შიმპანზე (Pan), ადამიანის მსგავსი მაიმუნების გვარი. მათი სხეულის სიგრძეა 150-165 სმ, მასა 45-80 კგ. წინა კიდურები უკანაზე უფრო გრძელია. შედარებით მოკლე ცერი დანარჩენ თითებს უპირისპირდება. აქვს დიდი ყურები, პატარა ცხვირი, დანაოჭებული სახე, შავი და უხეში ბეწვი. გვარში 2 სახეობაა: ჩვეულებრივი შიმპანზე (Pan troglodytes) და ჯუჯა შიმპანზე ანუ ბონობო (Pan paniscus). შიმპანზე გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში. ბინადრობს ტროპიკული წვიმის და მთის ტყეებში ზღვისდონიდან 3000 მ-მდე. ეწევა ნახევრად მეხეულ ცხოვრებას. მიწაზე დადის ოთხ ფეხზე, ეყრდნობა მთელ ტერფს, ზოგჯერ მოძრაობს ორ ფეხზეც. ხეებზე გადაადგილდება მოსაჭიდებელი მტევნების მეშვეობით. ბუნაგს ხეზე იკეთებს. (სრულად...)
ორანგუტანი (მალაიური orang-utan, სიტყვასიტყვით — ტყის კაცი) (Pongo pygmaeus), ადამიანის მსგავსი მაიმუნი. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანსა და კუნძულ სუმატრაზე. მამლის სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა — 100 (იშვიათად 250) კგ აღწევს. დედალი ტანად გაცილებით პატარაა. ხელების შლილი 3 მ-მდეა. აქვს გრძელი და განიერი მტევნები. ცერი რუდიმენტულია, ფეხები — შედარებით მოკლე. კუდი და საჯდომი კორძები არა აქვს. სახე ტიტველია. ცხოვრობს ტყეში. ხიდან მიწაზე იშვიათად ჩამოდის. მაკეობა 275 დღე გრძელდება. შობს ერთ ნაშიერს, რომელსაც ძუძუს აწოვებს 3-4 წლამდე, სქესობრივად მწიფდება 10-12 წლისა. ცოცხლობს 30 წლამდე. ღამის გასათევად ორანგუტანი ხეზე მიწის ზედაპირიდან 10-20 მ სიმაღლეზე იკეთებს ბუდეს. იკვებება მცენარეებით, ფრინველების კვერცხებით. ორანგუტანის დაჭერა აკრძალულია. (სრულად...)
გორილა (Gorilla gorilla), მაიმუნი პრიმატების რიგისა. მისი სიმაღლე 175 სმ აღწევს, ხელების შლილი 260 სმ, წონა - 135-180 კგ (ტყვეობაში 300 კგ-მდე). დედალი გაცილებით ნაკლები ზომისაა (იწონის 75-100 კგ, ტყვეობაში 126 კგ-მდე). გორილას ბალანი შავი აქვს, თხემზე წაბლისფერი, ზურგზე სიბერეში უჭაღარავდება. ტვინის ქალას მოცულობა 500-600 (ზოგისა 752) სმ3. ტვინი აგებულებით ადამიანის ტვინს უახლოვდება. (სრულად...)
ადამიანის მსგავსი მაიმუნები, ანთროპოიდები (ბერძნ. anthropos — ადამიანი და eidos — სახე), (Anthropomorphidae ანუ Pongidae), ცხვირვიწრო მაიმუნების ოჯახი პრიმატების რიგისა. ადამიანის მსგავსი მაიმუნებია: ადამიანთან განსაკუთრებით ახლო მდგომი გორილა, შიმპანზე და ორანგუტანი. გორილა და შიმპანზე აფრიკის ბინადრებია, ორანგუტანი კი აზიაში (კალიმანტანსა ანუ ბორნეოსა და სუმატრაზე) გვხვდება. ადამიანის მსგავსი მაიმუნები ცხოვრობენ უღრან ტროპიკულ ტყეებში, მეტწილად ხეებზე; (სრულად...)