სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დედაენა.

„დედა ენა“ ანუ „ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის“ქართული ენის ორიგინალური სახელმძღვანელო დაწყებითი სკოლებისათვის, შექმნილია იაკობ გოგებაშვილის მიერ. გამოიცა 1876 წელს.

დედა ენა, 1912

„დედა ენაში“ ორი წლის კურსის მასალაა. წერა-კითხვა ისწავლება ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდით. 1906 წლიდან „დედა ენა“ 2 წიგნად გამოიცა: პირველში მოთავსებულია წერა-კითხვის შესასწავლი მასალა, მეორეში — საყმაწვილო მხატვრული თხზულებები, ხალხური შემოქმედების ნიმუშები და საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიული, ისტორიული და ეთნოგრაფიული შინაარსის მეცნიერულ-პოპულარული სტატიები.

„დედა ენას“ საფუძვლად უდევს მაღალი დიდაქტიკურ-მეთოდიკური პრინციპები, გამსჭვალულია ხალხურობის სულისკვეთებით. ავტორის სიცოცხლეში (1912 წლამდე) იგი 33-ჯერ გამოიცა. ი. გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ „დედა ენის“ გამოეცემა მიენდო სპეციალურ კომისიას, რომელსაც ლ. ბოცვაძე ხელმძღვანელობდა. 1876-1925 წლებში „დედა ენა“ 45-ჯერ გამოიცა. ძირითადად ი. გოგებაშვილის ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდია მომარჯვებული ვ. ძიძიგურისა და ა. გვახარიას „დედა ენის“ 1935-1943 წლების გამოცემებში.

ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზეა შედგენილი და 1944 წლიდან სისტემატურად გამოდის ნ. ბოცავიძისა და ე. ბურჯანაძის „დედა ენა“ (2 წიგნად) I და II კლასელებისათვის (ამჟამად I კლასის „დედა ენა“ 2 ნაწილად გამოდის). ი. გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვითაა აგებული ვ. რამიშვილის მიერ შედგენილი მოსამზადებელი კლასის „დედა ენა“ და იმ I კლასის „დედა ენა“, რომელმაც გაიარა მოსამზადებელი კლასი (პირველად გამოიცა 1973). 1976 წელს ზეიმით აღინიშნა „დედა ენის“ 100 წლისთავი; საიუბილეოდ დაისტამბა 1876 და 1912 წლების გამოცემები. 1994 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა „დედა ენის“ მოტივზე აგებული სპექტაკლი „იაკობის სახარება“ (რეჟისორი რობერტ სტურუა).

2019 წელს საქართველოს IX მოწვევის პარლამენტმა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ოფიციალურ საგანმანათლებლო პროცესში დააბრუნა.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: