ტროპიკული ფაუნა
ტროპიკული ფაუნა — ეკვატორულ, სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებში ცხოველების ერთობლიობა. ხმელეთის ტროპიკული ფაუნა წარმოდგენილია ნოტიო ტროპიკული და ეკვატორული ტყეების, მარადმწვანე ხეშესფოთლოვანი და ფოთოლმცვივანი ტროპიკული ტყეების, სავანებისა და სხვა მცენარეულ თანასაზოგადოებებში მობინადრე ცხოველებით. ტროპიკული ფაუნის წარმომადგენლებს ახასიათებთ მთელი რიგი საერთო ნიშნები: სითბოს მოყვარულობა, ნაკლები ნაყოფიერება. სახეობების მიხედვით ტროპიკული ფაუნა სჭარბობს სხვა განედების ფაუნებს. ზოგიერთი ჯგუფი საკმაოდ გამოირჩევა თავისი მრავალრიცხოვნობით — ანტილოპები (სავანებში), ჭიანჭველები (ნოტიო ტროპიკულ ტყეებში), ტერმიტები (ყველგან). ზოგიერთი ჯგუფი მხოლოდ ტროპიკებშია გავრცელებული. ძუძუმწოვრებიდან ტროპიკულია მაიმუნების თითქმის ყველა სახეობა, ნახევრად მაიმუნები, სპილოები, მარტორქები, ჟირაფები, ტაპირები, პანგოლინები, ჭიანჭველაჭამიები, ზარმაცები, ხილიჭამია ხელფრთიანები და სხვა. ფრინველებიდან ტროპიკული ფაუნასთვის დამახასიათებელია თუთიყუშები, გუგულები, ტროგონები, ცხვირრქოსანი ფრინველები, ტუკანები, მენექტრები, კოლიბრების უმრავლესობა; ქვეწარმავლებიდან — იგუანები, ქამელეონები, გველები (უმეტესობა), ნიანგები; ამფიბიებიდან — ჭიამაგვარები, ვასაკები, ბაყაყები და სხვა. უხერხემლო ცხოველებიდან მრავალფეროვანია მორიელები, ობობები, ხოჭოები, პეპლები, სწორფრთიანები, ამათვე ეკუთვნის ბუზი ცეცე და სხვა. ოკეანის ტროპიკული ფაუნა ხასიათდება დიდი ნაირფეროვნებით. მხოლოდ (ან უმეტესად) ტროპიკებში გვხვდება ზვიგენები, სკაროსები, ზღვის კუები, ზღვის გველები, მემერგალიტე მოლუსკები და სხვა. ტროპიკული ზღვების სანაპიროებში ბინადრობენ ფრინველები — ფაეტონები და ფრეგატები. ტროპიკულ ზღვაში ძუძუმწოვრებიდან ცხოვრობენ დიუგონები და ლამანტინები.
როგორც ხმელეთის, ისე ოკეანის ტროპიკული ფაუნა წარმოდგენილია უძველესი ფორმებით. ადამიანის მოქმედების ზეგავლენით ხმელეთის ტროპიკული ფაუნა მნიშვნელოვნად დაზიანდა — მრავალი სახეობა ამოწყდა. ტროპიკული ფაუნის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს გენოფონდის შესანარჩუნებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 59.