბადა | ქორწინება | გარდაიცვალა | დაკრძ.
ადგილი |
გარდ.
მიზეზი |
დინასტია | მამა | დედა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მარგარეტი | 25 დეკემბერი, 1584, | 18 აპრილი, 1599,
მადრიდი, ესპანეთი |
3 ოქტომბერი, 1611,
(26 წლის) |
ესკორიალი,
მადრიდი, ესპანეთი |
გადაჰყვა მერვე
მშობიარობას |
ჰაბსბურგები | ფერდინანდ II, | მარია ანა |
შვილები
რედაქტირებაპორტრეტი | სახელი | დაიბადა | გარდაიცვალა | გარდ. ასაკი | მეუღლე | წოდება |
---|---|---|---|---|---|---|
ანა | 22 სექტემბერი, 1601 | 20 იანვარი, 1666 | 64 წლის | ლუი XIII დე ბურბონი | საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი | |
მარია | 1 თებერვალი, 1603 | 2 თებერვალი, 1603 | 1 დღის | |||
ფილიპე IV | 8 აპრილი, 1605 | 17 სექტემბერი, 1665 | 60 წლის | ესპანეთის, პორტუგალიის, ნეაპოლის,
სიცილიისა და სარდინიის მეფე, მილანისა და ბურგუნდიის ჰერცოგი, ესპანური ნიდერლანდების მონარქი | ||
მარია ანა | 18 აგვისტო, 1606 | 13 მაისი, 1646 | 39 წლის | ფერდინანდ III ჰაბსბურგი | საღვთო რომის იმპერატრიცა,
გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია | |
კარლი | 15 სექტემბერი, 1607 | 30 ივლისი, 1632 | 25 წლის | ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტი | ||
ფერდინანდი | 16 მაისი, 1609 | 9 ნოემბერი, 1641 | 32 წლის | ესპანეთისა და პორტუგალიის ინფანტი,
კარდინალი | ||
მარგარიტა
ფრანსისკა |
24 მაისი, 1610 | 11 მარტი, 1617 | 6 წლის | |||
ალფონს
მორისი |
22 სექტემბერი, 1611 | 16 სექტემბერი, 1612 | 11 თვის |
ტიტულები
რედაქტირებაფილიპეს ჰქონდა შემდეგი წოდება: "ფილიპე მესამე, მისი სამეფო უდიდებულესობა, მეფე კასტილიის, ლეონის, არაგონისა და ორი სიცილიისა, იერუსალიმის, პორტუგალიის, ალგარვეს, ნავარის, გრანადის, ტოლედოს, ვალენსიის, გალისიის, მაიორკის, სევილიის, კორდოვის, კორსიკის, მურსიის, სარდინიის, ნეაპოლის, გიბრალტარის, კანარის კუნძულებისა და ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ ინდოეთისა და ოკეანეთისა, ჩილესა და ფილიპინებისა, ავსტრიის ერცჰერცოგი, ჰერცოგი ბურგუნდიისა, მილანისა, ლუქსემბურგისა, ბრაბანტისა, გელდერნისა, ლიმბურგისა, გრაფი ბარსელინის, ბისკაის, მონილას, არტუას, ფლანდრიის, ენოს, ჰოლანდიის, ზელანდიის, ნამიურისა და ზუტპენიისა, ოვერიხლესის, დრენთის, ლინგენის, ვედეს, ვესტერვულდის, მეხელენის, გრონინგენის, ომელანდენისა და ფრიზიის ლორდი".
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Cipolla, Carlo M. (ed) The Fontana Economic History of Europe: The Sixteenth and Seventeenth Centuries. London: Fontana. (1974)
- Cruz, Anne J. Discourses of Poverty: Social Reform and the Picaresque Novel. Toronto: University of Toronto Press. (1999)
- Davenport, Frances G. European Treaties Bearing on the History of the United States and Its Dependencies. The Lawbook Exchange, Ltd. (2004)
- Elliott, J. H. Imperial Spain: 1469–1716. London: Penguin. (1963)
- Feros, Antionio. Kingship and Favouritism in the Spain of Philip III, 1598–1621. Cambridge: Cambridge University Press. (2006)
- Goodman, David. Spanish Naval Power, 1589–1665: Reconstruction and Defeat. Cambridge: Cambridge University Press. (2002)
- Kamen, Henry. Spain, 1469–1714: A Society of Conflict. Harlow: Pearson Education. (2005)
- Harvey, Leonard Patrick. Muslims in Spain, 1500–1614. Chicago: University of Chicago Press. (2005)
- Hoffman, Philip T. and Kathyrn Norberg (eds). Fiscal Crises, Liberty, and Representative Government 1450–1789. Stanford: Stanford University Press. (2001)
- De Maddalena, Aldo. Rural Europe, 1500–1750. in Cipolla (ed) 1974.
- Mattingly, Garrett. The Armada. New York: Mariner Books. (2005)
- Munck, Thomas. Seventeenth Century Europe, 1598–1700. London: Macmillan. (1990)
- Parker, Geoffrey. Europe in Crisis, 1598–1648. London: Fontana. (1984)
- Parker, Geoffrey. The Dutch Revolt. London: Pelican Books. (1985)
- Parker, Geoffrey. The Army of Flanders and the Spanish Road, 1567–1659. Cambridge: Cambridge University Press. (2004)
- Perry, Mary Elizabeth. The Handless Maiden: Moriscos and the politics of religion in early modern Spain. Princeton: Princeton University Press. (2005)
- Polisensky, J. V. The Thirty Years War. London: NEL. (1971)
- Ringrose, David. Spain, Europe and the "Spanish Miracle", 1700–1900. Cambridge: Cambridge University Press. (1998)
- Sánchez, Magdalena S. Pious and Political Images of a Habsburg Woman at the Court of Philip III (1598–1621). in Sánchez and Saint-Saëns (eds) 1996.
- Sánchez, Magdalena S. and Alain Saint-Saëns (eds). Spanish women in the golden age: images and realities. Greenwood Publishing Group. (1996)
- Stradling, R. A. Philip IV and the Government of Spain, 1621–1665. Cambridge: Cambridge University Press. (1988)
- Thompson, I. A. A. Castile, Constitionalism and Liberty. in Hoffman and Norburg (eds) 2001.
- Wedgwood, C. V. The Thirty Years War. London: Methuen. (1981)
- Williams, Patrick. The Great Favourite: the Duke of Lerma and the court and government of Philip III of Spain, 1598–1621. Manchester: Manchester University Press. (2006)
- Zagorin, Perez. Rebels and Rulers, 1500–1660. Volume II: Provincial rebellion: Revolutionary civil wars, 1560–1660. Cambridge: Cambridge University Press. (1992)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- https://www.britannica.com/biography/Philip-III-king-of-Spain-and-Portugal
- https://www.encyclopedia.com/people/history/spanish-and-portuguese-history-biographies/philip-iii-spain
ფილიპე III (ესპანეთი) დაიბადა: 14 აპრილი, 1578 გარდაიცვალა: 31 მარტი, 1631
| ||
წინამორბედი: ფილიპე II |
ესპანეთის, პორტუგალიის, ნეაპოლის, სიცილიისა და სარდინიის მეფე, მილანისა და ბურგუნდიის ჰერცოგი, 17 პროვინციის მონარქი 1598-1621 |
შემდეგი: ფილიპე IV |