იაკობ გოგებაშვილი

ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწე
(გადამისამართდა გვერდიდან გოგებაშვილი, იაკობ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგებაშვილი.

იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი (დ. 27 ოქტომბერი [ძვ. სტ. 15 ოქტომბერი] 1840, სოფ. ვარიანი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი ― გ. 14 ივნისი [ძვ. სტ. 1 ივნისი] 1912, თბილისი) ― ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

იაკობ გოგებაშვილი
დაბადების თარიღი 15 (27) ოქტომბერი, 1840
დაბადების ადგილი ვარიანი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 (14) ივნისი, 1912 (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია და გორის საოსტატო სემინარია
ხელმოწერა

ბიოგრაფია

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.

იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].

შემოქმედება

 
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი
დავით ასრიაშვილის ფოტო

გოგებაშვილის პედაგოგიური მოძღვრება ქართული კულტურის წიაღში საზღვარგარეთისა და რუსეთის პროგრესული პედაგოგიკის მემკვიდრეობის ათვისებისა და შემოქმებითად გადამუშავების შედეგად აღმოცენდა; მსოფლმხედველობა რუსეთის რევოლუციურ-დემოკრატიული იდეების გავლენით ჩამოყალიბდა. მისთვის, როგორც კონსტანტინე უშინსკისათვის რუსეთში, მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა, ამასთან რუსული ენის შესწავლის აუცილებლობასაც. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად — შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. პედაგოგიკისა და ცალკეულ საგანთა მეთოდიკის ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა განხილულია გოგებაშვილის შრომებში: „ბურჯი ეროვნებისა“, „ხე ნაყოფით იცნობება“, „ახალი ნაბიჯი ხალხის განათლებაში“, „ბრმა წინამძღოლობა ხალხის განათლებაში“, „ახალი სამოსწავლო გეგმის შესახებ“, „სახალხო მასწავლებლის ღვაწლი და უკიდურესი გაჭირვება მისი“, „განათლების მდგომარეობა საქართველოში“, „მშობლიურ ენაზე სწავლების საკითხები“ და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“ (1865), „ბუნების კარი“ (1868), „დედა ენა“ (1876), „რუსკოე სლოვო“ (1887), რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები.

 
იაკობ გოგებაშვილი

გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“, „ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“, „ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.

მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა“ (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.

 
გოგებაშვილის ძეგლის მის საფლავთან, მთაწმინდის პანთეონში.

გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.

1940 აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე. გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. 1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი გამოცემები.

ლიტერატურა

  • თავზიშვილი გ., იაკობ გოგებაშვილი, თბ., 1960;
  • თალაკვაძე მ., ი. გოგებაშვილის ანბანის სახელმძღვანელოთა აგების პრინციპები, თბ., 1952;
  • იაკობ გოგებაშვილის სახსოვრად, ტფ., 1913;
  • ლორთქიფანიძე დ., დიდი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი (დაბადებიდან 120 წლისთავის გამო), თბ., 1960;
  • მისივე, ქართული კულტურის მარგალიტი — ი. გოგებაშვილის „დედა ენა“, თბ., 1976;
  • ობოლაძე უ., იაკობ გოგებაშვილი — ქართული სახალხო სკოლის ფუძემდებელი, თბ., 1977;
  • ჯიბლაძე გ., იაკობ გოგებაშვილი — ახალი ქართული პედაგოგიკის მამა, თბ., 1976;
  • იაკობ გოგებაშვილის ბიბლიოგრაფია (1865—1960), თბ., 1961;
  • ლორთქიფანიძე დ., გურგენიძე დ., ალანია ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 196-197.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. იაკობ გოგებაშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-30. ციტირების თარიღი: 2013-06-04.