ციცერონი

(გადამისამართდა გვერდიდან მარკუს ტულიუს ციცერონი)

მარკუს ტულიუს ციცერონი (ლათ. Marcus Tullius Cicero; დ. 3 იანვარი, ძვ. წ. 106, არპინუმი, იტალია — გ. 7 დეკემბერი, ძვ. წ. 43, ფორმია, იტალია) — რომაელი პოლიტიკოსი, ადვოკატი და პოლიტიკური მოაზროვნე, ძველი რომის ყველაზე სახელგანთქმული ორატორი და კონსული ძვ. წ. 63 წელს.

ციცერონი

ბიოგრაფია

რედაქტირება

გამოჩენილი რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი, ფილოლოგი, მწერალი, პოეტი, ფილოსოფოსი, მხედართმთავარი, ორატორი და ადვოკატი - მარკუს ტულიუს ციცერონი დაიბადა ძვ. წ. 106 წლის 3 იანვარს, იტალიის პროვინციულ ქ. არპინუმში. ჩვენამდე მოღწეულია მრავალი მისი სიტყვა, ფილოსოფიური ნაშრომი და კერძო წერილი. მიტილენელი ფილოსოფოსი კრატიპე მოღვაწეობდა ათენში. იგი ზრდიდა ციცერონის შვილს — მარკუს ტულიუს ციცერონ უმცროსს.

ადრეული მოღვაწეობა

რედაქტირება

წარმოშობით ციცერონი ტულიუსების პლებეურ გვარს ეკუთვნოდა. მამამისი მხედართა წრის წევრი იყო და საშუალო ზომის მამულს ფლობდა არპინუმთან ახლოს. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ ციცერონი, მის ძმასთან - კვინტუსთან ერთად მამამ რომში გადაიყვანა სასწავლებლად. რომში ციცერონი სწავლობდა რიტორიკას, რომაულ სამართალს, პოეზიას და ფილოსოფიას. მისი მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი ბერძენი ორატორები და ფილოსოფოსები. დიდი ორატორული ნიჭით დაჯილდოებულმა ციცერონმა ახალგაზრდობაშივე შექმნა და შემდგომში განავითარა საორატორო ხელოვნების საკუთარი თეორია. თავად იულიუს კეისარი — უნიჭიერესი ორატორი და ციცერონის პოლიტიკური მოწინააღმდეგე აღიარებდა ციცერონის სიტყვის იშვიათ მრავალფეროვნებას. სამხედრო სამსახური ციცერონმა ადრე, 16 წ. ასაკში დაიწყო. სამოქალაქო ომის პერიოდში (სულას და მარიუსის დაპირისპირებისას) ციცერონმა სამხედრო სამსახური მიატოვა და მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო. გადმოცემის მიხედვით, პოეტურ ხელოვნებას ციცერონი აზიარა ბერძენმა პოეტმა და რომაელმა მოქალაქემ ავლუს ლიცინიუს არქიამ. 61 წელს უკვე სახელმოხვეჭილმა ციცერონმა არქიას დასაცავად ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა. ეს სიტყვა (Pro Archia Poeta) ჩვენამდე მოღწეულია. ჩვენამდე ეს პოემა არ შემონახულა. საერთოდ, ციცერონის პოეტური შემოქმედებიდან ფრიად ძუნწი ფრაგმენტებია მოღწეული.

