ევსევი ახვლედიანი

ევსევი (ხუტა) კონსტანტინეს ძე ახვლედიანი (დ. 4 თებერვალი, 1894, სოფ. გურძემი, მარტვილის მაზრა — გ. 9 იანვარი, 1975) — ქართველი ჟურნალისტი და სამხედრო პირი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ევსევი ახვლედიანი დაიბადა 1894 წლის 4 თებერვალს მარტვილის მაზრის სოფელ გურძემში, მღვდლის ოჯახში. ევსევი მეცხრე შვილი იყო. მამამისი, კონსტანტინე, აზნაური იყო, ხოლო დედა — თავადის ქალი ესმა ჩიქოვანი. ევსევმა დაამთავრა ჯერ ძველსენაკის, შემდეგ ქუთაისის გიმნაზია და თბილისის სასულიერო სემინარია. ძმასთან, დავითთან ერთად მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქართული ჯარის მაიორი გახდა. 1918 წელს ცვლილებები მოხდა სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების სტრუქტურაში. შეიცვალა კადრებიც — რუს მოხელეთა ნაცვლად შტატები დაკომპლექტდა ქართველი თანამშრომლებით. იმ დროისათვის, მთავარი საბაჟოს გარდა, არსებობდა ნატანების, სოხუმის, სალოღლუს, სანაინის, აწყურის, დარიალის, ანაკლიის, ახალი ათონის, გუდაუთის, ოჩამჩირის, გაგრის, ლაგოდეხის, ყულევისა და ბათუმის საბაჟოები. სხვა სამხედრო პირებთან ერთად ბათუმის საბაჟოს შტატში ჩაირიცხა მაიორი ევსევი ახვლედიანიც. 1921 წლის 17 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა უცხოეთში ბათუმის საბაჟოს გავლით წავიდა. ამის გამო ბოლშევიკები საბაჟოს მოხელეებს გაუწყრნენ და ევსევი ახვლედიანსაც არაერთი უსიამოვნება შეხვდა. მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში, რომლის დამარცხების შემდეგ რამდენიმე წლის მანძილზე ახლობლებთან იმალებოდა, ხშირად იცვლიდა მისამართებს, 1927 წელს კი ფარულად ასტრახანში გაემგზავრა. იქიდან, საფრანგეთში მამიდაშვილებთან აპირებდა წასვლას, მაგრამ ვერ მოახერხა და მანჯურიაში, ქალაქ ხარბინში გადავიდა. იქ იმ დროს ძლიერი ქართული სათვისტომო არსებობდა ივლიანე ხაინდრავას მეთაურობით. სათვისტომო ყველა ახალჩასულს ხელს უმართავდა და სამუშაოს შოვნაში ეხმარებოდა. როგორც ქართული არმიის ოფიცერს და 1924 წლის აჯანყების მონაწილეს ხარბინელები დიდი პატივისცემით შეხვდნენ და ქართული ბიბლიოთეკა ჩააბარეს 20 000 წიგნით. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას და ახალი გამოცემებით ამდიდრებდა მას. მონაწილეობდა სათვისტომოს ცხოვრებაში. იყო ხარბინის ქართული საზოგადოების მდივანი. დღესასწაულების დროს კითხულობდა ლექციებს. მწერლობაშიც სცადა ბედი და პატარა ბროშურაც გამოსცა. ევსევი ახვლედიანმა მანჯურიიდანაც ვერ მოახერხა საფრანგეთში ემიგრირება და იძულებული გახდა პროფესია შეეცვალა. 1929 წელს იგი ჩაირიცხა ხარბინის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1931 წელს იაპონიის მიერ ხარბინისა და ჩრდილოეთ მანჯურიის ოკუპაციის შემდეგ, ევსევი ახვლედიანი შანხაიში გადასახლდა და ფრანგულ კონცესიაში დაიწყო მუშაობა. გახსნა რესტორანიც, სადაც ადგილობრივი და ტურისტად ჩასული ქართველები იყრიდნენ თავს. მდიდრულად ცხოვრობდა, მაგრამ ჩინეთის რევოლუციის შემდეგ რესტორანი და ბინა ჩამოართვეს და ერთ ოთახში შეასახლეს. 1945 წლის აგვისტოში, კვანტუნის არმიის განადგურების შემდეგ, საბჭოთა ჯარი ხარბინში შევიდა. შანხაიში აქტიურად ამუშავდა საბჭოთა საელჩო და ემიგრანტთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. 1954 წელს ევსევი ახვლედიანის რუსმა მეუღლემ და გერებმაც რუსეთში გამგზავრება გადაწყვიტეს. ახვლედიანს ვიზა არ მოუვიდა. იგი ემიგრაციაში დარჩა და უკვე ხანშიშესულმა კიდევ ერთხელ გამოიცვალა პროფესია. 1957 წელს მუშაობა დაიწყო უხანის, ხოლო 1961 წელს – სუჯოუს პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსული ენის მასწავლებლად. არდადეგებს კი შანხაიში ატარებდა თანამემამულეებთან ერთად. 1961 წელს საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის მომხდარმა უთანხმოებამ და ახალმა კონფლიქტმა შეუძლებელი გახადა ევსევის ჩინეთში დარჩენა. 1962 წლის 9 მარტს ნადია ახვლედიანის (ევსევის ძმისშვილი) შუამდგომლობით, მიიღო ვიზა და სამგზავროდ გაემზადა, მაგრამ ბოლო მომენტში დაბრუნებაზე კვლავ უარი მიიღო, ამჯერად ჩინეთის ხელისუფლებისაგან. 1963 წელს ევსევი ახვლედიანი ჰონკონგში ჩავიდა და იქიდან ავსტრალიაში გაემგზავრა და სიდნეიში დასახლდა. სამსახურს ეძებდა, მაგრამ ასაკის გამო (ამ დროს 71 წლის იყო) სამუშაოს შოვნა ძნელი აღმოჩნდა. ჩასვლიდან ხუთი თვის შემდეგ საცხოვრებლად მოხუცთა დასასვენებელ სახლში გადავიდა. განაგრძო ურთიერთობა იქაურ მცირერიცხოვან ქართველობასთან, სწავლობდა ინგლისურს და ცდილობდა სამშობლოში დაბრუნებას. აგროვებდა ქართულ წიგნებს სიდნეიში მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის. იმდროინდელ წერილებში ძირითადად ქართულ წიგნებსა და ჟურნალ–გაზეთებს ითხოვდა. გარდაიცვალა 1975 წლის 9 იანვარს და 22 იანვარს დაკრძალეს სიდნეის როკვუდის სასაფლაოს მართლმადიდებელთა სექციაში. შთამომავლობა არ დარჩენია

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ახვლედიანი ევსევი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; თბ., 2012, გვ.27-28.