იუდეველთა ომი
იუდეველთა ომი — იუდეველთა აჯანყება რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ. ამბოხების მიზეზი გახდა რომის პროვინცია იუდეის ქალაქ კესარეის საქალაქო თვითმმართველობიდან იუდეველთა გამოძევება და იერუსალიმში რომაელი პროკურატორის ბოროტმოქმედებანი. აჯანყებულებმა გაანადგურეს რომაული გარნიზონი; წარმატებით მოიგერიეს სირიის ნაცვლის შემოტევა. აჯანყება მოედო მთელ იუდეას. მასში მონაწილეობდნენ: ზელოტები, რომლებსაც ემხრობოდნენ ვაჭრები, ხელოსნები და გლეხები; სიკარიუსები - მონათა და გაღატაკებულ გლეხთა რიგებიდან გამოსულები, და ფარისეველნი - რიტუალური სიწმინდისა და წეს-ჩვეულებათა დამცველნი, რომლებიც შემდგომ ცდილობდნენ რომთან შეთანხმებას. აჯანყებულებს განუდგა და რომის მხარეზე გადავიდა მხედართმთავარი იოსები (შემდგომში ცნობილი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი). ამბოხებულებმა გადააყენეს ფარისეველნი, გაათავისუფლეს მონები და იერუსალიმის ტაძარი ციხესიმაგრედ გადააქციეს. აჯანყებულთა მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, რომაელთა ჯარი ვესპასიანეს მეთაურობით წარმატებით იბრძოდა. ამასობაში ვესპასიანე რომის იმპერატორად გამოაცხადეს და ჯარის სარდლობა თავის ძეს ტიტუსს ჩააბარა. ალყაშემორტყმული იერუსალიმი 5 თვეს გმირულად იგერიებდა რომაელთა შეტევებს. 70 წელს რომაელებმა მიწასთან გაასწორეს იერუსალიმის ტაძარი, ტყვეები მონებად აქციეს. 73 წელს დაეცა სიკარიუსთა უკანასკნელი საყრდენი ქალაქი მასადა. იუდეველთა ომი იყო ერთ-ერთი იმ სახალხო მოძრაობათგანი, რომელიც რომაულ პროვინციებში თან სდევდა იმპერიის საერთო სოციალურ კრიზისს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 275.