სწორფრთიანები (ლათ. Orthoptera ანუ saltatoria) — იმ მწერების რიგი, რომელთაც ახასიათებს არასრული გარდაქმნა. აქვთ მოგრძო, გვერდებიდან შებრტყელებული სხეული, მღრღნელი პირის ორგანოები. სწორფრთიანების უმეტესობას აქვს ორი წყვილი ფრთა, ზედა ვიწროა და მკვრივი, გამოხატულად დაძარღვული, უკანა — ფართო, სიფრიფანა, მარაოსებრ იკეცება. ზოგს ფრთები დამოკლებული ან სულ არ აქვს. უკანა კიდურები სახტომია. მუცელი 10-ნაწევრიანია, ბოლოვდება დაუნაწევრებელი დანამატებით — ცერკებით. ზოგი სახეობის დედლებში — კვერცხსადებით.

სწორფრთიანები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Orthoptera ანუ saltatoria

კლასიფიკაცია

რედაქტირება

სწორფრთიანების რიგი იყოფა ორ ქვერიგად — გრძელულვაშებიანებად (Dolichosera, ანუ Ensifera, კუტკალიები, ჭრიჭინები), რომელთაც აქვთ გრძელი ანტენები და კვერცხსადებები, და მოკლეულვაშიანებად (Brachicera ანუ Caelifera, კალიები), რომელთაც აქვთ მოკლე ულვაშები და კვერცხსადები. რიგში ოცი ათასამდე სახეობაა, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული ევრაზიის კონტინენტზე, ყოფილ სსრკ-ში 700-ზე მეტი სახეობა აღირიცხებოდა. განსაკუთრებით მრავალფეროვანია სწორფრთიანები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში (ყირიმი, კავკასია). სწორფრთიანების უმეტესობა მცენარეებით იკვებება, ზოგი მტაცებელი ან ნაირჭამიაა. ზოგი სწორფრთიანები, მაგალითად კალიები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიში მავნებელია. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება მწვანე, ჩვეულებრივი, გრძელი, რუხლაქებიანი, თეთრშუბლა და სხვა ნაირჭამია კუტკალიები, რომლებიც აზიანებენ ციტრუსებს, ჩაის ბუჩქებს, თამბაქოს, ხორბალს და სხვა სახეობის კულტურებს. კალიებიდან ჩვენში ყველაზე საშიშია მავნებელია ეგვიპტური კალია, გვხვდება აგრეთვე იტალიური კალია, უდაბნოს კალია და სხვა, რომელთაც განსაკუთრებით დიდი ზიანი მოაქვთ აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებისთვის. ჭრიჭინებიდან საქართველოში შედარებით მავნე სახეობებია ველის, სახლის, მინდვრის, ვაზის ჭრიჭინები, აგრეთვე მახრა ანუ ბოსტანა და სხვა, რომლებიც გავრცელებული არიან მთელ საქართველოში და ზიანს აყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

ლიტერატურა

რედაქტირება