გუგულისნაირნი (ლათ. Cuculiformes) — მეხეური, იშვიათად მიწაზე მცხოვრები ფრინველების რიგი. მათი სხეულის სიგრძეა 15-70 სმ. გავრცელებული არიან ყველგან, გარდა არქტიკისა. სქესობრივი დიმორფიზმი არ აქვთ გამოხატული ან ნაკლებშესამჩნევია. გვხვდება როგორც მონოგამიური, ისე პოლიგამიური ფორმები. იკვებებიან კენკრით, მწერებით და მათი მატლებით, მოლუსკებით. სასარგებლო ფრინველებია. გუგულისნაირთა რიგი შეიცავს ერთადერთ ოჯახს: გუგულისებრნი. ამ უკანასკნელთაგან აღსანიშნავია ჩვეულებრივი გუგული (ლათ. Cuculus canorus), რომელსაც ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ბუდობრივი პარაზიტიზმი, რაც ბუდის შენებისა და კრუხობის რეფლექსის დაკარგვასთან ერთად სქესთა არათანაბარი რიცხობრივი თანაფარდობით არის გაპირობებული. კვერცხს დებს ბეღურასნაირთა ბუდეში (წინასწარ იტაცებს და ჭამს მასპინძლის 1-2 კვერცხს). 11-13 დღის შემდეგ იჩეკება ბარტყი, რომელიც ბუდიდან ყრის მასპინძლის კვერცხებსა და ბარტყებს. დიდი რაოდენობით ანადგურებს მავნე მწერებს და მათ მუხლუხებს, მ. შ. ისეთებსაც, რომლებსაც სხვა მწერიჭამია ფრინველები არ ეკარებიან შხამიანობისა თუ სხვა მიზეზების გამო. საქართველოში ყველგან გვხვდება (2500 მ-მდე ზღვის დონიდან) როგორც მობუდარი ფრინველი.