ამბროსი მედიოლანელი
ამბროსი მედიოლანელი (დ. 339/340, ტრირი, გერმანია — გ. 4 აპრილი, 397, მედიოლანი, იტალია) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 7 დეკემბერი ახალი სტილით — 20 დეკემბერი. წმინდანს მოიხსენიებს ასევე კათოლიკური, ანგლიკანური და ლუთერანული ეკლესიებიც.
ამბროსი მედიოლანელი Ambrosius Mediolanensis | |
---|---|
დაიბადა |
339[1] [2] [3] [4] [5] ავგუსტა ტრევერორუმი, Gallia Belgica, რომის იმპერია |
გარდაიცვალა |
4 აპრილი, 397[6] Mediolanum, იტალია, რომის იმპერია |
დასაფლავებულია | Basilica of Sant'Ambrogio |
ხსენების დღე | 7 დეკემბერი[7] და 20 დეკემბერი |
მოღვაწეობა | მწერალი[6] [8] [9] , ფილოსოფოსი[6] , თეოლოგი[6] [10] , კათოლიკე მღვდელი, პოლიტიკოსი და Catholic bishop[6] |
ენა | ლათინური ენა[6] [8] [2] და ძველი ბერძნული ენა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაწმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა ქალაქ ტრირში (გერმანია). მისი მამა იმპერატორის ნაცვალი იყო გალიის მხარესა (დღევანდელი საფრანგეთი) და დასავლეთის სხვა პროვინციებში. ამბროსის სიყრმეშივე სასწაულებრივ გაცხადდა მისი ღვთივრჩეულობა: ერთხელ მძინარე ჩვილის სახე მთლიანად ფუტკრებმა დაფარეს და ენაზე თაფლი დაუტოვეს.
მამის გარდაცვალების შემდეგ ამბროსის ოჯახი რომში გადასახლდა. აქ მომავალმა მღვდელმთავარმა იმ დროისათვის ბრწყინვალე იურიდიული განათლება მიიღო. დაახლოებით 370 წელს, მეცნიერებათა კურსის განსრულების შემდეგ, წმინდანი ლიგურიისა და ემილიის ოლქების გამგებლად დანიშნეს. 374 წელს გარდაიცვალა მედიოლანის ეპისკოპოსი ავქსენტი. ამან მართლმადიდებლებსა და არიანელებს შორის ურთიერთობის გამწვავება და შფოთი გამოიწვია, რადგან ორივე მხარეს სურდა, დაქვრივებულ კათედრაზე თავისი წარმომადგენელი აეყვანა. რომის პრეფექტმა არეულობის დაწყნარება ამბროსის დაავალა. მედიოლანში (დღევანდელი მილანი) ჩასულმა ამბროსიმ დაუყოვნებლივ საკათედრო ტაძარს მიაშურა, სადაც მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა და შეკრებილებს დაშოშმინებისა და სადავო საკითხის მშვიდად გადაწყვეტისკენ მოუწოდა. ტაძარში წამიერად ჩამოვარდნილ სიჩუმეში უეცრად ჩვილი ყრმის ხმა გაისმა: „ამბროსია ეპისკოპოსი!“ ეს შეძახილი ხალხმაც აიტაცა და ყველანი, მართლმადიდებლებიცა და არიანელებიც, ერთხმად გაიძახოდნენ: „ამბროსი იყოს ეპისკოპოსი! ამბროსია ეპისკოპოსი!“ ამბროსი შეშფოთდა, რადგან ამ ხარისხისთვის თავი სრულიად შეუფერებლად მიაჩნდა. მან შეკრებილებს მოაგონა, რომ ჯერ მონათლულიც არ იყო, მხოლოდ კათაკმევლად იყო დადგენილი; შეეცადა, საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენა შეექმნა ხალხში. ქალაქიდან გაქცევაც სცადა, მაგრამ ხალხი თავისას არ იშლიდა. ბოლოს მათ იმპერატორ ვალენტინიანე უფროსს (364-375) მიმართეს დახმარებისათვის. ამბროსიმ ამ უკანასკნელის ურჩობა ვერ გაბედა და იძულებული შეიქნა, დათანხმებულიყო. ნეტარი მოინათლა, შვიდ დღეში გაიარა საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხური და 374 წლის 7 დეკემბერს მედიოლანის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. კათედრაზე აღსაყდრებისთანავე ამბროსიმ მთელი თავისი ქონება ტაძრების მოსაწყობად, ობლებისა და გლახაკების დასაზრდელად გასცა, თვითონ კი მკაცრ მოსაგრე ცხოვრებას შეუდგა: ყოველდღიურად აღასრულებდა ღვთისმსახურებას, ბრძნულად და სიყვარულით მოძღვრავდა მრევლს, თავისი სამწყსოს ჭირსაც იზიარებდა და ლხინსაც. მეუფე ამბროსი გულმოდგინედ იღვწოდა ეკლესიის ერთიანობისათვის.
ამბროსი და იმპერატორები
რედაქტირებაწმინდა ამბროსი ქმედითად ერეოდა სახელმწიფო საქმეებშიც. ასე მაგალითად, იმპერატორმა გრაციანემ (367-383), წმინდა მღვდელმთავრის მითითებით, რომის სენატის დარბაზიდან გაიტანა ვიქტორიას სამსხვერპლო, რომელზედაც ფიცს დებდნენ. მწყემსმთავრული კადნიერებით აღსავსე მეუფემ იმპერატორ თეოდოსი I-ს (379-395) თესალონიკის უდანაშაულო მკვიდრთა მოწყვეტისათვის მკაცრი ეპიტიმია დაადო. წმინდანისათვის არ არსებობდა განსხვავება მეფესა და უბრალო ერისკაცს შორის: ეპიტიმიის ახსნის შემდეგ მან თეოდოსი საკურთხეველში არ შეუშვა და აიძულა, მრევლთან ერთად დალოდებოდა წმინდა ძღვენის გამობრძანებას. ამბროსი მკაცრად ამხელდა არიანელ დედოფალ იუსტინას.
მღვდელმთავრის სიმკაცრე მის საოცარ სიკეთესა და გულმოწყალებასთან იყო შერწყმული. სასწაულთქმედების ნიჭმიმადლებულმა, მრავალი განკურნა სნეულებათაგან.
ერთხელ, ფლორენციაში, უფლის რჩეულმა მკვდარი ყრმა გააცოცხლა. წმინდა ამბროსიმ წინასწარ იგრძნო საკუთარი აღსასრულის მოახლოება და თავის მღვდელმსახურებს უთხრა: „მე მხოლოდ უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე დავრჩები თქვენთან!“
დასნეულებული მღვდელმთავარი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თავის მოწაფეს, პავლინე ხუცესს 43-ე ფსალმუნის განმარტებებს კარნახობდა. უეცრად პავლინემ ცხადად იხილა, თუ როგორ დაადგა ამბროსის თავს სულიწმიდა ცეცხლის სახით და მის ბაგეთა შორის გაუჩინარდა.
397 წლის 4 აპრილს, აღდგომა ღამეს, ნეტარი ამბროსი ლავდიის ეპისკოპოსის, ბასიანეს ხელით ეზიარა ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
შემოქმედება
რედაქტირებაწმინდა ამბროსი ცნობილია აგრეთვე, როგორც საეკლესიო მწერალი. მას ეკუთვნის ხუთი წიგნი სარწმუნოების შესახებ, სამი წიგნი სულიწმინდის შესახებ და ორიც - სინანულზე; სარწმუნოების სიმბოლოს განმარტება, სიტყვები მაცხოვრის განკაცებაზე, წმიდა საიდუმლოებებზე. თხზულებებში ქრისტიანული ზნეობის შესახებ წმიდანი ცხადად გვიჩვენებს ქრისტიანული ზნეობრივი მოძღვრების აღმატებულებას წარმართულ ზნეობრივ სწავლებაზე. მღვდელმთავრის ცნობილი ნაშრომი: „მღვდელმსახურთა მოვალეობების შესახებ“ ცხადად მოწმობს, რომ მას ღრმად ჰქონდა შეცნობილი მოძღვრების უფლება-მოვალეობანი.
ნეტარი ამბროსი საეკლესიო გალობის რეფორმატორიცაა. მან დასავლეთის ეკლესიაში აღმოსავლური, სირიული ეკლესიის მიბაძვით შეიტანა ანტიფონური გალობა, რომელიც „ამბროსიანული კილოს“ სახელითაა ცნობილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
- ↑ Encyclopædia Universalis — Encyclopædia Britannica, 1968.
- ↑ 2.0 2.1 CONOR.SI
- ↑ Peter R.L. Brown Encyclopædia Britannica
- ↑ Musicalics
- ↑ Autoritats UB
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 74. — ISBN 978-2-221-06888-5
- ↑ Calendarium Romanum: Ex decreto Sacrosancti Œcumenici Concilii Vaticani II instauratum auctoritate Pauli PP. VI promulgatum. Editio typica — Civitas Vaticana: Typis Polyglottis Vaticanis, 1969. — გვ. 32.
- ↑ 8.0 8.1 Mirabile: Digital Archives for Medieval Culture — SISMEL – Edizioni del Galluzzo.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Répertoire des sources philosophiques antiques — CNRS.