ედესის ხატი
ედესის ხატი, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, მანდილიიონი, კერამიკონი — იესო ქრისტეს „ხელთუქმნელი“ ხატი ქალაქ ედესიდან.
ისტორია
რედაქტირებამაცხოვრის „ხელთუქმნელი“ ხატის იკონოგრაფიული ტიპი და მასთან დაკავშირებული თქმულებები, IV-V საუკუნეებში გავრცელებული იყო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით სირიასა და პალესტინაში. შედარებითი შესწავლა ყველა არსებული წყაროებისა ამ გამოსახულების წარმოშობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ქალაქ ედესის მეფის ავგაროზისა და იესო ქრისტეს აპოკრიფულ მიწერ-მოწერასთან, და რომელიც დაცულია სირიულ, ბერძნულ, სომხურ და არაბულ რელიგიურ მწერლობაში, არკვევს, რომ III საუკუნეში ეს აპოკრიფი უკვე ჩამოყალიბებული ყოფილა. აღნიშნული აპოკრიფული ტექსტი კარგადაა ცნობილი ქართულ საეკლესიო მწერლობაშიც. კორნელი კეკელიძის აზრით, აპოკრიფი ავგაროზ მეფისა (ანუ მთავრისა) და მაცხოვრის მიწერ-მოწერის შესახებ ქართულად უნდა გადმოთარგმნილიყო X-XI საუკუნეებამდე რომელიმე აღმოსავლური ენიდან[1]. ჩვენამდე, მოღწეულია აღნიშნული აპოკრიფის ორი განსხვავებული რედაქცია: ერთი მათგანი დაცუილია XI საუკუნის გელათის სახარებაში, და წარმოადგენს გიორგი მთაწმინდელის თარგმანს, მეორე კი დაცულია ალავერდის სახარებაში (1050-1054) და წარმოადგენს ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანს. ორივე ტექსტი დასურათებულია.
ორივე ქართული ტექსტი წარმოადგენს აპოკრიფის სხვადასხვა რედაქციას. კორნელი კეკელიძის აზრით, მათ შორის შეიმჩნევა შემდეგი სხვაობები: მისი აზრით გიორგის რედაქცია უფრო მოკლეა ვიდრე ექვთიმესი, გამოტოვებულია ზოგიერთი ადგილები და ფაქტები, განსხვავდება მეჭედთა ნიშნების ახსნა-განმარტება, იმ ადგილას სადაც ავგაროზი მოინათლა, გიორგის რედაქცია უწოდებს კერასანს, ექვთიმესი კი ვერის წყაროს.
ლ. მელიქსეთ-ბეგი თავის წერილში, რომელიც ეხება „ავგაროზის“ ქართულსა და სომხურ რედაქციებში მოყვანილ ბეჭდების ნიშნების განმარტებას[2], მიდის შემდეგ დასკვნამდე: გელათის ვერსია წარმოადგენს ბერძნული ტექსტის უშუალო თარგმანს, რადგანაც, მისი აზრით, შვიდივე ბეჭედი ამ ტექსტში მოცემულია იმავე ასოებით, რომელიც ემთხვევა ვენის ბიბლიოთეკის ბერძნულ ხელნაწერს (Cod. theol. graec. 315, XIII).
რაც შეეხება ექვთიმე მთაწმინდელის თარგანის ტექსტს, იგი უნდა წარმოადგენდეს მეორე ბერძნული რედაქციის თარგმანს, რომელიც დაცულია პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკისა (ms. 548) და ვენის ბიბლიოთეკის (Cod. theol. graec. XLV) ხელნაწერში.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თქმულებას მაცხოვრის ხელთუქმნელი გამოსხულების შესახებ, რომლის წარმოშობის ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი ედესა. ყველა არსებული თქმულება და ბიზანტიური საისტორიო ლიტერატურის მიხედვით, მაცხოვარი შეეხო თავის სახით ტილოს, რომელზედაც მხატვარი, ედესის მეფის (ანუ მთავრის) ავგაროზის დავალებით, ამაოდ ცდილობდა მაცხოვრის სახის გამოხატვას, და ტილოზე აღიბეჭდა მაცხოვრის სახე. მაცხოვრის ხელთუქმნელი გამოსახულება დაცული იყო ქალაქ ედესაში და მასთან დაკავშირებული იყო მთელი რიგი სასწაულთმოქმედება. აკვიტანელი მორწმუნე ქალის მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ცნობილია სილვიას სახელით (379-395) გვაწვდის ცნობებს ქალაქ ედესაში დაცული მაცხოვრისა და ავგაროზ მეფის მიწერ-მოწერისა, ხელთუქმნელი ხატის