გორისყანის სამაროვანი
გორისყანის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხახმატში, მდინარე გუდანისჭალის ხეობაში. სოფლის განაპირას, სამხრეთით, მდინარის მარცხნივ მაღალ ნაპირზე. განეკუთვნება X-XII საუკუნეებს. 1973 და 1989 წლებში ძეგლი გათხარა ისტორიის,არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. სამაროვანზე გათხრილია ქვისსამარხები და ამოშენებულკედლიანი სამარხები. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. აღმოჩნდა მინის ინკრუსტირებული მძივები, ბრინჯაოს სასაფეთქლე რგოლები, გეომეტრიული ორნამენტით გრავირებული ბრტყელი სამაჯურები, ბეჭდები, ჭვირული ბალთები, სარკეები, აბზინდა, მშვილდსაკინძები, რკინის დანები და ისრისპირები, ვერცხლის რგოლები და სხვა. ერთ სამარხში გამოვლინდა გახვრეტილი და საკიდად გამოყენებული ვერცხლის არაბული მონეტა. მოპოვებული მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- რჩეულიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 356.