გიორგი იასონის ძე თავზიშვილი (დ. 24 მარტი, 1902, სოფელი ბაზალეთი, ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — გ. 5 ოქტომბერი, 1963, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, მეცნიერი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფიარედაქტირება

1922 წელს დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების, ფაკულტეტზე, მაგრამ მალე გადავიდა მოსკოვის პირველ სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ იქვე დარჩა და მუშაობდა დოცენტად. ამასთანავე ეწეოდა ფრიად ნაყოფიერ ლიტერატურულ საქმიანობას. ქართული მწერლობისა და თეატრის საკითხებზე ბეჭდავდა სტატიებს რუსულ და ევროპულ ენებზეც.

1930 წელს გ. თავზიშვილს ნიშნავენ თბილისის უნივერსიტეტის პრორექტორად სასწავლო ნაწილში, 1933–1938 წლებში. სათავეში უდგას პედაგოგიკის კვლევით ინსტიტუტს, ხოლო 1938–1958 წლებში თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრის გამგეა.

გიორგი თავზიშვილმა 70-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი მიუძღვნა პედაგოგიკის თეორიასა და ისტორიის საკითხებს. ამავე დროს იყო საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი და საუკეთესო მკვლევარი, ისტორიკოსი და კრიტიკოსი. მისი შრომის შედეგია იაკობ გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, ილიას რჩეული პედაგოგიური თხზულებები, მონოგრაფიები ი. გოგებაშვილზე, ს. მგალობლიშვილზე, ეკ. გაბაშვილზე, ნ. ნაკაშიძეზე და სხვა. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურარედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 164, თბ., 1994