ლუარსაბ ბოცვაძე
ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე (დ. 16 იანვარი [ძვ. სტ. 4 იანვარი], 1866, სოფელი ნოღა, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 24 ივნისი, 1919, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია და იმავე წელს დაადგა მასწავლებლობის რთულ გზას. პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო წყალტუბოს სკოლაში, სადაც 3 წელი დაჰყო, რის შემდეგ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში გადაიყვანეს. 1908 წელს დააარსა ყოველთვიური პედაგოგიური ჟურნალი „განათლება“, რომელსაც რედაქტორობდა 1908–1918 წლებში. 1890-იდან გარდაცვალებამდე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თვალსაჩინო წევრი. ბოცვაძეს ეკუთვნის 350-მდე პედაგოგიური ნაშრომი და სტატია, სასწავლო პროგრამები სახალხო სკოლებისათვის. ბოცვაძის პედაგოგიური შეხედულებების საფუძველია ხალხურობის იდეა: საყოველთაო სავალდებულო და უფასო სწავლება ყველა ბავშვისათვის; ქალისა და ვაჟის ტანასწორი განათლება; სწავლება რეალური, ცხოვრების მოთხოვნილებათა გათვალისწინებით; მშობლიური ენის მთავარი ადგილი სწავლებაში; პატრიოტიზმისა და შრომისნოყვარეობის აღზრდა; რუსული ენის სწავლება რუსული და ევროპული კულტურის დაუფლებისათვის. ბოცვაძე აკრიტიკებდა „თავისუფალი აღზრდის“ თეორიას; აღზრდა მიაჩნდა ორგანიზებულ, მიზანმიმართულ პროცესად, რომელიც მიმდინარეობს მასწავლებლის ხელმძღვანელობით. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გონებრივსა და მორალურ არძრდას, მაგრამ ვერ ითვალისწინებდა მორალის კლასობრივ არსს და შეცდომით ქადაგებდა ერთნაირ ზნეობრივ ნორმებს კლასობრივი საზოგადოების ყველა წევრისათვის, აღზრდის მთავარ საშუალებად ბოცვაძეს მიაჩნდა შრომა; შრომითი აღზრდის მიზანი, მისი აზრით, პროფესიული მომზადება კი არ იყო, არამედ აღსაზდრელის შრომითი ჩვევების, შრომის უნარის გამომუშავება. მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში ბოცვაძე წამყვან როლს ანიჭებდა სკოლას. მან გააკრიტიკა მაშინდელი სკოლა, წამოაყენა ახალი სკოლის პრინციპები: სკოლის კავშირი ცხოვრებასთან, სწავლების საერო ხასიათი, სკოლისა და ოჯახის კავშირი აღზრდის საქმეში, მასწავლებლის წამყვანი როლი აღზრდისა და სწავლების პროცესში, მასწავლებლის მუშაობის ჰუმანური მეთოდები. ბოცვაძე სწავლებისა და განათლების თეორიაში კ. უშინსკისა და ი. გოგებაშვილის მიმდევარი იყო.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ნინო იოსების ასული ბაქრაძე (დ. 1883, თბილისი — გ. 5 სექტემბერი, 1971, იქვე).
თხზულებანი
რედაქტირება- ლ. ბოცვაძე. პედაგოგიური თხზულებანი, თბილისი, 1982.
ლიტერატურა
რედაქტირება- ი. ჭკუასელი. ლუარსაბ ბოცვაძე, თბილისი, 1954.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 474.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 88, თბ., 1994