შიმონ პერესი

(გადამისამართდა გვერდიდან პერესი, შიმონ)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 31 ოქტომბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

შიმონ პერესი (ებრ. שמעון פרס, არაბ. شمعون بيرس, დაბადებით Szymon Perski; დ. 2 აგვისტო, 1923, აღმოსავლეთი პოლონეთი — გ. 28 სექტემბერი, 2016, თელ-ავივი, ისრაელი) — ისრაელის სახელმწიფო მოღვაწე, რომლის პოლიტიკური კარიერა 65 წელზე მეტს ითვლის. 1984-1986 და 1995-1996 წლებში იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი. 2007 წლის ივნისში აირჩიეს ისრაელის პრეზიდენტად. ეს პოსტი ოფიციალურად დაიკავა 2007 წლის 16 ივლისს. შიმონ პერესი იყო ისრაელის მეცხრე პრეზიდენტი, 2007-14 წლებში. ასევე გახლდათ პრემიერ-მინისტრი (ორჯერ) და დროებითი პრემიერ-მინისტრიც 1970-90 წლების პერიოდში. პერესი, საკუთარი კარიერის მანძილზე, თორმეტი კაბინეტის წევრი გახლდათ და წარმოადგენდა ხუთ პოლიტიკურ პარტიას. შიმონ პერესი 1959 წლის ნოემბერში აირჩიეს ქნესეტში, 2006 წელს სამთვიანი შეფერხების მიუხედავად, მას ეს თანამდებოდა უწყვეტად ეკავა, სანამ 2007 წლის 13 ივნისს პრეზიდენტად არ აირჩიეს (ეს მოხდა ქნესეთის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით - 58 ხმით). 2014 წელს, პენსიაზე გასვლისას, პერესი ითვლებოდა უხუცეს სახელმწიფო მეთაურად, რომელიც ისრაელს აქამდე ჰყოლია.

შიმონ პერესი
შიმონ პერესი
ისრაელის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ივლისი, 2007 – 24 ივლისი, 2014
წინამორბედიმოშე კაცავი
მემკვიდრერუვენ რივლინი

ისრაელის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ნოემბერი, 1995 – 18 ივნისი, 1996
პრეზიდენტიეზერ ვეიცმანი
წინამორბედიიცხაკ რაბინი
მემკვიდრებენჯამინ ნეთანიაჰუ
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 სექტემბერი, 1984 – 20 ოქტომბერი, 1986
პრეზიდენტიხაიმ ჰერცოგი
წინამორბედიიცხაკ შამირი
მემკვიდრეიცხაკ შამირი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 აპრილი, 1977 – 21 ივნისი, 1977
წინამორბედიეფრაიმ კაცირი
მემკვიდრეიცხაკ რაბინი

დაბადებული2 აგვისტო, 1923
ვიშნიევა, პოლონეთი
(ამჟამად ბელარუსი)
გარდაცვლილი28 სექტემბერი, 2016 (93 წლის)
რამათ-განი, ისრაელი
მეუღლესონია გელმანი
შვილები3
ხელმოწერა

მცირე ასაკიდანვე შიმონ პერესი განთქმული იყო ორატორობით. ის აირჩია პროტეჟედ დავიდ ბენ-გურიონმა. მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1940-იანი წლების ბოლოს, 1948 წლის არაბეთ-ისრაელის ომის დროს მას ეკავა მრავალი დიპლომატიური თუ სამხედრო თანამდებობა. მისი პირველი მაღალი დონის სამთავრობო თანამდებობა გახლდათ - თავდაცვის გენერალური დირექტორის მოადგილე, 1952 წელს, როცა სულ რაღაც 28 წლის იყო, ხოლო დირექტორი გახლდათ 1953-59 წლებში. 1956-ში შიმონი მონაწილეობდა ისტორიულ მოლაპარაკებებში სევრეს პროტოკოლის შესახებ, რომლის ავტორი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ენტონი იდენი გახლდათ . 1963 წელს პერესმა მოლაპარაკებები გამართა აშშ-ს პრეზიდენტ - ჯონ კენედისთან, რის შემდეგაც ამერიკამ ისრაელს მიჰყიდა ჰოკის ანტი-საზენიტო რაკეტები.

შიმონ პერესმა ჩაანაცვლა იცხაკ რაბინი და გახდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 1977 წელს, სანამ თავად დაიკავებდა ამ თანამდებობას 1984-86 წლებში. საგარეო მინისტრის როლში პერესმა შეადგინა ისრაელ-იორდანიის სამშვიდობო ხელშეკრულება და 1994 წელს მიიღო ნობელის პრემია რაბინთან და იასირ არაფატთან ერთად. 1996 წელს მან დააარსა „პერესის მშვიდობის ცენტრი“, რომლის მიზანია: „მშვიდობა და წინსვლა შუა აღმოსავლეთში, ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური განვითარება და კეთილდღეობა“. შიმონ პერესი გახლდათ პოლიგლოტი, საუბრობდა პოლონურად, ფრანგულად, ინგლისურად, რუსულად და ებრაულად. შიმონი გახლდათ პოეტი და კომპოზიტორი. შეხვედრებისას ლექსებს წერდა და შემდეგ ამ ლექსებზე სიმღერებს თხზავდნენ. იგი დაინტერესებული იყო ფრანგული ლიტერატურითა და ჩინური ფილოსოფიით. შიმონ პერესი ინსულტით გარდაიცვალა, 2016 წლის 28 სექტემბერს, თელ-ავივთან ახლოს.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

შიმონ პერესი დაიბადა 1923 წლის პირველ აგვისტოს, პოლონეთში. მისი ოჯახი საუბრობდა ებრაულად და რუსულად, მოგვიანებით შიმონმა სკოლაში ისწავლა პოლონური ენაც, ასევე დაეუფლა ინგლისურ და ფრანგულ ენებს. პერესის მამა შეძლებული ვაჭარი იყო, დედა კი - ბიბლიოთეკარი. ჰყავდა უმცროსი ძმა - გერშონ პერესი. შიმონ პერესი ამტკიცებდა, რომ ის დიდი კურთხევის შედეგად დაიბადა და მისი მშობლებით ამაყობდა. პერესის ცხოვრებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ბაბუამ. ერთ-ერთ ინტერვიუში პერესმა განაცხადა, რომ იზრდებოდა ბაბუის სახლში და მან ასწავლა თალმუდი, მისი თქმით ეს არც ისე ადვილი იყო, როგორც ჩანდა. შიმონ პერესი ირწმუნებოდა, რომ მას არ სურდა გამხდარიყო ისრაელის პრეზიდენტი, ბავშვობაში მისი ოცნება იყო, რომ ყოფილიყო მწყემსი ან პოეტი. 1932 წელს მამამისი ემიგრაციაში წავიდა პალესტინაში და თელ-ავივში დასახლდა. ოჯახი მას გაჰყვა 1934 წელს. შიმონ პერესმა სკოლა დაამთავრა ბალფურში, რის შემდეგაც, 15 წლის ასაკში, ის წავიდა ბენ შემენის ახალგაზრდულ სოფელში, ხოლო შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა გევაში. სწორედ აქ დაიბადა მისი ქალიშვილი - ზვია ვალდანი.

პერესის ყველა ნათესავი, რომელიც პოლონეთში დარჩა, 1941 წელს მოკლეს, ჰოლოკოსტის დროს. მათგან ბევრი ცოცხლად დაწვეს ქალაქის სინაგოგაში. 1945 წელს შიმონ პერესი დაქორწინდა სონია გელმანზე, რომელმაც საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენა ამჯობინა. მათ სამი შვილი შეეძინათ. 1947 წელს პერესი შეუერთდა ისრაელის თავდაცვის ძალებს - ჰაგანას. დევიდ ბენ-გურიონმა მას დააკისრა პერსონალისა და იარაღის შესყიდვა. იგი დაინიშნა საზღვაო სამსახურის ხელმძღვანელად 1948 წელს, როცა ისრაელმა მიიღო დამოუკიდებლობა.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

თავდაპირველად პერესი აირჩიეს ქნესეტში, არჩევნებში მან 58 ხმის მოგროვება შეძლო და აჯობა ორ კონკურენტს - კოლეტ ავიტალსა და რეუვენ რივლინს მას თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა 1965 წლამდე. მოკავშირე მოშე დაიანთან და დავიდ ბენ-გუირონთან ერთან, 1968 წელს, მან დატოვა „მაპაი“ და შეუერთდა მემარცხენეებს. ამის შემდეგ შეთანხმებას მიაღწია აშშ-ს პრეზიდენტ კენედისთან, რის შემდეგ ამერიკამ ისრაელს მიჰყიდა ჰოკის ანტი-საზენიტო რაკეტა.

1969 წელს შიმონ პერესი დაინიშნა ემიგრანტთა მინისტრად 1970 წელს გახდა ტრანსპორტისა და კომინიკაციის მინისტრი. 1974 წელს გახლდათ ისრაელის კაბინეტის წევრი, რის შემდეგაც დაინიშნა ქვეყნის თავდაცვის მინისტრად, იცხაკ რაბინის მმართველობისას. შიმონ პერესი და რაბინი მეტოქეები იყვნენ, 1977 წელს პერესი კვლავ დამარცხდა პარტიული არჩევნებისას. ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ პროცესებზე, რაც ისრაელში ხდებოდა. ცხადი იყო, რომ პერესი და რაბინი სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებდნენ. ამის საუკეთესო მაგალითია, 1976 წლის 27 ივნისის ტერორისტული აქტი, უგანდას აეროპორტზე. იცხაკ რაბინი ტერორისტებთან მოსალაპარაკებლად ემზადებოდა, მაშინ, როცა პერესი დაჟინებით მოითხოვდა დაგეგმილიყო სპეცოპერაცია, მძევლების გასათავისუფლებლად. აეროპორტში ჩატარებული, კარგად დაგეგმილი სამაშველო სპეცოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა, 102 მძევალი განთავისუფლდა და მხოლოდ ერთი ლეიტენანტი - იონათან ნეთანიაუ გარდაიცვალა.

