გუგულისებრნი
გუგულისებრნი[1][2] (ლათ. Cuculidae) — ფრინველთა ოჯახი გუგულისნაირთა რიგისა. საშუალო და მცირე ზომის ფრინველებია: სიგრძე 16–70 სმ-მდე, ხოლო მასა 17-დან (მცირე ბრინჯაოსფერი გუგული, Chrysococcyx minutillus) 550 გრამამდე მერყეობს (დიდი დეზებიანი გუგული, Centropus menbeki). ფეხები ჩვეულებრივ მოკლეა (მიწის სახეობებს გრძელი და ძლიერი აქვთ), თითები ისეა განვითარებულია, რომ შეუძლიათ ტოტზე მათი შემოხვევა: ორი თითი წინაა გაშვერილი, ორიც — უკან. აქვთ დიდი თავი, გრძელი, ზოგჯერ საფეხუროვანი ბოლო. ნისკარტი წაგრძელებული და ოდნავ მოღუნული, პირის ჭრილი ფართო, რაც საშუალებას აძლევთ, რომ მსხვილი ნადავლი გადაყლაპონ. უმეტესობა არაკაშკაშა ფერებშია შემოსილი; არის ფერადი მორფებიც. ცნობილია 6–7 ქვეოჯახი, 28–35 გვარი და 136-მდე სახეობა. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, გარდა მაღალი განედებისა და რამდენიმე ოკეანური კუნძულისა; წარმოშობისა და თანამედროვე მრავალფეროვნების ცენტრია ძველი სამყაროს ტროპიკები. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი გუგული (Cuculus canorus).[3][4]
გუგულისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ტიპუტიპი (Centropus superciliosus) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cuculidae (Leach, 1820) | ||||||||||||
|
უპირატესად მეხეური ფრინველებია, ზოგიერთი მიწის ცხოვრების ნირს ეწევა. ჩვეულებრივ მალულად არიან, ინიღბებიან ხეების ტანზე; გამოსცემენ დამახასიათებელ ხმებს, რომლებიც შორიდანაც ისმის. უმთავრესად იკვებებიან მწერებით (მ. შ. თმიანი მუხლუხებით, რომლებსაც სხვა ფრინველები არ ჭამენ); გუკელის გვარის (Eudynamys) სახეობები მცენარეჭამიებია. უმრავლესობა მონოგამური ფრინველია; ბუდეს ხეზე ან მიწაზე აშენებენ. დედალი დებს 2–6 კვერცხს; 18–20 დღის განმავლობაში კრუხობს და ბარტყებზე ზრუნავს ორივე მშობელი. მრავალი სახეობის გუგულისებრს (განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნახევარსფეროში მობინადრეებს) ახასიათებს ბუდობრივი პარაზიტიზმი. პარაზიტიზმზე სპეციალიზებულ გუგულებს მასპინძელი სახეობის ფრინველების მსგავსი ზომები, ფერი და კვერცხის ინკუბაციის ვადა აქვთ. ბარტყი, რომელიც იშორებს მასპინძლის ბარტყებს, ქცევითა და ფერით ბაძავს მათ და მათთვის განკუთვნილი საკვების ხარჯზე იმატებს წონაში. სხვა გუგულის ბარტყი (ან ბარტყები) ეგუება მასპინძლის ბარტყებს. ზრდასრული ინდივიდებისათვის აგრეთვე დამახასიათებელია შეფერვითი და ქცევითი მიმიკრია ქორებთან და სხვა ფრინველებთან, რაც მათ სხვისი ბუდეების აღმოჩენაში ეხმარება. ზოგიერთი არაპარაზიტული გუგული, მაგალითად ანი (Crotophaga), გუნდებად ცხოვრობს; ისინი კოოპერატიულად ბუდობენ (მორიგეობით კრუხობენ საერთო ბუდეზე, ერთად კვებავენ ნაჩეკს). IUCN-ის წითელ ნუსხაში 7 სახეობა შესულია როგორც მოწყვლადი, 2 — როგორც საფრთხეში მყოფი, 2 — გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი; დელალანდის მადაგასკარული გუგული (Coua delalandei) და წმინდა ელენეს გუგული (Nannococcyx psix) ამოწყდა.[5]
ლიტერატურა
რედაქტირება- Коблик Е. А. КУКУШКОВЫЕ // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 285.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Cuculidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 47, 113, 195.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 289.
- ↑ ჟორდანია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 172.
- ↑ „Cuculidae family stats“. IUCN Red List of Threatened Species. IUCN. 2020. 2020. ციტირების თარიღი: 5 მაისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება)