ტერორიზმი

(გადამისამართდა გვერდიდან ტერორისტული თავდასხმა)

ტერორიზმიძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეიარაღებული თავდასხმა, რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი. კერძოდ, ტერორისტული აქტი შეიძლება მიმართული იყოს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტების პოლიტიკურ პოზიციასთან საერთო არაფერი აქვთ.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტები

ტერორიზმი სათავეს 1605 წელს იღებს, როდესაც ინგლისელ ჰაი ფოუქსს აფეთქების გზით სურდა მეფე ჯეიმზ I–ის მოკვლა. ტერორისტულმა ჯგუფმა ნაროდნიკებმა 1881 წელს მოკლეს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II რომანოვი. ტერორისტული მოქმედების გეოგრაფია განსაკუთრებით XX საუკუნეში გაიზარდა, კერძოდ კი მის მეორე ნახევარში. ტერორისტული აქტის მსხვერპლი 1914 წლის 28 ივნისს გახდა ავსტრია–უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი.

1934 წლის 9 ოქტომბერს მარსელში მოკლეს იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბართუ. დღეისათვის ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ ხმელეთზე თუ ჰაერში, უცხოეთის წარმომადგენლობებთან თუ საზოგადოების თავშეყრის მნიშვნელოვან ადგილებში. აქტები სრულდება, როგორც გარკვეული ობიექტების დანაღმვით, ასევე წერილებსა თუ ამანათებში გაერკვეული ფეთქებადი საშუალებების მოთავსებით. 1972 წელს მიუნხენის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე 11 ებრაელი სპორტსმენის სიცოცხლე შეიწირა ტერორისტთა დაუნდობელმა მოქმედებამ. 1981 წელს თურქმა ტერორისტმა მუჰამედ ალი–ადქმა თავდასხმა მოაწყო რომის პაპ იოანე პავლე II-ზე. არაბი ტეორორისტების მოქმედების შედეგად 1988 წელს შოტლანდიის საჰაერო სივრცეში ამერიკული თვითმფრინავი აფეთქდა, რომელმაც 270 კაცის სიცოცხლე იმსვერპლა. ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა, კერძოდ კი ისლამური სახელმწიფოები, მაგალითად, ლიბია ტერორიზმის ხელშემწყობია და ტერორისტებს აქ "თავისუფლებისათვის მებრძოლთ" უწოდებენ.

ტერორიზმის მოკლე ისტორია

რედაქტირება

ისტორია აღწერს ერთ-ერთი პირველი ორგანიზებული ტერორიზმის მანიფესტაციას ახლო აღმოსავლეთში, პირველი საუკუნის პალესტინაში. სისტემური ტერორის განხორციელების პირველი წერილობით დადასრუტებული შემთხვევა ზილოტების სექტას უკავშირდება. ჩვენი ცოდნა ზილოტების შესახებ იოსებ ფლავიუსს ემყარება, რომელმაც მათ შესახები ცნობები 93-94 წლებში გამოქვეყნებულ ნაშრომში - „იუდეველთა სიძველეები“ აღწერა. ზილოტების სექტის შესახებ ცნობებს ვხვდებით ავტორის კიდევ ერთ ნაშრომში — „იუდეველთა ომი“, რომელიც 75-79 წელს გამოქვეყნდა და ვესპასიანესა და ტიტუსის გამარჯვებებზე მოგვითხრობს, რომელთა კარზეც ფლავიუსი ებრაულ საკითხებზე მრჩევლად მსახურობდა. თავის ჩანაწერებში იოსები ზილოტების აღსანიშნად იყენებს ლათინურ ტერმინ sicarii-სს, რომელიც მომდინარეობს სიტყვა sicarius-დან, რაც ნიშნავს „ხმლიან კაცს“.

კიდევ ერთი უძველესი ჯგუფი არის ასასინების ორდენი. ისინი ფესვგადგმულნი იყვნენ ორ რეგიონში, ირანსა და სირიაში. მათ დაიწყეს ტერორის გამოყენება ფსიქოლოგიური დაშინების მიზნით. მათ სამიზნე ჯგუფებს შორის ასევე იყვნენ უცხოური, ქრისიტანული ძალები, ჯვაროსნები. თავად ტერორისტები შთაგონებულნი იყვნენ ურყევი რწმენით, რაც მათ საშუალებას აძლევდა, მისიის შესრულებისას თავიანთი ნებით თავი გაეწირათ. მათ სჯეროდათ, რომ ამ ქმედებით პირდაპირ სამოთხეში მოხვდებოდნენ.

თანამედროვე ტერორიზმის ტალღები ისტორიაში

რედაქტირება

ნაციონალისტურ-სეპარატისტული ტერორიზმი

რედაქტირება

თანამედროვე ტერორიზმის ეპოქის დასაწყისი, როგორც წესი, თარიღდება გვიანი 1960-იანი წლებით, როდესაც ურბანული ტერორიზმის ტალღა საინფორმაციო ეპოქაში გადაიზარდა. ამ პერიოდის პოლიტიკურ ლანდშაფტზე დომინირებდა ტერორიზმის ორი ტიპი — ნაციონალისტური-სეპარატისტული ტერორიზმი (მაგალითად, ფატაჰის პალესტინის ტერორისტები) და ახალი მემარცხენეების სოციალისტური რევოლუციონერი ტერორისტები, რომლის მაგალითიცაა წითელი ბრიგადები იტალიაში. ტერორიზმის ამ ტიპის ტენდენციები აერთიანებს ისეთ ჯგუფებს როგორებიცაა: ჩრდილოეთ ირლანდიაში ირლანდიის დროებითი რესპუბლიკური არმია, ესპანეთში ეტა, ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში და ტამილის ვეფხვები შრი-ლანკაში.

სოციალურ-რევოლუციური ტერორიზმი

რედაქტირება

1960-1970-იანი წლების ნაციონალისტურ-სეპარატისტული ტერორისტები ხშირად იყენებდნენ მარქსისტულ-ლენინისტურ რიტორიკას, რადგან მიაჩნდათ რომ, ეს იდეოლოგია საოცრად შეესაბამებოდა მათი, როგორც ეკონომიკურად დაუცველი უმცირესობის სტატუსს. მაგრამ მათი უმთავრესი მიზანი იყო ცალკე სახელმწიფოს შექმნა და სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობის მოპოვება. მათი რევოლუციური იდეოლოგიისა და პრაქტიკის საწყისებიდან შეიძლება გამოვყოთ XIX საუკუნის მიწურულის ანარქისტული ხანა და განსაკუთრებით ცნება „პროპაგანდა ქმედებით“. ეს პერიოდი აერთიანებს ისეთ ჯგუფებს, როგორებიცაა: წითელი ბრიგადები იტალიაში, წითელი არმიის ფრაქცია გერმანიაში და კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები.

ღმერთის სახელით მკვლელობა

რედაქტირება

სუიციდური აფეთქების ტალღა არ არის ახალი მოვლენა: აფეთქებები ისრაელსა და ერაყში, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი აშშ-ში და ტერორისტული თავდასხმა 2005 წლის 7 ივლისს ლონდონში. მათი საწყისები შესაძლებელია ქრისტიანული ხანის ადრეულ პერიოდში ვეძიოთ. როგორც ტერორიზმის გამოჩენილი მკვლევარი, დევიდ რაპოპორტი აღნიშნავს, სამი ინგლისური სიტყვის, ფანატიკოსი, მძარცველი და მკვლელი, წარმოშობა რელიგიურ ტერორისტულ დაჯგუფებებს, ზილოტებს და ასასინებს უკავშირდება. როგორც დაკვირვების შედეგად ირკვევა, ისტორიის განმავლობაში, ყველა ფუნდამენტალისტური რელიგია, სარწმუნოების სახელით, „სამართლიანად“ კლავდა. სწორედ ეს აერთიანებს ალ-კაიდას, ისლამური სახელმწიფოს, ჰეზბოლას, ჰამასსა, აუმ-შინრიკიოს და სხვებს.

თანამედროვე ტენდენციები

რედაქტირება

მარტოხელა მგლის ტერორიზმო

რედაქტირება

ტერმინი „მარტოხელა მგლის ტერორიზმი“ პოპულარი გახდა 1990-იან წლებში, თეთრი სუპერმაცისტების, ტომ მეტზგერისა და ალექს კურტისის მიერ, რომელთაც სჯეროდათ, რომ იგი მოიცავდა მიწისქვეშა ან მცირე ზომის საქმიანობას, რომელთა სამიზნე, ანონიმური თავდასხმების საშუალებით, მუდმივად იყო მთავრობა. ინდიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მარტოხელა მგლის თავდასხმების ექსპერტის, მარკ ჰამის მიხედვით, მარტოხელა მგელი არის

 
„ადამიანი, რომელიც: მარტო მოქმედებს მთავრობის ან ტერორისტული ორგანიზაციის დახმარების ან წახალისების გარეშე; რომელიც მოქმედებს ლიდერის ან იერარქიის პირდაპირი გავლენის გარეშე; ადამიანი, რომელიც თავად შეიმუშავებს გეგმასა და მეთოდებს, ყოველგვარი გარე მხარდაჭერის გარეშე, და მოქმედებს სრულიად დამოუკიდებლად.“

ძირითადი განსხვავება მარტოხელა მგლის ტერორიზმსა (ასევე ცნობილია სინონიმებით: ულიდერო წინააღმდეგობა ან ჯიჰადი, ინდივიდუალური ტერორიზმი ან დამოუკიდებელი ტერორიზმი) და ორგანიზებულ ჯგუფურ ტერორიზმს შორის არის ის, რომ ისეთი ჯგუფების თავდასხმები, როგორიცაა ალ კაიდა, წარმოადგენს პირველადი დონის თავდასხმებს, რადგან ისინი ამ ჯგუფების პოლიტიკური განზრახვის პირდაპირი შედეგია.

ეს განზრახვა შეიძლება იყოს როგორც „შორეული მტრის“ განადგურება, მიზანში ამოღება, ისე სახალიფოს დამკვიდრება. ხოლო მარტოხელა მგლის ტერორისტული აქტი მეორე და მესამე დონის თავდასხმებია, რომელსაც ახორციელებენ პირები ამ ჯგუფების წევრებთან უშუალო ურთიერთქმედების შედეგად, ქვეყნის შიგნით ან საზღვარგარეთ გამგზავრებისას, არაპირდაპირი გზით, ქადაგების, ახალი ამბების, ინტერნეტის, აუდიო, ვიდეო ან ლიტერატურის საშუალებებით.

თვითმკვლელი ტერორიზმი

რედაქტირება

ებრაელი ანალიტიკოსი ბოაზ განორი, ხსნის მის მნიშვნელობას: „თვითმკვლელობით თავდასხმა არის ოპერაციული მეთოდი, რომლითაც თავდასხმითი მოქმედება დამოკიდებულია დამნაშავის სიკვდილზე“. დამკვირვებელთა უმეტესობა თანხმდება, რომ თვითმკვლელობით ტერორიზმის ბოლოდროინდელი ტალღა დაიწყო 1980-იანი წლების დასაწყისში, ლიბანში და უკავშირდებოდა ბეირუთში ფრანკო-ამერიკული სამხედრო ძალების ყოფნას.