პრეზიდენტობა 2007-2014

რედაქტირება

2007 წელს ისრაელში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებში,პერესმა გაიმარჯვა. მან ორ კონკურენტს: რივლინსა და ავიტალს აჯობა. მეორე ტურში, მისმა ოპონენტებმაც მხარი მას დაუჭირეს და საბოლოოდ პრეზიდენტობა შიმონ პერესს ხვდა წილად (ქნესეტის 86-მა წევრმა ხმა მისცა მას, ხოლო 23-მა უარყო). პოსტის დაკავებისთანავე მან ქნესეტი დატოვა (ქნესეტის ისტორიის მანძილზე იყო ყველაზე დიდი ხნით არჩეული წევრი). ინაუგურაცია 2007 წლის 15 ივლისს გაიმართა.

2008 წლის 20 ნოემბერს, შიმონ პერესი გახდა საპატიო რაინდი. ეს წოდება დედოფალმა ელიზაბეტ II-მ უბოძა და ბუკინგემის სასახლეში მას გადასცეს „წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის“ ღირსების მედალი 2014 წელს პერესმა განაცხადა, რომ აღარ აპირებდა პრეზიდენტობის უფლებამოსილების გახანგრძლივებას და რეუვენ რივლინმაა ჩაანაცვლა ის. რივლინმა აღნიშნული თანამდებობა 2014 წლის 10 ივნისს დაიკავა.

2016 წლის 13 სექტემბერს პერესი ინსულტის შედეგად მოათავსეს შებას სამედიცინო ჰოსპიტალში .მისი მდგომარება რთული იყო, რამეთუ მას ტვინის მასიური სისხლდენა ტანჯავდა. ორი დღის შემდეგ მისი მდგომარეობა თითქოს დასტაბილურდა, მაგრამ, საბოლოო გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელი იყო. შიმონ პერესი 2016 წლის, 28 სექტემბერს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, შებას სამხედრო ჰოსპიტალში, თელ-ავივთან ახლოს.

მისი გარდაცვალებიდან მალევე, უმაღლესი თანამდებობების პირებმა მწუხარება გამოთქვეს და ამგვარად გამოეხმაურნენ ამ ამბავს:

  • რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა: „მე ძალიან გამიმართლა, რომ არაერთხელ შევხვდი ამ არაჩვეულებრივ ადამიანს. ყოველ ჯერზე აღფრთოვანებული ვიყავი მისი სიმამაცით, პატრიოტიზმით, სიბრძნითა და ხედვით“;
  • ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინი ასე გამოეხმაურა შიმონ პერესის გარდაცვალებას - „მისი სიკვდილი ჩინეთისთვის ძველი მეგობრის დაკარგვაა“;
  • ინდოეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა - პრანაბ მუხერჯიმ თქვა: „ინდოეთი პერესს გაიხსენებს, როგორც ქვეყნის მეგობარს“;
  • შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ყოველთვის მადლობელი იქნება, რადგან შიმონ პერესთან მეგობრობა აკავშირებდა;
  • New York Times -მა, შიმონ პერესს სტატია მიუძღვნა, სადაც დაიწერა, რომ პერესმა შეძლო გაეძლიერებინა ქვეყანა და შექმნა ძლიერი სამხედრო არსენალი, ისრაელის არაბ მეზობლებთან გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად.

დაკრძალვა გაიმართა ჰერლსის მთაზე, 2016 წლის 30 სექტემბერს. დაახლოებით 4,000 პირი დაესწრო მას (75 ქვეყნის წარმომადგენლები). მათ შორის იყვნენ: ისრაელის პარლამენტის წევრები, ბარაკ ობამა, (უნდა აღინიშნოს, რომ ნელსონ მანდელას გარდაცვალების შემდეგ ეს მეორე შემთხვევაა, როცა ბარაკ ობამა საზღვარგარეთ დაკრძალვას დაესწრო), ბილ კლინტონი, მაჰმუდ აბასი, საფრანგეთის პრეზიდენტი - ფრანსუა ოლანდი, კანადის პრემიერ მინისტრი - ჯასტინ ტრიუდო, გერმანიის პრეზიდენტი - იოახიმ გაუკი, მექსიკის პრეზიდენტი - ენრიკე პენია ნიტო და ესპანეთის მეფე - ფელიპე VI. ბრიტანეთის დელეგაციაში ერთიანდებოდნენ პრინცი ჩარლზი, საგარეო საქმეთა მდივანი - ბორის ჯონსონი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი - დევიდ კამერონი, გორდონ ბრაუნი და ტონი ბლერი. მისი გარდაცვალების შემდეგ, მის პატივსაცემად, ნეგევის ატომური კვლევის ცენტრს, რომელიც 1958 წელს აშენდა, შიმონ პერესის სახელი ეწოდა.


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: