მარტყოფის ღვთაების მონასტერი

მარტყოფის ღვთაების მონასტერი — მონასტერი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფის მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. მოქცეულია ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის — მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

მარტყოფის ღვთაების მონასტრის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი — ქვიანი ადგილი - რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. იგივე ცნობა დაცული აქვს პალტონ იოსელიანსაც. VI ს. პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსული ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, ანტონ მარტყოფელი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად მარტყოფი მიიღო. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოყვა.

XI ს., როდესაც კვირიკე III კახთა მეფემ კახეთის სამეფო საერისთავოებად დაყო, მარტყოფი რუსთავში მჯდომ ერისთავს დაექვემდებარა, ეკლესიურად კი რუსთველი ეპისკოპოსის სამწყსო გახდა. მონასტერი მუდამ განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა. 1265 წ., როდესაც ოქროს ურდოს მბრძანებლის ბერქა ყაენის ლაშქრობას ქალაქი რუსთავიც შეეწირა, საეპისკოპოსო კათედრალი რუსთავიდან სწორედ მარტყოფში გადმოვიდა.

ღვთაების მონასტერი სასტიკად აოხრდა თემურ ლენგის 1395 წ. შემოსევის დროს. მაშინ დაიკარგა ტაძარში დასვენებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ანტონ მარტყოფელმა ედესიდან ჩამოაბრძანა და რომლის სახელიდანაც წარმოდგა მონასტრის სახელწოდება - ღვთაების მონასტერი.

XV ს. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, კახეთის მეფე გიორგი I-მა (1466-1476 წლებში) ქვეყნის ცენტრალიზაციის მიზნით კახეთის საერისთავოები გააუქმა და მათ ნაცვლად მთელი კახეთი ოთხ სადროშოდ დაყო. მათ სათავეში კი არა ერისთავები, არამედ ეპისკოპოსები ჩააყენა. მათ შორის მეოთხე სადროშოს და იმავე დროს ჯარის მარცხენა ფლანგის წინამძღოლად დანიშნულ იქნა რუსთველი ეპისკოპოსი, რომლის სასპასპეტოში შედიოდა გარე-კახეთი ქიზიყამდე და მარტყოფ-საგურამო, რეზიდენცია კი მარტყოფის მონასტერში იყო. აქ ინახებოდა სადროშოს საბრძოლო დროშა. მის ერთ მხარეზე გამოსახული იყო ხელთუქმნელი ხატი, მეორეზე კი წმინდა გიორგი. მედროშე ეპისკოპოსები სადროშოებს მოურავების საშუალებით მართავდნენ. ასეთივე მოურავი ჰყავდა მარტყოფსაც. მარტყოფის მონასტრის მნიშვნელობა განისაზღვრებოდა მისი მდებარეობით, რომელიც თავდაცვისათვის ხელსაყრელ ადგილს გულისხმობდა.

XVIII ს. დასაწყისში ერთხანს მარტყოფის მონასტერს აფარებდა თავს თურქთა ტყვეობიდან გაქცეული კახეთის მეფე კონსტანტინე II მაჰმად-ყული ხანი. ამის გამო იყო, რომ 1723 წ. თურქებმა მარტყოფი დალაშქრეს, მოსახლეობა დაარბიეს, ტაძარი დაარბიეს და ხატები შემუსრეს. ამავე XVIII ს. დასაწყისში კახეთის გამგებლის დავით II (იმამ-ყული ხანი)-ს ბრძანებით ღვთაების მონასტრისთვის უფლება მიუციათ პატარძეულიდან მარტყოფამდის სამღებროები აეშენებინა, რაც მეცნიერთა აზრით იგივე საბაჟო უნდა ყოფილიყო.

მონასტერი ძველთაგანვე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც გახსნილი იყო სკოლა. პლატონ იოსელიანი წერს: „მამაჩემი იყო ამ სკოლის უკანასკნელი მოსწავლე“. სკოლამ არსებობა შეწყვიტა 1752 წელს ლეკთა თავდასხმის გამო.

საეპისკოპოსო ცენტრის მდგომარეობა ღვთაების მონასტერმა XIX ს. დასაწყისამდე შეინარჩუნა. მაგრამ ლეკიანობის, თუ სხვა ჯურის მტრის შემოსევების შედეგად მარტყოფის მიდამოები მოოხრდა და გაუდაბურდა. 1811 წლისთვის რუსთავის საეპისკოპოსო სამწყსო მხოლოდ 8 სოფელსა და ერთ თავადს მოითვლიდა. რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ რუსთავის ეპარქიაც გაუქმდა. თავად მარტყოფის ღვთაების მონასტერი მოქმედებდა 1934 წლამდე. შემდეგ ის კომუნისტებმა გააუქმეს.

XX ს. 50-60-იან წლებში მონასტერში უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს, შემდეგ კი 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად გადააქციეს. მონასტერში სამონასტრო ცხოვრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1989 წ. აღდგა. ამჟამად აქ აფხაზეთის ეპარქიაა თავშეფარებული.

1918 წლის 26 ივნისის ღამე აქ თავის სენაკში ვერაგულად მოკლეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II.

არქიტექტურული ანსამბლი

რედაქტირება

მონასტერი, რომ ნამდვილად სამხედრო დანიშნულებისა იყო, ამას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილი. ის ამბობს, რომ მონასტერი არის „მსგავსი ციხისაო“. მონასტერს გარს ერტყა სათოფურებიანი გალავანი, რომლის გარშემოწერილობა 1400 მეტრს აღწევდა. მისი სიმაღლე 8 მ. სიგანე კი 2 მ. უდრიდა. 1752 წელს იგი დაუნგრევიათ ლეკთა მარბიელ რაზმებს. დღეისთვის მისი ნაშთებია შემორჩენილი.

სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ტაძრის, სამრეკლოს, საბერეების და სხვა ნაგებობებისაგან შედგება. მონატრის ტაძრები ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის და მამა ანტონის სახელობისაა. მათგან უმთავრესია „ხელთუქმნელი ხატის“ გუმბათიანი ტაძარი, რომლის თავდაპირველი ნაგებობა უფრო დიდი ზომის ყოფილა. ტაძარმა მრავალგზის განიცადა ნგრევა.დღეს მის ადგილას უფრო მცირე ზომის ტაძარი დგას. XIX ს. 40-იან წლებში მომხდარმა მიწისძვრამ ღვთაების ტაძარს გუმბათი მოანგრია, რომელიც იმავე პერიოდში საქართველოს ეგზარქოსის ბრძანებით აღდგენილ იქნა და რუსი მხატვრის ტროშინსკის მიერ ახლიდან მოხატურლი. სწორედ ამ დროს იქნა განადგურებული ქართულ-ბიზანტიური ფერწერის ნაშთები. მათ შორის სვეტებზე მოთავსებული ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის პორტრეტები. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში ანტონ მარტყოფლის საფლავია. ამავე ტაძრის ძირში შემორჩენილია საძვალე.

ტაძრის აღმოსავლეთით დგას სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც ფასადში ჩადგმული წარწერის თანახმად, 1629 წ. აუგია კალატოს ახვერდას. სამრეკლო XVII ს. ნინოწმინდის, ურბნისის და ანჩისხატის სამრეკლოთა მსგავსი ნაგებობაა.

მონასტრიდან აღმოსავლეთით, მთის თავზე დგას მამა ანტონის სვეტი, რომლის ნანგრევებზე უკანასკნელ დროს ახლიდან აშენდა კოშკი. სწორედ აქ გაატარა მამა ანტონმა სიცოცხლის ბოლო 15 წელი.

ჟამთა მსვლელობაში მონასტერმა მრავალი ცვლილება განიცადა. პირველად ის IX საუკუნეში შეაკეთეს. ნიშანდობლივია, რომ კოშკი ამის შემდეგ აღარ შეკეთებულა. XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე მონასტერი საფუძვლიანად შეკეთებულა. 1848-1855 წწ. ნორიოს მამასახლისის ივანე არჯევანიძის თაოსნობით (რომელიც მაკაროვის გვარით არის მოხსენიებული ხალხურ ლექსში „არსენა“) სამონასტრო კომპლექსში კიდევ ერთი სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. სწორედ ამ დროს შესრულდა ტროშინსკის მიერ ახალი მხატვრობაც. ამავე წლებში ნორიოდან მონასტერში მიმავალ საეკიპაჟო გზაზე აღმართული იქნა ქვის სვეტი შუქურისათვის, რათა გაადვილებულიყო ღამით მონასტერში ასვლა. დღეს შემორჩენილია ამ შუქურის ნაშთი, რომელსაც "მისალოცავს" უწოდებენ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 120, ISBN 978-99940-27-10-1.
  • „ქართლის ცხოვრება“. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. I. თბ., 1955.
  • „ქართლის ცხოვრება“. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. II. თბ., 1959.
  • ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. „ქართლის ცხოვრება“. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. IV. თბ., 1973.
  • საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI–XIX სს.). ქართული სამართლის ძეგლები. III. თბ., 1970.
  • ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები. IV. თბ., 1967.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება