სან-ფრანცისკოს კონფერენცია
სან-ფრანცისკოს კონფერენცია — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) დამფუძნებელი 50 სახელმწიფოს კონფერენცია. მიმდინარეობდა 1945 წლის 25 აპრილიდან 26 ივნისამდე, მოიწვიეს სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის სახელით გაეროს წესდების საბოლოო ტექსტის მომზადების თაობაზე ყირიმის კონფერენციის (1945) მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად. თავდაპირველად მონაწილეობდა გაერთიანებული ერების 1942 წლის 1 იანვარს დეკლარაციაზე ხელმომწერი 42 ქვეყნის მთავრობა, რომლებმაც ომი გამოუცხადეს ფაშისტური ბლოკის ქვეყნებს. 30 აპრილს კონფერენციამ მოიწვია ბელორუსიის სსრ და უკრაინის სსრ მთავრობები და მიუხედავად სსრკ-ის დიდი წინააღმდეგობისა არგენტინის მთავრობა, რომელიც გაეროს მიმართ მტრულ პოლიტიკას ატარებდა და გერმანიას ომი მხოლოდ 1945 წლის 27 მარტს გამოუცხადა. შემდეგ მიიწვიეს დანიის მთავრობა. დასავლეთის მთავრობების მტრული დამოკიდებულების გამო პოლონეთის მთავრობა არ მიიწვიეს კონფერენციაზე, მაგრამ სსრკ-ის დაჟინებული მოთხოვნიოთ კონფერენციამ გადაწყვიტა დაეტოვებინა ადგილი გაეროს წესდებაში პოლონეთის წარმომადგენლის ხელმოსაწერად.
1945 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი. მისი პოსტი დაიკავა ვიცე-პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა სულ მალე გაირკვა, რომ ახალი პრეზიდენტი ცვლიდა საგარეო პოლიტიკას სსრკ-ს მიმართ. მართალია, 1945 წლის 22 აპრილს, მოლოტოვთან შეხვედრისას, აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ის დაიცავდა რუზველტის მიერ ხელმოწერილ ყველა შეთანხმებას, მაგრამ, როგორც მოკლე ხანში გაირკვა, ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ტრუმენი მომავალში გააგრძელებდა რუზველტისეული დათმობების პოლიტიკას. ტრუმენის შედარებით უფრო მკაცრმა კურსმა თავისი პირველი რეალური გამოვლინება ჰპოვა 1945 წლის 25 აპრილს სან-ფრანცისკოში დაწყებულ გაერთიანებული ერების დამფუძნებელ კონფერენციაზე. 1945 წლის 5 მარტს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, სსრკ-სა და ჩინეთის სახელით კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად მოსაწვევები დაურიგდა 39 სახელმწიფოს. უკანასკნელ მომენტში კონფერენციის ორგანიზატორ სახელმწიფოთა რიცხვს გამოაკლდა საფრანგეთი, რომლის დროებითი მთავრობის მეთაური შარლ დე გოლი უკმაყოფილო იყო არ მიწვევის გამო ყირიმის კონფერენციაზე და წამოაყენა მიუღებელი წინადადება, რომ დუმბარტონ ოქსში მიღებული გადაწყვეტილებები ყოფილიყო მხოლოდ მოლაპარაკებების, და არა გაეროს წესდების, ბაზისი. შედეგად, კონფერენციაზე საფრანგეთი უბრალო წევრის სტატუსით მონაწილეობდა.
სან-ფრანცისკოს კონფერენციის დაწყებისათვის უკვე ნათელი გახდა, რომ მოკავშირეებს შორის საკმაოდ სერიოზული პრობლემები არსებობდა. კონფერენციაზე პოლონეთის პროსაბჭოური მთავრობის არმიწვევის გამო სტალინი ჯერ კიდევ მარტში აპირებდა მოლოტოვის შეცვლას გრომიკოთი. რუზველტმა ამასთან დაკავშირებით ისიც კი სთხოვა სტალინს, რომ მოლოტოვი „უმნიშვნელოვანეს პლენარულ სხდომებს“ მაინც დასწრებოდა, რათა მისი არყოფნა არ აღქმულიყო საბჭოთა მხარის მიერ კონფერენციის უგულებელყოფად. მიუხედავად ამისა, სტალინი თავიდან არ აპირებდა დათმობაზე წასვლას, მაგრამ რუზველტის სიკვდილის შემდეგ მან გადაიფიქრა და დელეგაციის სათავეში მაინც მოლოტოვის ჩაყენება გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ 24 აპრილს, კონფერენციის გახსნის წინა დღეს, იყო იმის საშიშროება, რომ საბჭოთა დელეგაციას დაეტოვებინა სან-ფრანცისკო, რამაც ამერიკელებისა და პრეზიდენტ ტრუმენის ერთგვარი კმაყოფილებაც კი გამოიწვია, ვინაიდან ეს საშუალებას მისცემდა ამერიკელებს, მაქსიმალურად განეხორციელებინათ თავიანთი მიზნები კონფერენციაზე. როგორც ჩანს, საბჭოთა მხარე მიხვდა, რომ პროტესტის ამგვარად გამოხატვა მათთვისვე იქნებოდა საზიანო და თავი შეიკავეს რადიკალური ნაბიჯების გადადგმისაგან, კონფლიქტის მიზეზი ამ შემთხვევაში იყო კონფერენციის მონაწილეთა საკითხი. მართალია, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის დელეგაციებს არ შეუშლიათ ხელი კონფერენციაზე უკრაინის სსრ-სა და ბელორუსიის სსრ-ს დელეგაციების მოწვევისათვის, რითაც ცნეს ისინი ახალი ორგანიზაციის წევრებად, სამაგიეროდ მათ სავსებით დასაბუთებულად თქვეს უარი პოლონეთის წარმომადგენლების დაშვებაზე ამის მიზეზი გახდა ყირიმის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რომლის თანახმადაც პოლონეთში უნდა მომხდარიყო მთავრობის რეორგანიზება და ახალი არჩევნების ჩატარება. ბუნებრივია, ამან საბჭოთა დელეგაციის უკმაყოფილება გამოიწვია, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც გადაწყდა კონფერენციაზე არგენტინის მოწვევა.
კონფერენციის მსვლელობა სამ ეტაპად დაიყო: პირველ სტადიაზე, 25 აპრილიდან 2 მაისამდე, შედგა 8 პლენარული სხდომა. გარდა ამისა, გაერთიანებული ერების დელეგაციების მეთაურები ცალკე იკრიბებოდნენ და წყვეტდნენ, თუ რა საკითხები უნდა განხილულიყო პლენარულ სხდომებზე. მეორე ეტაპი, რომლის დროსაც მოხდა გაეროს წესდების შემუშავება და შეთანხმება კომიტეტებში, საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა და დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. შედეგად, კონფერენციის დასკვნითი ეტაპი, როდესაც მხარეებს უნდა დაემტკიცებინათ პლენარულ სხდომაზე წესდების პროექტი და ხელი მოეწერათ მასზე, დაიწყო მხოლოდ 1945 წლის 25 ივნისს. კონფერენციაზე განხილულ იქნა დუმბარტონ ოქსში შემუშავებული წესდება და მასში შეტანილ იქნა მთელი რიგი დამატებები. ასე, მაგალითად, წესდებას დაემატა პრეამბულა, რომელშიც მოკლედ იქნა ჩამოყალიბებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძირითადი მიზნები და პრინციპები. უფრო ვრცლად ეს ყველაფერი ჩაიწერა წესდების I თავში წესდების მეორე თავში „ორგანიზაციის წევრები“ — განსაზღვრულ იქნა, თუ რა პრინციპით მოხდებოდა ორგანიზაციაში ახალი წევრების მიღება. აღინიშნა, რომ დამფუძნებელი წევრები იყვნენ ის სახელმწიფოები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა სან-ფრანცისკოს კონფერენციაში ან თავის დროზე ხელი მოაწერეს 1942 წლის 1 იანვრის გაერთიანებული ერების დეკლარაციას და მოახდინეს წესდების რატიფიცირება. ამგვარი ფორმულირება პრაქტიკულად მიღებული იქნა მხოლოდ პოლონეთის გამო, რადგანაც ის იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ხელი ჰქონდა მოწერილი დეკლარაციაზე, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, არ იყო წარმოდგენილი სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე. გარდა ამისა, განისაზღვრა, რომ ორგანიზაციაში შესაძლებელი იქნებოდა ყველა მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს მიღება და მისი წესდების სისტემატურად დამრღვევი ნებისმიერი წევრის გარიცხვა უშიშროების საბჭოს რეკომენდაციისა და გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილების საფუძველზე. წესდების III თავში ჩამოყალიბებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურა და ორგანოები. აქ თითქმის უცვლელი დარჩა დუმბარტონ ოქსში შეთანხმებული ტექსტი, მხოლოდ ძირითადი ორგანოების ჩამონათვალში გენერალურ ასამბლეას, უშიშროების საბჭოს, საერთაშორისო სასამართლოსა და სამდივნოს დაემატა ეკონომიკური და სოციალური საკითხების საბჭო და სამეურვეო საბჭო. საკმაოდ დაძაბული კამათი გაიმართა გენერალური ასამბლეის ფუნქციების შესახებ. ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ბელგიის, კანადის, ნიდერლანდებისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოების წინადადებას, რომ გენერალურ ასამბლეას მინიჭებოდა ყველა უფლება, რაც დუმბარტონ ოქსის შეთანხმებებით უშიშროების საბჭოს უნდა ჰქონოდა, მხარი დაუჭირეს აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმაც. მაგრამ მოგვიანებით, საბჭოთა დელეგაციის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ, დიდი სახელმწიფოები დაუბრუნდნენ დუმბარტონ ოქსში მიღებულ ფორმულირებებს და მხოლოდ ოდნავ განავრცეს ისინი. შედეგად, გენერალურ ასამბლეას მიენიჭა გამოკვლევების ჩატარებისა და რეკომენდაციების მიცემის უფლება, რაც მიზნად ისახავდა პოლიტიკურ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობისათვის ხელის შეწყობას, საერთაშორისო სამართლის განვითარებასა და მის კოდიფიკაციას გარდა ამისა, გენერალურ ასამბლეას მიენიჭა უფლება, მიეცა რეკომენდაციები საყოველთაო კეთილდღეობისათვის ნებისმიერი სახის სახიფათო სიტუაციების დარეგულირებისათვის.
