სოხუმის ტაძარი — ეკლესია ქალაქ სოხუმში, სოხუმის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. ტაძარი აგებულია 1882-1884 წლებში.

1851 წლის 30 აპრილს, როდესაც აფხაზეთის ეპარქია შეიქმნა, სოხუმში იყო ერთი ეკლესია ერთი მღვდლით. ეს იყო არაკანონიკური სტილის ეკლესია, სამლოცველო სახლი საკურთხევლით სამხრეთით. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვ. გეიმანმა 1867 წლის 14 ნოემბერს კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ რომანოვისადმი (1862-1881) გაგზავნილ მოხსენებით ბარათში სოხუმში საკრებულო ტაძრის აგების აუცილებლობის საკითხი დასვა. აფხაზეთის ეპარქიის დროებითი მმართველი ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), 1868 წლის 7 ივლისის წერილში, სოხუმში შესაფერისი ტაძრის აგების აუცილებლობის თაობაზე წერდა. როგორც მღვდელმთავარი აღნიშნავდა, არსებული ეკლესია საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ საკურთხეველი სამხრეთით ჰქონდა და უფრო ყაზარმას ჰგავდა, ვიდრე ეკლესიას. 1868 წლის მარტში კავკასიის მთიელთა მმართველობამ ეგზარქოს ევსევის (ილინსკი) წინაშე სოხუმში საკათედრო ტაძრის აგების აუცილებლობის საკითხი დააყენა და საჭირო თანხის გამოყოფა ითხოვა. 1869 წლის მაისში აფხაზეთის ეპარქია იმერეთის ეპარქიას შეუერთდა. სოხუმში საკრებულო ტაძრის აშენების მიზნით 1881 წელს მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსის, გენერალ-მაიორ პომპეი არაკინის ბრძანებულებით 1881 წლის 19 ნოემბერს ტაძრის მშენებლობის კომიტეტი შეიქმნა. საკრებულო ტაძრის მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო პომპეი არაკინი, წევრები: დეკანოზი დავით მაჭავარიანი, მღვდელი იოსებ ბერძენიშვილი, პოლკოვნიკი აპოლონ ვედენსკი (თავმჯდომარის მოადგილე), არქიტექტორი ლევიცკი, ქალაქის პოლიციის უფროსი სტოროჟენკო, საგანგებო დავალებათა მოხელე ბერნაცკი, მოქალაქეები გრიგორი მეტაქსა და ანტონ ბოსტანჯიანი. იმავე წლის 15 აგვისტოს ინჟინერ ბახმეტიევთან გაფორმდა კონტრაქტი ტაძრის აშენების თაობაზე. 1882 წელს საკრებულო ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ტაძრის პროექტი რუსმა ინჟინერ-არქიტექტორმა პლატონ ჩიჟიკოვმა შეადგინა. 1884 წელს ტაძრის მშენებლობა დასრულდა და ის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელზე აკურთხეს. 1885 წელს აფხაზეთი იმერეთის ეპარქიისაგან სოხუმის საეპისკოპოსოს სახით ცალკე გამოიყო, კათედრით სოხუმის ალექსანდრე ნეველის ტაძარში. საკათედრო ტაძარი ქალაქის ცენტრში, კოლიუბაკინის ქუჩაზე მდებარეობდა. 1891 წელს საკათედრო ტაძართან აიგო საეპარქიო სახლი, მღვდელმთავრის ორსართულიანი სასახლე (შემდეგში აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი). ამ დროიდან სოხუმის ეპისკოპოსები ძირითადად სოხუმში ისხდნენ და არა ახალი ათონის მონასტერში. 1884-1905 წწ. საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავითი (მაჭავარიანი) იყო. ამ დროს, 1892-1893 წწ. საკათედრო ტაძარი გააფართოვეს, ის უკვე შვიდას კაცზე იყო გათვლილი. XIX ს. მიწურულსა და XX ს. დადსაწყისში, ეპისკოპოს არსენი იზოტოვის (1895-1904) დროს საკათედრო ტაძარში ქართულ ენაზე ღვთისმსახურება აიკრძალა და მხოლოდ საეკლესიო-სლავურ ან ბერძნულ ენებზე სრულდებოდა. 1899 წლის ივლის-აგვისტოში სოხუმში იმყოფებოდა დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი, რომელიც იერუსალიმისა და ათონის მთაზე მოგზაურობიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. დეკანოზი პეტრე წერდა:

ვიკიციტატა
„სოხუმშია ორი ათასამდე ქართველთა ტომის ერი, რომელთაც სამშობლო ენა ქართული აქვთ. მრავალთა შემომჩივლეს, რომ მოკლებულნი არიან ისეთს სულიერს ნუგეშსა და საზრდოს, როგორიც არის მოსმენა სამშობლო ენაზედ წირვა-ლოცვისა, რომელსაც დამატკბობელი, განმაცხოველებელი და მაცხოვარებითი ძალა აქვს მორწმუნე კაცის გულზედ. ძალიან ადვილიც არის დაკმაყოფილება ამ საღმრთო მოთხოვნილებისა. აქაურს საკათედრო ტაძარში ჰმსახურებენ რამდენიმე ქართველნი სამღვდელონი. ნუ თუ იმათ არ შეუძლიანთ გამოსთხოვონ ნებართვა მწყემსმთავარსა ქართულს ენაზედ წირვა ლოცვისა? იერუსალიმის და სრულიად პალესტინის ეკკლესიებში მიღებულია საღმრთო წესად რამდენსამე ენაზედ წაკითხვა სახარებისა, როგორც დიდს დღესასწაულებში, ეგრეთვე ყოველ დღიურს წირვაზედაც კი, როდესაც ჰხედავენ სხვა და სხვა ეროვნების მლოცველთა. მთელს საქრისტეანოში მიღებულია ეკკლესიურის კანონით ბრწყინვალე აღდგომის დღეს სხვა-და-სხვა ენაზედ წაკითხვა სახარებისა, და ყოვლად მიუცილებელად - სამშობლო ენაზედ. და აი უბედურება! ამ ნუგეშსა და ღვთიურს სიხარულს მოკლებულ არიან აქაურნი ქართველნი. ამაზედ მომეტებული უბედურება სულიერი განაღა იქმნება, რომ კაცმა ქრისტეს აღდგომის დღეს ვერ გაიგონოს სამშობლო ენაზედ: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“, მაშინ როდესაც სულიერნი მწყემსნი თვისის ეროვნებისა თვალ წინ უდგანან.“

1900 წლის 19 იანვარს საკათედრო ტაძარში ცნობილი ქართველი მწერლის გიორგი წერეთლის (გარდაიცვალა 12 იანვარს) სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს სოხუმის მთელი ქართველი საზოგადოება დაესწრო. პანაშვიდის დასრულების შემდეგ დეკანოზმა დავითმა (მაჭავარიანი) სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც საზოგადოებას გააცნო განსვენებულის ღვაწლი. 1905-1919 წწ. საკათედრო ტაძრის წინამძღვარი გიორგი გოლუბცოვი იყო. 1909 წელს საკათედრო ტაძარს ეგვტერი მიაშენეს, რომელიც წმ. სერგი რადონეჟელის სახელზე აკურთხეს. 1917 წლის სექტემბერში საქართველოს პირველმა საეკლესიო კრებამ შექმნა „ცხუმ-ბედიის ეპარქია“, მღვდელმთავრის კათედრის ადგილსამყოფელად განისაზღვრა ცხუმი (სოხუმი), რეზიდენცია იქვე. მღვდელმთავრის პატივად დადგინდა „ცხუმ-ბედიელი ეპისკოპოსი“. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) მთავრობის იურისდიქციის აფხაზეთში გავრცელებასთან ერთად, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ მხარეში საქართველოს ეკლესიის უფლებები აღდგა. აფხაზეთის ავტონომიის მთავრობამ, კომისარიატმა, 1919 წლის 15 სექტემბრის დეკრეტით „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მმართველობის შესახებ“, სოხუმის საკათედრო ტაძარი და მღვდელმთავრის სახლი ავტონომიური აფხაზეთის საკუთრებად გამოაცხადა. 1919 წლის სექტემბერში, ეპისკოპოსის არჩევამდე, აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა მმართველად არქიმანდრიტი იოანე (მარღიშვილი) დაინიშნა. მან მოკლე ხანში მოახერხა საკათედრო ტაძარი საქართველოს ეკლესიისათვის დაებრუნებინა, მიუხედავად რუსების მცდელობისა, შეენარჩუნებინათ იგი. 1919 წლის ოქტომბერში საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (გოლუბცოვი) გადააყენეს შოვინისტური, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო და ქვეყნიდან გაასახლეს. საკათედრო ტაძრის წინამძღვრად მღვდელი ტროფიმე (ჯოხთაბერიძე) დაინიშნა. 1921 წლის ოქტომბრიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას სათავეში ეპისკოპოსი იოანე (მარღიშვილი) ჩაუდგა. იგი ცდილობდა აფხაზეთში მცხოვრებ რუს-ბერძენ-აფხაზთა საქართველოს ეკლესიის წიაღში შემოეყვანა, საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება ოთხ — ქართულ, საეკლესიო-სლავურ, აფხაზურ და ბერძნულ ენებზე დაემკვიდრებინა. 20-30-იან წლებში საბჭოთა კავშირში ფართო ანტირელიგიური კამპანია გაიშალა. იხურებოდა ეკლესიები, სადაც კლუბები და სხვა დაწესებულებები იხსნებოდა. 1936 წლის მაისში სოხუმის საკათედრო ტაძარი დახურეს. საეპარქიო სახლში 1922-1930 წლებში აფხაზეთის სამეცნიერო საზოგადოება, ხოლო 1930-1940 წლებში აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტი იყო განთავსებული, რამდენიმე ოთახი ეკავა აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელსაც 40-იანი წლებიდან შენობა მთლიანად დაეთმო. შენობის თავდაპირველი სახეც გარკვეულწილად შენარჩუნდა. საკათედრო ტაძარი 1947-1949 წწ. გადააკეთეს და აქ აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონია განთავსდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პ. კონჭოშვილი, მოგზაურობა წმ. ქალაქ იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზე. გამოსცა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო ვაჟა კიკნაძემ, თბ., 2016;
  • თ. სახოკია, ძველი სოხუმი, იგივე ცხუმი, ჟურნ. „რიწა“, 1990 წ. #2;
  • Епископ Кирион, Краткий очерк истории Грузинской церкви и зкзархата за XIX столетие, Тифлис, 1901;
  • ბ. ხორავა, სოხუმის საკათედრო ტაძრის ისტორიიდან, კრებ. კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ რეგიონებში, თბ., 2018.