ტუკანისებრნი (ლათ. Ramphastidae) — ფრინველთა ოჯახი კოდალასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 30-60 სმ, მასა 100-300 გ აღწევს. აქვთ დიდი (23 სმ-მდე) ნისკარტი, გრძელი, კიდეფოჩიანი ენა. ბინადრობენ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში. ბუმბული ხასხასა ფერისაა (შავზე აყრია თეთრი, ყვითელი და წითელი ხალები; იშვიათად ერთფეროვანი მწვანეა). ოჯახში შედის 5-7 გვარის 37–43 სახეობა.[1] ბუდობენ ფუღუროში, დებენ 2-4 კვერცხს, ინკუბაციის პერიოდი 2-3 კვირას გრძელდება. იკვებებიან კენკრით, წვრილი ხილით, მწერებით, წვრილ-წვრილი ფრინველებითა და მათი კვერცხებით, აგრეთვე ქვეწარმავლებით.