მარტყოფის აკლდამა
მარტყოფის აკლდამა — არქეოლოგიური ძეგლი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, „მამა ანტონის“ მთის დასავლეთ ფერდზე, მარტყოფის მონასტრიდან 150 მეტრის დაშორებით. შემთხვევით აღმოჩნდა 1985 წელს მიწის სამუშაოების დროს. აკლდამა შეჭრილი იყო კლდოვან ქანში.
გეგმით სწორკუთხაა (4,25 X 2,75 მ, სიმაღლე 2,25 მ). აღმოსავლეთი, დასავლეთ და სამხრეთი კედლები ნაგებია კლდის ფლეთილი ქვებით კირხსნარზე. აქვს თაღოვანი გადახურვა. თაღი ნაგებია უფრო თხელი ქვის ფილებით. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. აკლდამის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილი იყო დასაკრდძალავი კამერა (1,7 X 0,7 მ). კამერაში ჩადიოდა 2,4 მ სიგრძისა და 0,6 მ სიგანის დაქანებული ბილიკი. კამერის იატაკზე აღმოჩნდა 50-მდე მიცვალებულის ერთმანეთში არეული ჩონჩხი. მიუხედავად იმისა, შეიმჩნეოდა, რომ მიცვალებულთა დაკრძალვა ხდებოდა ქრისტიანული წესით — ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთით, მკერდზე გადაჯვარედინებული ხელებით. აკლდამაში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით, აგრეთვე დავით VIII-ის და ყაზან-ყაენის მონეტების მიხედვით ჩანს, რომ აკლდამა XIII-XIV საუკუნეებშიც აკლდამა ფუნქციონირებდა.
აღწერილი აკლდამის გარდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ფართოდაა გავრცელებული ქვით ნაგები აკლდამები, რომელთა კედლები შიგნითაა თანდათან გადაწეული და ქმნიან ცრუ თაღს. ამგვარი აკლდამების ანალოგები ფართოდაა ცნობილი არაგვის აუზიდან, სადაც ისინი ძირითადად XI-XIV საუკუნეებით თარიღდება. მთაში აკლდამების მასიური გამოჩენა ბარიდან მთაში ქრისტიანობის ფართოდ გავრცელებას მიეწერება. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები ამ სამარხ ნაგებობებს აკლდამებს უწოდებენ. აკლდამები ფართოდაა მთელს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში: ხევში, ფშავ-ხევსურეთი, მთიულეთ-გუდამაყარში, თუშეთში და სხვ.
მრავალრიცხოვანი ინვენტარით ყურადღებას იმსახურებს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთს სამაროვნები. მათგან აღსანიშნავია ხევსურეთის სოფ. ხახმატის მოდამოებში ნაწილობრივ შესწავლილი გორისყანის, ღელისკარის, სალიქოკოსა და ბალთანის სამაროვნები. სამარხთა ტიპებია: ქვის სამარხები, ამოშენებულკედლიანი სამარხები და აკლდამები. სამივე ტიპის სამარხი დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე. მათში ვხვდებით რამდენიმე ჩონჩხს. ბოლო მიცვალებული დაკრძალულია ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთით. ადრე დაკრძალულთა ძვლები სამარხის ბოლოში ან გვერდით კედელთანაა მიხვეტილი. სამარხებში ხშირად ჩნდება ნახშირი, რაც სამარხის ცეცხლით განწმენდის კვალი უნდა იყოს. ამ რიტუალს ხევსურეთში უკანასკნელ ხანებამდე ასრულებდნენ. ბარის თანადროული სამაროვნების უმრავლესობისგან განსხვავებით, ამ სამაროვნებზე მიცვალებულთათვის ნივთების ჩატანების წესი კვლავ გავრცელებული ყოფილა.
მიცვალებულთათვის ჩაუტანებიათ: ვერცხლის, ბრინჯაოს მინის სამკაულები; საყურეები, სამაჯურები, სასაფეთქლეები, ბეჭდები, რგოლები, ხვიები, მშვილდსაკინძები, მინის მძივები; საყოფაცხოვრებო და საბრძოლო დანიშნულების რკინის ნივთები — დანები, ჯაჭვის ჩაბალახის ფრაგმენტი, რკინის შუბისპირი. უფრო იშვიათია თიხის ჭურჭელი. ბალთანის სამაროვნის აკლდამაში ლითონის ნივთებთნ ერთად გვხვდება ჩალისფრად გამომწვარი ცალყურა სასმისი და წელში გამოყვანილი ჭრაქი. სამარხეული ინვენტარი თარიღდება XII-XIV საუკუნეებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- მინდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ნაწილი II-III, გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2015, გვ. 116-117