ევროპის სამეზობლო პოლიტიკა

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ინგლ. European Neighbourhood Policy; ENP) — ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ინსტრუმენტი, რომლის მთავარი მიზანიც მისი საზღვრების სამხრეთითა და აღმოსავლეთით მდებარე 16 სახელმწიფოს მასთან დაახლოებაა, მათში დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გავრცელების გზით. ეს სახელმწიფოებია: აზერბაიჯანი, ალჟირი, ბელარუსი, ეგვიპტე, იორდანია, ისრაელი, ლიბანი, ლიბია, მაროკო, მოლდოვა, პალესტინა[1], საქართველო, სირია (რომლის მთავრობასთანაც მოლაპარაკებები შეჩერებულია), სომხეთი, ტუნისი და უკრაინა. ჩამოთვლილთა ნაწილი მიილტვის ევროკავშირის წევრობისკენ ან/და ცდილობს მჭიდრო ინტეგრაციას. სამეზობლო პოლიტიკა განსხვავდება ევროკავშირის პოტენციური წევრობისაგან და ამ ორი ცნების ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. ამ შემთხვევაში, ევროკავშირი მეზობელ ქვეყნებს სთავაზობს დახმარებასა და თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმას. როგორც წესი, შიდა რეფორმათა სფეროები, რომლებშიც ევროკავშირი ამ ქვეყნებს ეხმარება მოიცავს: კანონის უზენაესობას, კარგ მმართველობას, უმცირესობათა უფლებებს, კარგ სამეზობლო ურთიერთობებს, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და მდგრად განვითარებას. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ხორციელდება სტრატეგიული სამოქმედო გეგმის საფუძველზე, რომელშიც ევროპული კომისია საზღვრავს იმ კონკრეტულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარამეტრებს, რომლებზე დაყრდნობითაც ხდება თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შეფასება.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP):
  სხვა ქვეყნები

2003 წლის მარტში ევროპულმა კომისიამ წარმოადგინა დოკუმენტი „ევროპის გაფართოებული სამეზობლო: ახალი ჩარჩო ჩვენს აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე მეზობლებთან ურთიერთობისათვის“, რომელიც ევროპულმა საბჭომ ახალ მეზობლებთან ურთიერთობის რელევანტურ ფორმატად მიიჩნია და ევროპულ კომისიასა და ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტში წარმოდგენილი ინიციატივის განხორციელება დაავალა. ამასთან, ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილეობის საკითხებზე, ევროპულ კომისიას დაევალა მოლაპარაკებების წარმოება აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე ისეთ ქვეყნებთანაც, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ხელი მოწერილი ევროკავშირთან პარტნიორობის ან ასოცირების შეთანხმებაზე.

2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მოიწონა „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგია“, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში სხვა სახელმწიფოებთან ერთად ჩაერთო სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანაც.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკას ხელახლა გადახეეს 2011 წელს, არაბული გაზაფხულის შემდეგ პერიოდში. სამეზობლოში განვითარებული მოვლენების გამო, პოლიტიკაში გარკვეული ცვლილებების შეტანა გახდა აუცილებელი.[2] ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განახლებულ დოკუმენტში, რომელიც 2015 წელს გამოქვეყნდა, განსაკუთრებულადაა ხაზგასმული ორი ძირითადი პრინციპი:

  1. მეზობლების მიმართ დიფერენცირებული მიდგომის განხორციელება, მათი განსხვავებული მისწრაფებების პატივისცემა და ორივე მხარის ინტერესების უკეთ გაცნობა;
  2. წევრი სახელმწიფოების უშუალო ჩართულობის გაზრდა და როგორც წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ევროპულ სამეზობლო პოლიტიკასთან მიმართებაში კუთვნილების შეგრძნების განმტკიცება.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საშუალებით, ევროპული კავშირი მეზობელ სახელმწიფოებს სთავაზობს თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმას, რომელიც ემყარება ერთობლივ პასუხისმგებლობას საერთო ღირებულებების მიმართ (დემოკრატია და ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და მდგრადი განვითარება).[3] ევროპის სამეზობლო პოლიტიკის 3 მთავარი სამიზნე თემატიკა მოიცავს:

  1. ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის, ახალგაზრდებისათვის სამუშაო ადგილების შექმნას;
  2. უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას, უმეტესწილად, კონფლიქტების, ტერორიზმისა და რადიკალიზაციის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ფარგლებში;
  3. მიგრაციასა და მობილობას, მათ შორის ადამიანებით ვაჭრობისა და კონტრაბანდული საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.[4]

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში აგრეთვე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ენერგოუსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს.[5]

2011 წელს ევროკავშირმა გადახედა ევროპის სამეზობლო პოლიტიკას და, არაბულ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ, ორიენტირი კიდევ უფრო მეტად მიმართა მდგრადი დემოკრატიისა და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად. მდგრადი დემოკრატია, თავის მხრივ, მოიცავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიულ კონტროლს და გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას. ევროკავშირმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების როლს ამ პროცესში და დანერგა პრინციპი „მეტი მეტისთვის“, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ავითარებს უფრო მჭიდრო პარტნიორობას იმ მეზობელ სახელმწიფოებთან, რომლებიც უფრო მეტად პროგრესირდებიან დემოკრატიული რეფორმებისაკენ მიმართულ გზაზე.

2015 წლის მარტში ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) ერთობლივად დაიწყეს საკონსულტაციო პროცესი, რათა ხელახლა გადაეხედათ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისათვის. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლდათ პოლიტიკის მექანიზმებისა და ინსტრუმენტების უკეთ ადაპტირება პარტნიორი ქვეყნების კონკრეტული მისწრაფებების გათვალისწინებით. საბოლოოდ, ევროპული კომისიისა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა საჭიროებდა უფრო მოქნილ მიდგომებს, რათა თანამშრომლობის ფარგლებში არსებული რესურსების გამოყენება უფრო ეფექტიანად წარმართულიყო.[6]

2019 წლის 27 მარტს ევროპულმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია არაბული გაზაფხულის შემდეგ პროცესებსა და ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონის განვითარების სამომავლო გზის თაობაზე, რომელიც, ერთი მხრივ, გამოკვეთდა დემოკრატიულ მიღწევებს აღნიშნულ რეგიონში, თუმცა, მეორე მხრივ, ყურადღებას ამახვილებდა მორიგი ეკონომიკური, დემოკრატიული და სოციალური რეფორმების განხორციელების საჭიროებაზე.[7]

2020 წლის 19 ივნისს ევროპულმა პარლამენტმა გასცა რეკომენდაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის თაობაზეც, რომელიც მხარეებს მოუწოდებდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შეენარჩუნებინათ ეფექტიანი თანამშრომლობის, ინტენსიური დიალოგისა და მჭიდრო პარტნიორობისკენ მიმართული უწყვეტი იმპულსი.[8]

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება

რედაქტირება

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიული განვითარების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარებას და მათ მხარდაჭერას, რათა ქვეყნის საჯარო სტრუქტურებთან ურთიერთქმედების საფუძველზე, კიდევ უფრო მდგრადი გახადონ ხსენებული განვითარების პროცესები.[4]

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების კუთხით, შეგვიძლია გამოვყოთ ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის, რომლის წინამორბედიც იყო ევროპული პარლამენტის მიერ 1994 წელს შექმნილი ევროპული ინიციატივა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის.[9]

სამეზობლო პოლიტიკის წარმართვის ინსტრუმენტები

რედაქტირება

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა წარიმართება ევროკავშირსა და მის პარტნიორ სახელმწიფოებს შორის გაფორმებული სამართლებრივი შეთანხმებების, კერძოდ, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებისა (PCA) და ასოცირების შესახებ შეთანხმებების (AA), მეშვეობით.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის წარმმართველ ცენტრალურ ინსტრუმენტად რჩება ორმხრივი სამოქმედო გეგმები (AP), რომლებიც ფორმდება ევროკავშირსა და ცალკეულ პარტნიორ ქვეყნებს შორის. აღნიშნული სამოქმედო გეგმები მოიცავს პარტნიორი ქვეყნის მიერ გასატარებელი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ნუსხას და ასახავს ევროკავშირისა და თითოეული პარტნიორი ქვეყნის საჭიროებებს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს. ეს საშუალებას აძლევს ევროკავშირს, ადაპტირდეს თითოეული პარტნიორის საჭიროებისა და კონკრეტული მახასითებლების შესაბამისად და ამგვარად მოახდინოს ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის ეფექტიანობის მაქსიმიზაცია.

ამასთან, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავდა თანამშრომლობის დამატებითი ინსტრუმენტი — ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომელიც ემსახურება ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და, აგრეთვე, მოიცავს მობილობის გაფართოებისა და მიგრაციის მართვის საკითხებს. ხსენებული შეთანხმების პირობებში, ზოგიერთ პარტნიორ სახელმწიფოსთან, მათ შორის 2017 წლიდან საქართველოსთან, ამოქმედდა სავიზო რეჟიმის გამარტივების (ლიბერალიზაციის) პროცესი.[3]

ფინანსური ინსტრუმენტები

რედაქტირება

ახალი ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი (ENI), რომელსაც 2014-2020 წლის პერიოდისთვის 15,4 მილიარდი ევრო ჰქონდა გამოყოფილი, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დაფინანსების მთავარი წყაროა. ამ ინსტრუმენტმა ჩაანაცვლა მანამდე არსებული ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი (ENPI). 2007–2013 წლების განმავლობაში ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში დაფინანსება 11,2 მილიარდ ევროს შეადგენდა.

2018 წლის 14 ივნისს ევროპულმა კომისიამ წარადგინა კანონპროექტი, რათა შექმნილიყო სამეზობლო, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტი (NDICI) ევროკავშირის 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს (MFF) ფარგლებში. სამეზობლო, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის შექმნა მიზნად ისახავს ევროკავშირის მიერ მის ფარგლებს გარეთ არსებული ღონისძიებების დაფინანსების პროცესების გამარტივებას, რათა უფრო ეფექტიანად წარიმართოს პარტნიორი სახელმწიფოების ფინანსური მხარდაჭერა კრიზისებთან გამკლავებისა თუ მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით, რისი საჭიროებაც მეტად გამოიკვეთა COVID-19 გლობალური პანდემიის ფონზე.[10]

სამეზობლო პოლიტიკის განზომილებები

რედაქტირება

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ვხვდებით რამდენიმე რეგიონულ განზომილებას:

  1. აღმოსავლეთ პარტნიორობა;
  2. ხმელთაშუა ზღვის კავშირი;
  3. ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა.

აღმოსავლეთ პარტნიორობა

რედაქტირება

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიქმნა ევროკავშირის ურთიერთობების „განახლებისთვის“ მის აღმოსავლეთით მდებარე მეზობლებთან, კერძოდ ეს სახელმწიფოებია: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა 2008 წელს, ხოლო 2009 წლიდან იგი ოფიციალურად ამოქმედდა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავარი მიზანი გახლავთ „პოლიტიკური კავშირების გაძლიერება და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება“ ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ ქვეყნებს შორის. ინტეგრაციისა და თანამშრომლობის დონე ასახავს თითოეული პარტნიორი ქვეყნის ერთგულებას ევროპული ღირებულებების, სტანდარტებისა და სტრუქტურებისადმი. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიისა და კარგი მმართველობის განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, დარგობრივი რეფორმებისა და ხალხთა შორის კავშირების წახალისებას, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და სოციალურ-ეკონომიკური დისბალანსის შემცირებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის თაობაზე უმაღლეს დონეზე შეხვედრები ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, რომელშიც მონაწილეობენ ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოებისა თუ მთავრობების მეთაურები და ევროპული პარლამენტის, ევროპული კომისიისა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები. 2019 წელს აღინიშნა აღმოსავლეთის პარტნიორობის 10 წლის იუბილე. ამ წელს ევროპულმა კომისიამ გამართა კონსულტაციები როგორც ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან, ისე პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან, რათა უკეთ განესაზღვრა აღნიშნული პოლიტიკის სამომავლო პრიორიტეტები და ამით უზრუნველეყო კიდევ უფრო ხელშესახები პოზიტიური ცვლილებები სამომავლო პერსპექტივაში.[3]

2020 წლის 18 მარტს ევროპულმა კომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გამოაქვეყნეს ერთობლივი კომუნიკაცია აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის ახალი მიზნების შესახებ 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის. აღნიშნული დოკუმენტი გამოკვეთს სამომავლო თანამშრომლობის ხუთ გრძელვადიან მიზანს:

  • პარტნიორობა, რომელიც ქმნის: ევროკავშირი და მისი პარტნიორი ქვეყნები ერთად იმუშავებენ სტაბილური, მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკის უზრუნველსაყოფად;
  • პარტნიორობა, რომელიც იცავს: ევროკავშირი და მისი პარტნიორი ქვეყნები აღადგენენ ერთგულებას და პასუხისმგებლობას პარტნიორობის საფუძვლების, განსაკუთრებით ანგარიშვალდებული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების მიმართ;
  • პარტნიორობა, რომელიც ამწვანებს: ევროკავშირი და მისი პარტნიორი ქვეყნები ერთად იმუშავებენ სტაბილური და მდგრადი მომავლისკენ;
  • პარტნიორობა, რომელიც აკავშირებს: ევროკავშირი კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას განახორციელებს მისი პარტნიორი ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციაში და მიზნად დაისახავს ციფრული ერთიანი ბაზრის სარგებლის გაზრდას;
  • პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს: ევროკავშირი და მისი პარტნიორი ქვეყნები ერთად იმუშავებენ მდგრადი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების ფორმირების მიმართულებით.[11]

ზემოაღნიშნული დოკუმენტი საფუძვლად დაედო დისკუსიას აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერების ვიდეოკონფერენციაზე 2020 წლის 18 ივნისს. მთელ კონტინენტზე COVID-19 პანდემიის მიერ გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ამ პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საერთო დემოკრატიის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის სივრცის მშენებლობის გაგრძელების აუცილებლობას.[12]

ხმელთაშუა ზღვის კავშირი

რედაქტირება

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ხმელთაშუა ზღვის კავშირი წარმოადგენს თანამშომლობის ინსტრუმენტს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ხმელთაშუა ზღვის 15 ქვეყანას შორის. ეს 15 სახელმწიფო არის: ალბანეთი, ალჟირი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ეგვიპტე, თურქეთი, იორდანია, ისრაელი, ლიბანი, მავრიტანია, მაროკო, მონაკო, მონტენეგრო, პალესტინა, სირია (რომლის მთავრობასთანაც მოლაპარაკებები შეჩერებულია) და ტუნისი. ასევე, აღსანიშნავია, რომ არაბული ქვეყნების ლიგა ჩართული იყო ხმელთაშუა ზღვის კავშირის ყველა შეხვედრაში 2008 წლიდან დღემდე, ხოლო ლიბია დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.

ხმელთაშუა ზღვის კავშირი 2008 წლის პარიზის სამიტზე ამოქმედდა როგორც ევრო-ხმელთაშუა ზღვის პარტნიორობის (Euromed) გაგრძელება. ხმელთაშუა ზღვის კავშირის მთავარი მიზნები ეყრდნობა ბარსელონას დეკლარაციას (1995) და მოიცავს მშვიდობიანი, სტაბილური, უსაფრთხო და საერთო ეკონომიკური კეთილდღეობის მომტანი სივრცის შექმნას, რომელიც გამყარებული იქნება დემოკრატიული პრინციპებით, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სრული პატივისცემით და კულტურათაშორისი ურთიერთგაგებით.

2020 წლის 27 ნოემბერს, ბარსელონის დეკლარაციის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაიმართა ხმელთაშუა ზღვის კავშირის მეხუთე რეგიონული ფორუმი. ბოლო წლების განმავლობაში, ხმელთაშუა ზღვის კავშირის ფარგლებში მინისტრების დონეზე ჩატარდა არაერთი დარგობრივი კონფერენცია ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ქალების, მრეწველობის, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების, ციფრული ეკონომიკის, ვაჭრობის, დასაქმების, წყლის და მდგრადი ურბანული განვითარების საკითხებზე.[13]

ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა

რედაქტირება

ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა გახლავთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას ევროკავშირის საგარეო საზღვრების მიმდებარედ. აღნიშნული მექანიზმი ხელს უწყობს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და იმ მეზობელ სახელმწიფოებს შორის, რომლებთანაც ევროკავშირი იზიარებს სახმელეთო ან საზღვაო საზღვრებს.

ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სამ ძირითად მიზანს წარმოადგენს:

  1. სასაზღვრო ზონებში ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
  2. საერთო გამოწვევებთან გამკლავება (გარემოს დაცვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და უსაფრთხოება)
  3. ადამიანების, საქონლისა და კაპიტალის მობილობისთვის უკეთესი პირობების შექმნა.

მონაწილე ქვეყნები

რედაქტირება

აზერბაიჯანი

რედაქტირება

ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა ჯერ კიდევ მათ შორის 1999 წელს გაფორმებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებიდან იღებს სათავეს. 2017 წლის თებერვალში მხარეებმა განაახლეს მოლაპარაკებები პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ორმხრივი სარგებლის მომტანი თანამშრომლობის განმტკიცების საკითხებზე, რომლებიც ეფუძნება აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტებს: უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი მმართველობა, უფრო ძლიერი კავშირები და უფრო ძლიერი საზოგადოება.

ევროკავშირსა და ალჟირს შორის პარტნიორობის მთავარ საფუძველს მათ შორის 2005 წელს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება წარმოადგენს. 2017 წელს, განახლებული ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, მხარეებმა განსაზღვრეს პარტნიორობის ახალი პრიორიტეტები.

2018-2020 წლებში ევროკავშირის მიერ ალჟირის ფინანსური დახმარება 125 მილიონ ევროს შეადგენდა და ძირითადად ნაწილდებოდა შემდეგ 3 სექტორზე: (1) ეკონომიკური მმართველობა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის ხელშეწყობა; (2) ტერიტორიული განვითარება და მონაწილეობითი დემოკრატია; (3) ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული მოქმედებები.

ალჟირი, ასევე, მონაწილეობს ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის გამოყენებით დაფინანსებულ სხვა სახის სამოქმედო პროგრამებში, მაგალითად, TAIEX (ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) და SIGMA (მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობა).[4]

ბელარუსი

რედაქტირება

2015 წელს, მას შემდეგ რაც ბელარუსის მთავრობამ პოლიტპატიმრები გაათავისუფლა, ბელარუსსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა გაუმჯობესდა. მოლაპარაკებები ორმხრივი პარტნიორობის სტრატეგიული ჩარჩოს შექმნაზე 2016 წლიდან მიმდინარეობს და ბელარუსი აქტიურადაა ჩართული აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფორმატშიც. 2020 წლის 1 ივლისს ამოქმედდა სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და ხელახლა დაშვების შესახებ შეთანხმებებიც, თუმცა 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა აღნიშნული პროგრესი შეაფერხა. ევროკავშირმა ხსენებული არჩევნები არც თავისუფალ და არც სამართლიან არჩევნებად არ ცნო. შედეგად, 2020 წლის 12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო ახალი დადგენილება ბელარუსთან მიმართებაში.

ევროკავშირსა და ეგვიპტეს შორის თანამშრომლობა ბოლო წლების განმავლობაში უფრო ინტენსიური გახდა და დღეისთვის სფეროების ფართო სპექტრს მოიცავს. ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ძალაში 2004 წლის ივნისში შევიდა.

2017-2020 წლებში ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში 432-528 მილიონ ევროს შეადგენდა და შემდეგ პრიორიტეტულ სექტორებს მოხმარდა: (1) ეკონომიკური მოდერნიზაცია, ენერგოსექტორის მდგრადობა და გარემოს დაცვა; (2) სოციალური განვითარება და სოციალური დაცვა; (3) მმართველობა, სტაბილურობისა და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს გაძლიერება.

თანამშრომლობის ფარგლებში, ეგვიპტის „მდგრადი განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“-ის შესაბამისად, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, აგრეთვე, განათლებას, ურბანული განვითარების ხელშეწყობას, სამუშაო ადგილების შექმნას, წყლისა და ნარჩენების მართვას, გარემოს დაცვას, საჯარო მმართველობის რეფორმას. ამ პრიორიტეტული მიმართულებების გარდა, განხორციელდა დამატებითი დახმარება სახელმწიფო მმართველობასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში ექსპერტიზის განვითარების კუთხითაც.

ეგვიპტე, ასევე, სარგებლობს Twinning ინსტრუმენტით, რომლის საშუალებითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციების ექსპერტები დახმარებას უწევენ პარტნიორი ქვეყნის მსგავს ადმინისტრაციებს, რათა ხელი შეუწყონ ინსტიტუციურ გაცვლასა და შესაძლებლობების განვითარებას.

იორდანია

რედაქტირება

ევროკავშირსა და იორდანიას შორის ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2002 წლის მაისში და წარმოადგენს ევროკავშირსა და იორდანიას შორის ურთიერთობების სამართლებრივ საფუძველს.

2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა და იორდანიამ შეიმუშავეს პარტნიორობის პრიორიტეტების დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია ევროკავშირის პოლიტიკური ჩართულობის და მისი იორდანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების ერთგვარი ჩარჩო. ყურადღება გამახვილდა იმ ორმხრივ ვალდებულებებზე, რომლებიც მხარეებმა იკისრეს სირიის კრიზისის შედეგებთან გასამკლავებლად და მოიცავს როგორც იორდანიაში დროებით მცხოვრები ლტოლვილების, ისე იორდანიის მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

2014 წლის ოქტომბერში მხარეთა შორის ხელი მოეწერა მობილობის შესახებ პარტნიორობის დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავდა მობილობისა და მიგრაციის მართვის უფრო ეფექტიანად წარმართვას. 2011 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო დირექტივები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, თუმცა მოლაპარაკებები იორდანიასთან ჯერ არ დაწყებულა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ჯერჯერობით მზად არ არის პროცესების დასაწყებად. ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტი (ENI) გახლდათ ევროკავშირის ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტი იორდანიაში ორმხრივი თანამშრომლობისთვის 2014-2020 წლებში. ამ პერიოდში ფინანსურმა დახმარებამ 765 მილიონი ევრო შეადგინა და 3 პრიორიტეტულ მიმართულებაზე გადანაწილდა. ესენია: (1) სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა; (2) კანონის უზენაესობის განმტკიცება; (3) სასაზღვრო მენეჯმენტის განახლება და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია.

2021-2027 წლებში თანამშრომლობას სამეზობლო, განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტი (NDICI) განაპირობებს. 2021 წლის 9 თებერვალს ევროპულმა კომისიამ მიიღო ერთობლივი დოკუმენტი სამხრეთ სამეზობლოსთან განახლებული პარტნიორობის შესახებ, შეიქმნა ახალი დღის წესრიგი ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში ევროკავშირის პარტნიორობის აღდგენისა და განმტკიცების შესახებ. იორდანიასთან მიმართებაში იგი მოიცავს: (1) განათლებაში ინვესტირებას ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განსავითარებლად; (2) ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესებას; (3) ინვესტიციებს მდგრადი და ყოვლისმომცველი სოციალური დახმარების სისტემებში; (4) განახლებადი ენერგიიით სარგებლობის მაქსიმიზაციასა და ენერგოეფექტურობას; (5) მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას; (6) რეგიონული ინტეგრაციისა და კავშირების გაუმჯობესებას.

ისრაელსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძველი გახლავთ მათ მიერ 2000 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება. 2005 წელს მხარეთა შორის გაფორმდა სამოქმედო გეგმაც, რომელიც ემყარება საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს, ადამიანის უფლებების პატივისცემას, კანონის უზენაესობასა და ძირითად თავისუფლებებს. აღნიშნული სამოქმედო გეგმა ხელს უწყობს ისრაელის ინტეგრაციას ევროპულ პოლიტიკასა და პროგრამებში და მისი მოქმედების ვადა 2022 წლის იანვარში იწურება.

ისრაელი ევროკავშირისაგან ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში იღებს ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც ძირითადად მიმართულია ინსტიტუციური Twinning პროექტების განსახორციელებლად. ამგვარ პროექტებზე გახარჯული ფინანსური რესურსი წელიწადში საშუალოდ 1,8 მილიონი ევროა. მიმდინარე Twinning პროექტები ხორციელდება განათლების, სატელეკომუნიკაციო და ნარჩენების მართვის სფეროებში.

აგრეთვე, ისრაელის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქვთ დაფინანსების მიღების შესაძლებლობა „ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის (EIDHR)“-ის ფარგლებშიც. ამ მიმართულებით, ევროკავშირის მიერ 2020 წელს გაცემულ იქნა 1.2 მილიონ ევრომდე თანხა. ისრაელი მონაწილეობს ერასმუს+ პროგრამაშიც, რომელშიც ისრაელის 6 612-მა მოქალაქემ ისარგებლა. აგრეთვე, ისრაელი წარმოადგენს ევროკავშირის პარტნიორ სახელმწიფოს ჰორიზონტი 2020 საკვლევ პროგრამაში.[14]

ევროკავშირსა და ლიბანს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს ლიბანის, როგორც სტაბილური, დემოკრატიული, პოლიტიკურად თავისუფალი და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის განვითარებას.

ევროკავშირსა და ლიბანს შორის ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა 2006 წლის აპრილში და იგი ქმნის მხარეთა შორის პარტნიორობის სამართლებრივ საფუძველს. 2016 წლის ნოემბერში ევროკავშირმა და ლიბანმა ერთობლივად შეიმუშავეს პარტნიორობის ის პრიორიტეტები, რომლებიც ქმნის ერთგვარ საფუძველს პოლიტიკური ჩართულობისა და თანამშრომლობის გაღმავებისათვის, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ლიბანის მოქალაქეებისა და ლიბანში დროებით მცხოვრები ლტოლვილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

2014-2020 წლებში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირის მიერ ლიბანისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 402.3 მილიონ ევროს უტოლდება, ხოლო 2011 წლიდან დღემდე ევროკავშირის საგარეო საინვესტიციო გეგმისა და სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის ფარგლებში ევროკავშირის მიერ ლიბანის მიმართ გაცემული გრანტების საერთო ოდენობამ 51 მილიონი ევრო შეადგინა.[4]

ევროკავშირი აცხადებს მზადყოფნას, დაეხმაროს ლიბიას სამშვიდობო პროცესებში. ლიბიასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება გაფორმებული არ არის. 2014 წლიდან დღემდე ევროკავშირმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ლიბიისათვის ჯამში 98 მილიონი ევრო გამოყო მმართველობის, ეკონომიკური განვითარების, ჯანმრთელობის დაცვის და სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებებით.[4]

ევროკავშირსა და მაროკოს შორის პარტნიორობა უკავშირდება ისეთ საერთო გამოწვევებს, როგორიცაა: ეკონომიკური განვითარება, ინოვაცია, კლიმატის ცვლილება, სამართლიანობა, უსაფრთხოება, მობილობა, მიგრაცია და კარგი მმართველობა. მხარეთა შორის თანამშრომლობის იურიდიული საფუძველი გახლავთ ასოცირების შეთანხმება, რომელიც ძალაში 2000 წელს შევიდა. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში მაროკომ დროთა განმავლობაში დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი ევროკავშირის განსაკუთრებული პარტნიორების რიგებში პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნიკური და განვითარების სფეროების მიმართულებით.

2014-2020 წლებში, მაროკოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირის მხრიდან გამოიყო 1,3-დან 1,6 მილიარდ ევრომდე ოდენობის ფინანსური დახმარება, რომელიც ვრცელდებოდა 4 პრიორიტეტული მიმართულებით. ესენია:

  1. სოციალურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა;
  2. დემოკრატიული მმართველობა და კანონის უზენაესობა;
  3. დასაქმება და მდგრადი და ინკლუზიური განვითარება;
  4. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.

ევროკავშირი თანამშრომლობს მოლდოვასთან ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და მისი ერთ-ერთი განზომილების, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ფარგლებში. თანამშრომლობის ძირითად მიზანს წარმოადგენს მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირთან დაახლოება.

ევროკავშირის მხარდაჭერა ძირითადად მიმართულია იმ 20 შედეგის (20 შედეგი 2020 წლისთვის) მისაღწევად, რომელთა შესახებაც შეთანხმება მიღწეულ იქნა 2017 წელს ბრუსელში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე და რომლებიც უკავშირდება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს. მხარეთა შორის პარტნიორობა მიზნად ისახავს მოლდოველების კეთილდღეობას და ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებას და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას; ასევე, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროების მნიშვნელოვან განვითარებას.

2019 წელს ევროკავშირის მხრიდან მოლდოვის რესპუბლიკისათვის 42,4 მილიონი ევრო გამოიყო სტარტაპების განვითარების, სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის, ენერგოეფექტურობის გაზრდისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებებზე.

პალესტინა

რედაქტირება

ევროკავშირი პალესტინელებისათვის საგარეო დახმარების უმხვილეს მიმწოდებელს წარმოადგენს. თანამშრომლობის ფარგლებში ევროკავშირის ძალისხმევა მიზნად ისახავს პალესტინელთა ერთგვარ მომზადებას მომავალი სახელმწიფოებრიობისათვის. ევროკავშირი, ასევე, მხარს უჭერს პალესტინელთა სამთავრობო ორგანოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების განმტკიცებისაკენ მიმართულ მცდელობებს.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირსა და პალესტინას შორის სამოქმედო გეგმა დამტკიცდა 2013 წლის მაისში, რომლის მეშვეობითაც განისაზღვრა ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის დღის წესრიგი. 2018 წლის დეკემბერში ხსენებული სამოქმედო გეგმა გახანგრძლივდა კიდევ სამი წლის ვადით. ევროკავშირის მიერ პალესტინისათვის 2017-2020 წლებში გამოყოფილი ფინანსური დახმარება ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში უტოლდება 1,28 მილიარდ ევროს. აღნიშნულ წლებში ორმხრივი თანამშრომლობა ძირითადად ფოკუსირდებოდა მმართველობის რეფორმებზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა დაცვაზე, წყლისა და ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობასა და მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე, აგრეთვე, პალესტინელი ლტოლვილების კეთილდღეობაზე.[4]

საქართველო

რედაქტირება

ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და მისი აღმოსავლეთ რეგიონული განზომილების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა შორის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ჩათვლით, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის ივლისში და მიზნად ისახავს პოლიტიკურ დაახლოებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას. 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობითაც. ევროკავშირი რჩება საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად, რომელიც ქვეყანას მხარს უჭერს კეთილდღეობისაკენ მიმავალ გზაზე.

უფრო ძლიერი ეკონომიკა

რედაქტირება
  • საქართველოში ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნაა. იგი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ამ უკანასკნელის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 27 %-იანი წილით;
  • ვინაიდან მცირე და საშუალო ბიზნესები (SMEs) წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკის საფუძველს, მათი განვითარების ხელშესაწყობის მიზნით, ევროკავშირი ამგვარ ბიზნესებს დაფინანსებით, ტრენინგებით და EU4Business ინიციატივის ფარგლებში ექსპორტირების მხარდაჭერით უზრუნველყოფს. აგრეთვე, მცირე და საშუალო ინოვაციური ბიზნესებისა და კაპიტალის საშუალო მოცულობის მქონე კომპანიებისთვის, ჰორიზონტ 2020-ის ფარგლებში, ჯამში 130 მილიონი ევროს სესხია ხელმისაწვდომი;
  • სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) საშუალებით, ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის მოდერნიზებას, სთავაზობს რა ფინანსური ან/და ტექნიკური სახის დახმარებას 1 600 კოოპერატივს. ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, დაფუძნდა 59 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი, რომლებმაც დღემდე 250 000-ზე მეტი ფერმერი მოამზადეს და გადაამზადეს;
  • მთავრობის მაკროეკონომიკური პოლიტიკის სტაბილიზაციის მიზნით, ევროკავშირი საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებასაც უწევს. აღნიშნული კუთხით, 2018 წელს გამოყოფილ იქნა 45 მილიონ ევრომდე ოდენობის თანხა.

უფრო ძლიერი მმართველობა

რედაქტირება
  • ევროკავშირი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ეფექტიანი, ხელმისაწვდომი და სამართლიანი სახელმწიფოს შესაქმნელად;
  • ევროკავშირმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნას, რათა უზრუნველყოს სამართლიანობის თანაბარი ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად. ქვეყნის მასშტაბით არსებული 20-ზე მეტი ოფისით, ხსენებულმა სამსახურმა იურიდიული სახის დახმარება უსასყიდლოდ 330 000-ზე მეტ ადამიანს გაუწია, მათ შორის სჭარბობდნენ ის მოქალაქეები, რომლებსაც საკუთარი ფინანსური სახსრებით არ შეეძლოთ ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა;
  • ევროკავშირმა გადაამზადა 5 000-ზე მეტი მოსამართლე, პროკურორი, ციხისა და პრობაციის პერსონალი, გამომძიებელი, სახალხო დამცველი და იურისტი;
  • სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა 44 სათემო ცენტრის შექმნას ქვეყნის პატარა ქალაქებსა და სოფლებში. ამგვარ ცენტრებში ხელმისაწვდომი გახლავთ 200-მდე საჯარო და საბანკო ტიპის მომსახურება, უფასო ინტერნეტი და ბიბლიოთეკა. აღნიშნული ცენტრებით სარგებლობა რეგიონებში მობინადრე 90 000-ზე მეტ ქართველს შეუძლია.

უფრო ძლიერი კავშირები

რედაქტირება
  • ევროკავშირი დიდ გრანტებს გამოყოფს საქართველოს სატრანსპორტო კავშირების, ელექტროენერგიისა და წყლის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მაგალითად, წყლის მასშტაბური ინფრასტრუქტურა აჭარაში, კახეთსა და იმერეთში; ასევე ენგურის კაშხლის მოდერნიზაციის სამუშაოები;
  • ევროკავშირი მხარს უჭერს პროგრამებს გარემოს დაცვის, მწვანე ეკონომიკის, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის მიმართულებებით, მაგალითად, ევროკავშირის შავი ზღვის აუზის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამა აერთიანებს მეზობელი ქვეყნების მუნიციპალიტეტებს ისეთი საერთო გამოწვევის წინაშე, როგორიცაა საზღვაო ნარჩენი.

უფრო ძლიერი საზოგადოება

რედაქტირება
  • 2017 წლის 28 მარტიდან, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ძალაში შესვლის დღიდან, დღემდე საქართველოს 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეძლო ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა;
  • ერაზმუს+ პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს 5 600-მდე მოქალაქემ შეძლო, ხოლო 300-ზე მეტი ახალგაზრდა და ახალგაზრდული მუშაკი ჩაერთო ევროკავშირელ კოლეგებთან ერთად განხორციელებულ ერთობლივ საქმიანობაში;
  • 2018 წლიდან საქართველო მასპინძლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლას თბილისში. სკოლა აერთიანებს მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნებიდან და საშუალებას აძლევს მათ, მიიღონ ხარისხიანი და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება სრული დაფინანსებით.[4]

2011 წლის მაისში ევროკავშირმა შეაჩერა ორმხრივი თანამშრომლობა სირიის მთავრობასთან და, ამის პარალელურად, მიიღო კონკრეტული და მიზანმიმართული შემზღუდველი ზომები - სანქციები. შეწყდა სირიის მონაწილეობა რეგიონულ პროგრამებში, მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ აღარ გაიცემოდა სესხები და და სხვა სახის დახმარებები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი დახმარებას არ უწევს სირიის მოსახლეობას. ევროკავშირი გასცემს ჰუმანიტარული თუ არაჰუმანიტარული სახის დახმარებას სირიელებზე, რომლებიც ბინადრობენ როგორც სირიის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ, მაგალითად, ლიბანში, იორდანიაში, ერაყსა და თურქეთში. 2011 წლიდან დღემდე სირიის კრიზისთან საპასუხოდ ევროკავშირმა 24,9 მილიარდი ევრო გამოყო. [4]

ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთანამშრომლობის ჩარჩო მეტწილად ეფუძნება აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტებს: უფრო ძლიერი ეკონომიკა, უფრო ძლიერი მმართველობა, უფრო ძლიერი კავშირები და უფრო ძლიერი საზოგადოება. გარდა ამისა პარტნიორობა მოიცავს დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინსტიტუციური განვითარებისათვის.[4]

ტუნისსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა გამომდინარეობს ორივე მხარის იმ საერთო ინტერესიდან, რომ ტუნისი გაძლიერდეს როგორც კეთილდღეობის მომტანი და სტაბილური დემოკრატია. თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძველი გახლავთ ევროკავშირსა და ტუნის შორის 1995 წელს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება. 2011 წლის რევოლუციას გარდამტეხი როლი ჰქონდა ევროკავშირსა და ტუნისს რორის ურთიერთობებში. სწორედ 2011 წლის შემდგომ, ტუნისელი ხალხი აქტიურად ესწრაფვის თანამედროვე დემოკრატიას, რომელიც ემყარება თავისუფლებებს, ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ სამართლიანობას. ევროკავშირი წარმოადგენს ტუნისის მთავარ პარტნიორს ამ პროცესში: მან გამოიყენა ყველა თავისი ინსტრუმენტი ტუნისელი ხალხის მხარდასაჭერად, ეკონომიკური და სავაჭრო ინტეგრაციის გასაუმჯობესებლად, უსაფრთხოების განსამტკიცებლად და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად. 2011 წლიდან დღემდე, ევროკავშირის მიერ ტუნისის მიმართ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ შეადგინა თითქმის 3 მილიარდი ევრო.

ევროკავშირმა და ტუნისმა 2012 წელს ჩამოაყალიბეს პარტნიორობის ახალი ფორმა, რომელიც 2013-2017 წლების სამოქმედო გეგმაში აისახა. ევროკავშირის მხრიდან ტუნისთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და ქვეყნის მხარდაჭერის მზაობა კიდევ უფრო ხაზგასმით აღინიშნა 2016 წლის ერთობლივ დოკუმენტში ტუნისისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის გაძლიერება და, აგრეთვე, ევროკავშირ-ტუნისის ახალგაზრდული პარტნიორობის დაარსებით.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის გათვალისწინებით, 2018 წელს მიიღეს ევროკავშირ-ტუნისის სტრატეგიული პრიორიტეტების დოკუმენტი, როგორც ძირითადი სახელმძღვანელო ევროკავშირისა და ტუნისის მეტად დაახლოების გზაზე.[15]

ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობები განმტკიცებულია ასოცირების ხელშეკრულებით (AA), ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ჩათვლით. AA/DCFTA წარმოადგენს უკრაინის რეფორმების გეგმას, რომლის სისრულეში მოყვანაც დაიწყო 2013-2014 წლებიდან. თანამშრომლობა ემყარება საერთო ღირებულებებს და დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. პარტნიორობის საერთო მიზანს წარმოადგენს მხარეთა შორის უფრო ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია.

ევრომაიდანის ღირსების რევოლუციიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, უკრაინამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რეფორმების განხორციელების კუთხით. 2014 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად 200 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება მიემართება უკრაინისაკენ ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში, რათა ხელი შეეწყოს უკრაინის უფრო ძლიერი ეკონომიკის, უფრო ძლიერი მმართველობისა და უფრო ძლიერი საზოგადოების ფორმირებას.

ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფარგლებში, ევროკავშირის დახმარებას უკრაინის მიმართ კოორდინაციას უწევს ევროპული კომისიის უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფი (SGUA). უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ერთად, ევროპული კომისიის უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფი შეიმუშავებს დამხმარე პროგრამებს რეფორმების ძირითადი სფეროებისთვის (მაგალითად, დეცენტრალიზაციის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ან კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით), რომლებიც ხშირად თანადაფინანსებით ხორციელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ.

ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინა ჩაერთო ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებშიც, მაგალითად, ერაზმუს+ გაცვლით პროგრამებში, ჰორიზონტ 2020-სა და პროგრამაში „კრეატიული ევროპა“, რომელიც ხელს უწყობს კულტურული, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების განვითარებას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. აღნიშნული ფორმულირება არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ევროკავშირის მიერ პალესტინის სახელმწიფოს ცნობა, ვინაიდან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გააჩნიათ განსხვავებული პოზიციები პალესტინის სახელმწიფოებრიობის საკითხზე.
  2. JOINT COMMUNICATION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE COUNCIL, THE EUROPEAN ECONOMIC AND SOCIAL COMMITTEE AND THE COMMITTEE OF THE REGIONS, Review of the European Neighbourhood Policy
  3. 3.0 3.1 3.2 The European Neighbourhood Policy
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 European Neighbourhood Policy
  5. The European Neighbourhood Policy (ENP)
  6. JOINT REPORT TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE COUNCIL, THE EUROPEAN ECONOMIC AND SOCIAL COMMITTEE AND THE COMMITTEE OF THE REGIONS; Report on the Implementation of the European Neighbourhood Policy Review
  7. The European Parliament, „Resolution on the Post-Arab Spring: way forward for the Middle East and North Africa (MENA) region“
  8. The European Parliament, Recommendation to the Council, the Commission and the Vice-President of the Commission / High Representative of the Union for Foreign Affairs and Security Policy on the Eastern Partnership, in the run-up to the June 2020 Summit
  9. European Instrument for Democracy and Human Rights (EIDHR)
  10. EUR-Lex, Proposal for a REGULATION OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL establishing the Neighbourhood, Development and International Cooperation Instrument
  11. The European Commission, „Eastern Partnership policy beyond 2020“
  12. The European Council, „Remarks by President Charles Michel after the Eastern Partnership leaders’ video conference“
  13. Union for the Mediterranean (UfM)
  14. The European Commission, „Erasmus+ for higher education in Israel“
  15. Official Journal of the European Union, „DECISION No 1/2018 OF THE EU-TUNISIA ASSOCIATION COUNCIL adopting the EU-Tunisia strategic priorities for the period 2018-2020