საადვოკატო მოღვაწეობა

რედაქტირება

სულას გამარჯვების შემდეგ ციცერონმა საადვოკატო მოღვაწეობა დაიწყო. ციცერონი არ ერიდებოდა სულას და პროცესებზე მისი დიქტატორულ რეჟიმის საგრძნობი კრიტიკით გამოდიოდა. აღსანიშნავია მის მიერ წარმოთქმული სიტყვები პუბლიუს კვინქციუსის დასაცავად, რომელიც სულას რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო (Pro Qunctio). ამ პროცესზე ციცერონმა ამხილა სულას ერთ-ერთი დამქაში ქრიზოგენი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა რომი. აღსანიშნავია აგრეთვე, როსციუსის პროცესზე წარმოთქმული სიტყვები (Pro Roscio Amerino). ციცერონმა ამ პროცესებზე სულას დიქტატურა უმთავრესად დემოკრატიული წრეების პოზიციიდან ძალზედ გაბედულად და მოხერხებულად გააკრიტიკა. ციცერონი იმ დროისთვის მხოლოდ 26 წლის იყო. ამ პროცესებმა ციცერონს სახელი გაუთქვა, როგორც შეუპოვარ, სამართლიან, კეთილსინდისიერ და მოუსყიდავ სახალხო დამცველს. ციცერონი ის პიროვნება იყო, რომელსაც შეეძლო ეთქვა: „Ego meum intellegere nulla pecunia vendo“ (ლათ. „მე ჩემს სინდისს არავითარ ფულზე არ ვცვლი“). პლუტარქეს ცნობით, ციცერონმა, სულას შიშით, რომი დატოვა და საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც საუკეთესო სწავლულთ და ორატორებს უსმენდა.

პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება

ძვ. წ. 78 სულას სიკვდილის შემდეგ ციცერონი კვლავ დაბრუნდა რომში, სადაც პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. 75 წელს იგი კვესტორის თანამდებობაზე დაინიშნა სიცილიაში. თავიდან, მას შევიწროვებული და დაჩაგრული მოსახლეობა უნდობლობით შეხვდა, მაგრამ, მერე, როდესაც გამოსცადეს ციცერონის უწყინარი ხასიათი, მისი მზრუნველობა და სამართლიანობა, ისეთი პატივიცემით ეპყრობოდნენ, როგორიც არასდროს არ ღირსებია სხვა რომელიმე თანამდებობის პირს (Plut. Cicero, 6). ქვესტორის მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებას უდავო მნიშვნელობა ჰქონდა ციცერონის მოღვაწეობის მომდევნო პერიოდში. ძვ. წ. 69 ციცერონი ედილად იქნა არჩეული. აღსანიშნავია ციცერონის გამოსვლა სიცილიის ყოფილი გამგებლის ვერესის წინააღმდეგ. ვერესი 3 წლის განმავლობაში პროპრეტორის მოვალეობას ასრულებდა სიცილიაში და ამ დროის განმავლობაში ხალხის სამართლიანი უკმაყოფილება და დიდი სიძულვილი დაიმსახურა. ვერესი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ადგილობრივი მოსახლეობისადმი უხეში მოპყრობით, ძალმომრეობითა და სისასტიკით; მრუშობით, ტაძართა ძარცვით და სხვ. სიცილიელებმა თხოვნით მიმართეს ციცერონს დაეცვა მათი ინტერესები და გამოსულიყო ამ ბოროტმოქმედი პროპრეტორის ბრალმდებლად. ციცერონმა თავისი მოვალეობა ბრწყინვალედ შეასრულა. მისი სიტყვები ვერესის წინააღმდეგ გამოირჩევა გონებანახვილობით, ღრმა შინაარსით და მაღალმხატვრულობით. „ჩვენ, პროვინციაში ხანდახან ისეთ გამგებლებს ვაგზავნიდით, რომ მათი მოქმედება მცირედ თუ განსხვავდებოდა მტერთა შემოსევებისაგან...“ აღნიშნავს ერთგან ციცერონი. ციცერონმა ვერესის პროცესზე მხოლოდ ორი დივინაციო და ერთი სიტყვა წარმოთქვა, დანარჩენი ხუთი კი ლიტერატურულად დაამუშავა და შემდგომში გამოსცა სათაურით „Actio Secunda In Verrem“. ვერესის პროცესმა ციცერონს უფრო მეტად განუთქვა სახელი. ამ პერიოდში ციცერონი დაუახლოვდა გამოჩენილ სარდალსა და სახელმწიფო მოღვაწეს - გნეუს პომპეუსს, რომელთანაც მან მეგობრული ურთიერთობა ჯერ კიდევ ჯარში სამსახურის დროს დაამყარა. 66 წელს პომპეუსის მომხრეთა დახმარებით და პირადი პოპულარობის წყალობით ციცერონი პრეტორად იქნა არჩეული. ამ პერიოდში ძალზედ დაძაბული ვითარება შეიქმნა აღმოსავლეთში. 74 წლიდან მიმდინარეობდა მითრიდატეს მესამე ომი. რომაელთა პირველი გამარჯვებანი თანდათან მარცხმა შეცვალა. სახალხო ტრიბუნბა მანილიუსმა კომიციებში წინადადება შეიტანა მითრიდატესთან ომში უმაღლესი მთავარსარდლობა პომპეუსისთვის გადაეცათ. ციცერონმა აქტიურად დაუჭირა მხარი მანილიუსის კანონს (De Imperio Pompeii). ციცერონმა სენატში ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა პომპეუსის მხარდასაჭერად. საბოლოოდ, მანილიუსის კანონი ძალაში შევიდა და პომპეუსმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები აღმოსავლეთში (ძვ. წ. 65 პომპეუსმა იბერიასა და კოლხეთშიც გაილაშქრა).

კატილინას შეთქმულება

რედაქტირება

ძვ.წ. 63 ციცერონი კონსულად იქნა არჩეული. ამ პერიოდში ციცერონმა კატილინას შეთქმულება გამოააშკარავა. კატილინა, ყოფილი სულანელი, სამხედრო გადატრიალების გზით ცდილობდა ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ზოგიერთი მონაცემით კატილინას შეთქმულებაში მოაწილეობდნენ კრასუსი და ახალგაზრდა იულიუს კეისარი. კატილინას ძირითადი მიზანი ვალთა კასაცია იყო, რომელიც ძალზედ აქტუალური პრობლემა იყო რომში სამოქალაქო ომის შემდეგაც. ციცერონმა კატილინას წინააღმდეგ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა სენატში. ციცერონთან ერთად კატილინარიების წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა მარკუს პორციუს კატონიც. ციცერონმა შეიპყრო და ამხილა რამდენიმე შეთქმული, რომლებიც შემდეგ სენატის დადგენილებით, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასაჯეს მამერტინის ციხეში. კატილინა იძულებული იყო დაეწყო სამხედრო მოქმედებები. ქ. პისტორიასთან გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა სენატის ჯარებსა და კატილინას შორის. როდესაც კატილინას, სალუსტიუსის სიტყვით დაუნახავს, რომ მისი ჯარი უკვე დამარცხებულია და ის მცირერიცხოვანი მეომრების ამარა რჩება, მოგონებია თავისი წარმოშობა და წინანდელი ღირსება, შეჭრილა მტრის შემჭიდროებულ რიგებში და განგმირული დაცემულა. ციცერონის დამსახურება კატილინას შეთქმულების გამოაშკარავებაში უდიდესი იყო. ციცერონი სენატის სხდომაზე „სამშობლოს მამად“ გამოაცხადეს (Pater Patriae). თვითონ ციცერონი კი ამბობს, რომ „სამშობლოს მამა“ (Pater Patriae) მას უწოდა სენატორმა კატულუსმა.

ციცერონის გაძევება

რედაქტირება

ძვ. წ. 60 რომში მოქმედებდა პირველი ტრიუმვირატი (სამი უძლიერსი პიროვნების კავშირი - კეისრის, კრასუსის და პომპეუსის). ამ კავშირს მათმა დიდმა მოწინააღმდეგე ციცერონმა „სამთავიანი ურჩხული“ შეარქვა. 58 წ. კეისრის ხელშეწყობით სახალხო ტრიბუნად დაინიშნა პუბლიუს პულხერი - ციცერონის პირადი მტერი და პოლიტიკური მოწინააღმდეგე. მან კომიციებს დაამტკიცებინა კანონპროექტი, რომელიც გაძევებით ემუქრებოდა ყველას, ვინც სასამართლოს გარეშე დასაჯა რომაელი მოქალაქე (კატილინას შეთქმულების მონაწილეები ციცერონმა მხოლოდ სენატის დადგენილების, და არა სასამართლო განაჩენის საფუძველზე დასაჯა). კანონპროექტი, ცხადია, პირადად ციცერონის წინააღმდეგი იყო მიმართული. სენატი უძლური აღმოჩნდა წინააღმდეგობა გაეწია ტრიუმვირატისათვის; კლოდიუსმა შეიარაღებული რაზმით სენატის შენობას ალყა შემოარტყა. ბევრმა სენატორმა და მხედართა წოდების წარმომადგენელმა სამგლოვიარო ტანსაცმელი ჩაიცვეს და რომში უბან-უბან იწყეს სიარული ხალხისადმი მუდარით, რომ როგორმე დაეცვათ ციცერონი. ყოველივვე უშედეგო აღმოჩნდა და ციცერონმა რომი ნებაყოფლობით დასტოვა. კლოდიუსმა კომიციებში გაატარა ქონების კონფისკაციის კანონიც; ციცერონის ყველა აგარაკი დაანგრია, ხოლო მისი სახლი პალატინზე დაწვა და მის ადგილზე თავისუფლების ტაძარი (რომი) ააგო.

ციცერონის სიცოცხლის უკანასკნელი წლები და ტრაგიკული აღსასრული

რედაქტირება

ციცერონის დასაბრუნებლად სენატში მრავლად შედიოდა პეტიციები იტალიის ქალაქებიდან. ამ პერიოდში ძალზედ გაუარესდა დამოკიდებულება კლოდიუსსა და პომპეუსს შორის. რომში შეიარაღებული შეტაკებებიც დაიწყო კლოდიუსსა და სენატის მომხრე სახალხო ტრიბუნ მილონს შორის. რომი შინაურ შფოთს მოეცვა. პომპეუსმა ინანა ციცერონის გაძევება და დაიწყო მზადება მის დასაბრუნებლად. პომპეუსი, სხვათა შორის, ციცერონის ძმას - კვინტუს დაუკაშირდა და ხალხისადმი მისამართად, ფორუმზე გამოიყვანა. საბოლოოდ, ძვ. წ. 57 აგვისტოში ციცერონის გაძევების კანონი გაუქმებულ იქნა და იგი რომში დაბრუნდა. მოსახლეობა მას დიდი ოვაციებით შეხვდა. ციცერონს გულთბილად მიეგება კრასუსიც, რომელიც მას ადრე მტრობდა. ციცერონის სახლი და აგარაკები სახელმწიფო ანგარიშზე აღადგინეს. რომში წესრიგის აღსადგენად სენატმა საგანგებო უფლებები მიანიჭა პომპეუსს. მილონი სასამართლოს გადაცეს, სადაც მის დასაცავად გამოვიდა ციცერონი. მიუხედავად ამისა, მილონი დამნაშავედ ცნეს და რომიდან გააძევეს. ამის შემდეგ ციცერონი დროებით ჩამოშორდა პოლოტიკურ მოღვაწეობას და ლიტერატურულ მუშაობას შეუდგა. 54 წ. მან დაიწყო თავისი ცნობილი ტრაქტატი De Republica, რომელიც 51 წ. გამოაქვეყნა. 51 წ. ციცერონის საგამგებლოდ კილიკია ერგო პროკონსულის წოდებით. აქ მან გაილაშქრა მთებში მობინადრე ყაჩაღების წინააღმდეგ და უკუაქცია ისინი. თუმც, რომში დაბრუნებულს ტრიუმფის უფლება არ მისცეს და ციცერონი მხოლოდ სამადლობელი პარაკლისის გადახდით დაკმაყოფილდა. 49 წ. კეისარსა და პომპეუსს შორის დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. ციცერონი ყოველმხრივ ცდილობდა მათ შორის მშვიდობიანი დამიკიდებულება აღედგინა, მაგრამ უშედეგოდ. იულიუს კეისარი მდ. რუბიკონი გადალახა, რითაც სამოქალაქო ომი დაიწყო. ბოლოს ციცერონმა, თავისი რესპუბლიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, ისევ პომპეუსის მხარე დაიჭირა და მის ჯარს გაჰყვა საბერძნეთში. ფარსალოსთან ბრძოლაში ციცერონს მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო როდესაც პომპეუსი გაიქცა, მას დარჩენილი ჯარისა და ფლოტის ხელმძღვანელობა დაავალეს, ციცერონმა უარი განაცხადა, რის გამოც იგი კინაღამ მოკლეს. ციცერონი ბუნებით სულაც არ იყო ჯარისკაცი; მას ომი სძულდა და ხმალს ხელში იღებდა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. ციცერონი იტალიაში დაბრუნდა და კეისართან შეხვედრის მღელვარე მოლოდინში რამდენიმე თვე გაატარა. მისმა თანამებრძოლმა მარკუს პორციუს კატონმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ციცერონმა პირად ცხოვრებაშიც ბევრი მწუხარება განიცადა: ცოლმა ქონების დიდი ნაწილი გაფლანგა, რაც საბოლოოდ განქორწინებამდე მივიდა.; უდროოდ გარდაეცვალა საყვარელი ქალიშვილი ტულია (ძვ. წ. 45), რამაც მასზე შემაძრწუნებელი გავლენა მოახდინა. ბოლოს, დიდი მოლოდინის შემდეგ გაიმართა ციცერონის შეხვედრა მსოფლიოს უძლიერეს ადამიანთან - რომის ერთპიროვნულ მმართველთან - გაიუს იულიუს კეისართან. კეისარი პირადად ესტუმრა ციცერონს პუტეოლში, სადაც მას საუცხოო აგარაკი ჰქონდა. შემდგომში, ციცერონი თავის მეგობარ ატიკუსს მისწერს: „ჩვენ, მე და კეისარს, პოლიტიკაზე სიტყვაც კი არ დაგვიძრავს; სამაგიეროდ ბევრი ვისაუბრეთ ლიტერატურაზე...“ (Ad Atticum ). კეისარმა ციცერონი შეიწყალა. ამის შემდეგ იგი ტუსკულუმში დაბრუნდა, სადაც ლიტერატორულ-მეცნიერული მუშაობა განაგრძო. როდესაც კეისრის წინააღმდეგ რესპუბლიკელებმა შეთქმულება დაიწყეს რომში, ციცერონს არაფერი არ აცნობეს. პლუტარქეს სიტყვით შეთქმულები მას არ ენდნენ მერყევი ხასიათის გამო. თუმს, კეისრის მკვლელობის შემდეგ ციცერონმა კვლავ აქტიური მოღვაწეობა დაიწყო სახელმწიფო ცხოვრებაში და სათავეშო ჩაუდგა სენატორთა პარტიას. ციცერონს იმედი გაუჩნდა, რომ დიქტატორის მოკვლის შემდეგ კვლავ აღდგებოდა თავისუფალი რესპუბლიკა (Republica Libera). კეისრის შემდეგ რესპუბლიკის უმთავრეს მტრად ციცერონი მარკუს ანტონიუსს თვლიდა. მან, დემოსთენეს მიბაძვით ანტონიუსის საწინააღმდეგოდ 14 სიტყვა ე.წ. „ფილიპიკები“ წარმოთქვა სენატში. ამ პერიოდში ციცერონი დაუახლოვდა კეისრის დისშვილს ოქტავიანეს (მომავალში იმპერატორ ავგუსტუსს). ციცერონი ოქტავიანეს გამოყენებას აპირებდა ანტონიუსთან ბრძოლაში. თუმც, პლუტარქეს სიტყვებით ციცერონი დიდებისკენ სწრაფვამ დააახლოვა ოქტავიანესთან. ოქტავიანემ კი თავის სასარგებლოდ გამოიყენა მასთან ურთიერთობა. საბოლოოდ, ანტონიუსი და ოქტავიანე გაერთიანდნენ და ერთად დაიწყეს ბრძოლა კეისრის მტრების - სენატის და რესპუბლიკელთა წინააღმდეგ. 43 წ. შეიქმნა მეორე ტრიუმვირატი. ტრიუმვირებმა კორნელიუს სულას მიბაძეს და მოწინააღმდეგეთა გასანადგურებლად და მათი ქონების დასაუფლებლად პროსკრიბციების (შავი სიების) გამოქვეყნება დაიწყეს. ანტონიუსის დაჟინებული მოთხოვნით ციცერონი პირველი შეიტანეს სიაში. ოქტავიანე ერთხანს ყოყმანობდა, მაგრამ მერე იძულებული გახდა დაეთმო ანტონიუსისთვის. ციცერონმა მოასწრო გაქცევა, მაგრამ იგი ღალატით ჩაუვარდა ხელში მტრებს. ძვ. წ. 43, 7 დეკემბერს ციცერონი ვერაგულად იქნა მოკლული. დაიღუპა მისი ძმა კვინტუსიც. სისხლიან პროსკრიბციებს ასობით სხვა ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა. ანტონიუსის ბრძანებით ციცერონს თავი და მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს, რითაც იგი თავის ცნობილ ფილიპიკებს წერდა. ციცერონის წამებული ნაშთები სენატში, საორატორო ტრიბუნაზე გამოფინეს. ეს შემაძრწუნებელი სანახაობა იყო რომაელთათვის. ასე დაასრულა მშფოთვარე და წინააღმდეგობებით აღსავსე სიცოცხლე უდიდესმა რომაელმა მოაზროვნემ, ორატორმა და კულტურულმა მოღვაწემ მარკუს ტულიუს ციცერონმა.

