საქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობები

საქართველო ევრო კავშირის კანდიდატია

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის, რომელიც დაიწყო 1991-1992 წლებში, მაშინ როდესაც საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.[1]

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
Map indicating locations of European Union and Georgia

ევროკავშირი

საქართველო

საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მიზნად ისახავს ევროკავშირში ინტეგრაციას. დამოუკიდებლობის მოპოვებას მოჰყვა ღრმა კრიზისი ქვეყანაში, რადგან ქვეყანამ, რომელიც აქამდე მთლიანად დამოკიდებული იყო საბჭოთა კავშირზე, დაკარგა ეკონომიკური ბაზრები, კავშირები, რასაც ემატებოდა ქვეყანაში მიმდინარე შიდა კონფლიქტები, პოლიტიკური არასტაბილურობა, სოციალური სიდუხჭირე და მრავალი სხვა ფაქტორი. მას შემდეგ, რაც შემცირდა საქართველოს მთავარი შიდა პროდუქტი(მშპ), ევროკავშირი მეტად გააქტიურდა და დიდი მხარდაჭერა გაუწია სხვადასხვა პროგრამებისა თუ პროექტების მეშვეობით. მთავარ მიზნად ისახავდა დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოდ ქცევას. 1999 წლიდან 2004 წლამდე ევროკავშირმა სამი ძირითადი დახმარება გაუწია ქვეყანას, ეს იყო: ჰუმანიტარული, ფინანსური და თექნიკური სფეროები. ამ პერიოდში ევროკავშირმა დახარჯა მილიარდ დოლარზე მეტი. 2004 წლისთვის ევროკავშირის ძალისხმევით უკვე შეინიშნებოდა ეკონომიკური სიმყარე, შესაბამისად, ჰუმანიტარული დახმარების მისია უკვე შესრულებული იყო. ჰუმანიტარული დახმარება გულისხმობდა მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველყოფას საკვებით, მედიკამენტებითა თუ სხვა დამხმარე საშუალებებით. აღნიშნული საკითხები განიხილებოდა 1994 წლის ბუდაპეშტის სამიტსა და 1996 წლის ლისაბონის სამიტზე. ამჟამად, საქართველო ევროკავშირისგან იღებს მრავალმხრივ მხარდაჭერას, როგორც ფინანსურად, ასევე განათლების კუთხით. ის დღემდე დიდ როლს თამაშობს პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხშიც, რათა საქართველომ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, დარჩეს დემოკრატიული პრინციპების ერთგული და ასევე, ინტეგრირდეს საერთაშორისო საზოგადოებაში.[2] ევროკავშირი ყოველწლიურად გამოყოფს 100 მილიონ ევროზე მეტს საქართველოში სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად. ეს პროექტები მოიცავს სხვადასხვა სფეროს და მათი მიზანია ქვეყანაში განათლების სისტემისა და ეკონომიკური განვითარება, ენერგეტიკა და წყალმომარაგება, უსაფრთხოება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებების დაცვა, რისი მიზანიც საბოლოოდ არის ის, რომ საქართველო იყოს ნამდვილი ევროპული სახელმწიფო და მისი განუყოფელი ნაწილი.[3]

ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში გადაიდგა 1995 წელს. ამ წლიდან საქართველო სარგებლობს ევროკავშირის პრეფერენციების გენერალიზებული სისტემით (GSP),[1][4] რაც ნიშნავს იმას, რომ 1995 წლიდან საქართველოს აქვს საქონლის შემცირებული ტარიფები ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას. „ჯი-ეს-პის“ მიზანია დაეხმაროს ისეთ განვითარებად ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, განახორციელონ მეტი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება

რედაქტირება

1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (PCA),[5] რომელიც ძალაში შევიდა 1999 წელს, თუმცა შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მხარეებმა, ჯერ კიდევ, 1994 წელს დაიწყეს.[2] ეს ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოსთან, თუმცა ე. წ. PCA, მეტად ბევრ შესაძლებლობას იძლეოდა ქვეყნის ევროპიზაციის თვალსაზრისით. შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ და ევროკავშირმა აიღეს ვალდებულება, ორმხრივად ემუშავათ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზნების მისაღწევად. ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა იმითაა საინტერესო, რომ ის მოითხოვს საქართველოსგან, მიაღწიოს გარკვეულ მიზნებს და ამ შემთხვევაში მიიღებს დახმარებას. შეთანხმებას ხელი მოაწერეს იმ დროინდელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა და საქართველოს პრეზიდენტმა. პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების მიზანია კონკრეტული ქვეყნის დაახლოება და ჰარმონიზაცია ევროკავშირის სტანდარტებთან და ამ ორ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავება არსებული ისტორიული კავშირებისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე. ხელშეკრულება თავდაპირველად დაიდო 10 წლიანი ვადით და მას შემდეგ მუდმივად ავტომატურად გრძელდება, სანამ თავად მხარეები არ გადაწყვეტენ შეთანხმების შეწყვეტას.[5] პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ევროკავშირისა და საქართველოს შორის ურთიერთობების სტატუსის განსაზღვრასა და ამაღლებაში, მაგრამ ამან ვერ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის სწრაფად რეფორმირებისა და ევროპიზაციის საკითხში, რადგან ხელშეკრულებაში არ იყო განსაზღვრული რეფორმის დეტალური გეგმა და თარიღები, ამიტომ ძალიან ძნელი იყო იმის მეთვალყურეობა, თუ როგორ ასრულებდა საქართველო დაკისრებულ ვალდებულებებს, მაგალითად, PCA-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დებულება იყო 43-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობის სტანდარტებთან, რაც საბოლოოდ, ვერ განხორციელდა. თუმცა, ევროკავშირი სხვადასხვა მოწოდებებითა თუ კრიტიკით მუდმივად ცდილობდა მიექცია საქართველოს მთავრობის ყურადღება სხვადასხვა პრობლემაზე.

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა

რედაქტირება

2004 წლიდან ევროკავშირმა დაიწყო ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, რისი მიზანიც გახდა მეზობელი ქვეყნების ევროპიზაცია, სადაც უკვე კონკრეტულად იქნებოდა განსაზღვრული სამოქმედო გეგმები, განსახორციელებელი ქმედებები, პროგრესის ანგარიშები და ა. შ. საქართველომ თავიდანვე გამოიჩინა ძლიერი სურვილი და ამბიცია, გამხდარიყო ამ პოლიტიკის ნაწილი. საქართველოს სხვადასხვა ინიციატივებმა და მცდელობებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის კონსოლიდაციასა და მობილიზაციაში.[2] 2004 წლის 17 თებერვალს საქართველოს მთავრობამ დააარსა სახელმწიფო მინისტრის პოსტი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, რაც იმ მომენტში იყო ძალიან მნიშვნელოვანი.[1] ქვეყნის აქტიურმა მცდელობებმა მალევე გამოიღო შედეგი და ამავე წლის 14 ივნისს საქართველო შეუერთდა სამეზობლო პოლიტიკას ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. 2004 წელს ევროკავშირმა დაიწყო კანონის უზენაესობის მისია საქართველოში ევროპული უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში. მისია მიზნად ისახავდა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას სისხლის სამართლის სისტემის გადაუდებელი გამოწვევების მოგვარებაში და რეფორმის პროცესში კოორდინირებული საერთო მიდგომის შემუშავებაში. მისია დასრულდა 2005 წელს.

სამოქმედო გეგმა

რედაქტირება

2006 წლის 14 ნოემბერს მიიღეს ევროკავშირი-საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. ეს იყო 5 წლიანი სამოქმედო გეგმა, თუმცა განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვასგან, საქართველოს შემთხვევაში ის მოიცავდა რვა პრიორიტეტულ მიმართულებას. იგი ითხოვდა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას 2006-2011 წლებში და ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას შემდეგ სფეროებში: დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამართალი, კარგი მმართველობის პრინციპებისა და სტაბილურობის დანერგვა, სიღარიბის აღმოფხვრა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკის დახვეწა, მიგრაცია, ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება, ენერგია, ტრანსპორტი და გარემოს დაცვა, კულტურა, განათლება და მეცნიერება. მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებისგან განსხვავებით, სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა არ ითვლებოდა იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებად, საერთაშორისო სამართლის თანახმად, იგი ითხოვდა რეფორმების ძალიან სპეციფიკურ ჩამონათვალს, რომელზეც ევროკომისია ახორციელებდა ყოველწლიურ ზედამხედველობას. პოლიტიკურად რომ ვთქვათ, სამოქმედო გეგმის განხორციელების ვალდებულება საქართველოს რეალურად უკარნახა შემდეგმა:

  • ქვეყნის სურვილი ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისკენ, რაც არ მოხდებოდა, თუ ქვეყანა არ განახორციელებდა სამოქმედო გეგმაში მოცემულ რეფორმებს;
  • საქართველოს გამოცდილება და გაგება იმისა, რომ ეს რეფორმები სარგებელს მოუტანდა ქვეყანას და სრულიად შეესაბამებოდა მისი გრძელვადიანი განვითარების მიზნებს;
  • კონკურენციის ჯანსაღი დონის არსებობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სხვა ქვეყნებთან.

ევროკავშირის ყველა მოხსენება იყო ღია და ხელმისაწვდომი, და ცნობილი ფაქტია, რომ სხვადასხვა მთავრობები, მათ შორის საქართველოს იმდროინდელი მთავრობა, შეშფოთებული იყვნენ იმით, რომ ამ მოხსენებებს (განსაკუთრებით უარყოფითი) შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა შიდა სახელმწიფო პოლიტიკაზე ან შეელახა მათი რეპუტაცია მსოფლიო ასპარეზზე. შესაბამისად, საკმარისი მიზეზები ჰქონდა ქვეყანას, რომ პირნათლად შეესრულებინა დაკისრებული ვალდებულებები.

2022 წლის 8 ივნისს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის ელჩად წარადგინა პაველ ჰერჩინსკი, რომელმაც პოსტზე კარლ ჰარცელი შეცვალა.[6][7]

ევროკავშირის როლი რუსეთ-საქართველოს ომში

რედაქტირება

2008 წელს, საქართველოსა და რუსეთს შორის ომში, ევროკავშირის ღია და აქტიურმა მონაწილეობამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ომის შეჩერებაში. ამ პერიოდში ევროკავშირმა განახორციელა ინტენსიური დიპლომატია დაპირისპირებულ მხარეებს შორის და მისი ძალისხმევის შედეგად 12 აგვისტოს მხარეებმა დადეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ომის დროს საქართველოს ეწვია საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც იმ დროს იყო ევროსაბჭოს ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, ეს იყო ევროკავშირის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოსთვის და ასევე ძალიან თვალსაჩინო იყო ევროკავშირის როლი რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით გამართულ დიალოგის მართვაში. გარდა ამისა, ევროკავშირმა შემოგვთავაზა პოსტკონფლიქტური ნაბიჯების შემდეგი სერია, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტაბილიზაციისთვის. ომის დაწყებამდე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა საქართველოში შედარებით პასიური იყო. პოსტკონფლიქტურ ზონებში სარეაბილიტაციო პროექტების ფინანსური დახმარება, მისი პირდაპირი ჩართულობა საკმაოდ დაბალი იყო, ამის მაგალითია რომ ევროკავშირმა საერთოდ უარყო ნებისმიერი შესაძლებლობა, ჩართულიყო სამშვიდობო ოპერაციებში აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში. თუმცა, ომის პერიოდში და მას შემდეგ, ევროკავშირის დამოკიდებულება ამ საკითხზე მნიშვნელოვნად შეიცვალა. ევროკავშირი ყოველთვის აფიქსირებს მის პოზიციას, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ამისათვის ქვეყანაში გამოგზავნილია სადამკვირვებლო მისიაც, რომელიც მუდმივად აკვირდება რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მიმდინარე პროცესებს. ომის შემდეგ, აუცილებელი იყო კრიზისიდან ძალიან სწრაფად გამოსვლა და ეკონომიკური განვითარება ასევე სწრაფი ტემპით. ამ მიზნით, 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა კონფერენცია ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მიერ, სადაც პარტნიორმა ქვეყნებმა და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა 4,5 მილიარდი დოლარი აღუთქვეს საქართველოს 2008-2010 წლების მხარდაჭერისთვის.[2]

საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობა

რედაქტირება
 
საქართველოს დროშა ევროპის საბჭოს წინ

აღმოსავლეთ პარტნიორობა დაიწყო 2009 წელს ევროკავშირის მიერ პრაღის სამიტზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში უნდა გამართულიყო მრავალმხრივი პოლიტიკური დიალოგები ევროკავშირსა და მის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნას შორის, რომელთაგან ერთ-ერთია საქართველო (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელარუსი და სომხეთი). ამ ინიციატივამ პარტნიორ ქვეყნებს მისცა მათი ინსტიტუტების მეტი ჩართულობის შესაძლებლობა ევროკავშირთან ორმხრივ ურთიერთობებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში დაიწყო აქტიური დიალოგი ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომლის შედეგიც დადგა 2014 წელს, როდესაც მიღებულ იქნა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი. ასოცირების დღის წესრიგი ადგენს ერთობლივად შეთანხმებულ პრიორიტეტებს 2014-2016 წლების პერიოდისთვის, ასოცირების ხელშეკრულების მომზადების მიზნით, რომელიც სრულად ძალაში შევიდა 2016 წლის პირველ ივლისს. აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიქმნა იმისათვის, რომ გამხდარიყო მრავალმხრივი ინსტრუმენტი და თანამშრომლობის თემატური პლატფორმა ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა;
  • ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება;
  • ენერგია, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა;
  • მობილობა და ხალხთან კონტაქტი (იგულისხმება ურთიერთქმედება ორი ქვეყნის ნორმალურ მოქალაქეებს შორის სხვადასხვა დონეზე, ყოველგვარი ოფიციალური ჩარევისა და მითითებების გარეშე).

მნიშვნელოვანი ამოცანა ამ პოლიტიკის შემოღებისა იყო ის, რომ მის წევრ ქვეყნებს, მათი განსხვავებული ამბიციებისა და პროგრესის დონის მიუხედავად, ჰქონოდათ საშუალება ევროკავშირთან ემუშავათ მათი ინდივიდუალური დღის წესრიგის შესაბამისად მეზობლებისგან დამოუკიდებლად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური ინტეგრაცია გულსხმობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნას ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლებიც მოხსნიან სატარიფო და არასატარიფო ბარიერებს საქონლისა და მომსახურების ყველა სახის ვაჭრობაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, რადგან მთლიანი წილის 27 პროცენტი ევროკავშირის ბაზარზე გადის. ამის შედეგია ქართველი ხალხისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა. ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის უზრუნველყოფს ტრენინგებს, ფინანსურსა და ექსპორტის მხარდაჭერას EU4Business-ის ინიციატივის საშუალებით. ინიციატივის შედეგად ვიღებთ ექსპორტის 3 %-ით ზრდას.[8]

პროგრამა ENPARD-ის მეშვეობით ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში. ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები, დატრენინგდა 250000-ზე მეტი ფერმერი, ასევე განხორციელდა 500-ზე მეტი ინიციატივა მეურნეობის განვითარების მიზნით, რაც ასევე მიზნად ისახავდა სამუშაო ადგილების გაჩენასაც. ევროკავშირის დამსახურებით საქართველო პირველი ქვეყანაა კავკასიაში, სადაც აშენდა კომერციული ქარის ელექტროსადგური. ამ სავაჭრო ხელშეკრულებების წყალობით საქართველო და დანარჩენი პარტნიორი სახელმწიფოები სარგებლობენ ევროკავშირის შიდა ბაზრებზე პრივილეგირებული და თავისუფალი წვდომის უპირატესობებით, საპასუხოდ კი, პოლიტიკური ასოციაცია მათგან ითხოვს მათ ჩართვას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, მათ ხელმისაწვდომობას და მონაწილეობას ევროკავშირის პროგრამებში და ისეთი ღირებულებების ლიკვიდაციას, რომლებიც ევროკავშირისას ეწინააღმდეგება. აღმოსავლეთ პარტნიორობამ გააძლიერა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების როლი მისი გავლენისა და რეფორმების მხარდაჭერის თვალსაზრისით. უფრო კონკრეტულად, 2009 წლის 7 მაისს პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის დამფუძნებელი სამიტის დროს მიღებული დეკლარაციის შესაბამისად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, რომელიც აერთიანებს ევროკავშირს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს პარტნიორობის ქვეყნებიდან. მის წევრებს შეუძლიათ წარადგინონ რეკომენდაციები, უშუალოდ მიმართონ მოთხოვნებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტების წევრებს მინისტერიალის დროს და მონაწილეობა მიიღონ თემატური პლატფორმებისა და პანელების შეხვედრებში.[2]

ასოცირების ხელშეკრულება (2013-14)

რედაქტირება
 
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 2021 წელი, ბათუმის საერთაშირისო კონფერენცია. 2014 წელს სწორედ ამ ქვეყნებთან მოეწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას.

ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების უფრო გასაღრმავებლად, მათ შორის დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებასთან და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.[9] 2012 წლის ნოემბერში, ევროკავშირის რწმუნებულმა გაფართოების და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებაზე 2013 წლის ნოემბრისთვის იქნება დარსრულებული.[10] 2013 წლის თებერვალში, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არანაირი გეგმა არ აქვს ბელარუსის, ყაზახეთისა და რუსეთის საბაჟო კავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით,[11] ამასთან დაკავშირებით ფულემ უკრაინაც გააფრთილა, რომ საბაჟო კავშირში შესვლის შეთანხმება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის შეთანხმებებთან.[12]

ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძესა და ევროკავშირის მაღალი წარმომადგენლის საგარეო ურთიერთობებში და უსაფრთხოების საკითხებში კეთრინ ეშტონს შორის, გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე 2013 წელის 29 ნოემბერს.[13][14] ასოცირების ხელშეკრულად ფორმალურად ხელმოწერილ იქნა 2014 წლის 27 ივნისს[15] და ამჟამად სათითაოდ უნდა იქნას რატიფიცირებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. 27 ივნისს ასევე ხელმწოერილ იქნა მეორე შეთანხმებაც, საქართველოს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.[16]

ევროკავშირში წევრობა

რედაქტირება
 
ევროპის ქვეყნები ევროინტეგრაციის სხვადასხვა დონეზე.
  ასოცირების ხელშეკრულება
  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი
  დაწყებული მოლაპარაკებები სრულუფლებიან წევრობაზე
  ევროკავშირის წევრები

2014 წლის 23-25 მაისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებამდელ უკანასკნელ სესიაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში აღინიშნა, რომ „ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლის თანახმად, მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა აქვთ და შეუძლიათ ევროკავშირში წევრობის განცხადების შემოტანა, თუმცა აუცილებელია დემოკრატიის პრინციპების დაცვა, ფუნდამენტური თავისუფლების, ადამიანის უფლებების და უმცირესობების უფლებების პატივისცემა, კანონის მმართველობის უზრუნველყოფა."[17] ევროკავშირში წევრობას ემხრობა საქართველოს მოსახლეობის 77%, ხოლო მოწინააღმდეგეა მხოლოდ 11%.[18]

2014 წლის 27 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად გახდომა საქართველოს 5-10 წლის შემდეგ შეეძლება. თუმცა, ამასთანავე აღნიშნა, რომ საქართველოს ჯერ არ განუსაზღვრავს მისი ევროკავშირში გაწევრიანების განცხადების შეტანის თარიღი.[19]

2022 წლის 2 მარტს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ცნობილი გახდა, რომ საქართველო დაჩქარებული წესით შეიტანდა განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე.[20] 3 მარტს განაცხადს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.[21]

2022 წლის 11 აპრილს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადასცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა.[22]

2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.[23][24]

2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.[25]

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია

რედაქტირება

2012 წლის ივნისში, ევროკავშირმა და საქართველომ დაიწყეს ვიზის ლიბერალიზაციის დიალოგი, რათა საშუალება მიეცა საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლად ემოგზაურათ ევროკავშირში. მოლაპარაკებების მიზანი იყო წლის ბოლოსთვის „ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ მიღება.[9]

2013 წლის 25 თებერვალს, ევროკომისარმა საშიანო პოლიტიკაში სესილია მალმსტრიომმა ვიზის ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში ქართულ მხარეს სამოქმედო გეგმა წარუდგინა. სამოქმედო გეგმა ორი ნაწილისგან შედგება, რომელიც მოიცავს, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას, ასევე რეფორმებს ცალკეული მიმართულებებით, როგორებიცაა საზღვრის მართვა, მიგრაცია, ადამიანის უფლებები, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.[26]

2014 წლის იანვარში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში დაიწყო ახალი პროექტი — „საქართველოს ხელისუფლების პოტენციალის გაზდა საზღვრების მართვასა და მიგრაციის რეგულირებაში“, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) განახორციელებს, ამდაგვარად საქართველოს კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს უვიზო რეჟიმისკენ შენგენის ზონაში.[27]

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა

რედაქტირება

2018 წელს თბილისში გაიხსნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა. სკოლა საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავად სკოლის იდეის ავტორმა, ევროპული პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა გახსნეს. გახნაზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა:

 
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოში არის პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდა. ეს მართლაც უპრეცედენტო პროექტია, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.“

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თავისუფლად შეუძლიათ სწავლა აღმოსავლეთ პარტნიორობაში შემავალი ექვსივე ქვეყნის სტუდენტებს. პროექტის მიხედვით, 16 და 17 წლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გაკვეთილები მრავალეროვან და მულტიკულტურულ გარემოში და შესაძლებლობა ექნებათ, გაიუმჯობესონ და გაიღრმავონ ცოდნა ევროპის და ევროკავშირის შესახებ. გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მდიდარი კლასგარეშე პროგრამა და საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის საკითხებისადმი მიძღვნილ მაღალი დონის კონფერენციებში. სკოლის დამთავრებისას მოსწავლეები იღებენ საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომს ევროპეისტიკის განხრით.[28]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსეთი ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-08. ციტირების თარიღი: 2022-02-19.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 EU-Georgia_Relations_and_Future_Perspectives
  3. ევროკავშირის პროექტები საქართველოში
  4. The EU’s new Generalised Scheme of Preferences (GSP). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-08. ციტირების თარიღი: 2021-10-02.
  5. 5.0 5.1 Partnership and Cooperation Agreement (PCA)
  6. კარლ ჰარცელის შემცვლელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინეს
  7. ბორელმა საქართველოში ევროკავშირის ელჩად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა
  8. FACTS AND FIGURES ABOUT EU-GEORGIA RELATIONS
  9. 9.0 9.1 EU, Georgia Making 'Good Progress' in Association Agreement, Visa Liberalization Talks. Civil Georgia (2012-09-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-15. ციტირების თარიღი: 2012-09-03.
  10. EU Commissioner: EU, Ukraine May Sign Association Agreement Next Year. PR Newswire (2012-11-30). ციტირების თარიღი: 2013-01-31.
  11. Georgian minister: EU remains priority despite ‘Russian rapprochement’. EurActiv (2013-02-14). ციტირების თარიღი: 2013-02-18.
  12. Auyezov, Olzhas. (2013-02-08) Reform quickly or lose deals, EU tells Ukraine. The Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-20. ციტირების თარიღი: 2013-02-09.
  13. Initialling of the EU-Georgia Association Agreement. European External Action Service (2013-11-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2013-12-01.
  14. Georgia-EU association agreement initialled. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-04. ციტირების თარიღი: 2014-07-06.
  15. EU forges closer ties with Ukraine, Georgia and Moldova. European External Action Service (2014-06-27). ციტირების თარიღი: 2014-06-27.
  16. President: Georgia is ready to contribute to EU crisis management operations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 2014-07-06.
  17. საქართველოს შეუძლია შეიტანოს განცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ოღონდ დემოკრატიის პრინციპების დაცვის პირობით — ევროპარლამენტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-21. ციტირების თარიღი: 2014-07-06.
  18. Public attitudes in Georgia: Results of a April 2014 survey carried out for NDI by CRRC-Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-24. ციტირების თარიღი: 2014-07-06.
  19. Georgia can be full EU member in 5-10 years. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-10. ციტირების თარიღი: 2014-07-06.
  20. ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარადგინოს
  21. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა
  22. საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა
  23. ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს 1tv.ge
  24. ურსულა ფონ დერ ლაიენი - საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, გილოცავთ 1tv.ge
  25. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა 1tv.ge
  26. Сесилия Мальстрём привезла в Грузию план действий по либерализации визового режима с ЕС.
  27. ЕС окажет Грузии помощь в сфере миграции и управления границами.
  28. თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა გაიხსნა