ჰეზბოლას წინამორბედნი, ამჟამინდელი გავლენიანი ლიბანის შიიტური პარტია და სამხედრო ძალები, გარეულნი იყვნენ ლიბანის ხანგრძლივ სამოქალაქო ომში. შიიტური ჯგუფის ლიდერები, რომელთაც ლიბანში, ბექაას ხეობაში მოქმედი ირანის რევოლუციური გვარდია უჭერდა მხარს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ საფრანგეთისა და ამერიკის ძალა იმყოფებოდა ქვეყანაში, რათა დაეცვათ ლიბანის ქრისტიანული მთავრობა. ზოგიერთი ჯგუფის საქმიანობა, მაგალითად, ტამილის ვეფხვების შრი-ლანკაში, ქურთისტანის მუშათა პარტიის, მარქსისტული ჯგუფების ლიბანში და პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის პალესტინაში, თვთმკვლელი ტერორიზმის არარელიგიური მოტივების არსებობაზე მიუთითებს.

ექსტრემისტული მემარჯვენე ტერორიზმი

რედაქტირება

ექსპერტები გამოყოფენ მემარჯვენე ფრთის ტერორიზმს, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ, როგორც ულტრა-მემარჯვენე ან რასობრივ და ეთნიკურად მოტივირებულ ტერორიზმს, როგორც პოლიტიკური ძალადობის უნიკალურ ფორმას, რომელიც ხშირად სცდება სიძულვილის დანაშაულისა და ორგანიზებული ტერორიზმის საზღვრებს. მემარჯვენე ფრთის ექსტრემისტული ჯგუფები გახდნენ სულ უფრო დახვეწილნი ინტერნეტის ქსელის გამოყენებით, რომელსაც რადიკალიზაციის მიზნით იყენებენ. ასევე იყენებენ მეინსტრიმულ სოციალურ მედია პლატფორმებს ახალი აუდიტორიის განსასაზღვრად. ბოლოდროინდელი ტერორისტული თავდასხმების მონაწილეებმა, მათ შორის კრაისტჩერჩში, ელ-პასოში, განაცხადეს თავიანთი გეგმები ონლაინ ფორუმებზე და ზოგ შემთხვევაში ცდილობდნენ პირდაპირ ეთერში ჩაერთოთ თავიანთი თავდასხმები, რათა მაქსიმალური გასაჯაროებულიყო და ხალხზე მოეხდინა გავლენა.

ტერორიზმთან ბრძოლა და დილემები

რედაქტირება

ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში დემოკრატიული ქვეყნები მრავალი, ნათლად გამოკვეთილი ეთიკური და პრაქტიკული დილემის წინაშე დგანან. ეს შეიძლება ილუსტრირებული იყოს შემდეგი კითხვების დასმის გზით: რა სახის დათმობებია საჭირო კანონის პრინციპებისა და კონსტუტუციური დემოკრატიის მიერ, იმისთვის, რომ მიღებულ იქნას ეფექტური ზომები ტერორიზმის წინააღმდეგ? შეიძლება გამოყენებული იქნას იძულება ადამიანების მიმართ, ინფორმაციის მოპოვების მიზნით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ? კიდევ ერთი დილემა: უნდა მოხდეს თუ არა საზოგადოების გაფრთხილება ტერორისტული საფრთხის არსებობის შესახებ? ერთის მხრივ, ეს ქმედება უფრო ყურადღებიანს გახდის და გამოაფხიზლებს მოქალაქეებს და დაეხმარება ხელისუფლებას პოტენციური დამნაშავეების ამოცნობაში, სანამ ეს უკანასკნელნი თავდასხმების განხორციელებას შეძლებენ. შესაბამისად, ასეთმა განგაშმა შეიძლება ბევრის სიცოცხლე გადაარჩინოს.

მეორე მხრივ, ტერორისტული საფრთხის შესახებ საზოგადოების სიფხიზლემ შეიძლება გამოიწვიოს ფართო შეშფოთება და დაძაბულობის გაზრდა მოქალაქეებში. მოკლედ რომ ვთქვათ, რადგანაც ტერორიზმი ფსიქოლოგიური ომის ფორმაა, ეს პოლიტიკა შეიძლება გარკვეულწილად ტერორისტულ ორგანიზაციებს დაეხმაროს თავიანთი მიზნების მიღწევაში.

ძალადობრივ ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან გამკლავება

რედაქტირება

ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავების სფერო სწრაფად იზრდება და იცვლება პრაქტიკასა და კვლევაში. თუმცა, ამ სწრაფმა ცვლილებებმა მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი პრაქტიკოსებისთვის ბევრად რთული გახადა ძალადობრივ ექსტრემიზმთან საბრძოლველად საჭირო უახლესი კარგი პრაქტიკების შესწავლა და მიღებული გამოცდილების გადაზიარება.

ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება გულისხმობს პროგრამებისა და სხვადასხვა პოლიტიკის ერთობლიობას, რომლის მიზანიცაა ინდივიდებისა და ჯგუფების განთავისუფლება რადიკალიზაციისგან და ძალადობრივ ექსტრემიზმში ჩაბმისგან. ასევე ხელი შეუშალოს მათ, სოციალურ-ეკონომიკური, რელიგიური ან პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მიმართონ იდეოლოგიურად მოტივირებულ ძალადობას. ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების ან სხვა აქტორების მიერ და ხშირად მოიცავს ექსტრემიზმთან ბრძოლის არაიძულებით ზომებს. ამავდროულად, ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება არ შეიცავს იძულებით პროგრამებსა და ტერორიზმთა ბრძოლის პოლიტიკას.

კონტრტერორიზმი

რედაქტირება

არის იძულებითი და არაძალადობრივი პროგრამებისა და პოლიტიკის სფერო, რომლის მიზანია თავიდან ავიცილოთ შესაძლო ძალადობრივი ექსტრემისტული მოქმედებები და ხელი შევუშალოთ ძალადობრივი ექსტრემისტების დევნას, დაკავებას, და/ან მკვლელობას. ტრადიციული, იძულებითი და უსაფრთხოების დაცვაზე ორიენტირებული ტერორიზმთან ბრძოლის ზომები, როგორც წესი, შეზღუდულია, შემოიფარგლება სამთავრობო ორგანოებით, როგორებიცაა უსაფრთხოების ძალები ან სამხედროები, მაგრამ შეიძლება მოიცავდეს სხვა ინსტიტუციებს, მაგალითად, საბანკო სექტორს, რათა მოვიძიოთ ძალადობრივ ექსტრემისტთა დაფინანსების წყაროები.

საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ

რედაქტირება

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მთავრობათაშორისი ერთეულები და ინიციატივები კონტრტერორიზმის კომპონენტში. დღესდღეობით, ანტიტერორისტული კანონების, პოლიტიკის და აღსრულების მიდგომების ქსელი შემუშავებული და განვითარებულია და კონტროლდება მსოფლიოს 70-ზე მეტი საერთაშორისო ინსტიტუტის, ორგანოსა და ქსელის მიერ. ეს ძალისხმევა ეხება ყველაფერს, მათ შორის, საერთაშორისო იურიდიული წესების გამოქვეყნებას გლობალური პოლიტიკის სტანდარტების შესამუშავებლად; სისხლის სამართლის კანონების შემუშავებას დაზვერვის/ინფორმაციის გაზიარებისთვის. ამ პროცესში წამყვანი აქტორები არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, ნატო და გაერო თავისი განშტოებებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Burleigh, Michael. Blood and rage : a cultural history of terrorism. Harper, 2009.
  • Chaliand, Gérard and Arnaud Blin, eds. The history of terrorism : from antiquity to al Qaeda. University of California Press, 2007.
  • Crenshaw, Martha, ed. Terrorism in context. Pennsylvania State University Press, 1995.
  • Land, Isaac, ed., Enemies of humanity : the nineteenth-century war on terrorism. Palgrave Macmillan, 2008.
  • Lutz, James and Brenda Lutz. Terrorism : origins and evolution. Palgrave Macmillan, 2005
  • Miller, Martin A. The foundations of modern terrorism : state, society and the dynamics of political violence. Cambridge University Press, 2013.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: