ჟოზე რამუშ-ორტა (პორტ. José Manuel Ramos-Horta, დ. 26 დეკემბერი 1949, დილი) — აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან მეორე პრეზიდენტი. თანამდებობა ეკავა 2007 წლის 20 მაისიდან 2012 წლის 20 მაისამდე. 2022 წელს კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად და თანამდებობას დაიკავებს ამავე წლის 20 მაისს.[1]

ჟოზე რამუშ-ორტა
ჟოზე რამუშ-ორტა
აღმოსავლეთ ტიმორის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 მაისი, 2007 – 20 მაისი, 2012
წინამორბედიშანანა გუჟმაუ
მემკვიდრეტაურ მატან რუაკი

აღმოსავლეთ ტიმორის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ივნისი, 2006 – 19 მაისი, 2007
წინამორბედიმარი ალკატირი
მემკვიდრეესტანისლაუ და სილვა

დაბადებული26 დეკემბერი, 1949
დილი, აღმოსავლეთი ტიმორი
მოქალაქეობააღმოსავლეთ ტიმორის დროშა აღმოსავლეთი ტიმორი
მეუღლეანა პინტო
შვილებილორო ორტა
განათლებაკოლუმბიის უნივერსიტეტი
პროფესიაადვოკატი, იურისტი
რელიგიაკათოლიციზმი
ჯილდოებინობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია (1996)
ხელმოწერა

თავისუფლების ორდენის კავალერი. FReTiLIn-ის ერთ-ერთი დამაარსებელი. ინდონეზიისაგან აღმოსავლეთ ტიმორის გამოყოფისათვის ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი. ინდონეზიის მიერ ტიმორის ოკუპაციის პერიოდში ეკავა დევნილობაში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა (1975-1979 წწ.). 1988 წელს გამოვიდა რევოლუციური ფრონტიდან და გააგრძელა მოქმედება, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა.

1996 წელს კარლუშ ბელუსთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ნობელის მშვიდობის პრემია „მცირე ხალხების ჩაგვრის წინააღმდეგ დაუღალავი ძალისხმევისათვის“.

2002 წელს აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გახდა ახალი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი. აღმოსავლეთ ტიმორის კრიზისის დროს კი — პრემიერ-მინისტრი. 2008 წლის 11 თებერვალს აღმოსავლეთ ტიმორის ექსტრემისტული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული თავდასხმის შედეგად დაჭრეს.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1949 წლის 26 დეკემბერს დილიში. წარმოშობით მეტისია[2], მისი დედა ტიმორელია, ხოლო მამა — პორტუგალიელი, რომელიც სალაზარის დიქტატურის დროს გადაასახლეს ტიმორში. რამუშ-ორტას ჰყავდა 11 და-ძმა, რომელთაგან ოთხი მოკლეს ინდონეზიელმა სამხედროებმა.

განათლება მიიღო პატარა დასახლება სოიბადის კათოლიკურ მისიაში, შენობაში, რომელიც ინდონეზიის მიერ ოკუპაციის პერიოდში განმათავისუფლებელი ფრონტის შტაბ-ბინა იყო.

1983 წელს რამუშ-ორტამ შეისწავლა საერთაშორისო სამართალი საერთაშორისო სამართლის აკადემიაში. დაასრულა ანტიოქიის კოლეჯი იელოუ-სპრინგსში, ოჰაიო, სადაც 1984 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი. საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები შეისწავლა ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში, სტრასბურგში. ასპირანტურა დაასრულა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში. იგი არის ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ-ანტონის კოლეჯის უფროსი ასოცირებული წევრი. თავისუფლად საუბრობს ხით ენაზე. ფლობს პორტუგალიურს, ინგლისურს, ფრანგულს, ესპანურსა და აღმოსავლეთ ტიმორში ყველაზე მეტად გავრცელებულ ტეტუმის[3].

იმყოფება განქორწინებაში ანა პესოა პინტოსთან, რომელთანაც ჰყავს შვილი ლორო ორტა, რომელიც დევნილობისას დაიბადა მოზამბიკში.

როზა-მარია რამუშ-ორტა, ჟოზე რამუშ-ორტას უმცროსი და დაქორწინებულია ჟუან კარაშსალანზე, რომელიც არის ტიმორის დემოკრატიული კავშირის დამაარსებელი და ჟოზე რამუშ-ორტას პოლიტიკური ოპონენტი.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ჟოზე რამუშ-ორტა აქტიურად მონაწილეობდა პორტუგალიის ტიმორში პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებაში, რის გამოც იგი გადაასახლეს ორი წლით (1970-1971 წწ.) პორტუგალიის აღმოსავლეთ აფრიკაში, მოზამბიკში. მისი პაპაც, მანამდე, ასევე გადაასახლეს პორტუგალიიდან აზორის კუნძულებზე, შემდეგ კაბო-ვერდეში, გვინეა-ბისაუში და საბოლოოდ პორტუგალიის ტიმორში.

1975 წლის ნოემბერში იგი დაინიშნა აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად. ამ პერიოდისათვის იგი სულ 25 წლის იყო, მან აღმოსავლეთი ტიმორი დატოვა ორი დღით ადრე ვიდრე ქვეყანაში შეიჭრებოდა ინდონეზიის სამხედრო ძალები და დაიწყო ტიმორის ინტერესების დაცვა გაეროში.

რამუშ-ორტა ჩავიდა ნიუ-იორკში, რათა აპელაცია შეეტანა გაეროს უშიშროების საბჭოში და მოუწოდა მას ემსჯელათ ინდონეზიური ოკუპაციის პირობებზე, რომლის დროსაც, სხვადასხვა შეფასებით, აღმოსავლეთ ტიმორის დაახლოებით 102 000 ადამიანი დაიღუპა. ჟოზე რამუშ-ორტა მომდევნო ათი წლის განმავლობაში საკუთარი პარტიის მუდმივი წარმომადგენელი იყო გაეროში. მისი მეგობრები აღნიშნავდნენ, რომ იგი ამერიკაში ჩავიდა ჯობეში 25 დოლარით. მას ხშირად არ ჰყოფნიდა ფული ამ პერიოდში. იგი იმ ამერიკელების დამსახურებით გადარჩა, რომლებიც მის პოლიტიკურ ხედვას იზიარებდნენ. გარდა ამისა, იგი იძულებული იყო ემოგზაურა მთელს მსოფლიოში, რათა თავისი პარტიის პოზიციები ნათელი გაეხადა.

1993 წელს რაფტოს პრემია მიენიჭა აღმოსავლეთ ტიმორის ხალხს. დევნილობაში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოზე რამუშ-ორტა ტავის ერს წარმოადგენდა დაჯილდოების ცერემონიალზე. 1994 წლის მაისში ფილიპინების პრეზიდენტმა ფიდელ რამოსმა, ჯაკარტის გავლენით, სცადა აეკრძალა აღმოსავლეთ ტიმორის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის გამართვა მანილაში, რამუშ-ორტა შეიყვანა შავ სიაში, ხოლო ტაილანდის მთავრობამ ამავე წელს იგი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა[4].

1996 წელს ეპისკოპოს კარლუშ ბელუსთან ერთად მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია. ნობელის კომიტეტმა ეს ორი ადამიანი შეარჩია დაუღალავი ძალისხმევისათვის მცირე ერების ჩაგვრის წინააღმდეგ და იმედოვნებდნენ, რომ ეს ჯილდო სტიმულს მისცემდა აღმოსავლეთ ტიმორში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას, ხალხთა თვითგამორკვევის უფლების საფუძველზე. კომიტეტმა ჟოზე რამუშ-ორტას უწოდა „აღმოსავლეთ ტიმორის თვალსაჩინო წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე 1975 წლიდან“[5].

რამუშ-ორტა ასრულებდა წამყვან როლს დამოუკიდებლობის ინსტიტუციონალურ საფუძველზე მოლაპარაკებების დროს. იგი ხელმძღვანელობდა ტიმორის დელეგაციას 2000 წლის 1 მარტს გაეროს გარდამავალ ადმინისტრაციასთან მნიშვნელოვან ერთობლივი სემინარში, სადაც შეიმუშავეს ახალი სტრატეგიები. შედეგად შეიმუშავეს ადგილობრივი თვითმმართველობის გეგმა. უფრო დეტალური სტრატეგია შემუშავდა 2000 წლის მაისში ჩატარებულ კონფერენციაზე. გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ტიმორში სერჟიო ვიეირა დე მელომ წარმოადგინა ახალი პროექტი ლისაბონის დონორთა კონფერენციაზე 2000 წლის 22 ივნისს და უშიშროების საბჭოზე ამავე წლის 27 ივნისს. 12 ივლისს მიირეს გადაწყვეტილება გარდამავალი მთავრობის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ოთხი ტიმორელი და ოთხი გაეროს დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელი. განახლებულმა გაერთიანებულმა მთავრობამ საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის დამოუკიდებლობას. 2002 წელს აღმოსავლეთ ტიმორი დამოუკიდებლობას აცხადებს და 27 სექტემბერს გაეროს წევრიც ხდება. რამუშ-ორტა კი მისი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს.

2006 წლის 3 ივნისს წინამორბედი მინისტრის გადადგომის შემდეგ ხდება თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ამავე წლის 25 ივნისს იგი ტოვებს როგორც თავდაცვის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას. მან განაცხადა: „არ მინდა დაკავშირებული ვიყო ამჟამინდელ მთავრობასთან ან ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ალკატირი უდგას სათავეში“[6]. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დოუნერმა გამოხატა პირადი იმედგაცრუება რამუშ-ორტას გადადგომის გამო[7]. 26 ივნისს გადადგა მარი ალკატირი და პრემიერ-მინისტრი გახდა ჟოზე რამუშ-ორტა. 2006 წლის 8 ივლისს პრეზიდენტმა გუჟმაუმ იგი ოფიციალურად დანიშნა პრემიერ-მინისტრად.

პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე იგი განიხილებოდა გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის შემცვლელად[8]. 2007 წლის 25 თებერვალს რამუშ-ორტამ საკუთარი კანდიდატურა დაასახელა პრეზიდენტის თანამდებობაზე. მან მიიღო პრეზიდენტ გუჟმაუს მხარდაჭერა, რომელმაც გადაწყვიტა რომ ახალი ვადით კენჭს აღარ იყრიდა[9]. პირველ ტურში მიიღო ხმების 21,81 %, ხოლო მეორე ტურში — 69 % და 2007 წლის 20 მაისს იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას[10].

პრეზიდენტობა

რედაქტირება

ინაუგურაცია გაიმართა 2007 წლის 20 მაისს დილიში, პარლამენტის შენობაში. ჟოზე რამუშ-ორტამ ერთი დღით ადრე დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. პრემიერი გახდა ესტანისლაუ და სილვა.

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღო ხმების 19,43 % და დაიკავა მესამე ადგილი, მისმა კონკურენტებმა ფრანსისკო გუტერესმა და ტაურ მატან რუაკმა მიიღეს შესაბამისად 27,28 % და 24,17 %. რამუშ-ორტამ აღიარა დამარცხება და თანამდებობა დატოვა 2012 წლის 19 მაისს, მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაციაზე[11].

თავდასხმა

რედაქტირება

2008 წლის 11 თებერვალს მძიმედ დაჭრეს მუცელში თავდასხმის შედეგად, რომელიც განახორციელეს აღმოსავლეთ ტიმორის ექსტრემისტული ორგანიზაციის ბოევიკებმა. თავდასხმის დროს რამუშ-ორტას მცველი დაიჭრა, ხოლო ბოევიკთა ლიდერი ალფრედუ რეინადუ დაიღუპა[12][13]. მკვლელობის მცდელობის შემდეგ რამუშ-ოშტა დილიში მდებარე ავსტრალიის სამხედრო ბაზაში გადაიყვანეს, შემდეგ კი ავსტრალიაში, დარვინის სამეფო ჰოსპიტალში. მისი მდგომარეობა ექიმებმა მძიმედ, მაგრამ სტაბილურად შეაფასეს. იგი გადაიყვანეს ხელოვნურ კომაში, სხეულის სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად. აღნიშნული მდგომარეობიდან 21 თებერვალს გამოვიდა. ჰოსპიტალიდან გამოწერეს 19 მარტს, მაგრამ კიდევ რამდენიმე კვირა დარჩა ავსტრალიაში ფიზიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად. 17 აპრილს დაბრუნდა აღმოსავლეთ ტიმორში და აეროპორტშივე გამართა პრეს-კონფერენცია, რომელზეც მოუწოდა მთებში დარჩენილ აჯანყებულებს იარაღის დაყრისაკენ.

პრეზიდენტობის შემდეგ

რედაქტირება

2012 წელს, გვინეა-ბისაუს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, მას შესთავაზეს შუამავლობა კონფლიქტში. 2013 წლის 31 იანვრიდან იგი არის გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ქვეყანაში.[14]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. „Ramos-Horta wins Timor-Leste presidential election“. The Star. April 20, 2022. p. 1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 April 2022. ციტირების თარიღი: April 20, 2022.
  2. About Ramos-Horta. Dr. José Ramos-Horta International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-17. ციტირების თარიღი: 2012-03-18.
  3. www.etan.org(ინგლისური)
  4. Sonny Inbaraj Asean’s commitment to East Timor faces tough test Asia Times დაარქივებული 2000-09-29 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  5. The Norwegian Nobel Committee (2006). The Nobel Peace Prize 1996. Retrieved 26 June 2006.(ინგლისური)
  6. Australian Associated Press (2006). Timor’s foreign minister resigns. Retrieved 25 June 2006(ინგლისური)
  7. AM (2006). Downer disappointed by Horta resignation. Retrieved 26 June 2006(ინგლისური)
  8. UNSG.org (2006). Spec growing on Ramos-Horta დაარქივებული 2007-08-16 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 27 September 2006.(ინგლისური)
  9. «Nobel laureate Jose Ramos-Horta to run for president in East Timor», Associated Press (International Herald Tribune), 24 February 2007(ინგლისური)
  10. «Guterres congratulates Horta as new president of Timor-Leste», Xinhua (People’s Daily Online), 11 May 2007(ინგლისური)
  11. «East Timor President Jose Ramos-Horta admits poll defeat»(ინგლისური)
  12. „Ramos-Horta wounded“. The Sydney Morning Herald (ინგლისური). 2008-02-11. ციტირების თარიღი: 2008-02-11.
  13. „Ramos Horta wounded, Reinado dead in Timor attack“ (ინგლისური). Australian Broadcasting Corporation. 2008-02-11. ციტირების თარიღი: 2008-02-11.
  14. „E Timor's Jose Ramos-Horta gets UN Guinea-Bissau role“. BBC News. 1 January 2013.