ენკაუსტიკა (ძვ. ბერძნ. ἐγκαυστική, enkaustikē < enkaiō — ამოვწვავ) — ფერწერა ცვილოვანი საღებავით, ვიწრო მნიშვნელობით — ცხელი წესით შესრულებული ცვილოვანი ფერწერა. გამოირჩევა რთული, მაგრამ მეტად გამძლე და ეფექტური ტექნიკით.

ანტიკურ ხანაში გავრცელებული იყო ეგვიპტეში, საბერძნეთსა და რომში, ხოლო შემდეგ — ადრინდელ ქრისტიანულსა და ბიზანტიურ სამყაროში. XII საუკუნის შემდეგ მივიწყებას მიეცა. ენკაუსტიკური ტექნიკის ცნობილი უძველესი ნიმუშებია ე. წ. ფაიუმის პორტრეტები ეგვიპტიდან (ახ. წ. I-IV სს.). ქრისტიანული ეპოქის ძეგლებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში დაცული ხატები.

ადრეული შუა საუკუნეების საქართველოში ენკაუსტიკური ხატწერის ნიმუშებია: სუფთა ენკაუსტიკის ტექნიკით შესრულებული ანჩისხატის მაცხოვრის გამოსახულება (VI–VII საუკუნეები, ძლიერ დაზიანებულია) და წილკნის ღვთისმშობლის ხატი (IX საუკუნე), რომლის ცალკეული ნაწილები შესრულებულია ცვილოვანი ტემპერით. XX საუკუნეში ენკაუსტიკური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები აქვს ვალენტინ შერპილოვს („ბალერინა“, 1971, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა).

ლიტერატურა

რედაქტირება