შესახებ და სხვა. ხელთუქმნელი ხატის შესახვე ცნობები მოჰყავს ევსევი კესარიელს (340), პროკოპი კესარიელს (565), ევაგრეს (593), იოანე დამასკელს (760), გიორგი სინკელს (VII საუკუნის დასასრული), თეოდორე სტუდიტს (826), მოსე ხორანელს (470), ფსევდო-კონსტანტინე პორფიროგენეტს (906-959) და სხვა. ბიზანტიელი ისტორიკოსი ევაგრე და პროკოპი გადმოგვცემენ, რომ 544 წელს სპარსეთის მეფემ ხუასრო I-მა ამაოდ სცადა ქალაქ ედესის აღება. ქრისტიანებმა, რომლებიც იყვნენ „ხელთუქმნელი მაცხოვრის ხატით“ გამხნევებულები, ცეცხლის მფრქვეველი იარაღებით დაწვეს სპარსელების კოშკი და განდევნეს მტერი. ამ ამბავს მოგვითხრობს ანტონ მარტმყოფელის ცხოვრების ისტორიაც: „შემდგომად უკანასკნელთა დღეთა და ჟამთა ხუასრო, სპარსთა მეფე მოადგა ედესია ქალაქსა და უწყო თხრა ქუეშე ზღუდესა“. მან ქალაქი ვერ გაიგო, ვინაიდან ქალაქის მცველებმა „გარდააწუეთეს ზეთი (ხელთუქმნელი ხატის) კანდელისა მბრძოთა ზედა მის ქალაქისათა და მეყსეულად, ვითარცა მოახლდა, მოედვა და დაიწვნეს და, ვითარცა მტუერი, განიბნივნეს და უჩინო იქმნეს“[3].
გარდა ედესის ხატისა შესრულებული ტილოზე, ძველადვე თაყვანს სცემდნენ ორ „კეცზე“ აღბეჭდილ მაცხოვრის გამოსახულებას (როდესაც ტილოს ხელთუქმნელი ხატი — მანდილიონი, ედესის გალავანში დაფარული იყო ორ თიხის კეცს შუა), რომელთაგან ერთი იყო თვით ქალაქ ედესაში, მეორე კი იერაპოლში.
944 წელს კონსტანტინე VII პორფიროგენეტისა და რომანოზ ლეკაპენის მმართველობის დროს ბიზანტიის იმპერია გაძლიერდა აღმოსავლეთში და ავიწროვებს არაბებს. ქალაქი ედესა, რომელიც არაბების ხელში იყო, გარემოცული იყო ბიზანტიელების მიერ. ბიზანტიელების მოთხოვნის თანახმად, ედესა იძულებული იყო, გადაეცა ბიზანტიელებისათვის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც დიდი ტრიუმფით გადაიტანეს კონსტანტინოპოლის კარის ეკლესიაში. ამ მოვლენის აღსანიშნავად 16 აგვისტოს ეკლესია უქმობს. არსებობს მოსაზრება, რომ ედესის ხატი (მანდილიონი) დაიღუპა კონსტანტინოპოლში 1204 წელს ჯვაროსანთა მიერ ქალაქის დარბევის დროს.
კლარჯეთში კერძოდ ანჩაში ედესის ხატის შემოტანასთან დაკავშირებით ორი წყარო არსებობს: ანჩელ მთავარეპისკოპოსის იოანე რკნაელის, საგალობლის ავტორის აზრით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ანდრია მოციქულმა მოიტანა იეროპოლიდან კლარჯეთში.
„ანდრიაჲ თავი მოციქულთა პირველწოდებული მოწაფე მეფისა დიდისა იდიდებოდენ ყოველტაგან უღაღთა ღადოთა კლარჯეთისათა. იერაპოლით მოვიდა და ხატი ესე საშინელი ჩვენ მოსავთა მოგუანიჭა.“
|
აღნიშნული ხატი იყო მისივე სიტყვებით „მფარველი მტერთაგან“, „ლომებრ გუექადიან მტერნი ჩუენნი და გუეცინიან, არამედ შენ ხატო საშინელო, მკლავითა შენითა შემუსრენ, რომელ ცნან ყოველთა ვითარმედ შენ ხარ ძალი ჩუენი და სიმტკიცე ჩუენი“.
ანჩისხატი, რომელიც მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატად ითვლება, ზედ არსებული 1715 წლის წარწერა განსხვავებულ ინფორმაციას შეიცავს:
ტექსტიდან ჩანს რომ ხატი ჯერ კონსტანტინოპოლში, ხოლო შემდეგ VIII საუკუნეში ლეონ III ისავრელის ხატმებრძოლეობის დროს კლარჯეთში, კერძოდ კი ანჩის მონასტერში გადაუტანიათ.
საქართველოში ძველადვე არსებობდა გადმოცემა, რომ ანტონ მარტმყოფელს ქალაქ ედესიდან საქართველოში ჩამოუტანია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. ანტონ მარტყმყოფელის ცხოვრებაში აღნიშნულია:
ლიტერატურა
რედაქტირება- ამირანაშვილი შ., ბექა ოპიზარი, 13-1111 გვ. თბ., 1956