გრიგოლ ურატაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ურატაძე, გრიგოლ)

გრიგოლ (გრიშა) ურატაძე (დ. 10 თებერვალი, 1878, აცანა — გ. 12 თებერვალი, 1959, პარიზი) — ქართველი მასწავლებელი, პოლიტიკოსი და დიპლომატი. გურიის რესპუბლიკის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, რუსეთში საქართველოს პირველი ელჩი. მის მნიშვნელოვან დამსახურებად მიიჩნევა წარმატებული მოლაპარაკებები საბჭოთა რუსეთთან, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა დე-იურე აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

გრიგოლ ურატაძე
დაბადების თარიღი 10 თებერვალი, 1878
დაბადების ადგილი აცანა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1959
გარდაცვალების ადგილი 12 თებერვალი, პარიზი
განათლება არასრული უმაღლესი
ეროვნება ქართველი
პარტია რსდმპ, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა მასწავლებელი, პოლიტიკოსი
მამა ილარიონ ურატაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

სოფლის და საქალაქო ოთხკლასიანი სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო სამასწავლებლო სემინარიაში. სემინარიის ბოლოსწინა კურსზე ყოფნისას მან სოფელში გაიცნო ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი და მისი გავლენით გადაწყვიტა უნივერსიტეტში ჩაბარება. ამისთვის მან მიატოვა სემინარია და დაიწყო მასწავლებლობა სოფლად, რათა კერძო მომზადებით ჩაებარებინა უნივერსიტეტში. ბათუმში შესაბამისი კურსების გავლის შემდეგ დანიშნეს მასწავლებლად ლანჩხუთის სკოლაში. სკოლაში მან მოაწყო წრე, რომელიც კითხულობდა და განიხილავდა გაზეთ „კვალის“ სტატიებს. 1900 წელს ლანჩხუთში მან გაიცნო „კვალის“ რედაქტორი ნოე ჟორდანია. ურატაძემ ჩააბარა სანქტ-პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში, სადაც მხოლოდ ერთ კურსს დაესწრო და მეორეზე აღარ გაემგზავრა, გადავიდა ლანჩხუთში საცხოვრებლად და გააგრძელა მასწავლებლობა სკოლაში.

გურიის გლეხთა მოძრაობის ლიდერი

რედაქტირება

1902 წელს დატოვა სკოლა, გადავიდა ნიგოითში და სათავეში ჩაუდგა გლეხთა გამოსვლებს მემამულეების წინააღმდეგ. ურატაძემ შეადგინა მოთხოვნები, რომელთა ერთგულებაზე მისი მეთაურობით ფიცი დადეს ნიგოითისა და სუფსის გლეხებმა. ურატაძემ მიმართა რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტს, რათა მას ეხელმძღვანელა გურიაში გლეხთა მოძრაობისთვის, მაგრამ კომიტეტმა კარლო ჩხეიძის ხელმძღვანელობით უარი უთხრა, რადგანაც ეს მოძრაობა პროლეტარიატისა არ იყო. შემდეგ ურატაძე ჩავიდა ქუთაისში, სადაც წარდგა ქუთაისის კომიტეტის შესახებ, თუმცა პარმენ ჭიჭინაძისა და მიხა ცხაკაიასაგან ასევე უარყოთი პასუხი მიიღო. 1903 წლის მაისში მონაწილეობდა გურიის კომიტეტის დაფუძნებაში. იყო ლანჩხუთის რაიონის წარმომადგენელი.

დაპატიმრების შიშით დატოვა გურია და გადავიდა ქუთაისში, სადაც შეუერთდა რსდმპ-ის ქუთაისის კომიტეტს. 1903 წლის ზაფხულში დააპატიმრეს და იჯდა ქუთაისის ციხეში. იქაც ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას. ციხეში ყოფნისას გაიცნო სტალინი. სექტემბრის დასაწყისში გადაასახლეს ხარკოვში, იქედან კი – ორენბურგში, საიდანაც გაიქცა და გურიაში დაბრუნდა. ურატაძე გურიაში აგრძელებდა რევოლუციურ საქმიანობას გურიის რესპუბლიკის დამარცხებამდე. 1906 წლის თებერვალში, გურიის კომიტეტის გადაწყვეტილებით, დაპატიმრების შიშის გამო გერასიმე მახარაძესთან ერთად დატოვა გურია.

რევოლუციური საქმიანობა 1906-1917 წლებში

რედაქტირება

რევოლუციის დამარცხების შემდეგ აგრძელებდა არალეგალურ საქმიანობას თბილისში. 1906 წელს იყო რსდმპ IV ყრილობის დელეგატი თბილისის ორგანიზაციიდან, ხოლო 1907 წელს იყო V ყრილობის დელეგატი ფოთის ორგანიზაციიდან. 1907 წლის ბოლომდე ჩაბმული იყო რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო კამპანიებში. 1907 წლიდან მუშაობდა რსდმპ-ის გაზეთების გამოცემაში. 1909-1910 წლებში იყო გაზეთ მომავლის“ ფაქტობრივი რედაქტორი. 1909 წლის 6 მაისს მეორედ დააპატიმრეს. 1911 წელს არალეგალურად გაემგზავრა საზღვარგარეთ, პარიზთან ახლოს, ლონჟიუმოში პარტიის მიერ დაარსებულ ბოლშევიკურ სკოლაში სასწავლებლად. იქ გაიცნო ლენინი, კამენევი და ზინოვიევი. საფრანგეთიდან გადავიდა ჟენევაში, სადაც ასევე შეხვდა პარტიის ლიდერებს, იქედან დაბრუნდა თბილისში. 1912 წლის აგვისტოში ურატაძე ვლასა მგელაძესთან ერთად მონაწილეობდა ვენაში პარტიულ კონფერენციაში.[1]ურატაძე კიდევ სამჯერ იყო დაპატიმრებული, ორჯერ გააძევეს კავკასიიდან. ბოლოს დააპატიმრეს 1912 წელს პეტერბურგში და გადაასახლეს პერმის გუბერნიის ჩერდინის მაზრაში. გადასახლებაში გაიცნო კლიმენტ ვოროშილოვი. გადასახლებიდან დაბრუნდა 1915 წლის ბოლოს და დასახლდა ლანჩხუთში. იყო გაზეთ „ახალი კვალის“ პირველი ექვსი ნომრის ფაქტობრივი რედაქტორი.

მოღვაწეობა პირველ რესპუბლიკაში

რედაქტირება

აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების საქმეში, 1917 წელს იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წელს იყო ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის წევრი. ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. 1919 წლიდან იყო დამფუძნებელი კრების წევრი., სამანდატო კომისიის თავმჯდომარე. 1920 წლის აპრილის ბოლოს ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას მოსკოვში. წარმატებული მოლაპარაკებების შედეგადაც რუსეთმა დე-იურე აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ურატაძემ მოაწერა ხელი 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 22 მაისს დააპატიმრა ჩეკამ. მოთავსებული იყო მეტეხის ციხეში. ივლისში გამოუშვეს ავადმყოფობის გამო. დაბრუნდა გურიაში, სადაც კვლავ დააპატიმრეს და მოათავსეს ოზურგეთის ციხეში, რამდენიმე თვის შემდეგ კი გურიიდან გააძევეს. 1922 წლის დასაწყისისთვის წავიდა ემიგრაციაში. თავდაპირველად ცხოვრობდა პრაღაში, შემდეგ პარიზში, საფრანგეთში. იქ დაწერა რამდენიმე მონოგრაფია და წერილი საქართველოში რევოლუციური მოძრაობის და საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შესახებ. 1929-1936 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „დამოუკიდებელ საქართველოს“.

გარდაიცვალა ემიგრაციაში. დაკრძალეს 14 თებერვალს, ლევილის სასაფლაოზე.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ronald Grigor Suny, „The Making of the Georgian Nation“, გვ. 176 — Indiana University Press, 1994, ISBN 0-253-20915-3