ძალთა ბალანსი (საერთაშორისო ურთიერთობები)

ძალთა ბალანსი ან ძალთა წონასწორობა — ერთ–ერთი უძველესი და უმთავრესი კონცეფცია საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიაში. იგი მჭიდროდ უკავშირდება პოლიტიკურ რეალიზმს და გამომდინარეობს საერთაშორისო სისტემის ანარქიული სტრუქტურიდან.

ევროპა ვენის კონგრესის შემდეგ, 1815 წ. ევროპული ძალთა ბალანსის მიღწევის მცდელობის კლასიკური მაგალითი.

ამ კონცეფციის მიხედვით, იმის გამო, რომ საერთაშორისო სისტემა ანარქიულია, თითოეული სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა ბრძოლა თვითგადარჩენისა და თვითდამკვიდრებისათვის. ამის აუცილებელი პირობა კი უსაფრთხოება და დამოუკიდებლობაა. თავიანთი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად სახელმწიფოები, ჩვეულებრივ, ერთად მოქმედებენ ხოლმე, რათა დაუპირისპირდნენ იმ სახელმწიფოს (ან სახელმწიფოთა ჯგუფს), რომელიც საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. ამგვარად, საერთაშორისო სისტემა დაყოფილია სახელმწიფოთა რამდენიმე ჯგუფად, რომლებიც დაახლოებით თანაბარი ძალისანი არიან და მათ შორის არსებული ძალთა ბალანსი (წონასწორობა) არის მშვიდობისა და წესრიგის მთავარი გარანტია საერთაშორისო სისტემაში, ამ სისტემის მდგრადობის ძირითადი პირობა. ხელსაყრელ შემთხვევაში სახელმწიფოები თავიანთი სურვილით აყალიბებენ კავშირს, რომელიც იცავს თითოეული მათგანის ეროვნულ ინტერესებს, ამასთან, არ არის მათი უფლებების შემლახველი. სხვა შემთხვევაში სახელმწიფო თავისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით იძულებულია მიეტმასნოს დომინანტ სახელმწიფოს, რაც ხშირად ეროვნული ინტერესების ნაწილის დათმობას იწვევს.

საერთაშორისო საზოგადოებაში ძალთა ბალანსი სახელმწიფოებსა და სახელმწიფოთა ჯგუფებს შორის ურთიერთობათა მთავარი რეგულატორია, რომელიც განსაზღვრავს ამ ურთიერთობათა ხასიათს. ევროპაში ძალთა ბალანსის კლასიკური მაგალითებია 1648-1789 წლები (ვესტფალიის ზავის პირობები) და პერიოდი 1815 წლიდან XIX საუკუნის ბოლომდე (ვენის კონგრესის შედეგები). ძალთა ბალანსისათვის ბრძოლა XX ს–ის საერთაშორისო სამართალშიც იჩენს თავს – იქმნება ნორმები, რომლებიც საშუალებას არ აძლევდნენ არც ერთ დიდ სახელმწიფოს ან ბლოკს, იურიდიულად მოეპოვებინათ უპირატესობა სხვა სახელმწიფოს ან ბლოკის მიმართ. ამ საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა გაერომ და მისმა უშიშროების საბჭომ, რომელშიც მოქმედებს ერთხმივობის პრინციპი, ასევე ნატომ და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციამ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]