მარგარეტი (სნოუდონის გრაფინია)
პრინცესა მარგარეტი, სნოუდონის გრაფინია (ინგლ. Princess Margaret, Countess of Snowdon; დ. 21 აგვისტო, 1930, გლემისის სასახლე, ანგუსი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო — გ. 9 თებერვალი, 2002, მეფე ედუარდ VII-ის საავადმყოფო, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — უინძორების დინასტიის წარმომადგენელი. გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯორჯ VI-ისა და დედოფალ ელისაბედ ბოუზ-ლაიონის მეორე და ნაბოლარა შვილი, დედოფალ ელისაბედ II-ის უმცროსი და ერთადერთი და.
პრინცესა მარგარეტი | |
---|---|
სრული სახელი
მარგარეტ როუზ უინძორი | |
წოდებები
სნოუდონის გრაფინია | |
დაიბადა |
21 აგვისტო, 1930 გლემისის სასახლე, ანგუსი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო |
გარდაიცვალა |
9 თებერვალი, 2002, (71 წლის) მეფე ედუარდ VII-ის საავადმყოფო, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო |
საგვარეულო | უინძორები |
მეუღლე(ები) |
ანტონი არმსტრონგ-ჯონსი, სნოუდონის ერლი (ქ. 1960 - განქ. 1978) |
შვილ(ებ)ი |
დევიდი, სნოუდონის ერლი სარა |
მამა | ჯორჯ VI, დიდი ბრიტანეთის მეფე |
დედა | ელისაბედ ბოუზ-ლაიონი |
რელიგია | ანგლიკანიზმი |
ბავშვობის დიდი ნაწილი მარგარეტმა მშობლებთან და დასთან ერთად გაატარა. მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა ექვსი წლის ასაკში, როდესაც ბიძამისი, მეფე ედუარდ VIII ტახტიდან გადადგა უოლის სიმპსონზე დასაქორწინებლად. ამის შემდეგ ტახტს მარგარეტის მამა იკავებს და იგი მისი რიგით მეორე მემკვიდრე ხდება. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ის და მისი და უინძორის სასახლეში დარჩნენ, მიუხედავად არსებული საფრთხისა. ვინაიდან ომის წლებში მარგარეტი ძალიან ახალგაზრდა იყო, თავისი ოფიციალური მოვალეობების შესრულების ნაცვლად იგი სწავლას განაგრძობდა.
ომის შემდეგ მარგარეტს ჯგუფის კაპიტანი პიტერ ტაუსენდი შეუყვარდა. 1952 წელს ჯორჯ VI გარდაიცვალა და ტახტს მარგარეტის და, დედოფალი ელისაბედ II იკავებს, რომელმაც მოსალოდნელი სკანდალის თავიდან ასაცილებლად მათ ქორწინების ორი წლით გადადება სთხოვა. მიუხედავად მოცდისა, მთავრობამ და ინგლისის ეკლესიამ უარი განაცხადა მარგარეტისა და პიტერის ქორწინებაზე, რამეთუ იგი განქორწინებული კაცი იყო. საბოლოოდ, მარგარეტი დაშორდა ტაუსენდს და 1960 წელს დაქორწინდა ფოტოგრაფ ანტონი არმსტრონგ-ჯონსზე, რომელსაც დედოფალმა სნოუდონის ერლობა უბოძა. წყვილს ერთი ვაჟი, დევიდი, და ერთი გოგონა, სარა შეეძინათ, 1978 წელს კი განქორწინდნენ.
მარგარეტი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური წევრი იყო. მისი განქორწინების საქმემ საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქციები გამოიწვია და შემდეგი წლების განმავლობაშიც მისი პირადი ცხოვრება მედიისა და ოჯახის მხრიდან მწვავე სპეკულაციების ქვეშ იყო მოქცეული. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა სერიოზულად გაუარესდა. მთელი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში მარგარეტი აქტიური მწეველი იყო, ამიტომაც 1985 წელს მას ფილტვებზე ოპერაცია ჩაუტარდა, 1993 წელს ძლივს გადაიტანა ფილტვების ანთება, 1998-2001 წლებში კი ინსულტის სამ შეტევას გაუძლო. იგი გარდაიცვალა 2002 წელს ლონდონში, მეოთხე ინსულტის შედეგად.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამარგარეტი დაიბადა 1930 წლის 21 აგვისტოს გლემისის სასახლეში, ანგუსის მხარეში, შოტლანდიაში. იგი იყო იორკის ჰერცოგ ჯორჯ უინძორისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია ელისაბედ ბოუზ-ლაიონის რიგით მეორე და ნაბოლარა ქალიშვილი. ოჯახურ წრეში იგი უფრო ცნობილი იყო, როგორც მარგო.
დაბადების დროს იგი დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეების რიგში მეოთხე იყო, თავისი ბიძის, მამისა და უფროსი დის შემდეგ. როდესაც იგი დაიბადა მეფე-დედოფალი ჯერ კიდევ მისი პაპა-ბებია, ჯორჯ V და მარია ტეკელი იყვნენ. რაც შეეხება დედამისს, ჰერცოგინია ელისაბედი სტრეთმორისა და კინგჰორნის რიგით მე-14 ერლის ასული იყო. როგორც ცნობილია, თავიდან მამამისს მისთვის პირველ სახელად ანას დარქმევა უნდოდა და იგი იქნებოდა ანა მარგარეტი, რაც ჯორჯის დედასთან გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, სადაც იგი წერდა: „ძალიან მინდა მას ანა მარგარეტი დავარქვა, რადგან ვფიქრობ, რომ ანა იორკელი ლამაზად ჟღერს, თანაც ელისაბედი და ანა ასევე კარგად მიდიან ერთად“. მეფე ჯორჯ V-ს არ მოსწონდა სახელი ანა, ამიტომაც მისი ჩარევის გამო პატარა პრინცესას მარგარეტ როუზი დაარქვეს.
1930 წლის 30 ოქტომბერს კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ბაკინგემის სასახლის სამლოცველოში პრინცესა მარგარეტი მონათლა.
პრინცესა მარგარეტმა თითქმის მთელი თავისი ბავშვობა იორკების რეზიდენციაში გაატარა. საზოგადოების თვალში მათ „იდეალური ოჯახის“ სახელი ჰქონდათ. თუმცაღა, საკმაოდ დიდ ხანს მუსირებდა ხალხში ჭორები იმაზე, რომ მარგარეტი ყრუ-მუნჯი იყო, რაც მანამდე არ გაქარწყლდა, სანამ 1934 წელს იგი თავისი ბიძის, პრინცი ჯორჯის ქორწილში სიტყვით არ გამოვიდა.
იგი განათლებას შოტლანდიელი აღმზრდელი, მერიენ კროუფორდისაგან იღებდა თავის დასთან, პრინცესა ელისაბედთან ერთად. მარგარეტის განათლების პროცესს დედამისი მკაცრად აკონტროლებდა, რანდოლფ ჩერჩილის სიტყვებით: „მისი ამბიციები ქალიშვილების აღზრდის პროცესში არასოდეს სცდებოდა მათი კარგი მანერების მქონე ახალგაზრდა ქალბატონებად ქცევის მიზანს“. როდესაც დედოფალმა მარიამ დაჟინებით მოითხოვა გოგონებისათვის კარგი განათლების მიცემა, იორკის ჰერცოგინიამ მას ასე უპასუხა: „მე არ ვიცი რას გულისხმობთ. ბოლოს და ბოლოს მე და ჩემს დებს მხოლოდ აღმზრდელები გვასწავლიდნენ და ყველა ჩვენგანმა მოახერხა კარგად დაქორწინება — ერთ-ერთმა ჩვენგანმა კი განსაკუთრებით წარმატებულად“. თუმცაღა, მარგარეტიც და ელისაბედიც უკმაყოფილონი იყვნენ თავიანთი შეზღუდული განათლებით, რის გამოც შემდეგში დედა არაერთხელ გააკრიტიკეს. ასევე ცნობილია, რომ ერთხელ ჰერცოგინია ელისაბედმა თავის მეგობარს უთხრა, რომ იგი ნანობდა, რომ თავის ქალიშვილებს არ მისცათ უმაღლესი განათლება, როგორც ეს ჯორჯ V-ის სხვა შვილიშვილებს ჰქონდათ.
როდესაც მარგარეტი ხუთი წლის იყო ბაბუამისი, მეფე ჯორჯ V გარდაიცვალა. ამ ამბიდან სულ რამდენიმე თვეში, 1936 წლის 11 დეკემბერს ბიძამისი, მეფე ედუარდ VIII ტახტიდან გადადგა, რათა თავიდან აეცილებინა მონარქიის კრიზისი და ექორწინა მისთვის სასურველ ამერიკელ ბანოვან უოლის სიმპსონზე, რომელსაც არც ინგლისის ეკლესია და არც ბრიტანეთის დომინიონები დედოფლად არ მიიღებდნენ, რამეთუ იგი ორჯერ იყო განქორწინებული. ედუარდის ამ ქმედების გამო მეფე მარგარეტის მამა, ჯორჯ VI გახდა, რამაც მარგარეტი თავისი დის შემდეგ ტახტის რიგით მეორე მემკვიდრედ აქცია. ამის შემდეგ იორკების ოჯახი ბაკინგემის სასახლეში გადავიდა.
1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მარგარეტი და მისი და სასწრაფოდ გაიყვანეს შოტლანდიაში და ბალმორიალის სასახლეში დააბინავეს. ისინი იქ შობამდე დარჩნენ, თუმცა ცუდი პირობების გამო იძულებულები გახდნენ სანდრინგჰემის სასახლეში გადასულიყვნენ, რადგან ბალმორიალში ცივი ზამთრის გამო მილები გაიყინა და სასმელი წყლის მოპოვებაც კი გაჭირდა. შობას სანდრინგჰემში შეხვდნენ, შემდეგ კი მამის ბრძანებით პრინცესები ინგლისში დაბრუნდნენ და ომის დარჩენილი ნაწილი ლონდონის გარეუბანში მდებარე უინძორის სასახლეში გაატარეს. ცნობილია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა მეფე-დედოფალს მემკვიდრეების უსაფრთხოებისათვის პრინცესების კანადაში, ბევრად უფრო უსაფრთხო ადგილას გადაყვანა შესთავაზა, მაგრამ დედოფალმა მას ასეთი რამ უპასუხა: „ბავშვები ჩემს გარეშე არსად წავლენ. მე მეფის გარეშე არ წავალ. მეფე კი ქვეყანას არასოდეს მიატოვებს“.
სამეფო ოჯახის სხვა წევრებისაგან განსხვავებით, მარგარეტს ომის დროს არ მოუწია რაიმე ოფიციალური ან საჯარო მოვალეობების შესრულება. მეტიც, სწორედ ომის პერიოდში ისწავლა მან სიმღერა და ფორტეპიანოზე დაკვრა. მისი თანამედროვეები ფიქრობდნენ, რომ მშობლები მას ზედმეტად ანებივრებდნენ, განსაკუთრებით მამამისი, რომელიც მას დიდ თავისუფლებას აძლევდა.
ცნობილია, რომ პრინცესა მარგარეტი ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა საზოგადოებაში თავისი იუმორისა და ქარიზმატული ხასიათის გამო. ამბობდნენ იმასაც, რომ იგი ელისაბედს ჩრდილავდა თავისი ხასიათით, რაც ელისაბედს არ სწყენია და თავადაც განაცხადა: „ოჰ, ეს უფრო მარტივია როდესაც აქ მარგარეტია — ყველა იცინის ხოლმე მარგარეტის ნათქვამზე“. ცნობილია, რომ მეფე ჯორჯი ელისაბედს თავის „სიამაყეს“ უწოდებდა ხოლმე, მარგარეტს კი „სიხარულს“.
ომის შემდეგი წლები
რედაქტირება1945 წლის მაისში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას მარგარეტი ოჯახთან და პრემიერ-მინისტრ ჩერჩილთან ერთად გამოვიდა ბაკინგემის სასახლის აივანზე და ხალხს ომის დასრულება მიულოცა. ამის შემდეგ მარგარეტიც და ელისაბედიც სასახლიდან გავიდნენ და შეუერთდნენ სახალხო გალობას „ჩვენ გვინდა მეფე, ჩვენ გვინდა დედოფალი“.
1946 წლის 15 აპრილს მარგარეტი ინგლისის ეკლესიაში გაუშვეს ცოდნის მისაღებად. 1947 წლის 1 თებერვალს ის, ელისაბედი და მეფე-დედოფალი სამხრეთ აფრიკის ტურში გაემგზავრნენ. მარგარეტის ჯგუფის კაპიტანი პიტერ ტაუსენდი იყო, მეფის მხედარი, რომელიც მარგარეტისადმი განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენდა, რომელიც ხალხში უფრო გათამამებული ბავშვის სახელით იყო ცნობილი. იმავე წელს, აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ, მარგარეტი თავისი ერთადერთი დის, პრინცესა ელისაბედის მეჯვარე იყო, როდესაც იგი დანიისა და საბერძნეთის პრინც ფილიპეზე დაქორწინდა. მომდევნო სამ წელიწადში ელისაბედმა ორი ბავშვი გააჩინა: ჩარლზი და ანა, რომელთა დაბადებამაც მარგარეტი ტახტის მემკვიდრეთა სიაში ორი ადგილით უკან გადასწია.
ახალგაზრდობაში პრინცესა მარგარეტი ერთობ მომხიბვლელ ქალბატონად მიიჩნეოდა. 18-დიუმიანი წელისა და „ნათელი ლურჯი თვალების“ მქონე მარგარეტს უყვარდა მაღალ საზოგადოებაში ტრიალი და ბევრი მეგობარიც ჰყავდა, მათ შორის შერმან დუგლასი, ამერიკის ელჩ ლუი უილიამ დუგლასის ასული. იგი თავის მეგობრებთან ერთად ხშირად იქცევდა პრესის ყურადღებას, როდესაც გასართობად დადიოდა. მოგვიანებით მათ „მარგარეტის სეტი“ შეარქვეს. იმავდროულად, მან სამოგზაურო ტური მოაწყო იტალიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში. მალევე შეუერთდა მთელ რიგ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომელთა ბრიტანული ფილიალების პრეზიდენტი, ან მფარველი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ მარგარეტი ლორდ დალკეითზე დაქორწინდებოდა, რომელიც მის ხელს თხოულობდა, თუმცა პრინცესა მისით დაინტერესებული არ იყო. კიდევ ერთი ხელის მთხოვნელი, რომელიც მან უარით გაისტუმრა იყო ბილი უოლესი, 2.8 მილიონ გირვანქა სტერლინგის ერთადერთი მემკვიდრე, რაც თანამედროვე კურსით თითქმის 74 მილიონს უდრის. 1951 წლის აგვისტოში ბრიტანული პრესა იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც მის 21-ე დაბადების დღის წვეულებაზე ბალმორიალის სასახლეში მარგარეტი პიტერ ტაუსენდთან ერთად გამოჩნდა. მომდევნო თვეში მეფე ჯორჯს ოპერაცია ჩაუტარდა ფილტვის კიბოს გამო, რის გამოც მარგარეტი დაინიშნა ერთ-ერთ სახელმწიფო მრჩევლად, რომელიც ასრულებდა მეფის სახელმწიფო მოვალეობებს, სანამ ის შეუძლოდ იყო. ხუთი თვის შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ჯორჯ VI გარდაიცვალა და ტახტს მარგარეტის და, დედოფალი ელისაბედ II იკავებს.
რომანი პიტერ ტაუსენდთან
რედაქტირებაპიტერ ტაუსენდმა ბაკინგემის სამეფო სასახლეში მსახურობა 1944 წლიდან დაიწყო. ცნობილია, რომ პრინცესა მარგარეტს მისდამი სიმპათია მაშინვე გაუჩნდა, რა დროსაც იგი ჯერ მხოლოდ 13 წლის იყო. ამასთან დაკავშირებით 13 წლის დას პრინცესა ელისაბედმა განუცხადა: „რა უიღბლობაა, ის დაქორწინებულია“. წლების განმავლობაში პერიოდულად ვრცელდებოდა ხოლმე ინფორმაცია მათი საიდუმლო შეხვედრების შესახებ, თუმცა ამას დიდ ყურადღებას არავინ აქცევდა. ცნობილია, რომ 1947 წლის ოქტომბერში, ბელფასტში ვიზიტისას ტაუსენდმა სასტუმროს ადმინისტრატორს სთხოვა, რომ მისთვის მარგარეტის გვერდით გამოეყოთ ოთახი. უცნობია, თუ ზუსტად როდის დაიწყო მათი რომანტიკული ურთიერთობა, თუმცა ისინი სამხრეთ აფრიკის ტურის დროსვე უკვე ერთად იყვნენ. თავად ტაუსენდმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მას მარგარეტი 1951 წლის აგვისტოში შეუყვარდა, როდესაც პრინცესამ იგი გააღვიძა, მას შემდეგ, რაც მეფესთან პიკნიკისას ჩაეძინა.
მას შემდეგ, რაც 1952 წელს ტაუსენდი ცოლს გაეყარა პრესის ყურადღება მისი და მარგარეტის ურთიერთობისკენ მიიმართა. ამასვე დაერთო მეფე ჯორჯის გარდაცვალება, რამაც, შეიძლება ითქვას, რომ მათი ურთიერთობა უფრო გააიოლა. 1953 წლის აპრილში ტაუსენდმა მარგარეტს ხელი სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო, თუმცა მათი ქორწინება იმ დროს შეუძლებელი იყო. ამას მრავალი მიზეზი ჰქონდა: ტაუსენდი მარგარეტზე 15 წლით უფროსი იყო, იგი არ იყო არისტოკრატთა წრიდან და თანაც განქორწინებული იყო და ცოლისგან ორი შვილი ჰყავდა. 1772 წელს მეფე ჯორჯ III-ის მიერ გამოცემული სამეფო ქორწინების აქტის თანახმად, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრს არ შეეძლო 25 წლამდე ქორწინება მონარქის ნებართვის გარეშე, რაც ამ შემთხვევაში რთული მოსაპოვებელი იყო, რამეთუ ბრიტანეთის მონარქი არის ინგლისის ეკლესიის მეთაურიც, რაც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, რამეთუ ინგლისური ეკლესია კრძალავს განქორწინებული პირის ქორწინებას სანამ მისი პირველი მეუღლე ცოცხალია. ამრიგად, მარგარეტს ქორწინებისათვის დის, დედოფალ ელისაბედ II-ის თანხმობა სჭირდებოდა, რამეთუ იგი ჯერ კიდევ 23 წლის იყო ამ დროს, რის გამოც დედოფალმა მათ ქორწინებისათვის ორი წლით მოცდა სთხოვათ, რათა სამეფო ქორწინებების აქტის მიხედვით მარგარეტს თავად შესძლებოდა გადაწყვეტა თუ ვისზე იქორწინებდა. ვინაიდან ამ დროისათვის ბრიტანული მონარქია კრიზისში იყო, მარგარეტი თხოვნას დათანხმდა და იმისათვის, რომ მათ ერთმანეთი აღარ ენახათ, ტაუსენდი 2 წლით ბელგიაში გაუშვეს.
1955 წელს პრინცესა მარგარეტი 25 წლის გახდა, რის გამოც ტაუსენდიც სასწრაფოდ დაბრუნდა ლონდონში. მართალია სამეფო ქორწინებების აქტი მათ შეუღლებას ხელს აღარ უშლიდა, მაგრამ დედოფალი თანხმობას მაინც ვერ აძლევდათ, რამეთუ, როგორც ეკლესიის მეთაურს არ შეეძლო თავისივე ეკლესიის წესების წინააღმდეგ წასვლა და დის დაქორწინება ისეთ კაცზე, რომელიც განქორწინებული იყო და მისი ცოლი კვლავ ცოცხლობდა. აღსანიშნავია, რომ თავად ბრიტანული საზოგადოება მათ ქორწინებას ემხრობოდა, ლონდონურ გაზეთში გამოქვეყნდა კიდეც სტატია, სათაურით: „მიდი, მარგ, გააკეთე რაც გსურს“. ამის გამო დედოფალმა გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი პარლამენტისთვის მიენდო და მათ ეყარათ კენჭი. საბოლოოდ, პარლამენტართა 59%-მა მათ ქორწინებას დაუჭირა მხარი, 17%-მა კი საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა. მიუხედავად ამისა, დედოფალს ნებართვის გაცემა არ შეეძლო, რამეთუ ეპისკოპოსები მკაცრ უარზე იყვნენ.
საბოლოოდ, ელისაბედმა მარგარეტს, როგორც დას ქორწინების ნება დართო, თუმცა როგორც დედოფალმა, ამაზე უარი განუცხადა, რის გამოც წამოუყენა პირობა, რომ მას შეეძლო დაქორწინებულიყო პიტერზე მხოლოდ მაშინ, თუ ის უარს იტყოდა თავის წოდებაზე, უფლებებსა და მემკვიდრეობაზე, შემდეგ კი საზღვარგარეთ გადავიდოდა საცხოვრებლად, როგორც ეს მათმა ბიძამ, ედუარდ VIII-მ გააკეთა უოლის სიმპსონზე დასაქორწინებლად. ასე შესაძლებელი იქნებოდა მოსალოდნელი მონარქიისა და საეკლესიო კრიზისების თავიდან აცილება, რაც მათ ქორწინებას მოჰყვებოდა. ამ შეთავაზებაზე მარგარეტმა უარი განაცხადა, ნიშნობა გაუქმებულად გამოაცხადა და პიტერ ტაუსენდიც ბელგიაში დაბრუნდა, სადაც იგი მოგვიანებით ადგილობრივ ქალზე დაქორწინდა, რომლისგანაც კიდევ სამი შვილი შეეძინა.
ქორწინება
რედაქტირებატაუსენდის სკანდალის შემდეგ პრინცესა მარგარეტმა არც ისე დიდი ხნის შემდეგ ურთიერთობა დაიწყო თავის ძველ ნაცნობ ბილი უოლესთან. როგორც ცნობილია, უოლესმა მას ხელი სთხოვა და მარგარეტიც დასთანხმდა, მაგრამ მათი ნიშნობა ჯერ კიდევ მანამდე გაუქმდა, სანამ ამას ოფიციალურად გამოაცხადებდნენ. შემდეგში უოლესმა ინტერვიუში განაცხადა: „მე მქონდა ჩემი შანსი და ის ჩემი გრძელი ენით გავაფუჭე“.
1958 წელს სადილზე მარგარეტმა ფოტოგრაფი ანტონი არმსტრონგ-ჯონსი გაიცნო. 1959 წლის ოქტომბერში წყვილი დაინიშნა. ანტონიმ პრინცესას ხელი ლალისთვლიანი ბეჭდით სთხოვა, რომელსაც გარშემო ბრილიანტებით იყო შემკული და ვარდის ფორმას წააგავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მარგარეტი ასე სწრაფად ქორწინებას იმიტომ დასთანხმდა, რომ უნდოდა პიტერისთვის დაესწრო, რომელიც მასზე ცოტა ხნით ადრე დაინიშნა ბელგიელ 19 წლის გოგონა მარი-ლუს ჟამანიზე, რომელიც, როგორც ამბობდნენ, მარგარეტს ძალიან ჰგავდა. 1960 წლის 26 თებერვალს პრინცესა მარგარეტმა ოფიციალურად გამოაცხადა მისი და ანტონის ნიშნობის შესახებ, რამაც პრესაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.
1960 წლის 6 მაისს უესტმინსტერის სააბატოში მარგარეტი და ანტონი დაქორწინდნენ. ეს იყო ბრიტანეთის ისტორიაში პირველი სამეფო ქორწილი, რომელიც იმავდროულად ტელევიზიით გადაიცემოდა. მას 300 მილიონამდე ადამიანმა უყურა, თავად ქორწილს კი 2,000 სტუმარი ჰყავდა.
წყვილის საქორწინო მოგზაურობა ექვს კვირას გაგრძელდა. ისინი სამეფო იახტა „ბრიტანიით“ მოგზაურობდნენ. მათი საქორწინო საჩუქრების სიაში შედიოდა მიწის ნაკვეთი კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ მუსტიკზე. ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ ისინი საცხოვრებლად კენსინგტონის სასახლეში გადავიდნენ.
1961 წელს დედოფალმა ელისაბედმა ანტონის სნოუდონის ერლობა უბოძა, რითაც მარგარეტი სნოუდონის გრაფინია გახდა. იმავე წლის 3 ნოემბერს მარგარეტმა პირველი შვილი, დევიდი გააჩინა, რასაც 1964 წლის 1 მაისს მოჰყვა მათი მეორე და ნაბოლარა შვილის, სარას დაბადება.
საზოგადოებრივი ცხოვრება და საქველმოქმედო საქმიანობა
რედაქტირებამარგარეტის პირველი ოფიციალური საქმიანობები 1947 წელს ბელფასტსა და ედინბურგში მოგზაურობა იყო. ამის შემდეგ მან კიდევ მრავალ ადგილას იმოგზაურა. მისი პირველი მნიშვნელოვანი ტური იმავე წელს შედგა, როდესაც იგი მშობლებს შეუერთდა სამხრეთ აფრიკაში ვიზიტისას. 1955 წელს მან ასევე იმოგზაურა დასავლეთ ინდოეთსა და კარიბის ზღვის ბრიტანულ კოლონიებში. 1962 წელს მარგარეტი წარმოადგენდა ბრიტანეთის მონარქიას იამაიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე. იგივე როლი ჰქონდა 1978 წელს დომინიკასა და ტუვალუში. აღსანიშნავია, რომ ტუვალუში მისი ვიზიტი დროზე ადრე დასრულდა იქ გავრცელებული ვირუსული პანდემიის გამო, რის თავიდან ასაცილებლადაც პრინცესა დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი ავსტრალიაში. სხვადასხვა დროს იგი ასევე ეწვია შემდეგ ქვეყნებს: აღმოსავლეთი აფრიკა და მავრიკი 1956 წელს, ამერიკის შეერთებული შტატები 1965 წელს, იაპონია 1969 და 1979 წლებში, აშშ და კანადა 1974 წელს, ავსტრალია 1975 წელს, ფილიპინები 1980 წელს, სვაზილენდი 1981 წელს და ჩინეთი 1987 წელს.
მუსიკისა და ბალეტის გარდა, მის ძირითად ინტერესებში შედიოდა საქველმოქმედო ორგანიზაციების მფარველობაც. იგი იყო ეროვნული საზოგადოებისა და ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უნარშეზღუდული ბავშვების დახმარების შოტლანდიის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი. გარდა ამისა, პრინცესა მარგარეტი იყო წმინდა იოანეს სახელობის სასწრაფო დახმარების ბრიგადის დიდი პრეზიდენტი და დედოფალ ალექსანდრას სახელობის ექთანთა სამეფო არმიის პრეზიდენტი. იგი ასევე იყო ისეთი ორგანიზაციების მფარველი ან პრეზიდენტი, როგორებიცაა: ბირმინგემის სამეფო ბალეტი, დასავლეთ ინდოეთის ოლიმპიური ასოციაცია, სამეფო საექთნო კოლეჯი, შოტლანდიური ბალეტი, ჩრდილოური ბალეტის თეატრი და ა.შ.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაგავრცელებული ინფორმაციით, მარგარეტს ქორწინების პერიოდში პირველი რომანი 1966 წელს ჰქონდა თავისი ქალიშვილის ნათლიმამა ანტონი ბარტონთან, ბორდოს ღვინის მწარმოებელთან. ერთი წლის შემდეგ იგი საგრძნობლად დაუახლოვდა რობინ დუგლას-ჰოუმს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ალეკ დუგლას-ჰოუმის ძმისწულს, თუმცა თავად მარგარეტი ამტკიცებდა, რომ მათი ურთიერთობა პლატონური იყო, მაგრამ მათი პირადი წერილებიდან (რომლებიც მოგვიანებით გაიყიდა) ირკვევა, რომ მათ ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. ცნობილია, რომ რობინი მარგარეტთან დაშორების შემდეგ მძიმე დეპრესიაში ჩავარდა და სულ 18 თვეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ასევე არსებობს მოსაზრებები, რომ იგი ინტიმურ ურთიერთობაში იყო მუსიკოს მიკ ჯეგერთან, მსახიობ პიტერ სელერსსა და ავსტრალიელ კრიკეტიორ კიტ მილერთან, თუმცა ეს მოსაზრებები დაუსაბუთებელია. ბიოგრაფ შარლოტა ბრეზის მიხედვით, 1955 წელს ლესლი ჰაჩინსონს მარგარეტთან „მოკლე კავშირი“ ჰქონდა. 2009 წელს გამოსულ დევიდ ნივენის ბიოგრაფიულ ნაწარმოებში კი შესულია სიტყვები, რომლებიც ასევე მოწმობენ ნივენისა და მასზე ოცი წლით უმცროსი პრინცესის ახლო მეგობრულ ურთიერთობაზე. 1975 წელს გამოქვეყნებული სტატიაში პრინცესა მარგარეტი მოხდა იმ ქალთა სიაში, რომელთაც ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ მსახიობ უორენ ბიტთან. მსახიობმა ჯონ ბინდონმა კი ციხეში ყოფნის დროს თავისი ისტორია ერთ-ერთ გაზეთს დიდი თანხის სანაცვლოდ მიჰყიდა, სადაც ბინდონი ამაყობდა პრინცესასთან არსებული მისი ახლო ურთიერთობით.
1970-იანი წლების დასაწყისიდან სნოუდონების წყვილს შორის გაუცხოება დაიწყო. 1973 წლის სექტემბერში კოლინ ტენანტმა მარგარეტს როდი ლიველინი გააცნო, რომელიც პრინცესაზე 17 წლით უმცროსი იყო. 1974 წელს მარგარეტი ლიველინთან ერთად გაემგზავრა კუნძულ მუსტიკზე აშენებულ თავის დასასვენებელ სახლში. ცნობილია, რომ ისინი აქ კიდევ მრავალჯერ ჩავიდნენ ერთად. მათ ურთიერთობას ბრიტანული პრესა „სასიყვარულო მეგობრობას“ უწოდებდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ იმპულსური ლიველინი დაშორდა პრინცესას და სრულიად მოულოდნელად თურქეთში გაემგზავრა. ამან იმდენად უარყოფითად იმოქმედა მარგარეტზე, რომ საძილე აბების ზედმეტი დოზა მიიღო და თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მისი გადარჩენა მოახერხეს. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა: „ამ ყველაფრისგან ძალიან გამოფიტული ვიყავი“. მან ასევე დასძინა: „მხოლოდ ძილი მინდოდა“. გამოჯანმრთელებისთანავე მარგარეტი ლორდ სნოუდონს ჩამოაშორეს, რამეთუ ეშინოდათ, რომ ქმრის დანახვა მას კიდევ უფრო შეაწუხებდა.
1976 წელს ტაბლოიდ News of the World-ის მთავარ გვერდზე გამოქვეყნდა კუნძულ მუსტიკზე გადაღებული მარგარეტისა და ლიველინის საერთო ფოტო, სადაც ისინი საცურაო კოსტიუმებში იყვნენ. 1976 წლის 19 მარტს სნოუდონებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მათი ქორწინება „შეუქცევადად დაიშალა“. არსებულმა რომანემბა ცუდად იმოქმედა მარგარეტის რეპუტაციაზე. იმავე წელს იგი უამრავი საჯარო ღონისძიების სტუმრების სიიდან ამოიღეს, ლეიბორისტული პარტიის დეპუტატებმა კი დაგმეს მისი ქმედებები და მას „სამეფო პარაზიტი“ უწოდეს. 1978 წლის 24 მაისს მარგარეტისა და ანტონი არმსტრონგ-ჯონსის განქორწინება ოფიციალურად შევიდა ძალაში. ეს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში იყო პირველი განქორწინება 1901 წელს პრინცესა ვიქტორია მელიტას შემდეგ. 1978 წლის 15 დეკემბერს ლორდი სნოუდონი მეორედ დაქორწინდა ლუსი ლინდსი-ჰოგზე.
1979 წლის აგვისტოში ლუი მონბატენი, ბარმის პირველი ერლი და მარგარეტის ბებიის ძმა, და მისი ოჯახი ირლანდიელი რესპუბლიკელების მიერ ჩამოგდებულმა ბომბმა იმსხვერპლა. მალევე მარგარეტი ოფიციალურად ეწვია აშშ-ს, სადაც ჩიკაგოს სამეფო თეატრში იგი ჟურნალისტებს ამ ფაქტთან დაკავშირებით ესაუბრა და განაცხადა, რომ ირლანდიელებისაგან მისმა ოჯახმა უკვე მიიღო სამძიმრების მრავალი წერილი. იმავე ჟურნალისტებმა მალევე გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც პრინცესა მარგარეტი ირლანდიელებს „ღორებს“ უწოდებდა. მართალია თავად პრინცესამ უარყო ასეთი განცხადების გაკეთება, თუმცა მისი სამშობლოში დაბრუნება გაჭირდა, რამეთუ მის მიმართ წამოვიდა მუქარების მთელი კასკადი ირლანდიელთა მხრიდან.
1981 წელს რობი ლიველინი დაქორწინდა ტატიანა სოსკინზე, რომელსაც იგი ათი წლის განმავლობაში ხვდებოდა. ლიველინი და მარგარეტი ცხოვრების ბოლომდე ახლო მეგობრებად დარჩნენ.
ავადმყოფობა და გარდაცვალება
რედაქტირებახანში შესვლასთან ერთად პრინცესა მარგარეტი სულ უფრო ხშირად ავადმყოფობდა და უნარებიც შეეზღუდა. იგი სიგარეტს 15 წლის ასაკიდან ეწეოდა (ან უფრო ადრეც), უკანასკნელ წლებში კი განსაკუთრებით აქტიური მწეველი გახდა. 1985 წლის 5 იანვარს მას მარცხენა ფილტვის ნაწილი ამოჰკვეთეს. იმავე ტიპის ოპერაციების გაკეთება მოუხდა 30 წლით ადრე მამამისს, მეფე ჯორჯსაც, რომელიც ასევე აქტიური მწეველი იყო. 1991 წლიდან მან მოწევას თავი დაანება, თუმცა ამის სანაცვლოდ ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. 1992 წელს მარგარეტი უკანასკნელად შეხვდა პიტერ ტაუსენდს, რომელიც 1995 წელს გარდაიცვალა. მარგარეტის განცხადებით: „იგი ზუსტად ისევე გამოიყურებოდა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ თმა გაუნაცრისფრდა“.
1993 წელს იგი საავადმყოფოში მოათავსეს პნევმონიის გამო. 1998 წლის 23 თებერვალს მუსტიკის დასასვენებელ სახლში ყოფნისას პირველად განიცადა ინსულტის შეტევა. მომდევნო წლის დასაწყისში პრინცესამ აბაზანაში წაქცევის გამო ფეხებიც დაიზიანა. ამ დროს იგი იმდენად მძიმედ დაშავდა, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ხელჯოხით, ან უარეს შემთხვევაში ეტლით გადაადგილდებოდა. 2001 წლის 10 იანვარს მადის დაკარგვისა და ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მარგარეტი საავადმყოფოში მოათავსეს. 2001 წლის მარტში განვითარებულმა მეორე ინსულტმა მარგარეტის მარცხენა თვალიდან მხედველობა და სხეულის მარცხენა ნახევრის პარალიზება გამოიწვია. მისი უკანასკნელი საჯარო გამოსვლები 2001 წელს შედგა, როდესაც დაესწრო დედამისის, დედა-დედოფალ ელისაბედის 101-ე დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებას და ბიცოლის, გლოსტერის ჰერცოგინია ალისას მე-100 დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებას.
პრინცესა მარგარეტი გარდაიცვალა 2002 წლის 9 თებერვალს დილის 06:30 საათზე, 71 წლის ასაკში, მეფე ედუარდ VII-ის საავადმყოფოში, ლონდონში. ამის მიზეზი ინსულტის კიდევ ერთი შეტევა იყო, რომელმაც გულის გაჩერება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით მისმა დისწულმა, უელსის პრინცმა ჩარლზმა სატელევიზიო გადაცემაში განცხადებაც გააკეთა და ასე მიაგო პატივი დეიდას. მისი დაკრძალვის ცერემონია ჩატარდა 2002 წლის 15 თებერვალს, მამამისის გარდაცვალებიდან 50-ე წლისთავზე წმინდა გიორგის სამლოცველოში. სამეფო ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, მარგარეტის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა, მისი ფერფლი კი ჯორჯ VI-ის საფლავზე მიმოაბნიეს. დედა-დედოფალი ელისაბედ ბოუზ-ლაიონი შვილის დაღუპვიდან სულ შვიდ კვირაში თავადაც გარდაიცვალა.
ტიტულები, წოდება, ჯილდოები და ჰერალდიკა
რედაქტირებატიტულები და წოდება
რედაქტირება- 21 აგვისტო, 1930 - 11 დეკემბერი, 1936: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა მარგარეტ იორკელი;
- 11 დეკემბერი, 1936 - 6 ოქტომბერი, 1961: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა მარგარეტი;
- 6 ოქტომბერი, 1961 - 9 თებერვალი, 2002: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა მარგარეტი, სნოუდონის გრაფინია;
ჯილდოები
რედაქტირებამშობლიური ჯილდოები
რედაქტირება- ინდოეთის გვირგვინის ორდენი, 12 ივნისი, 1947;
- წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის ორდენი, 23 ივნისი, 1948;
- ვიქტორიანული სამეფო ორდენი, 1 ივნისი, 1953;
- წმინდა იოანე იერუსალიმელის სახელობის ორდენი, 20 ივნისი, 1956;
- მეფე ჯორჯ V-ის ორდენი სამეფო ოჯახისაგან;
- მეფე ჯორჯ VI-ის ორდენი სამეფო ოჯახისაგან;
- დედოფალ ელისაბედ II-ის ორდენი სამეფო ოჯახისაგან;
- კანადური ძალების ორდენი;
უცხოური ჯილდოები
რედაქტირება- ნიდერლანდები: ნიდერლანდური ლომის ორდენი, 1948;
- ზანზიბარი: ზანზიბარის ბრწინვალე ვარსკვლავის ორდენი, 1956;
- ბელგია: გვირგვინის ორდენი, 1960;
- უგანდა: ტოროს სამეფოს გვირგვინის, ლომისა და შუბის ორდენი, 1965;
- იაპონია: ძვირფასი გვირგვინის ორდენი, 1971;
გერბი და მონოგრამა
რედაქტირებაშვილები
რედაქტირებასახელი | დაიბადა | ქორწინება | შვილები | |
---|---|---|---|---|
დევიდ არმსტრონგ-ჯონსი, სნოუდონის მე-2 ერლი | 3 ნოემბერი, 1961 | 8 ოქტომბერი, 1993 | სერენა სტენჰოუპი | • ჩარლზ არმსტრონგ-ჯონსი, ლინლის ვიკონტი
• ლედი მარგარიტა არმსტრონგ-ჯონსი |
ლედი სარა არმსტრონგ-ჯონსი | 1 მაისი, 1964 | 14 ივლისი, 1994 | დანიელ ჩატო | • სამუელ ჩატო
• ართურ ჩატო |
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Aronson, Theo (2001), Princess Margaret: A Biography, London: Michael O'Mara Books Limited, ISBN 1-85479-682-8
- Botham, Noel (2002), Margaret: The Last Real Princess, London: Blake Publishing Ltd, ISBN 1-903402-64-6
- Bradford, Sarah; Harrison, B.; Goldman, L. (January 2006). "Margaret Rose, Princess, countess of Snowdon (1930–2002)". Oxford Dictionary of National Biography (revised October 2008 ed.). Oxford University Press.
- Crawford, Marion (1950), The Little Princesses, London: Cassell and Co
- Heald, Tim (2007), Princess Margaret: A Life Unravelled, London: Weidenfeld and Nicolson, ISBN 978-0-297-84820-2
- Warwick, Christopher (2002), Princess Margaret: A Life of Contrasts, London: Carlton Publishing Group, ISBN 0-233-05106-6
- Louda, Jiří; Maclagan, Michael (1999) [1981]. Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe (2nd ed.). London: Little, Brown. p. 34. ISBN 978-0-316-84820-6.
- Lacey, Robert (2008). "15: "Mindful of the Church's Teaching"". Monarch: The Life and Reign of Elizabeth II. Simon and Schuster. pp. 187–198. ISBN 978-1439108390.
- Delffs, Dudley (2019). "Chapter 4: Conviction and Compromise: Growing Through Private and Public Criticism". The Faith of Queen Elizabeth: The Poise, Grace, and Quiet Strength Behind the Crown. Zondervan. ISBN 978-0310356981.
- Courcy, Anne de (9 January 2009). "The Princess and the Photographer". Vanity Fair. Retrieved 5 November 2020.
- Ann Sumner Holmes (13 October 2016). The Church of England and Divorce in the Twentieth Century: Legalism and Grace. Routledge. pp. 78–79. ISBN 9781848936171. Retrieved 3 January 2019.
- Lacey, Robert (2017). The Crown: The Official Companion. Elizabeth II, Winston Churchill, and the making of a young queen, (1947-1955). Crown Archetype. pp. 160, 270, 272. ISBN 978-1524762285.
- Barrymaine's 1958 biography dates The Times's editorial to 24 October, an error which other works—even Townsend's autobiography—repeats. Edwards, Anne (2017). Royal Sisters: Queen Elizabeth II and Princess Margaret. Rowman & Littlefield. pp. 268–269, 364. ISBN 978-1630762667. Retrieved 9 November 2020.