აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონია
რაჟდენ გუმბას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონია — აფხაზეთის ფილარმონია, რომელიც აფხაზი კომპოზიტორის, აფხაზეთის ასსრ-სა და საქართველოს სსრ სახალხო არტისტის, რაჟდენ გუმბას (1926-2007) სახელს ატარებს და სოხუმში მდებარეობს.
ფილარმონია 1947 წელს განთავსდა 1940-იან წლებში გადაკეთებულ სოხუმის საკათედრო ტაძრის შენობაში (არქიტექტორები: ს. ცინცაბაძე და ნ. კამოევი). ოფიციალურად გაიხსნა 1949 წლის 15 აპრილს.
1965-1987 წლებში შეიქმნა და ფილარმონიაში წარმატებით მოღვაწეობდა სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების 19 შემოქმედებითი კოლექტივი. მათ შორის: საბავშვო თოჯინების თეატრი, აფხაზეთის სატირისა და იუმორის თეატრი „ჩარირამა“ და სხვა.
1990-იან წლებში, აფხაზეთის ომის დროს, ფილარმონიის შენობა ძლიერ დაზარალდა. 2009 წელს მოხდა შენობის რეკონსტრუქცია.
სხვადასხვა დროს ფილარმონიის სოლისტები იყვნენ აფხაზეთის სახალხო არტისტები: ა. ოთირბა, მ. შამბა, ნ. ბჟანია, ბ. ამიჩბა, ვ. ჩაკმაჩ-იპა, ლ. ლოგუა; აფხაზეთის დამსახურებული არტისტები: გ. ტატევოსიანი, ლ. გადელია, ა. შაკაია, გ. ავიძბა და სხვები.
ფილარმონიასთან ფუნქციონირებს: საესტრადო ჯგუფი „აფსნი“ (რომელიც შეიქმნა 1967 წელს) და ხალხური ინსტრუმენტების (ქალთა) ანსამბლი „გუნდა“ (ჩამოყალიბდა 1977 წელს).
ფილარმონიის ბაზაზე ტარდება აფხაზეთის ანსამბლ „რაიდას“ რესპუბლიკური დათვალიერება-კონცერტები, ფესტივალი „აძიხი“, ჯაზ-ფესტივალი და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონია“ ვიკისაწყობში.
- ფილარმონიის გვერდი facebook-ზე
- ფილარმონიის გვერდი ВКонтакте-ზე