ძირითადი ბრძოლა სან-ფრანცისკოში, ბუნებრივია, გაიმართა უშიშროების საბჭოში კენჭისყრის პროცედურის შესახებ საკითხის განხილვისას გაირკვა, რომ იალტაში შეთანხმებული ფორმულა მხარეებს სხვადასხვანაირად ესმოდათ. კერძოდ, საუბარი ეხებოდა სადავო საკითხის განხილვას უშიშროების საბჭოში საბჭოთა დელეგაცია აცხადებდა, რომ მუდმივ წევრებს უნდა ჰქონოდათ ვეტო თვით ასეთი საკითხის დღის წესრიგში შეტანის დროსაც კი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მიღებული იქნა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ წამოყენებული ფორმულირება, რომელიც ამგვარ შემთხვევებს განიხილავდა, როგორც საპროცედურო საკითხებს და მასზე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იყო მხოლოდ უბრალო უმრავლესობა. სამაგიეროდ, საბჭოში საკითხის განხილვისას მუდმივ წევრს უკვე შეეძლო ვეტოს გამოყენება, ოღონდ, რასაკვირველია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დავა უშუალოდ ამ სახელმწიფოს ეხებოდა. სწორედ ამ უკანასკნელი მომენტის გამო სურდა საბჭოთა მხარეს ჰქონოდა ვეტოს დადების უფლება საპროცედურო საკითხებზეც.
მაისის შუა რიცხვებში კვლავ გაჩნდა საბჭოთა კავშირის მხრიდან კონფერენციის ბოიკოტირების საფრთხე უშიშროების საბჭოში კენჭისყრის საკითხის გამო. სიტუაციის განსამუხტავად ტრუმენმა მოსკოვში გააგზავნა ჰოპკინსი, რომელმაც შეძლო სტალინის დარწმუნება, რომ აშშ-ს მიერ წარმოდგენილი ვარიანტი არ შეიცავდა რაიმე ხიფათს საბჭოთა კავშირისათვის შედეგად, მოლოტოვი დაბრუნდა სან-ფრანცისკოში და 8 ივნისს მიღწეულ იქნა შეთანხმება ყირიმში შემუშავებული ფორმულის ძალაში დატოვებაზე. სხვა შემთხვევებში დუმბარტონ ოქსში მიღებული გადაწყვეტილებები პრაქტიკულად უცვლელად იქნა დამტკიცებული. წესდების VI თავი დაეთმო დავების მშვიდობიანად მოგვარებას. მასში აღინიშნა, რომ სადავო საკითხის წარმოშობის შემთხვევაში მხარეებმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ მის მშვიდობიანად მოსაგვარებლად, ხოლო თუ ისინი ამას ვერ მოახერხებენ, საკითხი განსახილველად გადასცენ უშიშროების საბჭოს. გარდა ამისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც წარმოიშობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის სახიფათო კონფლიქტი, უშიშროების საბჭოს მიეცა უფლება, განახორციელოს აუცილებელი ზომები კონფლიქტის მოსაგვარებლად და საჭიროების შემთხვევაში ძალაც გამოიყენოს მშვიდობის დასამყარებლად. ყოველივე ამან ასახვა ჰპოვა წესდების VII თავში.
გარკვეული სირთულეები წარმოიშვა რეგიონალურ შეთანხმებებთან დაკავშირებით. ლათინური ამერიკისა და აშშ-ს წარმომადგენლებს მიაჩნდათ, რომ უშიშროების საბჭო არ უნდა ჩარეულიყო ამერიკის კონტინენტის საქმეებში და იქ წარმოშობილი კონფლიქტები ადგილობრივი შეთანხმებებით უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ მოხსნა თავისი მოთხოვნა. საბოლოო ჯამში, წესდების VIII თავში აღინიშნა, რომ გაერო არანაირად არ უშლიდა ხელს რეგიონალური ორგანიზაციების შექმნას, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება ძალის გამოყენების შესახებ უნდა მიეღო უშიშროების საბჭოს.
საერთაშორისო ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა წესდების IX თავი, რომელშიც ჩამოყალიბდა შესაბამისი პრინციპები. X თავში კი განისაზღვრა სპეციალური საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, რომელიც დაკავებული იქნებოდა ეკონომიკური და სოციალური საკითხებით. წესდების XI-XIII თავები დაეთმო არათვითმმართველი ტერიტორიების საკითხების განსაზღვრას. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო მეურვეობის საკითხზე საკმაოდ დაძაბული დებატები გაიმართა. საფრანგეთის დელეგაციამ წარმოადგინა პროექტი, რომელიც საერთოდ გამორიცხავდა კოლონიებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებას, ხოლო საერთაშორისო მეურვეობის სისტემაში უნდა შესულიყო მხოლოდ მანდატსქვეშ მყოფი ტერიტორიები და ის მიწები, რომლებსაც წაართმევდნენ მოწინააღმდეგეს მიმდინარე ომის შედეგად. ბრიტანელებმა ფაქტობრივად ძველი სამანდატო სისტემის აღდგენა მოისურვეს, ხოლო ამერიკელები საჩოთირო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მათ სჭირდებოდათ იაპონიის მანდატსქვეშ მყოფი კუნძულების დაკავების დაკანონება, ამიტომაც მათი პროექტიდან ამოვარდა კოლონიებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების დებულება. მიუხედავად ამგვარი წინააღმდეგობებისა, საბოლოო ჯამში, კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მეურვეობის სისტემის მთავარი ამოცანა იყო სამეურვეო ტერიტორიების პროგრესული განვითარება დამოუკიდებლობისაკენ ან თვითმმართველობისაკენ აღნიშნული ტერიტორიისა და მისი ხალხების სპეციფიკურობის გათვალისწინებით. სამეურვეო სისტემა არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო გაეროს წევრ სახელმწიფოებზე.
საერთაშორისო სასამართლოს და სამდივნოს საკითხების განხილვისას პრაქტიკულად უპრობლემოდ იქნა დამტკიცებული დუმბარტონ ოქსში შეთანხმებული წინადადებები, რამაც აიასახა წესდების XIV და XV თავებში. გარკვეული უთანხმოება აქ იყო მხოლოდ გენერალური მდივნის არჩევის წესთან დაკავშირებით, როდესაც აშშ-ს დელეგაციამ სცადა, ის გამოეცხადებინა საპროცედურო საკითხად, მაგრამ სხვა დიდმა სახელმწიფოებმა არ დაუჭირეს მხარი ამ წინადადებას.
წესდების დასკვნითი ოთხი თავი მიეძღვნა სხვადასხვა დადგენილებებს, გარდამავალ პერიოდში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად განსახორციელებელ ღონისძიებებს, შესწორებებს და წესდების რატიფიკაციასა და ხელმოწერას გაეროს წესდება ხელმოწერილი იქნა სან-ფრანცისკოში 1945 წლის 26 ივნისს. პროცედურა დილით ადრე დაიწყო. წესდებაზე პირველი ხელმოწერები გააკეთეს ჩინეთმა, საბჭოთა კავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ, როგორც მასპინძელმა სახელმწიფოებმა, შემდეგ საფრანგეთმა, ბოლოს კი ყველა დანარჩენმა მონაწილე სახელმწიფომ ანბანის მიხედვით. წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს, როდესაც ის რატიფიცირებული იქნა უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრისა და ხელისმომწერ სახელმწიფოთა 2/3-ის მიერ.
სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე გაეროს წესდების დამტკიცებისა და ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის დაფუძნების მნიშვნელობა ძალიან დიდი იყო. გაერო ერთა ლიგასთან შედარებით წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა. გაეროს შექმნა დადებითად შეფასდა მთელს მსოფლიოში მისი შექმნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ დიდი სამეულის სახელმწიფოების ურთიერთშეთანხმებული მოქმედების შედეგად.
ლიტერატურა
რედაქტირება- პაპასქირი თ., ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია 1914-1945, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბ., 2009, გვ. 334-339.