რუვენ რივლინი

ისრაელის პრეზიდენტი

რუვენ (რუბი) რივლინი (ებრ. ראובן ריבלין დ. 9 სექტემბერი, 1939, იერუსალიმი) — ისრაელის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ისრაელის მე–10 პრეზიდენტი და პარლამენტის ორგზის სპიკერი. დაიბადა 1939 წელს იერუსალიმში. დამთავრებული აქვს იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. ქნესეთის წევრად პირველად 1988 წელს აირჩიეს და მას შემდეგ არაერთ კომიტეტში უმუშავია. მათ შორის იყო: საგარეო საქმეთა და თავდაცვის; კონსტიტუციის, კანონისა და სამართლის; სახელმწიფო მართვის; ანტინარკოტიკული, განათლებისა და კულტურის; ეთიკის; ფინანსთა და სხვა კომიტეტები. 2001 წლის მარტში რუვენ რივლინი კომუნიკაციების მინისტრი გახდა და ამ პოსტზე 2003 წლის თებერვლამდე მსახურობდა. იგი 2003–2006 და 2008–2013 წლებში ქნესეთის სპიკერი იყო.

რუვენ რივლინი
რუვენ რივლინი
ისრაელის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა24 ივნისი, 2014
წინამორბედიშიმონ პერესი

ქნესეთის 16-ე სპიკერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2009 – 2013
წინამორბედიდალია იციკი
მემკვიდრეიოელ ედელშტეინი

ისრაელის კომუნიკაციების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 მარტი, 2001 – 28 თებერვალი, 2003
წინამორბედიბინიამინ ბენ-ელიზერი
მემკვიდრეარიელ შარონი

ქნესეთის 14-ე სპიკერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2003 – 2006
წინამორბედიავრაამ ბურგი
მემკვიდრედალია იციკი

დაბადებული9 სექტემბერი, 1939
იერუსალიმი
პოლიტიკური პარტიალიკუდი
შვილები4
განათლებაიერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
რელიგიაიუდაიზმი

2013 წლის თებერვალში გაერთიანებულ პარტია „ისრაელ ბეითენუს“ („ლიკუდი“ და „ისრაელ ბეითენუ“) რიგებში კიდევ ერთხელ იქნა არჩეული დეპუტატად. მეცხრამეტე მოწვევის ქნესეთში, პრეზიდენტად არჩევამდე, რივლინი იერუსალიმის ლობის თავმჯდომარე იყო. იგი ასევე ხელმძღვანელობდა ქნესეთის დელეგაციას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD).

რუვენ რივლინი დაოჯახებულია. ჰყავს ოთხი შვილი.

ვიზიტი საქართველოში

რედაქტირება

2017 წლის 9 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი საქართველოს ეწვია. ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი თბილისს პირველ ლედისთან ერთად ჩავიდა და ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. რუვენ რივლინის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. [1]

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა 8 იანვარს იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის გამო და სამძიმარი გამოუცხადა ისრაელის პრეზიდენტს. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და გლობალური უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების, ძლიერი პარტნიორობისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა. [2]

შეხვედრისას ისაუბრეს აგრეთვე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.[2]

10 იანვარს, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკო.[2]


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


  1. 9 იანვარს საქართველოს ისრაელის პრეზიდენტი ეწვევა
  2. 2.0 2.1 2.2 გიორგი მარგველაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა