იესო ქრისტეს გარეგნობა და ეროვნება

იესო ქრისტეს ეროვნება და გარეგნობა ადრეული ქრისტიანობიდან მოყოლებული აქტიურად განიხილება, რადგან ახალი აღთქმა არ იძლევა ცნობებს მის ფიზიკურ მახასიათებლებზე და იესოს გარეგნობისადმი ინდიფერენტული რჩება.[1]

საუკუნეების მანძილზე იესო ქრისტეს მრავალნაირად გამოსახავდნენ.

ახალი აღთქმისა და მასთან დაკავშირებული რელიგიური წერილების გარდა, ბიბლიურ იესოზე ცნობებს არცერთი ისტორიული წყარო არ იძლევა. თუმცა იესოს წარმოშობასთან დაკავშირებით რამდენიმე თეორია განვითარდა და მათგან ზოგიერთი უფრო პოპულარულია.[2][3] შუა საუკუნეებში რამდენიმე ნაშრომი, ძირითადად გაურკვეველი ან სადავო ავტორობითა და წარმოშობით, იქნა გავრცელებული და მათში დაკონკრეტებული იყო იესო ქრისტეს ზოგიერთი ფიზიკური მახასიათებელი. ამჟამად მათი უმეტესობა სიყალბედ არის მიჩნეული. [4][5][6] ადამიანთა უმეტესობას მხატვრების შემოქმედების გავლენით გონებაში ფიქსირებული აქვს იესოს გარეგნობა. თუმცა ხელოვნების ეს ნიმუშები ემორჩილებიან საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სერიოზული მეცნიერული საფუძველი.[7]

XIX საუკუნეში განვითარდა მოსაზრება, რომ იესო იყო არა-სემიტური წარმოშობის, განსაკუთრებით ხშირად იყო აპელირება არიულ რასაზე.[8] თუმცა დასკვნების უმეტესობა იყო სუბიექტური, ეყრდნობოდა კულტურულ სტერეოტიპებს და სოციალურ ტენდენციებს, ნაცვლად მეცნიერული ანალიზისა.[9] ორი ათასი წლის განმავლობაში მხატვრებმა მრავალნაირად გამოსახეს იესო ქრისტე, რაზეც ხშირად ისევ კულტურული წყობა, პოლიტიკური გარემოება და თეოლოგიური კონტექსტი ახდენდა გავლენას.[10][11] როგორც წესი, სამეცნიერო წრეებში დიდად არ დავობენ იმაზე, რომ იესო იყო ახლო აღმოსავლეთიდან, ებრაელი,[12] თუმცა გარეგნობა ჯერ კიდევ დავის საგანია.

გარდა მხატვრობისა, იესო ქრისტეს ვხვდებით კინემატოგრაფიასა და არქიტექტურაშიც.

ბიბლიური ცნობები

რედაქტირება
 
ალექსანდრე ივანოვის ფერიცვალება, 1824 წ

ახალი აღთქმა არ მოიცავს ცნობებს იმაზე, როგორ გამოიყურებოდა იესო ყოველდღიურ ცხოვრებაში (საუბარია მხოლოდ ჯვარცმის მომენტზე),[13][14] სახარების ავტორები კი, როგორც წესი, არ გვაწვდიან ინფორმაციას ადამიანთა გარეგნულ მახასიათებლებზე. [1][11][15]

სინოპტიკური სახარებები აღწერენ იესოს ფერისცვალებას, რა დროსაც „გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე".[16]

გამოცხადების წიგნი მოიცავს იოანეს მიერ კაცის ძის ხილვას, რომელიც აღწერილია, როგორც „...თავი მისი და თმანი - სპეტაკი, როგორც ქათქათა მატყლი და როგორც თოვლი, ხოლო თვალნი მისნი, როგორც ალი ცეცხლისა. ფეხნი მისნი - ცეცხლში გავარვარებული ელვარე რვალი, ხოლო ხმა მისი, როგორც ზათქი მრავალი წყლისა. მარჯვენა ხელში ეპყრა შვიდი ვარსკვლავი და მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორლესული, ხოლო სახე მისი, როგორც მზე, სხივმფინარი თავისი ძალით..."[17] თუმცა ითვლება, რომ ეს არის იესოს ზეციური იერსახე და დედამიწაზე ყოფნის დროს სხვანაირი იყო.[18]

ძველი აღთქმა საუბრობს მესიის (რომელიც, ქრისტიანების აზრით, იყო იესო) მოსვლაზე და გარკვეულ დეტალებსაც იძლევა მასზე; მაგალითად ესაიას წიგნში[19] წერია, რომ მესიას „არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ", ხოლო ფსალმუნებში ეწოდება „ადამის ძეთა უმშვენესი", რასაც ხშირად განმარტავენ, როგორც მესიის ფიზიკურ მხარეს.[20][21][22][23] ბრიტანელი თეოლოგი ადამ კლარკი ბიბლიის კომენტარებში იშველიებს ნაწყვეტს ძველი აღთქმის წიგნიდან იერემიას გოდება:[24] „მათი მთავრები თოვლზე სპეტაკები იყვნენ, რძეზე თეთრები, მათი ტანი ბადახშზე წითელი, მათი გამოხედვა - საფირონი. ახლა კი ნახშირის უშავესია მათი სახე" და მიიჩნევს, რომ ეს არის მინიშნება კანის ფერზე.[25] 1 მეფეთა წიგნში აღწერილია დავითი, იესოს წინაპარი, რომელიც „წითური იყო, თვალადი და ლამაზი შესახედავი".[26]

ადრეული ეკლესია და შუა საუკუნეები

რედაქტირება

მიუხედავად პირდაპირი ბიბლიური ან ისტორიული ცნობების სიმწირისა, მეორე საუკუნიდან მოყოლებული ჩნდებოდა სხვადასხვა თეორიები იესოს გარეგნობაზე, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ფიზიკურ მხარეზე და ნაკლებად - რასაზე ან წარმოშობაზე. საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ, თითოეული მოსაზრება მტკიცე არგუმენტებით გაემყარებინათ.[3]

წმინდა იუსტინე წამებული განიხილავს იესოს გენეალოგიას დავითის შტოდან როგორც ბიოლოგიური დედის, წმინდა მარიამის ხაზით, ისე არა-ბიოლოგიური მამის, იოსების ხაზითაც.[2] თუმცა ეს მხოლოდ ებრაულ წარმოშობაზე მიუთითებს, რასაც სახარების ავტორებიც აღნიშნავენ.

ბევრი ადრეული წყარო საუბრობს იმაზე, რამდენად მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა იესოს. მეორე საუკუნის ანტიქრისტიანი ფილოსოფოსი ცელსუსი წერს, რომ იესო იყო „მახინჯი და დაბალი".[27] იუსტინე წამებული, ტერტულიანე და ამბროსი მიიჩნევდნენ, რომ ფიზიკური სილამაზის ნაკლებობა თანხმობაში იყო ესაიას წინასწარმეტყველებასთან, რომ მესიას არ ჰქონდა „მშვენება" და „არც იერი, რომ მივეზიდეთ".[28]

მაგრამ სხვაგვარი იყო დამკვიდრებული აზრი, რომელიც გამოხატეს ეკლესიის მამებმა წმინდა იერონიმემ და ნეტარმა ავგუსტინემ. ისინი ეყრდნობოდნენ თეოლოგიურ მსჯელობას, რომ იესო ყოველმხრივ სრულყოფილი იყო, მათ შორის სახითა და სხეულითაც. ნეტარი ავგუსტინე თვლიდა, რომ იესო იყო „ლამაზი ბავშვი, ლამაზი დედამიწაზე, ლამაზი ზეცაში".[29] ეს თეოლოგიური არგუმენტები უფრო მეტად განივრცო მე-13 საუკუნეში თომა აკვინელის მიერ ნაშრომში Summa theologiae. იესოს სრულყოფილებაზე არსებული შეხედულების ანალიზით ის ასკვნის, რომ იესოს შეთვისებული ჰქონდა ყველანაირი შესაძლო ადამიანური სრულყოფილება.[30][31]

შუა საუკუნეებში უკვე არსებობდა გაურკვეველი ან სადავო წარმოშობის მრავალი ნაშრომი, რომლებიც მუდმივად ვრცელებოდა და სხვადასხვანაირ ინფორმაციას იძლეოდა იესოს გარეგნობაზე.

IX საუკუნეში ბერი ეპიფანე აღწერდა მაღალ ანგელოზისებურ ფიგურას, რომელიც მაშინ იესოდ გაშიფრეს, თუმცა სწავლულები ამას ნაკლებად შესაძლებლად თვლიან.[32] ყალბი ცნობების მაგალითია არჩკოს წიგნი და პილატე პონტოელის წერილი ტიბერიუსის მიმართ. ყველაზე სავარაუდოა, რომ ისინი შუა საუკუნეებში იქნა შეთხზული.[4][5][6]

ყალბი წერილი, რომელიც ვითომდა იუდეის მმართველის პუბლიუს ლენტულუსის მიერ იყო მიწერილი რომის სენატისადმი, თარიღდება 1300 წლით და მეცნიერთა უმეტესობის აზრით, შეითხზა იმიტომ, რომ იესოს ფიზიკურ აღწერილობაზე ბიბლიაში არსებული დანაკლისი შეევსოთ.[11] ასევე XIV საუკუნეში ნიკიფორე კალისტოელი აციტირებს უსახელო ანტიკურ წყაროს, რომელიც იესოს აღწერს მაღალ და ლამაზ ადამიანად ტალღური თმით, მაგრამ ეს ცნობა სავარაუდოდ არ ეყრდნობა რაიმე წყაროს და მხოლოდ იესოს მხატვრული გამოსახულებებით იქნა შთაგონებული.[33]

ისლამური ჰადისი, VIII-IX საუკუნეების მონათხრობთა კრებული, აღწერს იესოს, როგორც „წითელს". ამბის ავტორია აბდულა იბნ აბასი.[34] წითელი კანი შეიძლება სინამდვილეში ნიშნავდეს ყავისფერ იერს მოწითალო ტონებით, ან იყოს ევფემიზმი ღია ფერის კანისთვის, რათა არ ეწოდებინათ თეთრი და ვიტილიგოსთან ასოცირებული არ გამხდარიყო. იესო მუქი-მოყავისფრო იერითაა აღწერილი ჰადისის სხვა ადგილებშიც.[35]

რასობრივი თეორიების წარმოშობა

რედაქტირება

რასობრივი თეორიების განვითარების წმინდა წერილთან კონტექსტში ახსნისას ისტორიკოსი კოლინ კიდი წიგნში „რასების გამოჭედვა" აცხადებს, რომ ბიბლიური პერსონაჟებისთვის რომელიმე რასის მიკუთვნება ძირითადად სუბიექტური ქმედება იყო და ეფუძნებოდა კულტურულ სტერეოტიპებსა და სოციალურ ტენდენციებს, ნაცვლად მეცნიერული მეთოდისა.[9] კიდი განიხილავს რამდენიმე თეორიას იესოს რასაზე, დაწყებული თეთრკანიანი არიელიდან დამთავრებული შავკანიანი აფრიკელით და ასაბუთებს, რომ მკვლევარებს შორის არ არის ერთიანი აზრი ამ საკითხზე.[36]

წიგნში „იესოს რასიალიზაცია" შონ კელი აცხადებს, რომ იესოსადმი რომელიმე რასის მიწერა კულტურული მოვლენაა, რომელიც საზოგადოების ინტელექტუალური წრეებიდან იღებს სათავეს.[37] კაენ ჰოუფ ფელდერი თვლის, რომ ახალი აღთქმის მუხლები, როგორიცაა გალატელთა 3:28, ქადაგებს უნივერსალიზმს, რომელიც უფრო მაღლა დგას, ვიდრე რასა, ეროვნება და თვით რელიგიაც კი.[38]

 
შავკანიანი იესო ნიკოდემუსთან, ჰენრი ოსავა ტანერის ნახატი, 1899 წ

XIX საუკუნეში განვითარდა თეორიები, რომ იესო იყო არიული რასის, განსაკუთრებით ხშირად აღნიშნავდნენ მის ნორდიკულ გარეგნობას. საბოლოოდ ეს შეხედულები გამოყენებული იქნა რასობრივი ანტისემიტიზმის სასარგებლოდ, რომლის მომხრეებსაც სურდათ, იესოსგან ყველაფერი ებრაული მოეშორებინათ. ინგლისელი მკვლევარი ჰიუსტონ სტიუარტ ჩემბერლეინი დარწმუნებული იესოს ამორეულ-გერმანიკულ წარმოშობაში.[39] მედისონ გრანტი იესოს ნორდიკული რასის წევრად თვლიდა.[15][40][41] ამ იდეებს ყველაზე მძიმე გამოძახილი ჰქონდა პოზიტიური ქრისტიანობის ნაცისტურ თეოლოგიაში. სწავლულები, რომლებიც მხარს უჭერდნენ რადიკალურ არიულ შეხედულებას, არგუმენტად იმას იყენებდნენ, რომ ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ებრაელად ყოფნა რელიგიის გამო და ებრაელობა „რასის" ან ეროვნების გამო.[42] ეს თეორიები ხშირად მოიცავდნენ მსჯელობას, რომ იესო იყო არიელი, რადგან გალილეა სავარაუდოდ არაებრაული რეგიონი იყო და იქაურები უცნობ ინდო-ევროპულ ენაზე საუბრობდნენ. თუმცა ამ დასკვნას მეცნიერთა მხარდაჭერა არ მოუპოვებია (რეალურად გალილეაში მართლაც საკმაოდ იყვნენ არაებრაელები, მაგრამ ისინი სემიტურ ენებზე საუბრობდნენ).[15][43]

ინგლისელი არქეოლოგი გოდფრი ჰიგინსი წიგნში „ანაკალიფსისი" (1836) აყენებს მოსაზრებას, რომ იესოს ჰქონდა მუქი ყავისფერი კანი და იყო ინდო-არიული რასის, წარმოშობით ჩრდილო ინდოეთიდან. 1906 წელს გერმანელმა მწერალმა თეოდორ პლანჯმა გამოსცა წიგნი „ქრისტე-ინდოელი?", რომელშიც აცხადებს, რომ იესო ინდოელი იყო და ქრისტიანული სახარებები ინდოეთში დაიწერა.[44]

XX საუკუნეში გაჩნდა ისეთი თეორიებიც, რომელთა მიხედვითაც იესო იყო შავკანიანი, მაგრამ არა აუცილებლად რომელიმე აფრიკული ერის შთამომავალი, გამომდინარე იქიდან, რომ უძველესი ებრაელები სრულად ან ნაწილობრივ შავკანიანები იყვნენ.[36][45] მარტინ ლუთერ კინგი მხარს უჭერდა „შავი იესოს" მოძრაობას და იესოს მიერ იმდროინდელ ავტორიტეტებთან ბრძოლას ადარებდა აფროამერიკელების ყოფას აშშ-ის სამხრეთ ნაწილში, ეკლესიის ლიდერებს კი აკრიტიკებდა, რომ რასობრივი თანასწორობის მხარდასაჭერად არაფერს აკეთებდნენ.[45] ზოგისთვის ეს მოძრაობა მხოლოდ პარალელი იყო იესოსა და შავკანიანების ტანჯვასთან, ზოგი კი, მაგალითად ქრისტიანი ლიდერი ალბერტ კლიგი, თვლიდა, რომ იესო პირდაპირი გაგებით შავკანიანი იყო.[46]

2001 წლის BBC-ის სერიებში ღმერთის ძე ჩატარებული კვლევისას შეეცადნენ, განესაზღვრათ იესოს რასა და გარეგნობა. [47] იმ დასკვნაზე დაყრდნობით, რომ იესო იყო გალილეველი სემიტი, მარკ გუდაკრთან თანამშრომლობით დადგინდა, რომ მისი კანი იქნებოდა „წენგოსფერი"[48] და „შავგვრემანი".[49] ეს დასკვნა გაკრიტიკდა ზოგ მედიაში „არასანდოობის" და „უცოდინრობის გამოვლინების" გამო.[50][51] ასეა თუ ისე, ანალიზი მიანიშნებს, რომ გინდაც თეთრკანიანი ყოფილიყო, იესო შესაძლოა არ ჩამჯდარიყო ამ რასის თანამედროვე გაგებაში, როგორც ესმით ის დასავლურ სამყაროში.

აკადემიურ კვლევებში, გარდა იმ საზოგადო დასკვნისა, რომ „იესო იყო ებრაელი", თანამედროვე მეცნიერებმა ვერ შეძლეს, იესოს ეთნიკურობის საკითხისთვის წარმატებით გაერთვათ თავი.[12]

 
კომპიუტერულად გენერირებული გამოსახულება (CGI) BBC-ის დოკუმენტური ფილმიდან.

ყველაზე ხშირად ასკვნიან, რომ იესო სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთიდან იყო, რადგან სახარებებში აღწერილი მოვლენები აქ ხდებოდა, ამაზე მიანიშნებს იესოს გენეალოგიაც. ამიტომ ის წარმოდგენილი ჰყავთ, როგორც წენგოსფერი ინდივიდი, ტიპური პიროვნება ლევანტური რეგიონიდან. 2001 წელს კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა BBC-ის, France 3-ისა და Discovery Channel-ის დაფინანსებით,[52] სადაც გამოყენებული იქნა პირველი საუკუნის სამი ებრაელის თავის ქალა. სასამართლო ანთროპოლოგიის დახმარებით მოახერხეს სახის რეკონსტრუქცია,[53] რამაც აჩვენა, რომ იესოს ექნებოდა ფართო სახე და განიერი ცხვირი, და იქნებოდა მნიშვნელოვნად განსხვავებული რენესანსის ხელოვნების ნიმუშებში გამოსახულისგან.[54]

დამატებითი ინფორმაცია იესოს კანის ფერსა და თმაზე მოწოდებული იქნა მარკ გუდაკრის, ბირმინგემის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და რელიგიის დეპარტამენტის მთავარი ლექტორის მიერ.[54] სინაგოგებში არსებული მესამე საუკუნის გამოსახულებებით, რაც ებრაელი ხალხის უძველესი სურათებია,[55] გუდაკრმა დაასკვნა, რომ იესოს კანის ფერი იქნებოდა უფრო მუქი, ვიდრე მის ტრადიციულ დასავლურ გამოსახულებებშია. ასევე მას ექნებოდა მოკლე, ხვეული თმა და მოკლედ შეკრეჭილი წვერი.[56] ეს დასტურდება კორინთელთა პირველი ეპისტოლეთიც, სადაც პავლე მოციქული ამბობს, რომ „სამარცხვინოა" კაცისთვის გრძელი თმის ქონა.[57] გადმოცემით, პავლე მოქიცულების უმეტესობას და იესოს ოჯახის წევრებს იცნობდა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, მსგავსი რამ დაეწერა, თუკი ეცოდინებოდა, რომ იესო გრძელ თმას ატარებდა.[56]

მართალია, ეს იესოს სახე არ ყოფილა,[53] მაგრამ კვლევა ასკვნის, რომ იესოს კანი უფრო წენგოსფერი იყო, ვიდრე თეთრი, [54] და ის გამოიყურებოდა, როგორც ტიპური გალილეველი სემიტი. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბიბლიის მიხედვით, იუდამ ჯარისკაცებს მიუთითა მასზე, რათა შეეპყროთ. თუკი იესოს გარეგნობა სერიოზულად განსხვავდებოდა მისი მოციქულებისგან, მაშინ ამოცნობა რთული არ უნდა ყოფილიყო.[56]

ხელთუქმნელი ხატები და ხილვები

რედაქტირება

შუა საუკუნეების პერიოდში გამოჩნდა იესო ქრისტეს რამდენიმე ლეგენდარული გამოსახულება, სავარაუდოდ იმისთვის, რომ იმ პერიოდის გამოსახულებების სტილი განემტკიცებინათ. ასეთი იყო მაგალითად ედესის ხატი.[1] ვერონიკას თავშალს თან ახლდა ისტორია, რომ ის თავად იესოს მიერ იყო შექმნილი ყველანაირი შეხების თუ საღებავების გარეშე.[1]

 
სეკონდო პიას ფოტოს ნეგატივი

იესოს გარეგნობას აღწერდნენ წმინდანები და მისტიკოსები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ იესო გამოეცხადათ. მსგავსი განცხადებები რომის კათოლიკურ ეკლესიაში უფრო ხშირია, ვიდრე სხვა ქრისტიანულ მიმდინარეობებში.[58]

XX საუკუნეში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ზოგიერთი ცნობა იესოს სასწაულებრივ გამოსახულებებზე. მაგალითად, ტურინის სუდარის ფოტო, რომელიც სეკონდო პიამ გადაიღო, ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და საკამათო არტეფაქტია ისტორიაში. ფირის გამჟღავნებისას ნეგატივზე გამოჩნდა მშვიდი სახის მამაკაცის პოზიტიური ფოტოგრაფიული გამოსახულება. ამ უცნაური მოვლენის შემდგომ სუდარით განსაკუთრებულად დაინტერესდნენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და მრავალი კვლევა ჩაატარეს. 2010 წლის მაისში გამოფენაზე სუდარასა და მის ფოტოს, რომელზეც, მკვლევართა ნაწილის აზრით, იესოს სახეა, 2 მილიონზე მეტი ადამიანი ესტუმრა სანახავად.[59][60][61]

რაც შეეხება თავად ტურინის სუდარას, მასზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს და მკვლევარები საერთო აზრამდე არ მისულან. ტურინის სუდარა ესაა ქსოვილის ნაჭერი (სუდარა), რომელშიც გადმოცემით იესო ნაზარეველი გაახვიეს გარდაცვალებისას. ამჟამად ინახება ტურინის საკათედრო ტაძარში. 1988 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის, არიზონას უნივერსიტეტისა და შვეიცარიის ტექნოლოგიის ფედერალური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ნადიონახშირბადულმა ანალიზმა 95%-იანი სიზუსტით აჩვენა, რომ ქსოვილი ეკუთვნოდა 1260-1390 წლებს შორის პერიოდს.[62] ამის გამო რთული გახდა, სუდარა ქრისტესთვის მიეკუთვნებინათ. ამავე დროს ეს პერიოდი ემთხვევა სუდარის ეკლესიაში პირველად გამოჩენის მომენტს.[63] ასევე მცირეოდენად განსხვავდება ხელოვნების ისტორიკოსის უილიამ დეილის დასკვნისგან, რომ ის შეიქმნა მე-11 საუკუნეში, რათა მასზე ელოცათ.[64]

რადიონახშირბადულ კვლევას კრიტიკა მოყვა. მართალია, თავად მეთოდს ეჭვქვეშ არ აყენებენ, თუმცა ტურინის დამცველები აცხადებენ, რომ ანალიზისთვის სწორედ ის ნაჭერი შეარჩიეს, რომელიც სუდარას დაზიანების გამო შუა საუკუნეებში ჩააკერეს.[65][66][67]

 
ანჩისხატი

ჯოზეფ კოლბეკმა და რიჩარდ ლევი-სეთმა შეამოწმეს ტურინის ზედაპირზე არსებული მტვრის ნაწილაკები, რომლებიც ტრავერტინების არაგონიტური კირქვა აღმოჩნდა. მაღალი რეზოლუციის მიკროზონდის დახმარებით მეცნიერებმა სუდარიდან აღებული ნიმუშების სპექტრი შეადარეს ანტიკური იერუსალიმის სამარხებიდან აღებულ კირქვას. მათი ქიმიური ხელწერა იდენტური აღმოჩნდა, გარდა ცელულოზის ტილოს ბოჭკოებისა, რომლის გამოცალკევებაც სუდარის ნიმუშებიდან ვერ მოახერხეს.[68]

არსებობს მოსაზრება, რომ ტურინის სუდარა შუა საუკუნეებში შექმნილი ნახატია, თუმცა მეცნიერული ანალიზი ამას არ ადასტურებს.[69] ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ჯგუფმა პროფესორ ალბერტო კარპინტერის ხელმძღვანელობით დაასკვნა, რომ თუკი ახ.წ. 26-33 წლებს შორის მომხდარ მიწისძვრას[70][71] ადგილი ჰქონდა 33 წელს, და მისი მაგნიტუდა მინიმუმ 8.2 ბალი იყო, მაშინ საკმარის რადიაციას გამოასხივებდა საიმისოდ, რომ ნახშირბად-14-ის მოცულობა სერიოზულად გაეზარდა და შედეგად, ანალიზის პასუხი არასწორი ყოფილიყო.[72] მათთან თანხმობაშია რუსი მეცნიერების დასკვნა, რომ სუდარაში არის იმ ტიპის ნეიტრონები, რომლებიც წარმოიქმნება სპეციალური ტიპის ქვებისგან მიწისძვრის შედეგად.[73][74] ექსპერტების ნაწილი ამ ჰიპოთეზას ეჭვქვეშ აყენებს, რადგან იაპონიაში მომხდარ 9 ბალიან მიწისძვრას ნახშირბად-14-ის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.[75]

მე-20 საუკუნეში გავრცელებული კიდევ ერთი გამოსახულება, სახელად ღვთიური მოწყალების ხატი ეფუძნება ფაუსტინა კოვალსკას ხილვას, რომელიც მან თავის დღიურში აღწერა და შემდეგ მხატვრებმა ტილოზე გადაიტანეს.[76] ეს გამოსახულება ამჟამად ფართოდაა კათოლიკეებში გავრცელებული. კათოლიკე მღვდლისა და მწერლის, ბენედიქტ გროშელის გამოთვლით, მსოფლიო მასშტაბით მასზე 100 მილიონზე მეტი კათოლიკე ლოცულობს.[76][77]

საქართველოში, ანჩისხატის ტაძარში, დასვენებულია ხელთუქმნელი ხატი. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, უკურნებელი სენით შეპყრობილმა ედესის მეფე ავგაროზმა მხატვარს შეუკვეთა ქრისტეს სახის შექმნა ტილოზე. ეს დავალება მხატვარმა ვერ შეასრულა, სანამ ქრისტემ თავად არ აღბეჭდა საკუთარი გამოსახულება ტილოს სახეზე მოსმით.[78] მე-6 საუკუნეში წმიდა ანტონ მარტომყოფელმა ეს ხატი საქართველოში ჩამოიტანა, რათა წარმართების ხელში არ განადგურებულიყო.[79]

მხატვრული პორტრეტები

რედაქტირება

ბიბლიური ცნობებისა და ისტორიული ჩანაწერების ნაკლებობის მიუხედავად, ორი ათასი წლის განმავლობაში იესო ქრისტეს მრავალი განსხვავებული გამოსახულება შეიქმნა. მათზე გავლენას ახდენდა კულტურული ვითარება, პოლიტიკური გარემოება და თეოლოგიური კონტექსტები.[10][11][80]

ქრისტიანულ ხელოვნებაში ყველაზე ძველი ნახატები თარიღდება მეორე საუკუნის მიწურულით და მათი უმეტესობა რომის ტერიტორიაზეა.[81] ამ გამოსახულებებში იესო უმეტესწილად წარმოდგენილია ახალგაზრდა უწვერული მამაკაცის სახით, რომელსაც ტალღური თმა აქვს, ზოგჯერ კი სცენაზე არსებული სხვა ადამიანებისგან, მაგალითად მოციქულებისგან ან რომაელებისგან, განსხვავებული ნაკვთები აქვს.[1] თუმცა ადრეულ პერიოდში ასევე იყო წვერიანი გამოსახულებებიც, რაც სავარაუდოდ ბერძნული სამყაროს გავლენით დამკვიდრებული სტერეოტიპის გავლენაა.

 
იესოს გამოსახულება რომის კატაკომბებში. მე-3 საუკუნე

ნახატები გვხვდება ასევე დურა-ევროპოსის სინაგოგაშიც, თუმცა იუდაიზმის მოძღვრება კრძალავს გამოსახულებების გაკეთებას, ამიტომ უცნობია მისი გავლენა იესოს მხატვრულ გამოსახვაზე.[10] III-IV საუკუნის ნამუშევრები ძირითადად ახალი აღთქმის სცენების, განკურნებისა და სხვა სასწაულების, განსახიერებაა.[81] IV საუკუნეში კონსტანტინე I-ის გაქრისტიანებასთან ერთად ქრისტიანულ ხელოვნებას ბევრი მდიდარი მფარველი გამოუჩნდა და მისი აყვავების ხანა დაიწყო.[81] ამ პერიოდში იესოს უფრო მოწიფულ იერს უხატავდნენ და ხშირად წვერითაც გამოსახავდნენ.[1] ასევე ამ პერიოდიდან დაიწყო მისი დახატვა კონტექსტის გარეშე, მხოლოდ იესოს ფიგურისა.[1]

V საუკუნეში დაიწყეს ქრისტეს წამების სცენების ასახვა, რაც სავარაუდოდ ადრეული ეკლესიის თეოლოგიური ფოკუსის ცვლილების გამოძახილია.[81] VI საუკუნის რაბულას სახარებები მოიცავს ჯვარცმისა და აღდგომის უძველეს ნახატებს.[81] მე-6 საუკუნეში წვერიანი იესოს გამოსახვა დამკვიდრდა როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ სამყაროში.[1] შუაზე გაყოფილი მოწითალო-მოყავისფრო თმა და ნუშისებრი თვალები რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სტანდარტი იყო.[1] ამავე პერიოდში გაჩნდა ახალი ლეგენდები, რათა ეს სტილი გამართლებულიყო, მაგალითად ედესის ხატი და მოგვიანებით ვერონიკას თავშალიც.[1]

ბიზანტიური ხატმებრძოლეობა ბარიერი აღმოჩნდა აღმოსავლეთში ხელოვნების ამ მიმართულების განვითარებისთვის, მაგრამ IX საუკუნეში სიტუაცია ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდა.[10] იესოს ფერისცვალება მხატვრობის მთავარი თემა იყო აღმოსავლურ ეკლესიებში და ყველა მართლმადიდებელ ბერს, რომელიც იკონოგრაფიას ეუფლებოდა, ხელობა სწორედ ფერისცვალების ხატის დაწერით უნდა დაეწყო.[82]

იმ დროს, როცა დასავლურ ხატებში დიდი ყურადღება ექცევა პროპორციას, აღმოსავლური ეკლესიების ხატებში ზომისა და სიზუსტის დარღვევა მიზნად ისახავს, ადამიანმა ნაკლები ყურადღება მიაქციოს მის მიწიერ მხარეს.[83]

XIII საუკუნიდან გარდატეხა დაიწყო და დასავლეთში მაცხოვარს უკვე სასწაულების შემოქმედად გამოსახავდნენ. ფრანცისკანელი ბერები ადიდებდნენ იესოს თავმდაბლობას როგორც დაბადებისას, ისე სიკვდილისას და ხშირად გამოსახავდნენ შობისა და ჯვარცმის სცენებს.[84][85][86]

რენესანსის პერიოდში გავრცელდა ახალი სტილი, გამოჩენილი მხატვრები ყურადღებას აქცევდნენ იესოს ფიზიკურ მხარეს და ჯოტოს, ფრა ანჯელიკოსა და სხვების მსგავსად, ფოკუსირებას ახდენდნენ იესოს, როგორც სრულყოფილი სილამაზის მქონე ადამიანის, გამოსახვაზე.[10] ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობა, რომელიც მაღალი რენესანსის ხელოვნების პირველ ნიმუშად ითვლება ჰარმონიულობის მაღალი დონის გამო, საყოველთაოდ ცნობილი გახდა, რადგან ასახავდა მოციქულთა განსხვავებულ ემოციებს ღალატის შესახებ გაცხადებისას.[87][88]

პერიოდულად ადგილი ჰქონდა იესოს ნახატების ავტორების კრიტიკას. მაგალითად, 1850 წელს ნახატ „ქრისტე მისი მშობლების სახლშის" ავტორ ჯონ ევერეტ მილეზე იერიში მიიტანეს, რადგან „მტკივნეული" იყო „ახალგაზრდა მესიის", როგორც „წითელთმიანი ებრაელი ბიჭის" ხილვა.[89]

კინემატოგრაფიაში ქრისტე, როგორც პერსონაჟი, პირველად 1897 წელს გამოჩნდა ფილმში „ქრისტეს ვნებანი" (La Passion du Christ), რომელიც პარიზში გადაიღეს და 5 წუთის ხანგრძლივობისაა.[90][91] მას შემდეგ ფილმებში იესო მუდმივად წვერით ჩნდებოდა, როგორც დამკვიდრებული იყო დასავლეთში რენესანსის გავლენით.[92]

უფრო გვიანდელ მხატვრულ და კინემატოგრაფიულ პორტრეტებში ცდილობდნენ, იესო გამოესახათ ანტიკური ახლო აღმოსავლეთელი მაცხოვრებლის სტილში. 2004 წლის ფილმში ქრისტეს ვნებანი იესოს როლს ასრულებს ჯეიმზ კევიზელი, რომელსაც გადაღებისას ცხვირის პროთეზი ეკეთა, თვალების ფერი კი კომპიუტერულად შეუცვალეს ცისფერიდან ყავისფერზე, რათა უფრო მეტად ჰქონდა ახლო აღმოსავლეთში დაბადებულის გარეგნობა. დიზაინერ მაილს ტევესის თქმით: „მელს (გიბსონი) სურდა, იესოს როლის შემსრულებელი მსახიობი, ჯეიმზ კევიზელი, ეთნიკურად ახლო აღმოსავლეთელს დამსგავსებოდა, ამიტომ გადაწყდა, რომ ამისთვის საუკეთესო გზა იყო მისი ცხვირის ფორმის შეცვლა."[93][94]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 რობინ მ. ჯენსენის იესო ქრისტიანულ ხელოვნებაში, თავი 29, 2010 წ. ISBN 1-4051-9362-X გვ. 477-502
  2. 2.0 2.1 იესოს ცხოვრების კრიტიკული ანალიზი, ავტორი დეივიდ ფრედერიკ შტრაუსი, 2010 წ ISBN 1-61640-309-8 გვ 114-116
  3. 3.0 3.1 იესოს რასიალიზაცია: რასა, იდეოლოგია და თანამედროვე ბიბლიური კვლევის ჩამოყალიბება, ავტორი შონ კელი, 2002 წ ISBN 0-415-28373-6 გვ 70-73
  4. 4.0 4.1 ოქსფორდის კომპანიონი ბიბლიისთვის, 1993 წ ISBN 0-19-504645-5 გვ 41
  5. 5.0 5.1 ახალი აღთქმის გაგება, ავტორი კრეიგ ლ. ბლომბერგი, 2004 წ. ISBN 0-8010-2747-0 გვ 3-4
  6. 6.0 6.1 პონტოელი პილატე: რომაელი მმართველის პორტრეტები, ავტორი უორენ კარტერი, 2003 წ. ISBN 0-8146-5113-5 გვ 6-9
  7. რასების გამოჭედვა: პროტესტანტური ატლანტის სამყაროს რასა და სკრიპტურა, ავტორი კოლინ კიდი, 2006 წ. ISBN 0-521-79324-6 გვ. 44-45 [1]
  8. არვიდსონი (ივნისი 1999). „არიული მითოლოგია, როგორც მეცნიერება და იდეოლოგია“. ამერიკული რელიგიის აკადემიის ჟურნალი. ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა. ტომი 67 (გამოცემა 2): 327–354. doi:10.1093/jaarel/67.2.327. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2014. ტექსტი „firstსტეფან“ იგნორირებულია (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  9. 9.0 9.1 რასების გამოჭედვა: პროტესტანტური ატლანტის სამყაროს რასა და სკრიპტურა, ავტორი კოლინ კიდი, 2006 წ. ISBN 0-521-79324-6 გვ. 18
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 იესო: სრული სახელმძღვანელო, ავტორი ლესლი ჰოულდენი, 2006 წ. 082648011X გვ 63-100
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 მეფის მსგავსება: გვიანი შუა საუკუნეების საფრანგეთის პორტრეტირების პრეისტორია, ავტორი სტივენ პერკინსონი, 2009 წ. ISBN 0-226-65879-1 გვ. 30
  12. 12.0 12.1 ემი-ჯილ ლევინი, ისტორიული იესო კონტექსტში. პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობა. გვ. 10. ISBN 978-0-691-00992-6
  13. კემბრიჯის კომპანიონი სახარებებისთვის, ავტორი სტივენ ბარტონი. ISBN გვ. 132-133
  14. სახარების ტრადიციის შინაარსი და გარეგნული მხარე, ავტორები მარკ ჰარდინგი, ალანა ნობსი, 2010 წ. ISBN 978-0-8028-3318-1 გვ 281-282
  15. 15.0 15.1 15.2 რასების გამოჭედვა: პროტესტანტური ატლანტის სამყაროს რასა და სკრიპტურა, ავტორი კოლინ კიდი, 2006 წ. ISBN 0-521-79324-6 გვ 48-51
  16. მათეს სახარება, თავი 17
  17. იოანეს გამოცხადება, თავი I
  18. გამოცხადება, ავტორი უილიამ პენდერი, 1998 წ. ISBN 0-664-22858-5 გვ 14-16
  19. ესაია წინასწარმეტყველი, თავი 53
  20. ქრისტეს ჯვარი, ავტორები ჯონ სკოტი და ალისტერ მაკგრატი, 2006 წ. ISBN 0-8308-3320-X გვ 145
  21. ქრისტიანობა, ხელოვნება და გარდასახვა, ავტორი ჯონ დე გრუჩი, 2001 წ. ISBN 0-521-77205-2 გვ. 122
  22. ძმა იესო: ნაზარეველი ებრაელის გადმოსახედიდან, ავტორი შალომ ბენ-ქორინი, 2001 წ. ISBN 0-8203-2256-3 გვ 111
  23. ადრეული ქრისტიანული ხელოვნების გაგება, ავტორი რობინ მარგარეტ ჯენსენი, 2000 წ. ISBN 0-415-20454-2 გვ 127
  24. გოდება იერემიასი, თავი 4
  25. Biblehub, კლარკის კომენტარები
  26. ძველი აღთქმა, პირველი მეფეთა
  27. რობერტ ვან ვურსტი, იესო ახალი აღთქმის მიღმა: უძველესი მტკიცებულებების წარდგენა, Eerdmans Publishing, 2000 წ, გვ.66.
  28. ასტელი, ანა (2006 წ). შუა საუკუნეების ევქარისტია და სულიერი ხელოვნება. კორნელის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 81. 
  29. წმინდა ავგუსტინეს წერილები მანიქეველებისა და დონატისტების წინააღმდეგ, ავტორი წმინდა ავგუსტინე, რედაქტორი ფილიპ შაფი. 2005 წ. ISBN 0-7661-8394-7 გვ. 29
  30. Summa Theologica, ტომი 4 (ნაწილი III, პირველი სექცია), ავტორი თომა აკვინელი. ISBN 1-60206-560-8 გვ. 2060-2062
  31. თომა აკვინელი: ქრისტიანული ცხოვრების თეოლოგი, ავტორი ნიკოლას ჰილი, 2003 წ. ISBN 0-7546-1472-7 გვ 98-101
  32. ელკასაიტის გამოცხადება, ავტორი ჯერარდ ლუტიხუიზენი, 1985 წ. ISBN 3-16-144935-5 გვ 121
  33. იესო, ავტორები ჰარმუტ მიეთე და ჰილდ ჰეიდაკ-ჰათი, ISBN 3-930180-21-9 Taylor & Francis გვ. 168
  34. საჰიჰ ალ-ბუხარი 3438 წიგნი 60, ტომი 4, წიგნი 55, ჰადისი 648 http://sunnah.com/bukhari/60/109
  35. ჰადისი, ტომი 4, წიგნი 55, რიცხვი 607, მთხრობელი აბუ ჰურაირა; ტომი 9, წიგნი 88, რიცხვი 242, მთხრობელი აბდულა ბინ უმარი.
  36. 36.0 36.1 რასების გამოჭედვა: პროტესტანტური ატლანტის სამყაროს რასა და სკრიპტურა, ავტორი კოლინ კიდი, 2006 წ. ISBN 0-521-79324-6 გვ 43-50
  37. იესოს რასიალიზაცია: რასა, იდეოლოგია და თანამედროვე ბიბლიური კვლევის ჩამოყალიბება, ავტორი შონ კელი, 2002 წ ISBN 0-415-28373-6 გვ ii-xi
  38. Stony the Road We Trod, ავტორი კაენ ჰოუფ ფელდერი 1991 წ. ISBN 0-8006-2501-3 გვ 139
  39. [2] ჰანს იონასი, New York Review of Books, 1981 წ
  40. არიელი იესო:ქრისტიანი თეოლოგები და ბიბლია ნაცისტურ გერმანიაში, ავტორი სუზანა ჰეშელი, 2008 წ ISBN 0-691-12531-7 გვ 32
  41. ლუის მასურის ამერიკული ისტორიის გამოწვევა 1999 წ, გვ, 319
  42. სიმბოლური იესო: ისტორიული განსწავლულობა, იუდაიზმი და თანამედროვე იდენტურობის შენება, ავტორი უილიამ ედვარდ არნალი, 2005 წ ISBN 1-84553-007-1 გვ 46-47
  43. იესო და ქრისტიანობის საწყისები, ავტორი მორის გოგელი, ნიუ-იორკი, ჰარპერი, 1960 წ. გვ 225
  44. იან ჯონგენილის იესო ქრისტე მსოფლიო ისტორიაში, 2009 წ, გვ.202-203
  45. 45.0 45.1 "შავი ქრისტე", თავი 25, 2010 წ ISBN 1-4051-9362-X გვ 410-420
  46. ქრისტოლოგია კიდეებიდან, ავტორი თომას ბოჰაჩი, 2009 წ ISBN 0-334-04058-2 გვ 69
  47. რატომ ვთვლით, რომ იესო თეთრკანიანი იყო?. BBC News (27 მარტი 2011). ციტირების თარიღი: 21 აგვისტო 2014.
  48. უილსონ, გაილსი (27 ოქტომბერი 2004). „მაშ რა ფერის იყო იესო?“. ლონდონი: BBC News. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო 2014.
  49. სელზნიკი, ბარბარა ჯ. (2007 წ). Kamalipour, Yahya R. (ed.). „სრული ისტორია: რელიგია და რასა გლობალურ არაფიქციურ პროგრამაში“. Global Media Journal. ინდიანა: Purdue University Calumet. 6 (11). ISSN 1550-7521. OCLC 315922706. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-07. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |year=-ში (დახმარება)
  50. პრესტონი, ჯონ (8 აპრილი 2001). „The Dumbed Down Shall Be Raised Up“. The Sunday Telegraph. ლონდონი: Telegraph Media. ISSN 9976-1874. OCLC 436617201. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-25. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო 2014.
  51. ბენეტი, კეტრინ (29 მარტი 2001). „უდიდესი ისტორია, რაც ოდესმე მოუყოლიათ. სამწუხაროა, რომ კამერა არავის ჰქონია“. The Guardian. ლონდონი: Guardian Media. ISSN 0261-3077. OCLC 476290235. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო 2014.
  52. უელსი, მეთ (27 მარტი, 2001). „იესო ქრისტეს ნამდვილი სახე?“. The Guardian. ლონდონი: Guardian. ISSN 0261-3077. OCLC 60623878. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  53. 53.0 53.1 ლეგონი, ჯორდან (25 დეკემბერი, 2002 წ). „მეცნიერებითა და კომპიუტერებით, იესოს ახალი სახე“. CNN. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  54. 54.0 54.1 54.2 უილსონ, გაილსი (27 ოქტომბერი, 2004). „რა ფერის იყო იესო?“. ლონდონი: BBC News. ციტირების თარიღი: M21 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  55. ექსპერტებმა იესოს სახის რეკონსტრუქცია მოახდინეს. CBS (27 მარტი, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-13. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2014.
  56. პირველი კორინთელთა მიმართ, თავი 11
  57. მაიკლ ფრეზი, 1993 წ, ხმები, ხილვები და გამოცხადებები, OSV Publishing ISBN 0-87973-454-X გვ 91
  58. არტურ ბარნსი, 2003 წ. ტურინის წმინდა სუდარა კესინგერის გამომცემლობა ISBN 0-7661-3425-3 გვ 2-9
  59. უილიამ მიჩამი, ტურინის სუდარის ავთენტურობა: არქეოლოგიური ეპისტემოლოგიის საკითხი, ჟურნალი „Current Anthropology", ტომი 24, No 3, ივნისი 1983
  60. Zenit, 5 მაისი, 2010 წ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-27. ციტირების თარიღი: 2014-08-21.
  61. ტურინის სუდარის ნადიონახშირბადული დათარიღება
  62. ტურინის სუდარა, კათოლიკური ენციკლოპედია
  63. ტურინის სუდარა: რელიკვია თუ ხატი?, უილიამ დეილი
  64. პ. ბასონი – ნიმუშის შეცდომა? – Nature, ტომი 352, 18 ივლისი, 1991 წ, გვ. 187.
  65. ჯონ ბრაუნი, "ტურინის სუდარის მიკროსკოპული გამოძიება"Article (2005)
  66. რობერტ ვილარეალი, "ტურინის სამოსის ნიმუშის ანალიზის შედეგები" Abstract (2008 წ)
  67. კირქვის ნაწილაკები სუდარაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-26. ციტირების თარიღი: 2014-08-21.
  68. ტურინის სუდარის იქს-სხივებით ფლუორესცენციული კვლევა
  69. ჯვარცმის დღე შეიძლება 33 წლის 3 აპრილია
  70. იესოს ჯვარცმის დღე შეიძლება განისაზღვრა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-01. ციტირების თარიღი: 2014-08-21.
  71. ტურინის სუდარა შეიძლება იესოს პერიოდში შეიქმნა მიწისძვრის მიერ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-12. ციტირების თარიღი: 2014-08-21.
  72. მ. კუჩევსკი, ო.ი. ნეჩაევი, ე.ა. სიუგაევა, ვ.ა. ზახაროვი (2003 წ) ნეიტრონების დინების ვარიაცია დედამიწის ქერქის სიახლოვეს. შესაძლო ტექტონიკური აქტიურობის აღმოჩენა. Nat Hazard Earth Syst Sci 3:637–645
  73. ე. სიგაევა, ო. ნეჩაევი, მ. პანასიუკი, ა. ბრუნსი, ბ. ვლადიმირსკი, ი.უ. კუზმინი (2006 წ) თერმულ ნეიტრონებზე დაკვირვება სუმატრას მიწისძვრამდე. Geophys Res Abstr 8:00435
  74. ხსნის ანტიკური მიწისძვრა იესოს სახეს?
  75. 76.0 76.1 კეტრინ ოდელი, 1998 წ, ფაუსტინა: ღვთიური მოწყალების მოციქული OSV Press ISBN 978-0-87973-923-2 გვ 165
  76. თქვენთან ვარ ყოველთვის, ავტორი ბენედიქტ გროშელი. 2010 წ ISBN 978-1-58617-257-2 გვ 548
  77. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი
  78. ანჩისხატი, orthodoxy.ge
  79. ქრისტიანობის სწავლება, ავტორი კლაივ ერიკერი, 1987 წ. ISBN 0-7188-2634-5 გვ. 44
  80. 81.0 81.1 81.2 81.3 81.4 ეკლესიის ისტორიის ლექსიკონი, ავტორი რობერტ ბენედეტო, 2006 წ. ISBN 0-8264-8011-X გვ. 51-53
  81. მამა ღმერთის გამოსახულება აღმოსავლურ თეოლოგიასა და იკონოგრაფიაში, ავტორი სტივენ ბიგამი, 1995 წ. ISBN 1-879038-15-3 გვ 226-227
  82. სტავრონიკიტას მონასტრის არქიმანდრიტი ვასილეოსი, "ხატები, როგორც ლიტურგიული ანალოგია", 1997 წ. ISBN 978-0-88141-026-6 გვ 81-90
  83. წმინდა ფრანცისკეს გამოსახულება, ავტორი როსალინდა ბრუკი, 2006 წ. ISBN 0-521-78291-0 გვ 183-184
  84. კათოლიკური ლოცვის ტრადიცია, ავტორები ქრისტიან რააბი, ჰარი ჰაგანი 2007 წ. ISBN 0-8146-3184-3 გვ 86-87
  85. ქრისტიანული ტრადიციის იცოცხლისუნარიანობა, ავტორი ჯორჯ ფინგერ ტომასი, 1944 წ. ISBN 0-8369-2378-2 გვ 110-112
  86. ჩვენ გარშემო ხელოვნების შეგრძნება, ავტორი თომას ბიუზერი, 2005 წ ISBN 978-0-534-64114-6 გვ 382-383
  87. ლეონარდო და ვინჩი, საიდუმლო სერობა: კოსმოსური დრამა და გამოსყიდვის აქტი, ავტორი მაიკლ ლადვაინი, 2006 წ. გვერდები 27 და 60
  88. გოდვინი, ჯორჯ, ed. (1-ლი ივნისი, 1850 წ). „The Royal Academy Exhiition“. The Builder. London: Publishing Office. 8 (382): 255–256. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  89. ვერცხლისფერი ეკრანის გამოწვევა (კვლევები ხელოვნებასა და რელიგიაში) ISBN By Freek L. Bakker 2009 ISBN 90-04-16861-3 გვ 1
  90. ადრეული კინოს ენციკლოპედია, ავტორი რიჩარდ აბელი, 2005 წ. ISBN 0-415-23440-9 გვ. 518
  91. The Blackwell Companion to Jesus, რედაქტორი დელბერტ ბერკეტი, 2010 წ. ISBN 1-4051-9362-X გვ. 526
  92. რიკიტი, რიჩარდ (2006) ფილმის არსებებისა და პერსონაჟების შექმნა: სცენების მიღმა კინოს ოსტატებთან ერთად, illustrated, Hove: RotoVision. ISBN 978-2-940361-39-7. OCLC 475780266. ციტირების თარიღი: 18 ივნისი, 2011. 
  93. James Caviezel was given a prosthetic nose and a raised hairline. His blue eyes were digitally changed to brown on film.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-12. ციტირების თარიღი: 2014-08-21.