გაეროს უშიშროების საბჭო
უშიშროების საბჭო — გაეროს მუდმივმოქმედი ორგანო. გაეროს წესდების შესაბამისად უშიშროების საბჭოს აქვს დაკისრებული მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. იგი უფლებამოსილია იმოქმედოს გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით, რომლებიც ვალდებულნი არიან დაემორჩილონ მის გადაწყვეტილებებს და შეასრულონ ისინი. უშიშროების საბჭო განსაზღვრავს მშვიდობისათვის საფრთხის არსებობას, მშვიდობის დარღვევას, აგრესიის აქტს, იღებს რეკომენდაციებს და წყვეტს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ან მისი აღდგენისათვის. უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს საერთაშორისო კანონის ძალა აქვს და საჭიროების შემთხვევაში, მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისა და სახიფათო სახელმწიფოების დამორჩილებისათვის ძალადობის გამოყენების უფლებასაც იძლევა.
უშიშროების საბჭოს 15 წევრი ჰყავს, მათგან 5 მუდმივი წევრია (აშშ, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი), დანარჩენი 10 კი ყოველ მეორე წელს აირჩევა გენერალური ასამბლეის მიერ. პროცედურულ საკითხებზე საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მუდმივ წევრთა ერთსულოვანი თანხმობით (გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ მას მხარს არ უჭერს რომელიმე წევრი) და იგი სავალდებულოა გაეროს ყველა წევრისათვის.
ფუნქციები და უფლებამოსილება
რედაქტირებაგაეროს ქარტიის მეხუთე თავის 24-ე მუხლის მიხედვით, უშიშროების საბჭოს მთავარი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება და მხარდაჭერაა. ამ ფუნქციის შესრულებისას უშიშროების საბჭო ხელმძღვანელობს გაეროს მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად. ორგანოს უფლებამოსილებები გაწერილია გაეროს ქარტიის მე-6 (დავების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარება), მე-7 (მშვიდობისთვის საფრთხეებზე, მშვიდობის დარღვევასა და აგრესიის აქტებზე რეაგირება), მე-8 (რეგიონული შეთანხმებები) და მე-12 (საერთაშორისო მეურვეობის სისტემა) თავებში.
როდესაც მშვიდობას საფრთხე ემუქრება, უშიშროების საბჭო რეკომენდაციას გასცემს მშვიდობიანი მეთოდებით შეთანხმების მიღწევის თაობაზე. მას შეუძლია, განსაზღვროს ამ შეთანხმების პრინციპები, ზოგ შემთხვევაში ჩაატაროს გამოძიება, მიმართოს მედიაციას, განათავსოს მისია, დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, ან სთხოვოს გენერალურ მდივანს გამოიყენოს მისი ოფისები დავის მშვიდობიანი გზებით მოგვარების უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში, თუ დავა გადაიზრდება საომარ მოქმედებებში, უშიშროების საბჭოს შეუძლია, გამოსცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დირექტივები, განათავსოს სამხედრო დამკვირვებლები ან სამშვიდობო ძალები კონფლიქტის დეესკალაციისათვის. გარდა ამისა, მას შეუძლია გამოიყენოს აღსრულების ზომები: ეკონომიკური სანქციები, ემბარგო იარაღზე, ფინანსური ჯარიმები და შეზღუდვები მოგზაურობაზე; დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, ბლოკადა, ან ერთობლივი სამხედრო ქმედება.
უშიშროების საბჭოს წევრები
რედაქტირებაგაეროს უშიშროების საბჭო შედგება თხუთმეტი სახელმწიფოსაგან. მათგან ხუთი მუდმივი წევრია: აშშ, რუსეთის ფედერაცია, საფრანგეთი, ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო. ისინი სამხედრო თვალსაზრისით უძლიერეს სახელმწიფოებად ითვლებოდნენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და დიდი წვლილი ჰქონდათ შეტანილი ბერლინი-რომი-ტოკიოს ღერძის დამარცხებაში. შესაბამისად, ამ პრივილეგიების გათვალისწინებით სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე ხუთივე მათგანს მიენიჭა მუდმივი წევრობა და ვეტოს უფლება.
დანარჩენ ათ დროებით წევრს 2 წლის ვადით ირჩევს გენერალური ასამბლეა რეგიონული გადანაწილების პრინციპის მიხედვით: 5 წევრი აფრიკიდან და აზიიდან (მათ შორის 1 წევრი არაბული სახელმწიფოდან), 2 წევრი ლათინური ამერიკიდან და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან, 2 წევრი დასავლეთ ევროპიდან, 1 კი აღმოსავლეთ ევროპიდან. უშიშროების საბჭოს პრეზიდენტობა როტაციის პრინციპით იცვლება ყოველთვე ანბანის მიხედვით.
გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ვეტოს უფლება
რედაქტირებაწინადადება ან რეზოლუციის პროექტი შესაძლოა წარადგინოს არამხოლოდ უშიშროების საბჭოს წევრმა, არამედ გაეროს ნებისმიერმა წევრმა, რომელსაც უშიშროების საბჭო მიიწვევს განხილვაზე, ან რომელიც გაეროს ქარტიის 34-ე და 35-ე მუხლის თანახმად დავის მონაწილეა, ან ისეთ საკითხზეა უთანხმოება, რომელმაც შესაძლოა მომავალში გამოიწვიოს დაპირისპირება. თუმცა, საბჭოს არაწევრი სახელმწიფოს რეზოლუციის პროექტი კენჭისყრაზე გადის მხოლოდ წევრის მოთხოვნით.
უშიშროების საბჭოს წევრი ან განხილვაზე მიწვეული არაწევრი სახელმწიფო ამზადებს და ავრცელებს რეზოლუციის პროექტს. კონსულტაციების პროცესში შესაძლოა გაიმართოს მოლაპარაკებები რეზოლუციის პროექტზე და განხორციელდეს ცვლილებები. თუ საბოლოო ვარიანტს ყველა წევრი ეთანხმება, რეზოლუცია წარედგინება უშიშროების საბჭოს.
უშიშროების საბჭოში პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 9 დადებითი ხმა, სხვა არაპროცედურული საკითხების მიღება ასევე მოითხოვს 9 დადებით ხმას, მათ შორის ყველა მუდმივი წევრის თანხმობას. მუდმივი წევრის მიერ ხმის მიცემაზე თავის შეკავება არ ითვლება დამაბრკოლებელ გარემოებად არაპროცედურულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა, მუდმივ წევრს შეუძლია ვეტოს ძალაუფლების გამოყენება, რაც რეზოლუციის მიღებას შეუძლებელს ხდის.
დამხმარე ორგანოები
რედაქტირებაგაეროს ქარტიის 29-ე მუხლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, უშიშროების საბჭოს შეუძლია დააფუძნოს დამხმარე ორგანოები საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად. წლების მანძილზე უშიშროების საბჭოს შექმნილი აქვს ისეთი დამხმარე ორგანოები, როგორიცაა სამუშაო ჯგუფები, კომიტეტები, საერთაშორისო ტრიბუნალები, კომისიები, საგამოძიებო უწყებები და სხვა.
კომიტეტები
რედაქტირებაანტიტერორისტული კომიტეტი
რედაქტირებაშეიქმნა გაეროს უშიშროების საბჭოს 2001 წლის 28 სექტემბრის 1373 რეზოლუციით გაეროს ქარტიის მეშვიდე თავის საფუძველზე. რეზოლუცია წევრებისგან მოითხოვს, მიიღონ ისეთი სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომები, როგორიცაა ტერორისტებისათვის ფინანსური წყაროების გაყინვა, ტერორისტულ აქტებში პირდაპირი ან ირიბი ჩართულობის კრიმინალიზება და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობა.
იარაღის გაუვრცელებლობის კომიტეტი
რედაქტირებაშეიქმნა გაეროს უშიშროების საბჭოს 2004 წლის 28 აპრილის 1540 რეზოლუციით გაეროს ქარტიის მეშვიდე თავის შესაბამისად. რეზოლუცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ არასახელმწიფოებრივი აქტორების მხარდაჭერისაგან, შექმნან, ფლობდნენ და გადაჰქონდეთ ატომური, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. ამასთანავე, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, შექმნან შიდა კონტროლის მექანიზმები, რათა ხელი შეუშალონ იარაღის გავრცელებას.
სანქციების კომიტეტები
რედაქტირებაუშიშროების საბჭო იყენებს სავალდებულო სანქციებს იმისათვის, რომ რომელიმე სახელმწიფო ძალის გამოყენების გარეშე აიძულოს, შესაბამისობაში იყოს უშიშროების საბჭოს მიზნებთან. სწორედ ამ მიზნით იქმნება სანქციების კომიტეტები. სანქციები არის აღსრულების ინსტრუმენტი, როდესაც მშვიდობა საფრთხის ქვეშაა და დიპლომატიურ საქმიანობას შედეგი არ მოაქვს. სანქცები შესაძლოა იყოს ყოვლისმომცველი ეკონომიკური და სავაჭრო სანქციები ან/და მიზნობრივი სანქციები, როგორიცაა ემბარგო იარაღზე, შეზრუდვები მოგზაურობაზე, ფინანსური და დიპლომატიური შეზღუდვები. ერთ-ერთი ასეთი კომიტეტი შეიქმნა 1990 წელს, როდესაც ერაყმა დაიპყრო ქუვეითი. გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ეს ფაქტი და მოუწოდა ერაყს, გაეყვანა ჯარები და დაეწყო მოლაპარაკებები დავის მოსაგვარებლად. ერაყის უარმა გამოიწვია მასზე სანქციების დაწესება, რომლის მიხედვითაც ყველა სახელმწიფოს უარი უნდა ეთქვა საქონლისა და პროდუქტების იმპორტზე ორივე ქვეყნიდან, თავიდან აეცილებინათ ტრანზაქციები ერაყისა და ქუვეითის მოქალაქეების მონაწილეობით და აეკრძალათ ექსპორტი, გარდა სამედიცინო აღჭურვილობისა და საკვები პროდუქტების.
ტრიბუნალები
რედაქტირებატრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე
რედაქტირებასაერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე შეიქმნა გაეროს უშიშროების საბჭოს 1993 წლის 25 მაისის 827 რეზოლუციით იმ მიზნით, რომ დაესაჯა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე. ამავე რეზოლუციით გადაწყდა საერთაშორისო ტრიბუნალის წესდების მიღება. წესდების მიხედვით, ტრიბუნალს მიეცა უფლებამოსილება, დაესაჯა ის პირები, რომლებმაც გასცეს ბრძანება, ან უშუალოდ დაარღვიეს 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციით დაცული უფლებები და ჩაიდინეს: წინასწარ განზრახული მკვლელობა; წამება ან არაადამიანური მოპყრობა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერიმენტები; მოქალაქეების დატყვევება, მომწამვლელი იარაღის გამოყენება, პირადი ან საჯარო საკუთრების ძარცვა, გენოციდი და სხვ.
ტრიბუნალი რუანდის საკითხებზე
რედაქტირებატრიბუნალი შეიქმნა გაეროს უშიშროების საბჭოს 1994 წლის 8 ნოემბრის 955 რეზოლუციით. ტრიბუნალის შექმნის მიზანს წარმოადგენდა 1994 წლის 1 იანვრიდან 1994 წლის 31 დეკემბრის პერიოდში რუანდაში და მეზობელ სახელმწიფოებში ჩადენილ გენოციდსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში მონაწილე პირების დასჯა. შექმნის დღიდან ტრიბუნალმა ბრალი წაუყენა 93 ადამიანს, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო და სამთავრობო თანამდებობის პირს, პოლიტიკოსს, ბიზნესმენს, რელიგიურ თუ მედიის ლიდერს.
საგამოძიებო კომისიები
რედაქტირებასაერთაშორისო კომისია დარფურის გამოძიების საკითხზე შეიქმნა გაეროს უშიშროების საბჭოს 2004 წლის 18 სექტემბრის 1564 რეზოლუციით. მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დარფურში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებების სამართლის დარღვევის ფაქტების გამოძიება და იმის გარკვევა, მოხდა თუ არა გენოციდი.
მშვიდობის მშენებლობის კომისია
რედაქტირებამშვიდობის მშენებლობის კომისია წარმოადგენს მთავრობათაშორის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც დაფუძნდა უშიშროების საბჭოს 2005 წლის 20 დეკემბრის 60/180 რეზოლუციით გაეროს ქარტიის მე-7, 22-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად. კომისიის მიზანია ყველა შესაბამისი აქტორის შეკრება რესურსების მობილიზაციისათვის და კონფლიქტის შემდგომი მშვიდობის მშენებლობისა და აღდგენის ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისათვის. გარდა ამისა, კომისია ვალდებულია, ყურადღება გაამახვილოს ინსტიტუციების მშენებლობასა და მდგრადი განვითარებისათვის საფუძვლის მომზადებაზე.
რეგიონული ორგანიზაციები
რედაქტირებაგაეროს ქარტიის მე-6 თავის 33-ე მუხლის პირველ პარაგრაფში აღნიშნულია, რომ დავის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ დავები მოაგვარონ მოლაპარაკებით, მედიაციით, გამოძიებით, არბიტრაჟით, სასამართლო მოგვარებით და რეგიონულ სააგენტოების ან რეგიონული შეთანხმებების გამოყენებით. ამასთანავე, მე-8 თავის (რეგიონული შეთანხმებები) 52 მუხლი ეხება ისეთი რეგიონული შეთანხმებებისა თუ სააგენტოების არსებობას, რომელიც ემსახურება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას გაეროს მიზნებსა და პრინციპებთან შესაბამისობაში. გაეროს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ასევე ასეთი შეთანხმების წევრები არიან, უნდა ეცადნონ ადგილობრივი დავების მშვიდობიანი მეთოდების მოგვარებას, სანამ მიმართავენ უშიშროების საბჭოს.
უშიშროების საბჭო არაერთ რეგიონულ თუ ქვერეგიონულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ქარტიის მე-8 თავის საკითხებზე. ამ ორგანიზაციებს შორისაა შორისაა აფრიკის კავშირი, ევროკავშირი, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია, ცენტრალური აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური გაერთიანება და სხვ. გაეროს უსაფრთხოების ოპერაციებში რეგიონული ორგანიზაციების წვლილი განსაკუთრებით გაიზარდა უკანასკნელ წლებში ცივი ომის შემდგომ პერიოდში წარუმატებელი სახელმწიფოების რაოდენობის ზრდასთან ერთად.
უშიშროების საბჭოს აქვს კომპეტენცია, მოახდინოს გარკვეული ფუნქციების დელეგირება რეგიონული შეთანხმებებისათვის. გაეროს ქარტიის მე-8 თავის 53 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მიხედვით უშიშროების საბჭოს შეუძლია, გამოიყენოს რეგიონული ორგანიზაციები სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად. ამ უკანასკნელის შესასრულებლად კი აუცილებელია უშიშროების საბჭოს ავტორიზაცია. ამასთანავე, უშიშროების საბჭოს უნდა შეეძლოს საერთო უფლებამოსილებისა აღსრულება და დელეგირებული ძალაუფლების კონტროლი.
1993 წლის მარტიდან ნატოს საჰაერო ძალებს ჰქონდათ ავტორიზაცია აეკრძალათ ფრენები ბოსნია-ჰერცეგოვინას თავზე და დახმარებოდნენ გაეროს სამშვიდობო მისიის ოპერაციას ამავე ქვეყანაში და მოგვიანებით ხორვატიაში. როგორც ბოსნიის, ასევე ხორვატიის მთავრობებმა ითხოვეს დახმარება ნატოსგან, რომელსაც ჰქონდა საჰაერო ძალის გამოყენების ავტორიზაცია ხორვატიაში ნდობის აღდგენის ოპერაციის დასახმარებლად. 1995 წლის დეკემბერში ბოსნია-ჰერცეგოვინაში ნატოს ძალების განთავსება და ძალის გამოყენება სანქცირებული იყო უშიშროების საბჭოს მიერ და შეთანხმებული იყო კონფლიქტის ყველა მხარესთან დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე.
უშიშროების საბჭოს კრიტიკა
რედაქტირებადემოგრაფიული თვალსაზრისით, უშიშროების საბჭო არ წარმოადგენს ძალთა ბალანსს. მუდმივი წევრები არიან მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტიდან. მუდმივი წარმომადგენლობა არ ჰყავს აფრიკასა და ლათინურ ამერიკას. ამასთანავე, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს შორის წარმოდგენილი არაა არაბული ქვეყნები.
კრიტიკის კიდევ ერთ საგანს წარმოადგენს უშიშროების საბჭოს დიპლომატიის ხარისხი. ვინაიდან საბჭოს წევრებს უჭირთ კრიზისის გამკლავებასთან საერთო გზის მონახვა, ნაცვლად ჩუმი დიმპლომატისა დაპირისპირების მოსაგვარებლად, ისინი მიმართავენ საჯარო განცხადებებს და სიმბოლურ შეთანხმებებს მხოლოდ იმისთვის, რომ გააჟღერონ მათი განსხვავებული აზრი ამა თუ იმ საკითხზე. ის დიპლომატები, რომლებიც ცივი ომის შემდგომ პერიოდში მუშაობდნენ საბჭოში, აღნიშნავენ, რომ დღეს ნაკლები მოლაპარაკებები იმართება, ვიდრე ცივი ომის დასრულებისას. თვით ის სახელმწიფოებიც კი, რომლებიც უშიშროების საბჭოს წევრები არ არიან, მიუთითებენ, რომ დიდი დრო ეთმობა საჯარო შეხვედრებს და ნაკლები დრო აზრების გაცვლას დახურულ კონსულტაციებზე.
კრიტიკოსები, მათ შორის დაცვის პასუხისმგებლობის მომხრეები, აღნიშნავენ, რომ ვეტოს უფლება უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრს ანიჭებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარების საშუალებას და იწვევს უმოქმედობას მასობრივ დანაშაულებთან მიმართებაში. ზეიდ რაად ალ ჰუსეინი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი 2014-2018 წლებში აკრიტიკებდა ვეტოს უფლების მქონე ქვეყნების გადამეტებულ ძალაუფლებას. თუმცა, მხოლოდ მუდმივი წევრები არ იკავებდნენ თავს ძალის გამოყენებაზე. მუდმივი წევრობის ასპირანტი ქვეყნებიც, მათ შორის ბრაზილია, გერმანია და ინდოეთი, ეწინააღმდეგებიან ინტერვენციას და მიიჩნევენ მაის სუვერენიტეტის შელახვად. გარდა იმისა, რომ დაცვის პასუხისმგებლობის მომხრეები აკრიტიკებენ უშიშროების საბჭოს პოლიტიკური ნების არქონის გამო, სხვა კრიტიკოსები მიუთითებენ გაეროს კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობებს და ხშირად იხსენებენ 1990 წლების სამშვიდობო ოპერაციების კრიზისებს სომალიში, ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში.
უშიშროების საბჭოს რეფორმის წინადადებები
რედაქტირება2004 წლის 2 დეკემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გაავრცელა ანგარიში, რომელიც მოამზადა მის მიერ შექმნილმა 16 წევრიანი მაღალი დონის პანელმა. ამ უკანასკნელს ევალებოდა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთეების შეფასება, არსებული პოლიტიკისა და ინსტიტუტების საქმიანობის შეფასება ამ საფრთხეებთან ბრძოლაში და რეკომენდაციების მომზადება გაეროს გასაძლიერებლად. ანგარიშში აღნიშნულია უშიშროების საბჭოს რეფორმის საჭიროება ორგანოს გაფართოების მიმართულებით. უშიშროების საბჭომ უნდა გაზარდოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ის ქვეყნები, რომელთაც ფინანსურად, დიპლომატიურად და სამხედრო თვალსაზრისით დიდი წვლილი შეაქვთ გაეროს მუშაობაში. ამ მიზნით პანელმა შეიმუშავა მოდელი ა და მოდელი ბ. ორივე მოდელი გულისხმობს ადგილების გადანაწილებას ოთხი ძირითადი რეგიონული მიმართულებით: აფრიკა, აზია და წყნარი ოკეანის სახელმწიფოები, ევროპა და სამხრეთ ამერიკის კონტიტენტი. მოდელი ა მოიცავს 6 ახალ მუდმივ ადგილს ვეტოს უფლების გარეშე და 3 ახალ ორი წლით არჩეულ არამუდმივ წევრს ზემოაღნიშნული 4 რეგიონის შესაბამისად. მოდელი ბ კი გამორიცხავს ახალ მუდმივ წევრებს, თუმცა ქმნის ახალ კატეგორიას, რომელშიც 4 წლიანი განახლებადი ვადით არჩეული რვა წევრია და 1 ახალი ორწლიანი არამუდმივი და არაგანახლებადი ადგილი (აფრიკის, აზიის და წყნარი ოკენანის, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან).
მუდმივი წევრობის კანდიდატი სახელმწიფოებია დიდი ოთხეული: ბრაზილია (სამხრეთ ამერიკა), გერმანია (ევროპა), ინდოეთი და იაპონია (აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები) და ნიგერია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) (აფრიკის კონტიტენტი). დიდი ოთხეულის მუდმივ წევრობას ეწინააღმედებიან მათი რეგიონული მეტოქეები (არგენტინა, მექსიკა, იტალია, პაკისტანი და სამხრეთ კორეა). უშიშროების საბჭოს გაფართოებას ემხრობა გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი, აშშ და რუსეთი არ არიან მომხრეები, ვინაიდან თვლიან, რომ გაზრდილი საბჭო ნაკლებად ეფექტური იქნება, ჩინეთი კი ამ პროცესის წინააღმდეგია.
გაფართოების საკითხზე გავლენას ახდენს ვეტოს პრობლემა. ვინაიდან ვეტო ხშირად გამოიყენება ხუთი მუდმივი წევრის მიერ საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად, როგორც გაეროში, ასევე მის გარეთაც ხშირად ისმის მოწოდება ვეტოს უფლების რეფორმაზე, ან მის გაუქმებაზე. მაგალითად, გერმანიას ჰქონდა წინადადება, რომ ამ უფლების გამოყენებას მოჰყოლოდა ახსნა-განმარტება გენერალურ ასამბლეაში. იტალია მიიჩნევდა, რომ ვეტოს გამოყენება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ორი სხვა მუდმივი წევრის თანხმობის შემთხვევაში, სხვა სახელმწიფოებს კი ჰქონდათ წინადადება, ვეტოს გამოყენება დაეშვათ მხოლოდ მე-7 თავის საკითხებზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- UN Security Council — ოფიციალური-საიტი
- Global Policy Forum – UN Security Council
- Security Council Report — timely, accurate and objective information and analysis on the Council's activities
- Center for UN Reform Education – objective information on current reform issues at the United Nations
- Verbatim record of the 1st session of the Security Council
- UN Democracy: hyperlinked transcripts of the United Nations General Assembly and the Security Council
- Reform the United Nations website დაარქივებული 2006-08-12 საიტზე Wayback Machine. — tracking developments
- History of the United Nations — UK Government site
- Who will be the next Secretary General?
- The different projects of reform (G4, Africa Union, United for consensus) (2006) დაარქივებული 2006-08-22 საიტზე Wayback Machine. (ფრანგული)
- UNSC cyberschool