ტირგოვიშტეს ღამის თავდასხმა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ტირგოვიშტეს ღამის თავდასხმა

ბრძოლა ჩირაღდნებით 一 რუმინელი მხატვრის, თეოდორ ამანის ნახატი.
თარიღი 1462 წლის 17 ივნისი
მდებარეობა ტირგოვიშტე, დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორია
შედეგი

უცნობია

  • ოსმალთა ძალებმა უკან დაიხიეს
  • ვლახების მცდელობა, მოეკლათ მეჰმედ II, წარუმატებლად დამთავრდა
  • ვლადის ნახევრაძმა, რადუ ეუფლება ვლახეთის ტახტს 1473 წლამდე
მხარეები
ვლახეთი ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
ვლად III ცეპეში მეჰმედ II
ძალები
30000, აქედან 22000-მდე მსუბუქი ქვეითი და მოხალისე იყო. 90000-150000
დანაკარგები
5000[1] 10000[2]-15000[1]

ტირგოვიშტეს ღამის თავდასხმა (რუმ. Atacul de noapte de la Târgoviște) 一 საბრძოლო შეტაკება ვლახეთის პრინც ვლად ცეპეშსა და ოსმალეთის იმპერიის სულთან მეჰმედ II-ს შორის, რომელიც გაიმართა 1462 წლის 17 ივნისს, ხუთშაბათ დღეს. ბრძოლა მას შემდეგ გაჩაღდა, რაც, ისედაც ვლახეთთან დაძაბული ურთიერთობის მქონე მეჰმედმა, აღმოაჩინა, როგორ აყალიბებდა ალიანსს ვლად დრაკულა უნგრეთის მეფე მატიაშ ჰუნიადთან, შესაბამისად, მეჰმედმა ოფიციალურად დაუპატრონებელი ვლახეთის კონტროლი გადაწყვიტა და განგებ ჩაუსაფრდა ცეპეშის არმიას. ვლადმა ბულგარეთში შეჭრა გადაწყვიტა, რა დროსაც მეჰმედმა დრო იხელთა, ჯარი შეკრა და ვლახეთისკენ დაძრა. აქ წარიმართა შეტაკებების მთელი სერია, რომელთა კულმინაციური მომენტიც სწორედ ტირგოვიშტეს მიდამოებში დაბანაკებულ ოსმალურ არმიაზე თავდასხმა მიიჩნევა. ვლადს განზრახული ჰქონდა ოსმალეთის სულთნის, მეჰმედ II-ის ლიკვიდირება, თუმცა გეგმები ჩაიშალა და სულთანს დედაქალაქისკენ დახევა მოუწია. აქ მან რამდენიმე ქვემეხი იშოვა, რათა თავდასხმა განეახლებინა, თუმცა ბულგარეთში შესულს 23,844 სარზე გაბმული თურქი ჯარისკაცი დახვდა. საინტერესოა, რომ ეს ციფრები თავად ცეპეშის მატიაშ ჰუნიადისადმი გაგზავნილ წერილში ეწერა. ამის შემდეგ სულთანი თავისი ამალითურთ ბრეილში გაემგზავრა და ადრიანოპოლში ჩასვლამდე მთელი ბრეილი მიწასთან გაასწორა. ამ კამპანიაში ორივე მხარემ გამოაცხადა თავი გამარჯვებულად, რის გამოც გაურკვეველია, ვის ჰქონდა მოპოვებული დომინირება. ასეა თუ ისე, მეჰმედმა მაინც შეძლო მრავალი დატყვევებული მონით, ცხენებითა და პირუტყვით სამშობლოში დაბრუნება.

1453 წელს, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, მეჰმედმა ყურადღება სხვა ლაშქრობებზე გადაიტანა. მიუხედავად ამ დიდი გამარჯვებისა, სულთანს, შეიძლება ითქვას, სრულებით არ ჰქონდა დალხენილი იმპერიის გარშემო არსებული საფრთხის გამო 一 ანატოლიაში ტრაპიზონის იმპერია საგრძნობ წინააღმდეგობას უწევდა ოსმალეთს, არანაკლები საფრთხე მოდიოდა აღმოსავლეთიდან, კერძოდ თეთრბატკნიანთა მმართველის, უზუნ-ჰასანის მხრიდანაც. რაც შეეხება დასავლეთს, აქ ალბანური ჯარები, გეორგ კასტრიოტის ხელმძღვანელობით, გამუდმებით აწიოკებდნენ ოსმალებს, ბოსნიელები ხარკის გადახდაზე უარს აცხადებდნენ. ამ დროს ვლახეთის სამეფო აკონტროლებდა მდინარე დუნაის ორივე მხარეს, რაც ოსმალეთისთვის წამგებიანი იყო, რადგან საღვთო რომის იმპერიას ნებისმიერ მომენტში შეეძლო განეხორციელებინა საზღვაო თავდასხმები ოსმალეთის წინააღმდეგ. 1459 წლის 26 სექტემბერს რომის პაპ პიუს II-მ ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყება განიზრახა, ოღონდ, ამჯერად ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. ეს წინადადება კიდევ უფრო ოფიციალური 1460 წლის 14 იანვარს, მანტუას კონგრესზე გახდა, როცა პაპმა ოფიციალურად გამოუცხადა ომი ოსმალეთს. მისივე გეგმით, ბრძოლა სამ წელიწადს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა გეგმები ჩაიშალა. შედეგად, ერთადერთი ევროპელი მონარქი, რომელმაც ახალი ჯვაროსნული ლაშქრობისადმი ენთუზიაზმი გამოავლინა, იყო ვლად III ცეპეში, რომელიც რომის პაპის დიდი პატივისცემით სარგებლობდა.[3] ევროპელთა მიერ ახალი ჯვაროსნული ლაშქრობისადმი გამოვლენილი უინტერესობის გამო მეჰმედმა დრო იხელთა და საკუთარი არმია თავდასხმით პოზიციაზე გადართო. მოგვიანებით, იმავე წელს (1460), მან აიღო უკანასკნელი დამოუკიდებელი სერბული ქალაქი 一 სმედეროვო, ხოლო 1461 წელს მან დაარწმუნა მორეის დესპუტატის მმართველი, დაეთმო საკუთარი ციხე. შედეგად, მისტრა და კორინთი ოსმალეთმა უბრძოლველად ჩაიბარა.[4]

ვლად ცეპეშის ერთადერთი მოკავშირე, მიხაი სილადი, ტყვედ ჩაუვარდა თურქებს 1460 წელს, ბულგარეთში გავლისას. სილადის კაცები წამებით მოკლეს, ხოლო თავად სილადი შუაზე გახერხეს.[4] მოგვიანებით, იმავე წელს, მეჰმედმა გაგზავნა ელჩები ვლადთან, რათა ეთხოვა, გადაეხადა დაგვიანებული ჯიზია. ვლად ცეპეშმა ჯერ ელჩები დახოცა და 1460 წლის 10 სექტემბრით დათარიღებულ წერილში, მან გააფრთხილა ტრანსილვანიელი საქსონები (დღევანდელი ბრაშოვი) მეჰმედის შესაძლო შემოსევასთან დაკავშირებით და დახმარება სთხოვა მათ. ცეპეშმა მაინც არ გადაიხადა წლიური ჯიზია 10000 დუკატის ოდენობით, ჯერ კიდევ 1459 წლის შემდეგ. გარდა ამისა, მეჰმედმა მას სთხოვა 100 ვლახელი ბავშვის ჩაბარება, რათა იანიჩრებად აღეზარდა, რაზეც სულთანმა, აგრეთვე, უარი მიიღო. ამ და სხვა გამომწვევი მიზეზების გამო მეჰმედმა დუნაის სანაპიროს მახლობლად საბრძოლო წვრთნები დაიწყო. თუმცა, ვლადმა მისი ჯარისკაცები შეიპყრო და სარზე გასვა.[5] კონფლიქტი 1461 წლამდე გაგრძელდა, სანამ მეჰმედმა თავად არ მიიწვია ვლადი კონსტანტინოპოლში მოლაპარაკებების გასამართად.

ერთი წლის შემდეგ, 1461 წლისთვის, ვლად ცეპეში მიერ თავის მეჰმედ II-ისადმი გაგზავნილ წერილში ამბობს, რომ იგი ფიზიკურად ვერ გადაიხდის ჯიზიას, რადგან მისმა ტრანსილვანიელი გრაფების წინააღმდეგ გამართულმა ომებმა, ფაქტობრივად, მთელი რესურსი ამოუწურა, თუმცა დასძინა, რომ სულთანს გაუგზავნიდა უამრავ ოქროს, როცა ამის საშუალება გამოუჩნდებოდა. ვლადი სთხოვდა, რომ მისი არყოფნის დროს რიგითი ფაშა დაეყენებინა ვლახეთის მმართველად.[6] რამდენიმე ხანში ირკვევა, რომ ეს ყველაფერი დაგებული მახე იყო 一 მეჰმედმა გაიგო, რომ ვლახეთის პრინცი შეკრული იყო უნგრეთის მონარქთან, მატიაშ ჰუნიადთან. მალე, სულთნის ბრძანებით, ვლახეთისკენ დაიძრა ჰამზა ფაშა, რომელსაც დავალებული ჰქონდა პრინცის შეპყრობა და კონსტანტინოპოლში ჩაყვანა, თუმცა, დროული რეაგირების შედეგად, ვლადმა წინასწარ იცოდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.[7] ჰამზა ფაშა 1000-კაციან ჯარს ფლობდა და გიურგიუს ჩრდილოეთით არსებულ ერთ პატარა უღელტეხილთან ცეპეშის არმიას შეეჩეხა. ამ უკანასკნელის ჯარი კი საკმაოდ ძლიერი ტექნიკით იყო აღჭურვილი, რამაც ჰამზა ფაშას დაცემა განაპირობა. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ვლად ცეპეში სწორედ ის ერთ-ერთი პირველი ჯვაროსანი იყო, რომელმაც გამოიყენა დენთი „სასიკვდილო მიზნებისთვის“.[8] მატიაშ ჰუნიადისადმი გაგზავნილ წერილში ცეპეში წერდა, რომ ჰამზა ფაშა ტყვედ ჩავარდნილიყო ყოფილი ვლახეთის ციხე-ქალაქ გიურგიუსთან. აქ იგი აღწერს იმ სისასტიკეს, რომელიც არა მხოლოდ ოსმალების, არამედ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართაც გამოიყენა, იმ ეჭვით, რომ შესაძლოა ისინი სრულებით არ უჭერდნენ მას მხარს. 1462 წლის 11 თებერვლით დათარიღებულ წერილში ვკითხულობთ:[9]

„მე მოვკალი გლეხები, კაცები და ქალები, მოხუცები და ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრობდნენ ობლუციცასა და ნოვოსელოში, სადაც დუნაი ჩაედინება ზღვაში, რაჰოვამდე, რომელიც მდებარეობს ჩილიასთან, დუნაის ქვემოდან ისეთ ადგილებამდე, როგორიცაა სამოვიტი და გიგენი. ჩვენ მოვკალით 23 884 თურქი, ვინც დავწვით ან ის თურქები, რომელთაც ჩვენმა ჯარისკაცებმა თავები მოაჭრეს... ამგვარად, თქვენო უმაღლესობავ, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მე დავარღვიე მშვიდობა მასთან (სულთან მეჰმედ II)“

მიუხედავად ცეპეშის სისასტიკისა, ქრისტიანი ბულგარელები გადარჩნენ და ბევრი მათგანი ვლახეთში გადაასახლეს.[10] ზუსტი მსხვერპლის რაოდენობა ასეთი იყო: გიურგიუში 6414 კაცი, ენი სალაში 1350, დუროსტორში 6840, ორსოვაში 343, ჰარსოვაში 840, მაროტინში 210, თურტუჩაიაში 630, ბატინში და ნოვოგრადში 384, სისტოვში 410, ნიკოპოლისში და გიგანში 1138, რაჰოვაში 1460. როდესაც მეჰმედმა საკუთარი არმიის განადგურების შესახებ გაიგო, მან გაგზავნა 18 ათასიანი არმია დიდი ვეზირის, მაჰმუდ ფაშას სარდლობით ქალაქ ბრეილისკენ. ვლად ცეპეშმა, თავდაპირველად, უკან დახევა არჩია, თუმცა შეტაკებისას იტალიელი ისტორიკოსის, ჯოვანი ანჯოლელოს თქმით, 10 ათასზე მეტი თურქი დაიღუპა.[11] ოსმალთა სამწუხაროდ, ეს შეტაკებაც ვლახელთა გამარჯვებით გასრულდა, რამაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ევროპის ქრისტიანულ კერებში, მათ შორის იტალიასა და ვატიკანშიც.[10][12] ვენეციელმა ელჩმა, 4 მარტს, მას შემდეგ, რაც მატიაშ ჰუნიადს ეს ამბავი გააგებინა, ამ უკანასკნელმა დიდად გაიხარა და თქვა, რომ მთელი საქრისტიანო უნდა ამაყობდეს ცეპეშის გამარჯვებით. როდოსში გამავალმა ინგლისელმა მოგზაურმა, უილიამ უეიმ, თავის მემუარებში აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც როდოსელმა ჯარისკაცებმა ამ ომის შედეგზე შეიტყვეს, ვლახთა გამარჯვება ტრადიციული ლათინური, ქრისტიანული ჰიმნის 一 Te Deum 一 ღიღინით აღნიშნეს. მრავალი შეშინებული თურქი უკვე ტოვებდა ოსმალეთის ევროპულ მხარეს და ანატოლიაში გადასახლება გადაუწყვეტია. მეჰმედბმა, მას შემდეგ რაც მიმდინარე მოვლენების შესახებ შეიტყო, კორინთს ალყა მოხსნა და ცეპეშის წინააღმდეგ ომში ჩაბმა გადაწყვიტა.

ომისთვის მზადება

რედაქტირება

ოსმალები

რედაქტირება
 
მეჰმედ II

მეჰმედმა გაგზავნა მაცნეები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ჯარი დროულად შეგროვილიყო.[13] მას გეგმაში ჰქონდა იმ რაოდენობის ჯარისკაცების გამოყვანა, რა რაოდენობაც კონსტანტინოპოლის დაცემას მოახმარა.[14] 1462 წლის 26 აპრილს (ან, ზოგიერთი ცნობით, 17 მაისს) სულთანი თავისი ამალითურთ ტოვებს კონსტანტინოპოლს და იძრება ჩრდილოეთისკენ. მისი ერთ-ერთი ვეზირისადმი მიწერილი წერილიდან ირკვევა, რომ ოსმალეთის არმია 150 ათას ჯარისკაცს აღწევდა.[15] ერთ-ერთი ბერძენი ისტორიკოსი, ლაონიკე ქალკოკონდილე, წერდა, რომ მეჰმედის არმია უზარმაზარი იყო და იგი მხოლოდ კონსტანტინოპოლის კამპანიისას გამოყენებულ ჯარისკაცთა რიცხვს ჩამორჩებოდა.[16] მისივე თქმით, ეს რიცხვი 250 ათასს აღწევდა, ხოლო ზოგიერთი თურქი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ეს რიცხვი არა 250 ათასს, არამედ 300 ათასს უტოლდებოდა.[14] ზუსტად ამავე ციფრებს შევხვდებოდით ვერონაში ნაპოვნ ანონიმური მემატიანის მიერ დაწერილ წერილში.[17] ლეონარდო ტოკოს მილანის ჰერცოგის, ფრანჩესკო სფორცასადმი მიწერილ წერილში ეწერა, რომ თურქებს 400 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავდათ გამოყვანილი, რასაც დამატებით 40 ათასი მოხალისე ანატოლიელი ემატებოდა. უცნაურია, მაგრამ თურქთა არმია უფრო მცირედ შეაფასა რიგითმა ვენეციელმა დესპანმა, ტომაშმა, ბუდაში ყოფნისას. წერილში იგი ამბობს, რომ არმია 60 ათას რეგულარულ და 30 ათას არარეგულარულ ჯარისკაცს შეიცავდა. იგი ძირითადად დაკომპლექტებული იყო იანიცრებისგან, ქვეითი ჯარისკაცებისგან, ფეოდალური კავალერიის 一 სიფაჰებისგან და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ვლად ცეპეშის ნახევარძმა, რადუ, საკუთარი ნებით ეხმარებოდა ოსმალეთის არმიას და 4000 ჯარისკაცს საკუთარი სურვილით მეთაურობდა. გარდა ამისა, თურქები ფლობდნენ მძიმე არტილერიას, 120 ქვემეხს და არაერთ მუშასა თუ ინჟინერს, რათა ლაშქრობისას გზების გაყვანა გაადვილებოდათ, აგრეთვე ულემებს, მუეძინებს, ასტროლოგებს, რომლებიც მეჰმედს სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებოდნენ.[18] ქალკოკონდილეს თქმით, დუნაის გემთფლობელებს 300 ათასი ოქრო გადასცეს ჯარის გადაყვანის მოთხოვნით, გარდა ამისა, მეჰმედმა გამოიყენა საკუთარი ფლოტი, რომელიც შედგებოდა 25 ტრირემისგან და 150 პატარა გემისგან.[19]

ვლადმა დახმარება უნგრეთს სთხოვა,თუმცა, მას შემდეგ, რაც მას დახმარების შესახბ არანაირი წერილი არ მიუღია, ქვეყანაში ერთგვარი საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადა 一 მისი ბრძანებით, ჯარში უნდა გამოცხადებულიყო ყველა 12 წელს გადაცილებული ადამიანი, განურჩევლად სქესისა და განურჩევლად იმ ფაქტისა, შეეძლოთ თუ არა მათ იარაღის ხმარება.[20] სხვადასხვა წყაროებში აღნიშნულია, რომ ჯარის ძალა 22000-დან 30900-მდე მერყეობდამ ყველაზე სანდო წყაროს მიხედვით კი ეს რიცხვი 30000-ს შეადგენდა. ლეონარდო ტოკოს წერილში, რომელშიც მეჰმედის არმიის რაოდენობა შეგნებულად იყო შემცირებული, ანალოგიურად იყო გაზვიადებულად გაზრდილი ვლახთა არმიის შემადგონლობაც. იგი ჰერცოგს ატყობინებდა, რომ ვლახელები 200 ათასზე მეტი მეომრისგან დაკომპლექტებული ჯარისკაცისგან შემდგარ არმიას ფლობდა. არმიის უმრავლესობა გლეხებისა და მწყემსებისგან შედგებოდა, აგრეთვე ახალგაზრდა ბიჭებისგან, რომლებიც ცხენებზე იყვნენ ამხედრებულნი და შუბებით, ხანჯლებითა და მშვილდებით იყვნენ შეიარაღებულნი. ბრძოლის წინ, ვლადმა საკუთარ მეომრებს შეუთვალა:

ისინი, ვინც ფიქრობთ, რომ განწირულები ხართ, ჯობია არ გამომყვეთ

მიუხედავად იმისა, რომ დუნაის სანაპიროზე მიმავალმა თურქთა არმიამ პირველად სცადა ვიდინში დაშვება, ისინი ცეცხლოვანი ისრებით მოიგერიეს, რამაც სულთან უკან დახევისკენ უბიძგა. ღამით იანიჩრებმა, დიდი დანაკარგების მიუხედავად, მოპირდაპირე სანაპიროს შეკავება მაინც მოახერხეს და ოსმალეთის არმიის ძირითადი ძალები დაეშვნენ. ოსმალეთის არმიის წინსვლის წინააღმდეგ ცეპეშმა დამწვარი მიწის ტაქტიკას მიმართა, მოწამლა წყლის რესურსები და ასევე შექმნა ჭაობები მდინარეთა დინების შეცვლის დახმარებით.[21] შვიდი დღის განმავლობაში მეჰმედს არცერთი სულიერი არ შეუნიშნავს საკუთარ გზაზე და მისმა არმიამაც დაღლა იგრძნო. ვლადმა პარტიზანულ ტაქტიკას მიმართა და მისმა კავალერიამ რამდენიმე თავდასხმაც განახორციელა. თურქთა მოსპობისა და დაინფიცირების მიზნით, მათკენ აგზავნიდა კეთრითა და შავი ჭირით დაავადებულ მოსახლეებს. მალე ოსმალთა არმიაში ბუბონურმა ჭირმა იფეთქა. ოსმალეთის ფლოტმა რამდენიმე მცირე შეტევა განახორციელა ბრეილსა და ჩილიაზე, მაგრამ დიდი ზიანის მიყენების გარეშე, რადგან ვლადმა იქამდე მოასწრო ბულგარეთში არსებული პორტების განადგურება. ქალკოკონდილე წერს, რომ სულთანმა მოახერხა ვლახელი ჯარისკაის დატყვევება და, თავდაპირველად, ცდილობდა მის მოსყიდვას ინფორმაციის მიღების იმედით. როცა გეგმამ არ გაამართლა, სულთანი მას წამებით დაემუქრა, თუმცა კვლავ უშედეგოდ. არსებობს ვერსია, რომ სულთანმა ჯარისკაცი შეაქო და უთხრა:[22]

„შენს პატრონს რომ შენნაირი ბევრი ჯარისკაცი ჰყავდეს, მოკლე დროში მსოფლიოსაც დაიპყრობდა!“.

თურქებმა განაგრძეს წინსვლა ტირგოვიშტისკენ, მას შემდეგ, რაც ვერ შეძლეს ბუქარესტის ციხისა და კუნძულ სნაგოვის დამორჩილება. 17 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქები ვლახეთის დედაქალაქის სამხრეთით დაბანაკდნენ, ვლადმა წამოიწყო ღამის თავდასხმა 24 ათასიანი ჯარით, ან, მეორე ვერსიით, სულ რაღაც 7-10 ათასიანი მხედრით. ქალკოკონდილე წერს, რომ ცეპეში თავდასხმამდე თავისუფლად შევიდა თურქულ ბანაკში, გადაცმული ოსმალურ სამოსში და დახეტიალობდა სულთნის კარვის საპოვნელად.[23] ანონიმური ვერონელი ისტორიკოსის წერილში ნათქვამია, რომ მეჰმედმა თავის ჯარისკაცებს ღამის განმავლობაში კარვებიდან გასვლის უფლება მისცა, რათა თავდასხმის შემთხვევაში მობილიზებულნი ყოფილიყვნენ. მატიანე ასევე დასძენს იმ ფაქტს, რომ ვლადმა ყველაფერი იცოდა მეჰმედის ჩანაფიქრის შესახებ, შედეგად, ერთადერთ ხსნას სულთანზე თავდასხმაში ხედავდა მაშინ, როცა მტრის ჯარისკაცები კარვებში იყვნენ შეხიზნულნი. ისტორიკოსთა თქმით, შეტაკება გაგრძელდა „მზის ჩასვლიდან სამი საათიდან მეორე დღის ოთხ საათამდე“ და გამოიწვია დიდი არეულობა ოსმალურ ბანაკში. შეტაკების ზუსტი შედეგების შესახებ სხვადასხვა წყაროები განსხვავებულ ინტერპრეტაციებს გვთავაზობენ: ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ვლახებმა დიდი რაოდენობით თურქები ამოხოცეს, ზოგი კი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოსმალებმა ღამის თავდასხმით მინიმალური დანაკარგი განიცადეს, თუმცა ბევრი ცხენი და აქლები დაუხოცეს.[24][25] ამ ყველაფრის ფონზე, თავად მმართველი, ვლად ცეპეში, სულთნის კარვისკენ მიისწრაფვოდა, თუმცა, შემთხვევით, იგი დიდი ვეზირის კარვებს დაესხა თავს.

მას შემდეგ, რაც ვლახელების შეიარაღებულმა ძალებმა, სულთნის შეპყრობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ბანაკის დატოვება დაიწყეს, იანიჩართა ბატალიონი, მიჰალოღლუ ალი ბეის მეთაურობით, დაედევნა ვლახთა ჯარს და 1000-2000 მათგანი ამოხოცეს. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ამ შეტაკებას 5000 ვლახისა და 15000 თურქი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. მიუხედავად იმისა, რომ თურქული ჯარი მორალურად, შეიძლება ითქვას, გამტყდარი იყო, მეჰმედმა მაინც განიზრახა დედაქალაქის ალყაში მოქცევა, თუმცა მალე აღმოაჩინა, რომ ის მიტოვებული იყო. როცა მეჰმედი თავისი ჯარით დედაქალაქის გარნიზონებში შევიდა, დაინახა 20 ათასამდე თურქი ჯარისკაცის სხეული, წამოცმული სარზე, რომელთაგან ყველაზე მაღლა ჰამზა ფაშას ცხედარი იყო, რაც, ერთგვარად, მის „მაღალ რანგს“ მიუთითებდა.[26][26][27]

მეჰმედმა ბრძანა, რომ თურქეთის ბანაკის ირგვლივ გზები ჩაეხერგათ, რათა მტერი არ შემოღწეულიყო. მეორე დღეს, 22 ივნისს თურქებმა უკან დაიხიეს. რამდენიმე დღის შემდეგ ვლადის ბიძაშვილი, შტეფან მოლდაველი, ცდილობდა, თავდასხმა განეახლებინა და ქალაქის გარნიზონებში 7000-კაციანი ჯარი ჩააყენა. ერთ-ერთი თავდასხმისას, შტეფანი ფეხში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.[28] 29 ივნისს სულთანმა მიაღწია ბრეილს, რომელიც გადაწვა და შემდეგ ადრიანოპოლში გაცურა, სადაც ის 11 ივლისს ჩავიდა. 12 ივლისს თურქებმა ზეიმი გამართეს ვლად ცეპეშზე გამარჯვების აღსანიშნავად. მათ უამრავი ადგილობრივი მოსახლე დაიმონეს, მიწის აოხრების შემდეგ კი, 200 ათასამდე პირუტყვთან და მრავალ ტყვესთან ერთად, სამშობლოში დაბრუნდნენ.

კულტურაში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Florescu, McNally, Dracula, p. 147
  2. Ion Grumeza, The Roots of Balkanization: Eastern Europe C.E. 500-1500, p. 17
  3. Florescu, McNally, Dracula, p. 129
  4. 4.0 4.1 Florescu, McNally, Dracula, p. 130
  5. Florescu, McNally, Dracula, pp. 131–32
  6. Florescu, McNally, Dracula, p. 132
  7. Florescu, McNally, Dracula, p. 133
  8. Geringer, Joseph, Staggering the Turks დაარქივებული November 7, 2006, საიტზე Wayback Machine. , Crimelibrary.com
  9. Miranda Twiss (January 1, 2002). The most evil men and women in history. Barnes & Noble Books, გვ. 71. ISBN 978-0-7607-3496-4. 
  10. 10.0 10.1 Stoicescu, Vlad Țepeș p. 99
  11. Florescu, McNally, Dracula, p. 134
  12. Florescu, McNally, Dracula, p. 136
  13. Babinger, Mehmed the Conqueror, pp. 204–5
  14. 14.0 14.1 Florescu, McNally, Dracula, p. 139
  15. Stoicescu, Vlad Țepeș p. 107
  16. Chalkokondyles 9.90; translated by Anthony Kaldellis, The Histories (Cambridge: Dumbarton Oaks Medieval Library, 2014), vol. 2 p. 377
  17. Noi Izvoare Italiene despre Vlad Țepeș și Ștefan cel Mare
  18. Florescu, McNally, Dracula, pp. 139–40, 143
  19. Babinger, Mehmed the Conqueror, p. 205
  20. Florescu, McNally, Dracula, p. 141
  21. Florescu, McNally, Dracula, pp. 143–4
  22. Florescu, McNally, Dracula, p. 142
  23. Chalkokondyles, 9.98; translated by Kaldellis, The Histories, vol. 2 p. 385
  24. Florescu, McNally, Dracula, pp. 145–46
  25. Babinger, Mehmed the Conqueror, pp. 206–7
  26. 26.0 26.1 Florescu, McNally, Dracula, p. 148
  27. სხვა წყაროს მიხედვით, ქალაქი სრულებით არ იყო დაცლილი, მას მცველები ამაგრებდნენ, ხოლო ეს საშინელი სანახაობა დედაქალაქიდან 60 კილომეტრში იყო განთავსებული. ლაონიკე ქალკოკონდილე სულთნის რეაქციაზე წერდა, რომ იგი განცვიფრებული იყო სახელმწიფო ინტერესების დამცველი ასეთი დიდი პიროვნების დაკარგვით.<ref>Chalkokondyles, 9.104; translated by Kaldellis, The Histories, vol. 2 p. 393
  28. Babinger, Mehmed the Conqueror, p. 206