მარკუს ლიცინიუს კრასუსი (დ. ძვ. წ. 115 — გ. ძვ. წ. 53) — რომაელი მთავარსარდალი და სახელმწიფო მოღვაწე. დიქტატორ სულას მომხრე და სპარტაკის აჯანყების ჩამხშობი. ძვ. წ. 60 კრასუსმა, პომპეუსმა და კეისარმა დადეს საიდულო გარიგება, რომელიც პირველი ტრიუმვირატის სახელით არის ცნობილი ისტორიაში. კრასუსი ამავე დროს იყო რომის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. სხვადასხვა წყაროს ცნობებით ის ფლობდა 200 მილიონ სესტერციუმს (ჟურნალ ფორბსის 2008 წ. თებერვლის გამოშვების მიხედვით 169.8 მილიარდი დოლარი).

მარკუს ლიცინიუს კრასუსი

ომი პართიასთან

რედაქტირება

ძვ. წ. 54 წ. დაიწყო კრასუსის ექსპედიცია პართიაში, რომელიც რომაელთა კატასტროფით დამთავრდა. კრასუსი მესოპოტამიაში შეიჭრა და რამდენიმე ქალაქი აიღო, გამოსაზამთრებლად კი ისევ სირიაში დაბრუნდა, შემდგომ 53 წელს კრასუსმა ხელმეორედ გაილაშქრა პართიელთა წინააღმდეგ. რომაელებს პართიელებთან ბრძოლაში აკლდათ უმთავრესი — კავალერია. კრასუსი, ამასთან ერთად გადამეტებით აფასებდა რომაელთა შესაძლებლობებს. ძვ. წ. 53 ს. კარრთან ახლოს მოხდა გადამწყვეტი შეტაკება რომალებსა და პართიელებს შორის. პართიულმა კავალერიამ დაჯაბნა რომაული ლეგიონები. ალყაში მოქცეული კრასუსი და მისი ჯარი იტანჯებოდნენ სიცხისა და წყურვილისაგან. ბრძოლაში დაიღუპა კრასუსის შვილი მამაცი პუბლიუსი. დაიღუპა თავად კრასუსიც, რომელსაც თავი მოკვეთეს და ოროდ II გაუგზავნეს. კარრის ბრძოლა იყო პირველი სერიოზული შეტაკება ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის. კრასუსის შემდგომ პართიის საკითხი უმთავრეს როლს თამაშობდა რომის საგარეო პოლიტიკაში.

თანამედროვე ისტორიოგრაფია

1950 წ. მეცნიერებმა საინტერესო ფაქტებს მიაგნეს. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰომერ დაბსმა (Homer Dubss) გამოაქვეყნა სამეცნიერო კვლევათა პირველი დოკუმენტები. როგორც გაირკვა, რომაული არმია მთლიანად არ განადგურებულა. კარრის ბრძოლას გადაურჩა 150-მდე ლეგიონერი, რომლებიც რომში აღარ დაბრუნდნენ და აღმოსავლეთისკენ გააგრძელეს გზა. ისინი დაქირავებულ საბრძოლო ჯგუფს წარმოადგენდნენ; ასევე წვრთნინდნენ სხვადასხვა ქვეყნის ჯარებს. 2007 წ. მეცნიერებმა მოინახულეს ჩინური სოფელი ლაქიანი გობის უდაბნოს მახლობლად, სადაც, გადმოცემით სახლობდნენ რომაელი ლეგიონერები. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ ქერა თმები, ლურჯი და მწვანე თვალები და ჩინელებისთვის არადამახასიათებელი ცხვირის ფორმები. ჩინურ წყაროებში არსებობს ცნობები, რომ ჰანის დინასტიის ჩინეთის არმიის გენერალი ჩენგ ტანგი შეებრძოლა „კუს საბრძოლო წყობის“ (რომაულ ლეგიონერთა ცნობილი საბრძოლო ფორმირება) რაზმს და ტყვედ აიყვანა. ჩინელები ისე მოხიბლულან ლეგიონერთა ბრძოლის ხერხებით, რომ ისინი გაათავისუფლეს და თავიანთ არმიაში მიიღეს. სწორედ რომაელთა დახმარებით აიღეს ჩინელებმა ქალაქი განსუ, რომელსაც შემდგომში უწოდეს ახალი სახელი „ლი-ჟიენ“, რაც ფონოლოგიურად ძლიერ წააგავს „ლეგიონს“. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მეცნიერებმა მოიპოვეს რომაული მონეტები და რკინის ჩაფხუტი, რომელსაც ჩინურად აწერია „ტყვე“.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სანიკიძე, ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 19.
  • სანიკიძე, ლ. „მარიუსი და სულა“, თბილისი, 1970
  • წერეთელი, ა. ძველი რომი, ნაწილი 2, თბილისი, 1961