იოანე (მარღიშვილი)
მიტროპოლიტი იოანე (ერისკაცობაში ნიკოლოზ გიორგის ძე მარღიშვილი; დ. 1874, გორი — გ. 13 ნოემბერი, 1929) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1874 წელს გორში, ოსი მამისა და ქართველი დედის ოჯახში. გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ 1893-1899 წლებში მუშაობდა ჯერ გორის, შემდეგ ყიზლარის ტაძრების საეკლესიო-სამრევლო სასწავლებლებში.
1900 წლის 28 ოქტომბერს აღიკვეცა ბერად, ეწოდა სახელად იოანე. 1901 წლის 28 იანვარს ხელდასხმული იქნა მღვდელმონაზვნად. 1904 წელს გადაიყვანეს ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. იქიდან, როგორც წარჩინებული სტუდენტი, გადაყვანილ იქნა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1905 წელს. 1910-1914 წლებში იოანე სწავლობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. 1914 წლის 2 სექტემბერს დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად, 1915 წლის 10 აგვისტოდან მუშაობდა გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. 1915 წლის 29 აგვისტოს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
1917 წლის 21 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი კირიონ II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად. 1919 წელს არქიმანდრიტი იოანე სოხუმში მოღვაწეობდა. სულ მალე არქიმანდრიტი იოანე დაინიშნა ცხუმ-ბედიელი მიტროპოლიტის ამბროსის მოადგილედ. 1920 წლის 1 სექტემბრიდან გურჯაანის სასწავლებლის ინსპექტორია, ხოლო 1921 წლის 15 ოქტომბერს არქიმანდრიტი იოანე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ამბროსის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში და დაინიშნა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად. 1925 წლის 7 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით მიტროპოლიტი იოანე განთავისუფლდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან და დაინიშნა ალავერდის ეპარქიის დროებით მმართველად, მაგრამ შერყეული ჯანმრთელობის გამო უჭირდა ეპარქიის მართვა, მას სერიოზული მკურნალობა სჭირდებოდა. 1925 წლის 15 ოქტომბერს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის, ერთი თვით შვებულების აღების თაობაზე. საკათოლიკოსო საბჭომ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ იგი დანიშნეს ურბნისის ეპარქიის მმართველად. მიტროპოლიტი იოანე ვერ ახერხებდა ეპარქიაში ყოფნას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მაგრამ თბილისიდან მართავდა ეპარქიას.
1926 წლის 14 იანვარს მიტროპოლიტმა იოანემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს განსახილველად წარუდგინა თავისი სამაგისტრო დისერტაცია. მაგრამ საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით მიტროპოლიტ იოანეს არ მიენიჭა ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი.
1926 წლის 1 ივნისს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადებით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს, გაეთავისუფლებინათ ეპარქიის მმართველის თანამდებობიდან. 20 ოქტომბერს მისი თხოვნა დააკმაყოფილეს, 3 ნოემებრს კი დანიშნეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად. მიტროპოლიტმა იოანემ 18 დეკემბერს კვლავ განცხადებით მიმართა საკათოლიკოსო საბჭოს და ითხოვა სამსახურიდან განთავისუფლება. 1927 წლის 20 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითმა მმართველობამ გამოიტანა შემდეგი განჩინება, რომ მიტროპოლიტი იოანე დარჩენილიყო თავის ეპარქიაში და დასწრებოდა დროებითი მმართველობის მიერ დანიშნულ სხდომებს. ამ პირობების შეუსრულებლობის გამო იგი 1927 წლის 3 მარტს გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მიტროპოლიტი იოანე ორი თვით რუსეთში გაემგზავრა.
1928 წლის 20 ოქტომბერს მიტროპოლიტი იაონე დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. 1929 წლის 13 ნოემბერს მიტროპოლიტი იოანე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის შეტევით. 17 ნოემბერს დაიკრძალა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", გვ. 155-159, თბ., 2010,
- თალაკვაძე ნ., „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2013. — გვ. 533-534, 539, ISBN 978-99940-28-77-1.