ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ქვის სამარხები — სამარხთა ტიპი შუა საუკუნეებისა და ბრინჯაოს ხანის საქართველოში. კავკასიაში უკვე მტკვარ-არაქსის პერიოდიდანაა ცნობილი, მაგრამ ამ ტიპის სამარხებმა ყველაზე ფართო გავრცელება ქრისტიანულ ხანაში ჰპოვა. ქვის სამარხებმა IV საუკუნიდან გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა, როგორც შედარებით მარტივად ასაგებმა და საოჯახო სამარხისათვის ყველაზე მოხერხებულმა ნაგებობამ. შუა საუკენეების ქვის სამარხები ძირითადად საოჯახო-საგვარეულო სამარხებია. თავდაპირველად, მიწაში ითხრებოდა სწორკუთხა მოყვანილობის ორმო, რომელშიც შემდგომ ქვის სამარხი იმართებოდა. სამარხის გრძივი და განივი კედელი იგებოდა ქვის ბრტყელი ფილებით. სამარხის ქვები, როგორც წესი, არ გამოირჩევა გულმოდგინე დამუშავებით. თუმცა, ქვები მეტ-ნაკლებად გათლილია. გრძივი კედლები ერთი, ორი ან რამდენიმე ქვისგან შედგებოდა. განივი კედლები უმეტესად ერთი ფილით იგებოდა. გვხვდება სამარხის ორი და მეტი ფილით შედგენილი განივი კედლებიც. სამარხთა სახურავვები უპირატესად ბრტყელია, იშვიათად-ორფერდა. ფილებს შორის დარჩენილი თავისუფალი ადგილები შევსებულია წვრილი ქვებით ან თიხა მიწით. იშვიათად კი, კიხრსნარითაა ამოვსებული. გვერდით ფილებს სიმაგრისავით, ზოგჯერ ძირზე გარედან ჩასობილი აქვს მოგრძო ქვები. სამარხების იატაკი მიწატკეპნილია ან ქვის ფილებითაა მოგებული. გეგმით სამარხები, როგორც წესი სწორკუთხაა. თუმცა, გამონაკლისის სახით გვხვდება ბიკონუსური გეგმის (შუაში შევიწროებული) სამარხებიც (დაღეთის სამაროვანი) ზოგჯერ სამარხებთან ფიქსირდება სანიშნე ქვები, რომლებზეც იშვიათად წარწერები — ეპიტაფიებია (მცხეთა, ვაშლაჯვარა, რუსთავი) ქვის სამარხებში დაკრძალული მიცვალებულთა რაოდენობა ერთი, ორი ან რამდენიმეა. ზოგიერთ სამარხში 15-16 მიცვალებულის ძვლებიცაა მიკვლეული. ასეთ შემთხვევაში დაკრძალვის წესის დადგენა ხერხდება ბოლო მიცვალებულის მიხედვით. დანარჩენი ძვლები, მიხვეტილია სამარხის კედლებთან ან კუთხეებში. თუ სამარხი დაკრძალულთა რაოდენობას ვეღარ იტევდა ხდებოდა ძვლების გადმოსვენება სამარხთან ახლოს გათხრილ ორმოში (დაღეთი, ბეთანია). ამის შემდეგ, კვლავ განაგრდძონბდნენ ქვის სამარხებში მიცვალებულების დაკრძალვას. ადრეული შუა საუკუნეების ქვის სამარხებში მიცვალებულები ძირითადად დაკრძალულია ქრისტიანულად — ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთიდ იმავე პერიოდის სამარხებში, როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ გვხვდებოდა მიცვალებულების მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე დაკრძალვის ფაქტებიც. საკმაოდ ხშირად ერთი სამარხი ფიქსირდება მიცვალებულთა როგორც ქრისტიანული, ისე წარმართული წესით დაკრძალვა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მინდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ტ. I, გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2014, გვ. 212-213.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქვის_სამარხები“-დან