ციცერონი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა რომის სახელმწიფოს ისტორიაში. მისი ნაშრომები ფასდაუდებელი წყაროებია ისტორიის მკვლევართათვის.

შემოქმედება

რედაქტირება

ციცერონის ნაშრომები და სასამართლო პროცესები (ქრონოლოგიურად)

რედაქტირება
 
Opera omnia, 1566
  • Pro P. Quinctio (ძვ.წ. 81) (ორიგინალი ლათინურ ენაზე)
  • Pro Sex. Roscio Amerino (ძვ.წ. 80)
  • Pro Q. Roscio Comoedo
  • Divinatio in Caecilium
  • In Verrem, actio l (ძვ.წ. 69) (ორიგინალი ლათინურ ენაზე)
  • In Verrem, actio ll
  • Pro A. Caecina
  • Pro M. Fonteio
  • Pro M. Tullio
  • Pro Cluentio
  • Pro Lege Manilia (ძვ.წ. 66)
  • In Catilinam I (ძვ.წ. 63)
  • In Catilinam II
  • In Catilinam III
  • In Catilinam IV
  • Pro Murena
  • Pro C. Rabirio perduellionis
  • De Lege Agraria
  • Pro Archia
  • Pro Sulla
  • Pro Flacco
  • De Domo Sua
  • Post Reditum ad Quirites
  • Post Reditum ad Senatum (ძვ.წ. 57)
  • Pro Balbo
  • Pro Caelio
  • Pro Sestio
  • In Vatinium
  • De Haruspicum Responsis
  • De Provinciis Consularibus
  • De Oratore (ძვ.წ. 55)
  • In Pisonem
  • Pro Plancio
  • Pro C. Rabirio Postumo
  • Pro Milone
  • De Republica (ძვ.წ. 51)
  • De Legibus
  • Brutus (ძვ.წ. 46)
  • Commentariolum Petitionis
  • De Optimo Genere Oratorum
  • Orator
  • Paradoxa Stoicorum
  • Pro Ligario
  • Pro Marcello
  • Academica
  • De Finibus
  • De Natura Deorum
  • Disputationes Tusculanae
  • Pro Rege Deiotaro
  • Topica
  • De Senectute
  • De Amicitia (ძვ.წ. 44)
  • De Divinatione
  • De Officiis
  • Philippicae (ძვ.წ. 44-43)

ეპისტოლეები

რედაქტირება
  • Ad Atticum
  • Ad Familiares
  • Ad Quintum
  • Ad Brutum

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: