აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი
აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი (აფხ. Аԥсны аҳәынҭқарратә музеи) — მუზეუმი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალაქ სოხუმში.
მუზეუმი დაარსდა 1915 წელს სოხუმში. პირველი ექსპოზიცია გაიხსნა 1917 წელს. მის ფონდში იყო სამხარეთმცოდნეო მასალები (610 ექსპონატი), იარსება 1920 წლამდე. 1922 წელს დაარსდა აფხაზეთის სამეცნიერო საზოგადოება, რომლის გადაწყვეტილებით ხელახლა გაიხსნა მუზეუმი დ. გულიას, ა. ჭოჭუას, ა. ჩუკბარის, ვ. ზუხბას, მ. ივაშჩენკოს, გ. ბარაჩის ინიციატივითა და მოღვაწეობით. 1928 წელს მიენიჭა სახელმწიფო მუზეუმის სტატუსი. მუზეუმს ჰქონდა 5 საექსპოზიციო განყოფილება (18 დარბაზი), ბუნებისმეტყველების ისტორიის,არქეოლოგიის, ძველი ისტორიის, ეთნოგრაფიის, აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური, ისტორიული და სამხატვრო-გასაფორმებელი განყოფილებები.
1990 წელს ფონდში დაცული იყო 164 ათასზე მეტი ექსპონატი, მ. შ. არქეოლოგიური (ადრინდელი აშელის ეპოქის ძვლის იარაღი იაშთხვიდან, ბრინჯაოს ხანის ძეგლები ოჩამჩირის ნამოსახლარიდან, ეშერის ოსარიუმიდან და დოლმენებიდან, ლიხნის რიტუალური სატევრები, ტარიანი ცულები და სხვა; ბაღლანის სამარხეული ოქროს ნივთები, სოხუმის ყურის ფსკერიდან ამოღებული ძვ. წ. V-IV საუკუნეების მარმარილოს სტელა, ქალის სკულპტურული ბიუსტი ეშერიდან, გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის კერამიკისა და მინის კოლექციები წებელდიდან და სხვა), ნუმიზმატიკური (კოლხური თეთრი, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური, ქართული მონეტები, ვამეყ დადიანის უნიკალური მონეტა და სხვ.) და ეთნოგრაფიული კოლექციები (რიტუალური ჭურჭელი, ხალიჩები, საყოფაცხოვრებო ნივთები, შუა საუკუნი ოქროს ჯვრები და სხვა).
მუზეუმის ფილიალებია: ახალი ათონის პანტელეიმონის ტაძარი, სამხატვრო გალერეა (სოხუმი).
მუზეუმი ამჟამად მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.