გორილა (Gorilla gorilla), მაიმუნი პრიმატების რიგისა. მისი სიმაღლე 175 სმ აღწევს, ხელების შლილი 260 სმ, წონა - 135-180 კგ (ტყვეობაში 300 კგ-მდე). დედალი გაცილებით ნაკლები ზომისაა (იწონის 75-100 კგ, ტყვეობაში 126 კგ-მდე). გორილას ბალანი შავი აქვს, თხემზე წაბლისფერი, ზურგზე სიბერეში უჭაღარავდება. ტვინის ქალას მოცულობა 500-600 (ზოგისა 752) სმ3. ტვინი აგებულებით ადამიანის ტვინს უახლოვდება. ზედა კიდურები ქვედაზე გრძელია. ადამიანთან მსგავსებას ნაწილობრივ განაპირობებს ხმელეთზე ცხოვრების ნირი. გორილა გავრცელებულია ეკვატორულ აფრიკაში. ცხოვრობს ტროპიკულ ტყეებში ხროვებად, რომლებსაც მეთაურობენ ძლიერი მამლები. დადის ოთხ ფეხზე. იკვებება მცენარეთა ნაყოფით, კენკრით და სხვა. მაკეობა 250-290 დღე გრძელდება. ახლად დაბადებული გორილა 2 კგ-მდე იწონის. ცოცხლობს 25-30 წელი. ტყვეობას კარგად იტანს, მრავლდება. სპორტული ნადირობის შედეგად გორილა მრავალ ადგილას მოისპო, ამიტომ ყველგან იცავენ.

გორილა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ოჯახი:  პონგოსებრნი
სახეობა:  გორილა
ლათინური სახელი
Gorilla gorilla

ლიტერატურა რედაქტირება

  • Шаллер Д. Б., Год под знаком гопиллы, пер. с англ., М., 1968;
  • ქსე, ტ. 3, გვ. 226, თბ., 1978