Australopithecus africanus

(გადამისამართდა გვერდიდან ავსტრალოპითეკ აფრიკანუსი)

Australopithecus africanus (ავსტრალოპითეკ აფრიკანუსი; სამხრეთ აფრიკის ადამიანის მსგავსი მაიმუნი) — ავსტრალოპითეკების ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მისი გავრცელების არეალი ძირითადად სამხრეთ აფრიკის ტერიტორიას მოიცავდა.იგი ცხოვრობდა დაახლოებით 3,3–2,1 მილიონი წლის წინ, ადრეული პლიოცენის დასასრულის ხანაში. 1925 წლის თებერვალში რეიმონდ დარტის ნაშრომ „Nature-ში“ სახეობას ავსტრალოპითეკ აფრიკანუსი ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ სახეობის აღმნიშვნელი სიტყვა ლათინური (“australo”) და ბერძნული (“pithecus”) სახელწოდებებიდან მომდინარეობს, გვარის სახელი, რომელიც აფრიკული წარმოშობის პრე-ჰომო ჰომინიდებს აღნიშნავს, ცნობილი და მიღებული საიდენტიფიკაციო სახელი გახდა. დარტი ამტკიცებდა, რომ ავსტრალოპითეკ აფრიკანუსი იყო ბიპედალი (ორ ფეხზე მოსიარულე).

Australopithecus africanus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ქვერიგი:  Haplorhini
ინფრარიგი:  მაიმუნისებრნი
ოჯახი:  ჰომინიდები
ქვეოჯახი:  ჰომინინები
ტრიბა:  ჰომინინი
გვარი:  ავსტრალოპითეკები
სახეობა:  A. africanus
ლათინური სახელი
Australopithecus africanus

ადრეული აფრიკანუსის გავრცელების არეალი მოიცავდა სამხრეთ აფრიკის ოთხ გამოქვაბულს: Sterkfontein, Taung, Makapansgat და Gladysvale.[1]

აღმოჩენა

რედაქტირება

რეიმონდ დარტი (1883-1988) მუშაობდა ბატონ გრაფტონ ელიოტ სმიტთან ლონდონში სანამ აშშ-ს უნივერსიტეტში დაიწყებდა ლექციების კითხვას. ის 1922 წელს სამხრეთ აფრიკის University of Witwatersrand-ში დაინიშნა ანატომიის პროფესორად. 1924 წელს რეიმონდ დარტმა წარმოადგინა პლიოცენის ეპოქაში მცხოვრები გამართულად მოსიარულე ორფეხა ჰომინიდის არსებობის დამადასტურებელი საბუთები. დარტმა აღმოაჩინა კირით დაფარული, განამარხებული ბავშვის თავის ქალა, ბუქსტონ ლაიმვორკში, კალაჰარის უდაბნოში მდებარე ტანუგის გამოქვაბულში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. აღმოჩენილი ნაშთის კბილების მიხედვით დარტმა დაადგინა, რომ განამარხებული თავის ქალა ეკუთვნოდა 5-7 წლის ბავშვს (შემდგომმა გამოკვლევამ, რომელიც ელექტრონული მიკროლკოპის საშუალებით ჩატარდა, დაადგინა, რომ ბავშვი მხოლოდ სამ-ნახევარი წლისა იყო). სტატია „ბუნებაში“ 1925 წელს დარტი ამტკიცებდა, რომ ტანუგის თავის ქალა იყო დასტური იმისა, რომ აფრიკაში არსებობდა ადამინის მსგავსი მაიმუნი და, მორფოლოგიურ ელემენტებზე დაყრდნობით, ის უფრო მეტად დაემსგავსა ადამიანს. რეიმონდმა მას უწოდა ავსტრალოპითეკუს აფრიკანუსი (Australopithecus africanus), რაც „სამხრეთ აფრიკის ადამიანის მსგავს მაიმუნს“ ნიშნავს. იქიდან გამომდინარე, რომ დარტი ვერ მიაკუთვნებდა ამ სახეობას ადამიანის მსგავსს უკუდო მაიმუნთა ოჯახს, ვერც ჰომინიდების (ადამიანთა) ოჯახში გააერთიანებდა, ვინაიდან A. africanus-ს ჰქონდა პატარა ზომის ტვინი. შემდეგი 25 წლის განმავლობაში A. Africanus-ის მნიშვნელობა და ის, თუ რომელ ოჯახს წარმოადგენდა სადავო იყო და ამის გამო დარტის კვლევა კრიტიკის საგნად იქცა. დარტის დასკვნას სკეპტიკურად და წინააღმდეგობით შეხვდნენ სხვა მიზეზის გამოც, იმ დროს მეცნიერებს ეგონათ, რომ ჰომინიდები აზიაში წარმოიშვნენ. გარდა ამისა, არსებობდა სხვა მიზეზებიც: დარტმა აღმოაჩინა მხოლოდ ერთი ინდივიდის ნაშთი, რომელიც ბავშვს ეკუთვნოდა და მანამდე აფრიკაში არც ერთი სხვა ჰომინიდის ნაშთი ნაპოვნი არ იყო. 1930 წლამდე, როდესაც რობერტ ბრუმმა იოჰანესბურგთან ახლოს, სტერკფონტეინის გამოქვაბულში რამდენიმე განამარხებული ნაშთი იპოვა, სხვა ავსტრალოპითეკები ჯერ აღმოჩენილი არ იყვნენ. არტისა და ბრუმის აზრი 1945 წლამდე არავის გაუზიარებია, სანამ ოქსფორდის უნივერსიტეტის ანატომიის პროფესორმა უილფრიდ ლე გროს კლარკმა მათ აღმოჩენას ჰომინიდების სტატუსი არ მიანიჭა.[2]

დარტი ამტკიცებდა, რომ ტანუგში აღმოჩენილი არსების ტვინის ზომა არ იყო ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მისი ფორმა და რომ მოზაიკური ევოლოუციის პრინციპი იყო შესაძლებელი. ეს იმას ნიშავდა, რომ არა მხოლოდ ტვინი, არამედ სხეულის ზოგიერთი ნაწილი სხვა ნაწილებზე უფრო ადრე დაემსგავსა ადამიანისას (როგორც ამტკიცებდნენ ელიოტ სმიტი და სერ არტურ კეიტი). ტანუგის თავის ქალის შემთხვევაში სტომატოლოგიური და პოსტულარული ჰომინიზაცია აშკარა იყო მაშინ, როცა ტვინის ჰომინიზაცია არ შეინიშნებოდა.

 
ტანუგელი ბავშვის თავის ქალა

1950-იანი წლისათვის დარტის გარდა უკვე არსებობდნენ სხვა მკვლევარები (Robert Broom, Louis Leakey), რომლებმაც აღმოაჩინეს სხვა Australopithecus-ის ნაშთები სამხრეთ აფრიკაში. მიუხედავად ამისა, იმის დადგენა, Australopithecus იყო თუ არა ადამიანის წინაპარი, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

1955 წელს დარტმა ივარაუდა, რომ ქვის ხანას წინ უძღოდა ძვლის ხანა, ხანა როდესაც ავსტრალოპითეკუსი თავისი ნანადირევის ძვლებს, კბილებსა და რქებს იყენებდა ხელსაწყოებისა და სამუშაო იარაღის დანიშნულებით. დარტმა ეს მოსაზრება დააყრდნო Makapansgat-ის გამოქვაბულში აღმოჩენილ ქვად ქცეულ და დამსხვრეულ ძვლებზე ჩატარებულ თავისივე კვლევებს. ეს მოსაზრება უკვე აღარაა სანდო, რადგან იმის მცდელობაში, რომ დარტის ეს ჰიპოთეზა უარეყოთ, წარმატებით დამკვიდრდა ტაპონომიის (კვლევა, რომელიც შეისწავლის ნივთების არქეოლოგიურ მასალად ქცევას) ახალი დისციპლინა.

დარტის მიერ ჩატარებული კვლევები Australopithecus africanus-ზე და მისი ინტერპრეტაცია  ტანუგის თავის ქალის მნიშვნელოვაბის შესახებ იმ დროისათვის რადიკალური იყო, რადგან ამ პერიოდში პალეოანთროპოლოგია ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ სტადიაში იყო. დარტის აღმოჩენები პირველი იყო იმ არქეოლოგიური აღმოჩენების სერიაში, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სწორედ აფრიკაშია „კაცობრიობის აკვანი“. 1930-იან წლებში რიჩარდ და მერი ლეაკებმა დაიწყეს Olduvai Gorge-ში, კენიაში, აღმოსავლეთ აფრიკაში არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობა. ამ ადგილას ჯერ კიდევ 1911 წელს პალეოანთროპოლოგმა ჰანს რეკმა განამარხებული ნაშთები და ქვის იარაღები აღმოაჩინა. ადრეული ადამიანის სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილმა ნამარხების რაოდენობამ ზრდა განაგრძო. XX საუკუნის მიწურულს ავსტრალოპითეკუსი დათარიღდა 3,32-დან 1,6 მილიონი წლის წინანდელობით და საბოლოოდ მოხდა მისი კლასიფიკაცია, ანთროპოლოგებმა იგი ადამიანის წინაპრად აღიარეს.[3]

დათარიღება

რედაქტირება

არცერთი A. Africanus ნაშთი არ იძლევა მათი არსებობის პერიოდის ზუსტ თარიღს. ბიოსტრატიგრაფიკული გამოთვლების მიხედვით Sterkontein-ის გამოქვაბულის მე-4 ნაწილი, სადაც ყველაზე მეტი A. Africanus-ის ნაშთია აღმოჩენილი, დაახლოებით 2,5 მილიონი წლის წინანდელია. გამოქვაბულის 1-3-ე ნაწილები უფრო დიდი ასაკისანი არიან, დაახლოებით 3,5 მილიონი წლის. უნდა აღინიშნოს ის, რომ დღეისთვის არსებობს ნამარხების წლოვანების დასადგენი ახალი ტექნიკა. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით დადგინდა, რომ ყველაზე ძველია Sterkontein-ის ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც 4 მილიონი წლის უნდა იყოს, თუმცა ეს კვლევის ტექნიკა ჯერ კიდევ დამოწმებებს მოითხოვს. Makapansgat-ის გამოქვაბულში აღმოჩენილი ნარჩენები Sterkontein-ის გამოქვაბულის მე-4 ნაწილის ნიმუშთან შედარებით უფრო თანამედროვე უნდა იყოს, განსხვავებით Kromdraii-ის A და B ნიმუშთაგან, რომლებიც შედარებით უფრო ძველია. ნაშთების რეალური ასაკის დადგენა რთულია, თუმცა არის ვარაუდი იმისა, რომ Sterkontein-ში აღმოჩენილი უძველესი ნაშთი უფრო დიდი ხნისაა, ვიდრე Makapansgat-ში აღმოჩენილი ყველაზე ძველი ნაშთი.

ორმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა კვლევამ, რომელიც ასაკის დადგენის ერთნაირი მეთოდებით ჩატარდა, აჩვენა, რომ ტანუგის (Taung Cave) გამოქვაბულში აღმოჩენილი ნაშთები დაახლოებით მილიონი წლის უნდა იყოს. ტანუგის გამოქვაბულში აღმოჩენილია ბავშვის თავის ქალა ასაკობრივად დიდად განსხვავდება სხვა ტანუგსა და Sterkontein-თან აღმოენილი ნაშთებისაგან, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ იგი A. Africanus-ს წააგავს, რაც იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ ისინი ერთი წარმომავლობისანი არიან.[4]

ქალბატონი პლესი

რედაქტირება
 
ქალბატონი პლესის თავის ქალა

დარტის მიერ ჩამოყალიბებულ თეორას, რომლის მიხედვითაც ტანუგაში აღმოჩენილი ბავშვი ადამიანის წინაპარია, ეთანხმებოდა რობერტ ბრუმიც. 1936 წელს Sterkfontein-ის გამოქვაბულში მოპოვებულ იქნა პირველი ზრდასრული ავსტრალოპითეკი. ამან ბრუმის ამ თეორიის მიმართ ნდობა უფრო მეტად გაამყარა. მოგვიანებით ბრუმმა ცალკე გამოყო G. W. Barlow-ს მიერ აღმოჩენილი ზრდასრული არსების თავის გარეთა სარტყელი, რომლის ტვინის მოცულობა 485 სმ³ იყო. იგი მიაკუთვნა Plesianthropus transvaalensis-ს (ადამიანის მსგავსი არსება ტრანსვალიიდან). 1947 წლის 18 აპრილს Sterkfontein-თან ახლოს რობერტ ბრუმმა და ჯონ რობინსონმა აღმოაჩინეს Australopithecus-ის  ნამარხი, სადაც იყო ყველაზე მეტად სრულყოფილი თავის ქალა, რომელიც, როგორც თავდაპირველად აღნიშნეს, ეკუთვნოდა საშუალო ხნის ქალს. მას ქალბატონი პლესი ეწოდა („Mrs. Ples“)[5] ეს თავის ქალაც ბრუმმა მიაკუთვნა Plesianthropus transvaalensis-ს. შემდგომში კი მათ A. Africanus ეწოდათ. „Mrs. Ples“-ის თავის ქალა მიჩნეულია ყველაზე სრულყოფილად, თუმცა მისი გამოკვლევისას იგი დაზიანდა, ორ ნაწილად გაიყო და მისი ზოგიერთი ფრაგმენტი დაიკარგა კიდეც.

ქალბატონ პლესის თავის ტვინის მოცულობა მხოლოდ 485 სმ³ იყო. მისი სამარხი იყო პირველი, რომლითაც გამოვლინდა, რომ ორ ფეხზე სიარული განვითარდა იქამდე, სანამ მოხდებოდა ტვინის მნიშვნელოვნად ზრდა. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ 1947 წელს „Mrs. Ples“-ის ნამარხთან ახლოს აღმოჩენილი ჩონჩხის ნაწილი, რომელიც STS 14-ის სახელითაა ცნობილი, ეკუთვნოდა „Mrs. Ples-ს“.[6]

განამარხებული ნაშთები და შესაძლო გავრცელების არეალი

რედაქტირება
 
A. africanus გავრცელებული იყო Sterkfontein-თან, Makapansgat-თან და Taung-თან

A. africanus-ის ნაშთები აღმოჩენილია ორ გამოქვაბულში - Sterkfontein-ისა და Makapansgat-ის გამოქვაბულში, ტრანსვაალში (სამხრეთ აფრიკის პროვინცია). Sterkfontein-ის გამოქვაბულში ნაპოვნი ნაშთები იოჰანესბურგის დასავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს. Makapansgat-ის გამოქვაბულში აღმოჩენილი ნაშთები კი Potgetiersrus-ის ჩრდილო-აღმოსავლეთით 16 კილომეტრშია ნაპოვნი. ასევე, Coopers B-სა და Gladysvale-ში ნაპოვნი კბილები შესაძლოა, ეკუთვნოდეს A. africanus-ს, მაგრამ ეს ჯერ მეცნიერულად არ მტკიცდება.

A. africanus-ის ნაშთები ძირითადად ნაპოვნია Sterkfontein-ის გამოქვაბულის მე-4 ნაწილში. Sterkfontein-ის გამოქვაბულში 1936 წლიდან მოყოლებული თითქმის ყოველთვის მიმდინარეობდა გათხრები და აქ ნაპოვნი მასალა და მათი შესწავლის შედეგები წარმოადგენს მთავარ წყაროს აფრიკანუსის სახეობის შესწავლისათვის. ნაშთების უმეტესობა ფრაგმენტულადაა მოცემული, ვინაიდან ბევრი განადგურდა ქვად ქცევის პროცესში. თუმცა, საკმაოდაა შემორჩენილი, დასრულებული და თითქმის დასრულებული თავის ქალები და მასთან დაკავშირებული ჩონჩხები. მრავალნაირი და სხვადასვანაირად დასრულებული ჩონჩხის ნაწილებით მეცნიერებმა შეძლეს, მთლიანად აღედგინათ A. africanus-ის ჩონჩხი.

მიუხედავად იმისა, რომ Makapansgat-ის გამოქვაბულს, რომელიც ძვლებით საკმაოდ მდიდარია, ათწლეულების განმავლობაში თხრიდნენ და სწავლობდნენ, ავსტრალოპითეკუსისთვის დამახასიათებელი ძვლების ნაშთები ამ გამოქვაბულში ძალიან მწირე რაოდენობით აღმოჩნდა. შესაძლოა, რომ ავსტრალოპითეკები ამ ადგილებში იმდენად მასიურად არ სახლობდნენ, როგორც, მაგალითად, Sterkfontein-ში.[7]

კლასიფიკაცია

რედაქტირება

1925 წლის თებერვალში ჟურნალ „Nature”-ში დაბეჭდილ წერილში რეიმონდ დარტმა ტანუგის ბავშვის თავის ქალას დაარქვა სახელი ბინომიალური Australopithecus africanus, აქცია რა ის სახეობის ტიპურ ეგზემპლიარად ახალი სახეობებისათვის. ჟურნალ „Nature”-ში დაბეჭდილ წერილში 1936 წელს რობერტ ბრუმმა Sterkfontein-ში აღმოჩენილი პირველი ჰომინიდური თავის ქალა (the TM 1511 partial skull) მიაკუთვნა იგივე გვარს, რომელსაც განკუთვნებოდა ტანუგის ბავშვი. შემდგომ წელს იმავე ჟურნალში დაიბეჭდა მისი ანგარიში მოლარების შესახებ, რომელშიც მან მოახდინა Sterkfontein-ის ყველა ადრეული ჰომინიდების სახეობის აღნიშვნის ფორმალიზება და უწოდა მათ Australopithecus transvaalensis. ერთი წლის შემდეგ (1938), ბრუმმა Sterkfontein-ის სახეობები კლასიფიკაციით მაღლა აიყვანა Pleisianthropus transvaalensis-ის ახალ გვარამდე, აცხადებდა, რომ ახლად აღმოჩენილი ბავშვის ქვედა ყბის ძვალი (TM 1516) განსხვავებული იყო A. africanus-ის ტიპური ეგზემპლარისაგან. 1948 წელს ჯეიმზ კიჩინგის მიერ Makapansgat-ში ნაპოვნ თავის ქალის ფრაგმენტს დარტმა დაარქვა Australopithecus Prometheus. Sterkfontein-სა და Makapansgat-ში ნაპოვნი ყველა ადრეული ჰომინიდების ნამარხები მოგვიანებით სხვადასხვა პალეოანტროპოლოგების მიერ განეკუთვნა A. Africanus-ის სახეობას, მას შემდეგ მისდევენ აღნიშნულ პრაქტიკას.

შემდეგი ფაქტები გვირევს წარმოდგენას ავსტრალოპითეკ აფრიკანუსის კლასიფიკაციაზე:

  1. Sterkfontein-ის გამოქვაბულის მეოთხე ნაწილში აღმოჩნდა სულ ცოტა ორი განსხვავებული ადრეული ჰომინიდური ნამარხი, ერთი გრძელი სასით, პარალელური კბილის რიგებითა და გრძელი თავის ქალით და მეორე - პატარა სასით, კბილების რიგის რკალისებური განლაგებითა და მოკლე თავის ქალით.
  2. Makapansgat-ის ადრეული ჰომინიდების საცხოვრებელ ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ არის  Sterkfontein-ის მეოთხე ნაწილის თანამედროვე, აღმოჩენილია უფრო ადრეული ნამარხები, მაგალითად, ისეთები, როგორებიცაა ჰომო და პარანთროპუსი.
  3. მხოლოდ მოლარი არის ის ერთადერთი ზრდასრული ორგანიზმისთვის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც აღენიშნება ტანუგის გამოქვაბულში აღმოჩენილ A. afrinacus-ს (იგულისხმება ტანუგის ბავშვი). როგორც ასეთი, A. afrinacus-ის ზრდასრული ინდივიდი ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი.
  4. იქიდან გამომდინარე, რომ ტანუგის უძველესი ნამარხები მეტნაკლებად Swartkran-ის პარანთროპუსის ნაშთების თანამედროვეა, ზოგი პალეოანთროპოლოგი არ გამორიცხავს იმას, რომ ტანუგის ბავშვი წარმოადგენდეს პარანთროპუსს. ტანუგის ბავშვის კბილების რაოდენობა და თავის ქალის მახასიათებლები გვიჩვენებს, რომ ის დაახლოებით იგივე სახეობაა, როგორიც გრძელყბიანი Sterkfontein-ის ჰომინიდი და სრულიად განსხვავებულია პარანთროპუსისგან.

Australopithecus transvaalensis არის Sterkfontein-ის მოკლეყბიანი სახეობის შესაძლო სახელი. მხოლოდ ზოგიერთი Makapansgat-ის ნაშთი წარმოადგენს ავსტრალოპითეკ აფრიკანუსს. Makapansgat-ის ნამარხები მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი და იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არა მთლიანი სახით, არამედ ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, რთულია, მოხდეს მათი კლასიფიკაცია სახეობების დონეზე.[8]

კავშირი სხვა სახეობებთან

რედაქტირება

ავსტრალოპითეკ აფრიკანუსი ერთ დროს თანამედროვე ადამიანის უშუალო წინაპრად მიიჩნეოდა, მაგრამ ახალი აღმოჩენები დაუპირისპირდა ამ მოსაზრებას. დღეს ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს სახეობა წარმოადგენს ჩვენი გენეალოგიური ხის ერთ-ერთ შტოს, მაგრამ სადავოა მისი პირდაპირი კავშირი სხვა სახეობებთან.

ავსტრალოპითეკ აფრიკანუსის სხვა ჰომინინებთან კავშირი არაა დაზუსტებული. ბევრი მეცნიერის აზრით, A. africanus წარმოიშვა A. afarensis-გან ან მსგავსი ჰომინინისგან, მაგრამ მისი კავშირი უფრო გვიანდელ ჰომინინებთან დაუზუსტებელია. ამ ბუნდოვანებას ნაწილობრივ განაპირობებს ის, რომ A. africanus საკმარისად ძველი სახეობაა იმისთვის, რომ იყოს სხვა ბევრი ჰომინინის წინაპარი, ხოლო, ნაწილობრივ ის, რომ A. africanus-ის ზოგიერთი მახასიათებელი მსგავსია ამ ჰომინინების სხვადასხვა ჯგუფისა, მაგრამ არა ყველა ჯგუფისა.

იმის გამო, რომ A. africanus-ს შენარჩუნებული აქვს ზოგიერთი პრიმიტიული მახასიათებელი (ასეთი მახასიათებლები არის თანდაყოლილი, მიღებული წინაპრებისგან და გადაეცემა შთამომავლობას განსხვავებით შეძენილი მახასიათებლებისგან), A. africanus თავდაპირველად ითვლებოდა ჰომოს მოდგმის უშუალო წინაპრად. ამასთან, A. africanus-ის თავის ქალის მახასიათებლები ჰგავს მხოლოდ ჰომოს მახასიათებლებს და არა სხვა ჰომინინებისა, მაგრამ აღსანიშნავია, ისიც, რომ A. africanus-ის ზოგი მახასიათებელი მსგავსია პარანთროპუსის გვარის ყველა წარმომადგენელის მახასიათებლისა, რაც არ ხდება ჰომოს შემთხვევაში. ასევე, A. africanus-ის ერთ-ერთი მახასიათებელი მსგავსია მხოლოდ პარანთროპუს რობუსტუსის მახასიათებლისა, რაც, შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ  A. africanus პარანთროპუსების სახეობის უშუალო წინაპარია. ეს ჰიპოთეზები იმაზე მიუთითებს, რომ პარანთროპუსის გვარი არ იყო მონოფილეტური (ანუ სრულად არ შეიცავდა წინაპართა სახეობას და ყველა მის შთამომავალთა სახეობას), ვინაიდან A. africanus არაა ამ გვარს მიკუთვნებული, მაგრამ ყველაზე მეტად ჰგავს ამ გვარის წევრს.

1930-იან და 1940-იან წლებში სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ ნამარხებს სხვადასხვა სახელი მიენიჭათ, მაგ., Australopithecus transvaalensis, Plesianthropus transvaalensis და Australopithecus prometheus. დღესდღეობით მიჩნეულია, რომ ყველა მათგანი ერთ სახეობას - Australopithecus africanus-ს ეკუთვნის.

2008 წელს სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ნამარხები 2010 წელს მიაკუთვნეს ახალ სახეობას - Australopithecus sediba-ს, მაგრამ ბევრი პალეონტოლოგისტი ამ ნამარხებს A. africanus-ის ქრონოსახეობად მიიჩნევს. რაც იმას ნიშნავს, რომ უმნიშვნელო ანატომიური განსხვავებები აღმოჩენილ ახალ სახეობასა და A. africanus-ს შორის განპირობებულია სახეობის შიგნით დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებებისა და ეს განსხვავებები არ ნიშნავს, რომ ისინი სხვა სახეობის წამომადგენლები არიან. ეს A. africanus-ის არსებობის დროის დიაპაზონს დაახლოებით ნახევარი მილიონი წლით ზრდის.[9]

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვარიაციის დონე A. africanus-ის სახეობის ინდივიდებს შორის. ბევრ ისეთ მახასიათებელს შორის განსხვავება, როგორებიცაა, მაგალითად, მოლარის ზომა და სახის აგებულება, ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერ ადამიანის მსგავს დიდ მაიმუნში. ამის გამო ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ A. africanus-ის სახეობა, რეალურდ, ორი ცალკეული სახეობისგან შედგება. ეს განსხვავებები იმის გათვალისწინებითაც შესამჩნევია, რომ A. africanus ძალზე დიმორფულია სექსუალურად.[10]

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება

აღნაგობა, ხელები, ფეხები

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ A. Africanus-ის მრავალი ნიმუში არის დანაწევრებული და დამხინჯებული, მისი ჩონჩხის თითქმის ყველა ნაწილი არის წარმოდგენილი A. africanus სამარხების მეშვეობით. არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ჰომინიდის მომცრო სხეულის ზომაზე. ზრდასრული ინდივიდის სიმაღლე 3.5-დან 5 ფუნტამდე აღწევდა, წონა კი 60-90 გირვანქას უტოლდებოდა. A. Africanus-ს შეეძლო გამართული სიარული, რითიც იგი უფრო მეტად უახლოვდებოდა  თანამედროვე ადამიანის მსგავს მაიმუნებს, ვიდრე - ადამიანებს. ზოგიერთი ზრდასრული A. Africanus-ის თავის ქალა უფრო მოზრდილი ზომისაა, ვიდრე სხვების. ეს განსხვავება დამოკიდებულია სქესობრივ სხვაობასა და იმ სოციალურ ქცევაზე, რომელიც დამახასიათებელია თანამედროვე გორილებშიც. ამავდროულად, შესაძლებელია, ეს განსხვავება მიუთითებდეს თავის ქალის ზომის მიხედვით ორ სხვადასხვა ჯგუფზე. A. Africanus-ში მისი ჩრდილოელი მეზობლის, A. afarensis-ის მსგავსად, რომელიც წარმოშობით აღმოსავლეთ აფრიკიდან იყო, განვითარებული იყო ბიპედალიზმი (ორ ფეხზე გადაადგილება), ხელები ოდნავ უფრო გრძელი ჰქონდა ვიდრე ფეხები, ხოლო აღნაგობით ორივენი შედარებით სუსტები იყვნენ. ექსპერტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ A. Africanus იყო თანამედროვე ადამიანის წინაპარი, ამბობენ, რომ თავის ქალის მახასიათებლების მიხედვით, იგი უფრო მეტად ჰგავდა ადამიანს, ვიდრე A. afarensis. მიუხედავად იმისა, რომ A. Africanus გარკვეული თვისებებით ჰგავდა ადამიანს, იგი ზოგიერთი მახასიათებლებით, როგორიცაა მოღუნული თითები, რომელიც ხეზე ცოცვაში ეხმარებოდა, ადამიანის მსგავს მაიმუნსაც წააგავდა. ეს მაიმუნის მსგავსი თვისებები ზოგიერთ მკვლევარს აძლევს იმის ფიქრის საბაბს, რომ A. Africanus შემდეგ ჩამოყალიბდა როგორც Paranthropus robustus, რომელიც არის ერთ-ერთი ჯანმრთელი ავსტრალოპითეკი და არა ჰომო. მიუხედავად იმისა, არის თუ არა A. Africanus ადამიანის წინაპარი, რეიმონდ დარტის, რობერტ ბრუმისა და ლუის ლეაკის ნაშრომები განამტკიცებენ დარვინის თეორიას ადამიანის წინაპრების აფრიკიდან წარმოშობის შესახებ. [11]

A. Africanus-ს ჰქონდა გრძელი ხელები, მოძრავი მხრები და გრძელი, განიერი ხელის ძვლები. მას შეეძლო ორ ფეხზე გადაადგილება, ფეხის თითები გრძელი და დიდი ჰქონდა, ფეხი და ტერფი კი თანამედროვე ადამიანთან შედარებით უფრო მოძრავი და მოქნილი ჰქონდა.[12]

თმა, კანი, სახე

რედაქტირება

A. Africanus-ის თავის ქალა მრგვალი იყო, ჰქონდა კარგად განვითარებული შუბლი, საკმაოდ წინ წამოწეული სახე, რომელსაც საშუალო ზომის წარბების რკალები აგვირგვინებდა. A. Africanus-ს ახასიათებდა დიდი ზომის უნიკაპო ყბა, ბრტყელი საჭრელი კბილები, პატარა, მოკლე ეშვები. წინა და უკანა საღეჭი კბილები უფრო დიდი ჰქონდა, ვიდრე ადამიანებს, მაგრამ მათი ფორმა ერთნაირი იყო.[13]

იქიდან გამომდინარე, რომ A. Africanus-ები ცხოვრობდნენ  მაღალი რადიაციისა და მზის პირდაპიდი დასხივების ქვეშ, ისევე, როგორც აფრიკის სხვა ჰომონიდებს, მათაც სავარაუდოდ მუქი თმისა და სახის კანი უნდა ჰქონოდათ. ამ შეფერილობის მეშვეობით ისინი დაცულები იქნებოდნენ ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. დღეს ჩვენ ზუსტად არ ვიცით თუ რა ზომის ბეწვი უნდა ჰქონოდათ A. Africanus-ებს.[14]

თავის ქალა, კბილები

რედაქტირება

A. africanus-ის თავის ქალისა და კბილების მახასიათებლები ადამიანის მსგავსია. როგორც ადამიანების, A. africanus-ის სახე შედარებით ბრტყელი და ვერტიკალური ფორმისაა, ხოლო ნიკაპი - შედარებით მოკლე, მისი კეფის ხვრელი ქვემოთ იყურება, აქვს დახრილი მიმართულება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მას თავი უშუალოდ ხერხემლის ზემოთ ვერტიკალურ მდგომარეობაში ეჭირა. სწორედ ამ მახასითებლების გამო იყო რეიმონდ დარტი თავიდანვე დარწმუნებული იმაში, რომ ნაპოვნი თავის ქალა ორ ფეხზე მოსიარულე ცხოველს ეკუთვნოდა.

 
A[მკვდარი ბმული]. africanus-ის სახე შედარებით ბრტყელი და ვერტიკალური ფორმისაა, ხოლო ნიკაპი - შედარებით მოკლეა

A. africanus-ის ეშვები:

  1. განიცდის დახვეწილი დისტალური კიდეების ნაკლებობას, კარგად არ უკავშირდება ქვედა პრემოლარებს (მცირე ძირითადი კბილი) და, უმეტეს შემთხვევაში, არაა დაშორება მათსა და მომიჯნავე კბილებს შორის. ამას ეწოდება დიასთემა — კბილების განლაგების ანომალია.
  2. არის პატარა ზომის და სიმაღლით არ აღემატება საჭრელი კბილების საღეჭ ზედაპირს.
  3. გვიჩვენებს მდედრობით და მამრობით სქესებს შორის განსხვავებებს კბილის გვირგვინის განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ პირველი სარძევე კბილი არის მრავალწვეტიანი (“წვეტში” იგულისხმება კბილის გვირგვინის ბორცვი). ეს დამახასიათებელი ნიშანი აქვს ადამიანსა და პარანთროპუსს (Paranthropus), მაგრამ არ აქვთ დიდ მაიმუნებს. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ მიოცენისა და პლიოცენის პერიოდების ნამარხ მაიმუნებსაც, რომელთაგან ზოგი არ ითვლება ადამიანის წინაპრად (მაგ., ურანოპითეკი და ორეოპითეკი), აქვთ კბილის ასეთი მახასიათებლები, სავარაუდოა, რომ ისინი აღნიშნავენ იმ განზოგადებულ მდგომარეობას, რაც საერთოა ადამიანისა და აფრიკელი მაიმუნების წინაპრებისთვის.

A. africanus-ის თავის ქალის მახასიათებლებიც განზოგადებულია: მისი ტვინის მოცულობა (თავის ქალის საშუალო მოცულობა სხვადასხვა აღმოჩენებში 428-485 კუბური სანტიმეტრია) ახლოსაა დიდი მაიმუნების ტვინის მოცულობის საშუალო მაჩვენებელთან. მას არ აქვს კარგად განვითარებული საღეჭი მუსკულატურა და აღენიშნება ეშვებისა და წინა კბილების მახასიათებლების პარანთროპუსთან მსგავსება. პარანთროპუსის შედარებით ბრტყელი ზედაპირის მქონე მოლარებისგან (დიდი ძირითადი კბილი) განსხვავებით, A. africanu-ის მოლარები არის ღარისებრი ფორმის, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს სახეობა ღეჭვის დროს ყბას უფრო საგრძნობლად ამოძრავებდა წინ და უკან.

ზოგადად, A. africanus-ის კბილები სხეულის მოცულობასთან მიმართებით დიდი ზომისაა. A. africanus-ის მოლარული ზომა და უბრალოდ მოლარული წვეტის სტრუქტურა, ბასრი გამონაშვერის გარეშე, მსგავსია ბაბუინის (მაიმუნი პავიანების გვარისა) მოლარებისა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ A. africanus-ს ჰქონდა სპეციალური კვების რაციონი, რაც გულისხმობდა არა საკვების ჩეულებრივად მიღებას (დაღეჭვით და ა.შ.), არამედ მისი დიდი რაოდენობით პირდაპირ გადაყლაპვას.

ის, რომ A. africanus-ს ჰქონდა დიდი ზომის წინა კბილები და ხასიათდებოდა ყბის წინ და უკან მოძრაობით მიანიშნებს იმაზე, რომ მისი წინა კბილები უფრო მნიშვნელოვანი იყო საკვების დამუშავებაში — მაგ. გამომარცვლა, გაჭრა და ა. შ.[15]

ჩონჩხი, სიარულის მანერა და სხეულის მდგომარეობა (პოზა)

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცნობილი ყველაზე სრულყოფილი Sterkfontein-ის გამოქვაბულში ნაპოვნი ჩონჩხი ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაუთავისუფლებიათ ქვებისაგან (რომელიც შედგება ერთად დაცემენტებული კუთხოვანი ფრაგმენტებისგან), A. africanus-ის ჩონჩხის აღმოჩენილი ნაწილების მდიდარი კოლექცია საშუალებას გვაძლევს, ზუსტად განვსაზღროთ მისი სხეულის პროპორციები და მოძრაობის შესაძლებლობები. ჩონჩხის ზედა კიდურის ძვლის სიგრძე ქვედა კიდურის 85 %-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ადამიანისა (76 %) და შიმპანზის (92 %) მაჩვენებლებს შორისაა და მსგავსია მიწაზე მცხოვრები ოთხფეხა ცხოველებისა, ისეთების, როგორიც მაგალითად, ბაბუინია. გორილებსა და ადამიანებში მკლავი უფრო პატარაა, ვიდრე - მხარი, ხოლო ადამიანის მსგავს ყველა სახის მაიმუნში კი ქვედა ფეხი უფრო მოკლეა, ვიდრე - ბარძაყი. A. africanus-ში, სხეულის წონასთან შეფარდებით, მენჯი უფრო გრძელია, ვიდრე - ადამიანებში.[16]

 
ორ[მკვდარი ბმული] ფეხზე სიარული და მოძრაობა საუკეთესოდ ახსნის მენჯის სახსრის გაფართოების ხარისხს

მიუხედავად იმისა, რომ A. africanus-ის ხელი ძირითად შემთხვევაში ადამიანის მსგავსია, ის თავისივე სხეულის ზომასთან შედარებით გრძელია, მაშინ, როცა ადამიანის ხელის სიგრძის შეფარდება მისივე სხეულთან პროპორციულია. ხელისა და ფეხის სიგრძის შეფარდებით ხელისა და ფეხის თითებთან ჩანს, რომ ამ სახეობას ადამიანთან შედარებით ბევრად გრძელი ფეხისა და ხელის თითები ჰქონდა. ტერფის ძვლები (მეტსახელად „პატარა ტერფი“) წარმოადგენს ბევრად მოსახერხებელ და მოქნილ ტერფს, რომელსაც ფიქსირებული რკალისებრი სტრუქტურა აკლდა (სიგრძივი და განივი). ასევე A. africanus-ს უფრო მეტად ჰქონდა დაშორებული ფეხის დიდი თითი (ცერი) დანარჩენ ტერფს, ვიდრე ადამიანებს. როგორც ჩანს, ორი შედარებით დაბალი ხერხემლის მალა მენჯთან კონტაქტში აჩვენებს სახსრების შეერთების ადგილს, რომელიც ბარძაყისა და მკლავის ძვალთან შედარებით პატარაა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ A. africanus-ის ზედა ტანის წონა არ ეყრდნობოდა მხოლოდ უკანა კიდურებს. კუთხე, რომელსაც ხერხემლის ქვედა მალა ქმნის მენჯთან, მიგვანიშნებს, რომ A. africanus, სავარაუდოდ, ქვედა ხერხემლის გამრუდების სიმცირეს განიცდიდა, რაც ასოცირდება მუდმივ, რუტინულ ორ ფეხზე დგომასა და გადაადგილებასთან. ნაკლებადაა დასაშვები, რომ A. africanus მთელ თავის დროს ორ ფეხზე დამდგარი ატარებდა. ორ ფეხზე სიარული და მოძრაობა სავარაუდოდ, ძირითადად გამოიყენებოდა კვების პროცესში. ასეთი ქცევა საუკეთესოდ ახსნის მენჯის სახსრის გაფართოების ხარისხს. A. africanus-ის მენჯის ხრტილი უფრო დიდი და მტკიცეა, ვიდრე ავსტრალოპითეკ აფარენსისა. სადავოა ის, არსებობდა თუ არა კუთხე, რომელიც წარმოიქმნება ადამიანის მხრის ძვლისა და მკლავის ძვლის ღერძებს შორის.

საბოლოო ჯამში, A. africanus-ის სხეულის პროპორციები და მენჯის მოძრაობის შესაძლებლობა უფრო ემსგავსება ოთხ ფეხზე მოსიარულე ადრეულ ჰომინიდებს, რომელთაც ჯერ კიდევ შემორჩენოდათ ხეებზე ასვლისა და გარკვეული დროით ორ ფეხზე დგომის უნარი, ასევე კვების პროცესში გამართული ტანით დგომა. A. africanus-ის ტანის მოცულობა ძალიან პატარა იყო (დაახლოებით 25–30 კგ.). სახეობის ტანის პროპორციების გათვალისწინებით იგი უფრო ადვილად შეძლებდა ხეზე აძრომასთან ადაპტაციას, ვიდრე, მაგალითად, გორილა ან თანამედროვე ადამიანი. იმის გათვალისწინებით, რომ მისი კვების რაციონი ძირითადად შედგებოდა ხილისა და ფოთლებისაგან, სახეობას ეძინა კიდეც ხეზე, როდესაც ამის შესაძლებლობა გააჩნდა. ვინაიდან A. africanus-ს სუბტროპიკულ კლიმატში უხდებოდა ცხოვრება, დროგამოშვებით მას ეძინა ან ისვენებდა მიწაზეც.[17]

ცოტა რამ თუა ცნობილი იმ ჰომომდე აღმოჩენილი ჰომინიდების კვების რაციონზე, იმდენად, რამდენადაც მათ არ დაუტოვებიათ ისეთი არქეოლოგიური კვალი, როგორებიცაა, მაგალითად, ე. წ. „სამზარეულოს ნარჩენები” ან ქვის იარაღი. შედეგად, მკვლევარებმა კვების რაციონის შესახებ დასკვნები გააკეთეს სტომატოლოგიურ მორფოლოგიაზე, კბილების ნადებსა თუ მათზე საკვების შედეგად დარჩენილ ნაკაწრებსა და ლაქებზე დაყრდნობით.

საინტერესოა, რა დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი A. africanus-ის კვებისა და კვების რაციონის ადაპტაციის შესახებ. ამ სახეობას აშკარად ჰქონდა იზოტოპურად შერეული კვების რეჟიმი[18]. მაგრამ ეს ინფორმაცია არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მათი კვების რაციონიდან რომელიმე ინგრედიენტი გამოვტოვოთ. ამ არსებების კბილის ზედაპირზე არსებული ნაკაწრები ანიზოტროპულად უფრო ღირებული და რთულია, ვიდრე უბრალო ბალახისმჭამელთა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახეობის კომპლექსურობა საშუალოზე უფრო დაბალი მასშტაბისა იყო და ნაკლებად ცვალებადი, შემორჩენილ პრიმატებთან შედარებით, იგი მაინც მყარ საკვებს უბრუნდებოდა ხოლმე  მაშინ, როდესაც მისთვის სასურველი საკვები არ იყო ხელმისაწვდომი ან რთული მოსაპოვებელი იყო. სკოტმა 2005 წელს მოახდინა შემდეგი მონაცემების ინტერპრეტაცია: A. africanus-ის კვების რაციონში ძირითადად ვეგეტარიანული საკვები შედის, ხოლო მყარი საკვები ნაკლებადაა მის რაციონში.

სკოტის მიერ წარმოდგენილი კვების რეკონსტრუქცია შესაძელებელია ზუსტი იყოს, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მყარი საკვები A. africanus-ის კვების რაციონის უმნიშველო ელემენტად მივიჩნიოთ. მიუხედავად იმისა, რომ მყარი და დიდი საკვები შეიძლება არ იყოს აღმოჩენილი კბილის ზედაპირის ანალიზის დროს, ეს ანალიზი მაინც დიდ დაკვირვებასა და სიფრთხილეს მოითხოვს.[19]

კბილების ნაკაწრების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ A. africanus ძირითადად იკვებებოდა ფოთლებით და, შესაძლებელია, თესლებითაც. A. africanus იღებდა იმავე საკვებს, რასაც ბაბუინები, მაიმუნი ვერვეტები და სამანგოები, რომლებიც დღესდღეობით ცხოვრობენ სამხრეთ აფრიკის ტერიტორიებზე და აღსანიშნავია ის, რომ A. africanus-ის საკვები განსხვავდებოდა სეზონების მიხედვით. მშრალ სეზონზე, როდესაც საკვები შედარებით მწირი რაოდენობით მოიპოვებოდა, A. africanus, ძირითადად, ხორცითა და კვერცხებით ირჩენდა თავს, ხოლო გაზაფხულსა და ზაფხულში, ხელმისაწვდომობის შესაბამისად, ბალახეულს, ხილსა და ყვავილებს ჭამდა. ზემოაღნიშნულ ფოთლებს, ბოლქვებს, ფესვებს, ხავსურას, ხის ქერქსა თუ თესლებს A. africanus მთელი წლის განმავლობაში მოიხმარდა. თუ შესაძლებლობა ექნებოდა, A. africanus ჭამდა მწერებსაც (კალია, ტერმიტები, მატლები) და თაფლსაც.

წარმოდგენილმა შედეგებმა აჩვენა, რომ A. africanus-ის სახის ჩონჩხი ზუსტად ერგება და უძლებს იმ დატვირთვას, რომელიც მის პრემოლარებს ადგება გარკვეული საკვების მიღების დროს. თუ დავუვებთ იმას, რომ  ამ სახეობის სახის ნაკვთებმა ადაპტაცია განიცადა იმის მიხედვით, თუ რა საკვების დამუშავება უწევდა მის პრემოლარებს, მაშინ საინტერესოა, თუ კონკრეტულად რა ტიპის საკვებს იღებდნენ ისინი. იმის დაშვებით, რომ A.africanus-ის კვებასთან ადაპტაცია უკავშირდება მყარი, მაგარი საკვების მიღებას, ჩვენ შეგვიძლია, ევრისტიკული მეთოდით, დავყოთ საკვები რამდენიმე მარტივ კატეგორიად. მყარი, მაგარი საკვები შეიძლება დავყოთ საკვებად, რომელიც არის „ჩანაცვლება შეზღუდული“ (საკვები, რომელიც არადრეკადია) და საკვებად, რომელიც არის “ზეწოლა შეზღუდული”, რომელიც ფუჭდება ძლიერი ზემოქმედების შედეგად. საკვები ასევე შეიძლება დაიყოს, როგორც მცირე ზომის (რომელიც შეიძლება განთავსდეს პირის ღრუს ნებისმიერ ადგილში წინასწარი დამუშავების გარეშე) ან დიდი ზომის (ისინი, რომლებსაც სჭირდება წინასწარი დამუშავება პირის ღრუში მოთავსებამდე).

ადრეული ჰომინიდის სტომატოლოგიური ტოპოგრაფიის ფუნქციონალური შეფასება მკაცრად ამტკიცებს იმას, რომ “ჩანაცვლება-შეზღუდული” საკვები არ წარმოადგენდა კვების მნიშვნელოვან კომპონენტს მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხშირად გამოიყენებოდა ასეთი საკვები. ავსტრალოპითეკების, მათ შორის, A. africanus-ის მოლარების დაპატარავებული ბასრი შვერილები იმაზე მიუთითებს, რომ, ზოგადად, ეს შემცირება და კბილების ბასრი შვერილებისგან ერთგვარი “გათავისუფლება” ფილოგენეტიკურადაა მიღებული. მართალია, ჰომინინის პრემოლარული ოკლუზიური (ზედა და ქვედა ყბაზე არსებული კბილების ურთიერთგანლაგება) ტოპოგრაფია ფორმალურად არ შესწავლილა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ გამოვრიცხოთ იგივე შედეგების დადგომა. ეს ბასრი შვერილები კრიტიკული მნიშვნელობისაა პრიმატებისთვის, რათა დაამუშავოს საკვები, შესაბამისად, რთული დასამტკიცებელია ის, რომ A. africanus-ის სტომატოლოგიური მახასიათებლები არის ასეთი საკვების მიმართ ადაპტაცია, ვინაიდან, მათი კბილები აშკარად არაა “მოწყობილი” ასეთი საკვების კარგად დამუშავებისთვის.

ეს დასკვნა მისაღებია იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბოლოო ჯამში შეიძლება ვაჩვენოთ, რომ ოკლუზიური ტოპოგრაფია A. africanus-ში არის ფილოგენეტიკურად პრიმიტიული. “ჩანაცვლება შეზღუდული” საკვების გაქრობით, როგორც მნიშვნელოვანი სელექციური ცვლადისა, დარჩენილი მყარი საკვები არის “ზეწოლა შეზღუდული”. მცირე ზომის საკვები ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყოფილიყო პრემოლარული კბეჩის წყარო, ვინაიდან ასეთი საკვები ადვილად შეიძლება განლაგდეს მოლარებზე, სადაც შესაძლებელია, მაღალი სიმძლავრის კბეჩის ძალა გენერირდეს (Greaves, 1978; Smith, 1978; Spencer, 1998). ამ ლოგიკის შესაბამისად, უფრო სავარაუდოა, რომ მსხვილი, “ზეწოლა შეზღუდული” ობიექტები იქნებოდნენ მნიშვნელოვანი სელექციური ცვლადები, რომლებიც წარმოადგენენ A. africanus-ის სახის ფორმირების ევოლუციის წარმმართველებს (და, სავარაუდოა, სხვა ავსტრალოფიტებისაც). ასეთი საკვები ერთეულები მოიცავს დიდ თხილებს და მარცვლებს. პრემოლარებით მყარი გარეთა გარსის გატეხვის შემდეგ, უფრო მცირე და ნაკლებად მყარი მარცვლოვანი შიგთავსი შესაძლებელი იყო ხელით გამოეღოთ და შემდგომში განთავსებულიყო მოლარებზე დაღეჭვისათვის. 2008 წელს მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მცენარეების ბოლქვები და გორგლები ასევე მყარი ობიექტებია და ისინი შესაძლოა, რომ სელექციურად მნიშვნელოვანი ყოფილიყო ავსტრალოპითებისათვის, მაგრამ ეს საკვები მყარია მხოლოდ იმ გაგებით, რომ ისინი არიან ისეთივე მაგარი, როგორც მარცვლის გულები; თუმცა ისინი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან სიმტკიცით მრავალ მარცვლის გარეთა გარსს.

რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას ის, რომ A. africanus - ის კბილების ზედაპირის ანალიზისას მათზე არაა აღმოჩენილი რაიმე მყარი საგნის კვალი, მიკროსკოპული ნაკაწრი:

  1. დიდმა, მყარმა საგანმა შესაძლოა, არ მოახდინოს გავლენა კბილების ზედაპირის მიკროსკოპულ ანალიზზე რასაც “მსხვრევადობის მექანიკის” (fracture mechanics - Lucas et al., 2008; Lawn and Lee, 2009) პრინციპებიც გვეუბნება.
  2. არც ერთ A. africanus-ის სუბიექტს, რომელზეც კბილების ზედაპირის მიკროსკოპული ანალიზი ჩატარდა, შემოწმდა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე არ ჰქონდა მიღებული მყარი საკვები.
  3. A. africanus იმაზე ბევრად უფრო ნაკლებად იყო დამოკიდებული დიდ, მყარ საკვებზე, ვიდრე დღეს შემორჩენილი პრიმატები არიან.

ეს ყველაფერი შესაძლებელია შეფასდეს ექსპერიმენტების, ნიმუშების აღებისა და სხვა ისეთი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, რომლებიც ააშკარავებენ საკვების მიერ კბილების დაზიანების ხარისხს.

ავსტრალოპითეკ აფრიკანუსი ჩვეულებრივ იკვებებოდა “ჩანაცვლება შეზღუდული” მცენარეულობით, მაგრამ ამ საკვების სელექტიური მნიშვნელობა ნაკლებია, ვიდრე “ზეწოლა შეზღუდული” საკვების. ზოგადად სახეობები იკვებებოდნენ გარკვეული რაოდენობის საკვებით, რომლის მოხმარებაც კარგად არ იყო შემუშავებული და ჩამოყალიბებული. ეს კი სულაც არ არის გასაკვირი. ზოგად სახეობებს არ მოეთხოვებოდათ ბევრი რამის მაღალ დონეზე გაკეთება, მათ უბრალოდ უწევდათ მრავალი რამის ადეკვატურად შესრულება. თუ ისინი რაიმეს განსაკუთრებით კარგად გააკეთებდნენ, ეს იქნებოდა ის ქცევა, რომელზეც პერიოდულად მათი გადარჩენა იყო დამოკიდებული.[18]

ზრდა და განვითარება

რედაქტირება

კბილის ამოსვლასთან ერთად კბილის მინანქრის განაკვეთის ცვლილება ამტკიცებს იმას, რომ A. Africanus-ის ზრდა-განვითარების (იგივე მომწიფების) პერიოდის დროს იგი უფრო მეტად ადამიანის მსგავს აფრიკულ მაიმუნს ემსგავსებოდა, ვიდრე - თანამედროვე ადამიანს. ანუ მისი განვითარების პერიოდის უფრო დიდი ნაწილი მან იცხოვრა როგორც მაიმუნმა. სამწუხაროდ, ამ მაიმუნების განვითარების საფეხურების ხანგრძლივობა კარგად გადმოცემულია მხოლოდ დაჭერილი, დატყვევებული ცხოველების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მსგავსი აფრიკული მაიმუნის სიცოცხლის ხანგრძლივობისა და სქესობრივი მომწიფების მრავალი ვარიაცია არსებობს, ის მაინც ჰგავს ადამიანს ამ მონაცემებით.[20]

მდედრობითი და მამრობითი სქესის განსხვავება (სოციალური სისტემები)

რედაქტირება

სხვადასხვა ინდივიდის თავის ქალების სრული ზომის განსხვავება ადასტურებს, რომ მამრები გაცილებით დიდები იყვნენ ვიდრე მდედრები. ზომების ასეთი გასხვავების გამო ვარაუდობენ, რომ არსებობდა Harem-type (ჰარამხანის მაგვარი) სოციალური სისტემა, რომელთა ჯგუფები შედგებოდა ერთი ან ორი ზრდასრული მამრისგან და რამდენიმე რეპროდუქციული ქალისაგან და მათი შთამომავლობისაგან. დღევანდელთან შედარებით, მაშინ საკმაოდ მკაცრი კლიმატური პირობები იყო, რასაც ასევე უნდა განეპირობებინა მსგავსი სოციალური სისტემის ჩამოყალიბება. სამწუხაროდ, არ არსებობს ისეთი ანატომიური მახასიათებლები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ერთმანეთისგან გავარჩიოთ პატარა ზომის მამრები და დიდი ზომის მდედრები. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია ვისაუბროთ A. Africanus-ის დიმორფიზმზე და ასევე არ არსებობს იმის ზუსტი მტკიცებულება, რომ მსგავსი ჰარამხანული სოციალური სისტემები მათთან არსებობდა.[14]

ცხოველები და მათი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემო

რედაქტირება

ზოგადად, Australopithecus africanus-ის მსგავს საცხოვრებელ გარემოში არსებულ ძუძუმწოვართა უმრავლესობა მეტ-ნაკლებად ადაპტირებულები არიან თანამედროვე სამყაროსთან. გამონაკლისია მხოლოდ მაიმუნები და ხორცისმჭამელი მტაცებლები. ოთხივე ტიპის ყველა მაიმუნი, რომლებიც ცნობილია Sterkfontein-ის გამოქვაბულის მეოთხე ნაწილიდან, განეკუთვნება ორ გვარს (Parapapio and Cercopithecoides), რომლებიც ამჟამად გადაშენებულები არიან. არც Swartkrans-ისათვის დამახასიათებელი გელადა ბაბუინები ან თანამედროვე ბაბუინები არ შეინიშნებიან. აგრეთვე, ამჟამად გადაშენებულები არიან Sterkfontein-ის მეოთხე ნაწილ-Megantereon-ისათვის დამახასიათებელი ხორცისმჭამელთა გვარის ნახევარი (ხმალ-კბილები), Dinofelis (ცრუ ხმალ-კბილები) და Chasmoporthretes (მონადირე გიენა). ამის საპირისპიროდ, Sterkfontein-ის მეოთხე ნაწილისთვის დამახასიათებელი თხუთმეტი ჩლიქოსანი (ჩლიქოსანი ბალახისმჭამელი) გვარიდან მხოლოდ სამი (Parmularius, Megalotragus and Makapania) გადაშენდა.

მაიმუნებისა და ხორცისმჭამელების არაპროპორციული გადაშენების მიზეზი, სავარაუდოდ, არის კონკურენცია ან ადრეულ ეტაპის ჰომინიდებთან ან გვიანდელ ჰომოსთან. აღსანიშნავია, რომ მაიმუნებისათვის დამახასიათებელია სამჯერ უფრო მაღალი სიმჭიდროვით თანაცხოვრება, ვიდრე Sterkfontein-ის მეოთხე ნაწილის A. africanus, მაშინ როდესაც Swartkans-ის პარანთროპუსი არსებობს მსგავს ან ცოტა მაღალი სიმჭიდროვის პირობებში, ვიდრე - მაიმუნები. სავარაუდოა, რომ Paranthropus-ის რაოდენობის მატება პირდაპირ უკავშირდებოდა ენდემური სუბტროპიკული მაიმუნების გაქრობას აფრიკის სამხრეთ ნაწილში. გელადა ბაბუინების არსებობა Makapansgat-ის საცხოვრებელ გარემოში იმის მაჩვენებელია, რომ ეს ადგილები უფრო გვიანდელი პერიოდისაა, ვიდრე Sterkfontein-ის მეოთხე ნაწილი. დაზუსტებული არ არის ცხოვრობდნენ თუ არა დროის ერთ პერიოდში გელადა ბაბუინები და A. africanus. ყველა ნაპოვნი ცხოველი იმაზე მიუთითებს, რომ A. africanus ცხოვრობდა მინდვრებსა და ტყის მასივებში, წყლის საბადოებთან ახლოს.[8]

 
Taug[მკვდარი ბმული] ამჟამად ბევრად უფრო მშრალია, ვიდრე ორივე - Sterkfontein და Makapansgat.

Sterkfontein-ის გამოქვაბულები, რომლებიც აღმოჩენილია ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე და ეკვატორიდან 26°-ით სამხრეთით, ამჟამად ხასიათდებიან ზომიერი კლიმატით. ზამთრისთვის (ივნისი-აგვისტო) დამახასიათებელია დაბალი ტემპერატურა, დღიური მინიმუმით გაყინვის ნიშნულთან ახლოს ან ცოტა ქვემოთ და ნალექების ძალიან მცირე რაოდენობით. ეს მხარე იღებს წლიური ნალექის სახით საშუალოდ მხოლოდ 710 მმ-ს, რომლის უმეტესი ნაწილი მოდის ზაფხულისა და გვიანი გაზაფხულის პერიოდში (ნოემბერი-თებერვალი 450 მმ, რაც წლიური საშუალო მაჩვენებლის 63 %-ს შეადგენს). 1500 მეტრიან სიმაღლეზე მდებარეობა იწვევს დღიური ტემპერატურის დიდ მერყეობებს (ფლუქტუაციებს), რაც ჩვეულებრივ გამოიხატება 14 °C-იანი ვარდნით ზამთრის ღამეებში. ზოგჯერ შესაძლოა მოვიდეს მსუბუქი თოვლი გვიან აგვისტოსა ან ადრეულ სექტემბერში. წლიური საშუალო ნალექის რაოდენობით 580 მმ ნიშნულზე, Makapansgat ამჟამად წარმოადგენს უფრო მშრალ ადგილს, ვიდრე Sterkfontein. გასაოცარია, მაგრამ მდებარეობს რა 100 მ-ით უფრო დაბლა და რამდენიმე გრადუსით უფრო ახლოს ეკვატორთან, Makapansgat-ში 4 °C-ით უფრო ცივა, ვიდრე Stekfontein-ში. წლიური საშუალო ნალექის დაახლოებით 400 მმ რაოდენობით, Taug ამჟამად ბევრად უფრო მშრალია, ვიდრე ორივე - Sterkfontein და Makapansgat.

არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვივარაუდოთ, რომ როდესაც Australopithecus africanus ცხოვრობდა ამ ადგილებში კლიმატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელისგან. გამოქვაბულის კაჟიანი დანალექის (კლდოვანი ქანი, რომელიც ქიმიურად ილექება ოკეანის წყალში) შესაბამისობა კვარცის კოეფიციენტთან და მარცვლების კუთხოვანება ასახავს სხვაობებს ადგილობრივი ნალექის რაოდენობაში და დღეს არსებული სურათი მიუთითებს, რომ ნალექების რაოდენობა ისეთივე იყო Sterkfontein-ის დეპოზიტის წარმოქმნის დროს, როგორიც დღესდღეობით არის. გამოქვაბულის დანალექებში დაგროვილი კაჟის წარმომავლობა არის ადგილობრივი დოლომიტის მინერალისაგან, ხოლო დანალექებში არსებული კვარცი არის ქარის მიერ მოტანილი. მაღალი ნალექიანობა შლის დოლომიტს უფრო სწრაფად, გამოყოფს რა კაჟის უფრო მეტ რაოდენობას და ის ილექება გამოყვაბულის დანალექებში, ამასთან ნალექი წმენდს ჰაერს ქარის მოტანილი მტვრისაგან და, შესაბამისად, ამცირებს კვარცის რაოდენობას გამოქვაბულის დანალექებში.

დროთა განმავლობაში ნალექების რაოდენობის ცვლილებებზე დაკვირვება შესაძლებელია სწორედ კვარცისა და კაჟის თანაფარდობის ცვლილებით. გარდა ამისა, ქარის მიერ დიდ მანძილებზე გადაადგილებული მცირე ნაწილაკების კიდეები იცვლის სახეს, ღებულობს რა მომრგვალებულ ფორმას, მაშინ, როდესაც მცირე მანძილზე გადაადგილებულ ასეთივე ნაწილაკებს აქვთ წახნაგოვანი ფორმა. გაზრდილი ნალექიანობა, შესაბამისად, ამცირებს ნაწილაკების ქარით გადაადგილებას, რაც იწვევს გამოქვაბულის დანალექებში შემავალი წვრილი ნაწილაკების კუთხოვნობის მატებას. Sterkfontein-ის გამოქვაბულების შევსებასთან ერთად, ამ ორივე ელემენტის თანაფარდობა აჩვენებს, რომ კლიმატი თანდათანობით უფრო მშრალი გახდა, მიაღწია რა ყველაზე დაბალ ნალექიანობის მაჩვენებელს - დაახლოებით 500 მმ-ს წლიურად, თუმცა, დროთა განმავლობაში, ნალექიანობამ მოიმატა და გამოქვაბულის მეოთხე ნაწილის სრული ფორმირების პერიოდისათვის მიაღწია დღევანდელ მაჩვენებელებს. როგორც ჩანს, Makapansgat-ის ფორმირების ხანაშიც იყო მშრალი პერიოდი. შესაძლოა, რომ ორივე ტერიტორიაზე მშრალ პერიოდს თან ახლდა ტემპერატურის მცირედით მაღალი მაჩვენებლები, ვიდრე ეს დღეს ფიქსირდება.[21]

ხელსაწყოები

რედაქტირება
 
სავარაუდოდ[მკვდარი ბმული] A. Africanus იყენებდა ცხოველის ძვლისგან, რქისა და კბილისგან დამზადებულ იარაღებს

Sterkontein-ში აღმოჩენილი ქვის იარაღებიდან გამომდინარე მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებამდე მკვლევარებს სჯეროდათ, რომ A. Africanus იყენებდა ქვის იარაღს, რომელსაც თავადვე ამზადებდა, თუმცა ეს მოსაზრება სინამდვილესთან ნაკლებადაა ახლოს. Sterkontein-ის გამოქვაბულის მე-4 ნაწილში, სადაც A. Africanus ნაშთებია მოპოვებული, არასდროს არ ყოფილა აღმოჩენილი ქვის იარაღები. Makapansgat-ში აღმოჩენილია ქვის იარაღები, რომლებიც A. Africanus-ის ნაშთების ფენასთან ახლოს იყო, მიჩნეულ იქნა როგორც სხვა იარაღების დასამზადებელი ხელსაწყოები[22]. სამწუხაროდ, ეს ნაშთები ისეა დანაწევრებული, რომ ვერ ხერხდება იმის გარკვევა უნდა მიეკუთვნოს თუ არა ისინი A. Africanus-ს.[20]

ერთ-ერთმა მკვლევარმა შეისწავლა ცერის ძვლები და მასთან დაკავშირებული კუნთები, რათა ენახა, თუ რა დამახასიათებელი ნიშნები იყო საჭირო იარაღის დამზადებისათვის. თანამედროვე ადამიანებს უფრო გრძელი და მსხვილი ცერები აქვთ, ვიდრე ადამიანის მსგავს მაიმუნებს, რაც საშუალებას აძლევთ, უფრო მაგრად მოეჭიდონ საგანს. მკვლევარის აზრით, 2,5 მილიონი წლის წინანდელ ყველა ავსტრალოპითეკს ხელების ისეთი აგებულება ჰქონდათ, რომ შეძლებდნენ იარაღის დამზადებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი იარაღს ამზადებდნენ. მათ ეს უბრალოდ შეეძლოთ.[23]

1955 წელს დარტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვის ხანამდე არსებობდა ძვლის ხანა, იგივე „osteodonokeratic culture“, რომლის პერიოდშიც austrakipithecus-ები იყენებდნენ სხვა ცხოველების ძვლებს, კბილებსა და რქებს როგორც ხელსაწყოებსა და იარაღებს. ეს აზრი დარტმა გამოთქვა იმ ათასობით დატეხილ ძვლებზე დაყრდნობით, რომლებიც მან აღმოაჩინა ჩრდილოეთ Transvaal-თან Makapansgat-ის გამოქვაბულში.[24]

  1. ArchaeologyInfo (1999) Australopithecus africanus - A. Africanus is a gracile Australopithecine. Available at: http://archaeologyinfo.com/australopithecus-africanus/ (Accessed: 6 July 2016).
  2. Roberts, A.M. and Publishing, D. (2011) Evolution: The human story. New York: DK Publishing (Dorling Kindersley). (pp. 88)
  3. Murray, T. (2007) Milestones in archaeology: A chronological encyclopedia, Vol. 1. Santa Barbara, CA: ABC-CLIO. (pp 375-376)
  4. Sarmiento, E., Sawyer, G.J., Milner, R., Deak, V. and Tattersall, I. (2007) The last human: A guide to Twenty species of extinct human ancestors. New Haven, CT: Yale University Press.(pp 99)
  5. Grine, F.E., Weber, G.W., Plavcan, J.M. and Benazzi, S. (2012) Sex at Sterkfontein: ‘Mrs. Ples’ is still an adult female. (62 Vols). Elsevier BV.
  6. Lockwood, C.A. (1999) ‘Endocranial capacity of early Hominids’, Science, 283(5398), pp. 9b–9. doi: 10.1126/science.283.5398.9b.
  7. Sarmiento, E., Sawyer, G.J., Milner, R., Deak, V. and Tattersall, I. (2007) The last human: A guide to Twenty species of extinct human ancestors. New Haven, CT: Yale University Press. (p 97)
  8. 8.0 8.1 Sarmiento, E., Sawyer, G.J., Milner, R., Deak, V. and Tattersall, I. (2007) The last human: A guide to Twenty species of extinct human ancestors. New Haven, CT: Yale University Press. (p 101)
  9. Oxnard, C.E. (1975b) The place of the australopithecines in human evolution: Grounds for doubt? (258 Vols). Nature Publishing Group.
  10. Lockwood, Charles A. (1999) Sexual dimorphism in the face ofAustralopithecus africanus. (108 Vols). Wiley-Blackwell. (p 98)
  11. Roberts, A.M. and Publishing, D. (2011) Evolution: The human story. New York: DK Publishing (Dorling Kindersley). (pp 89)
  12. Dart, R. A. 1925.Australopithecus africanus: the man-ape of South Africa.Nature, 115: 195-199.
  13. Ember, C.R., Ember, M.R. and Peregrine, P.N. (2006) Anthropology. 12th edn. United States: Pearson Education (US). (p 105)
  14. 14.0 14.1 Sarmiento, E., Sawyer, G.J., Milner, R., Deak, V. and Tattersall, I. (2007) The last human: A guide to Twenty species of extinct human ancestors. New Haven, CT: Yale University Press. (p 100)
  15. Sarmiento, E., Sawyer, G.J., Milner, R., Deak, V. and Tattersall, I. (2007) The last human: A guide to Twenty species of extinct human ancestors. New Haven, CT: Yale University Press. (pp 96-97)
  16. Berger, L.R. and Tobias, P.V. (1996) ‘A chimpanzee-like tibia from Sterkfontein, South Africa and its implications for the interpretation of bipedalism in Australopithecus africanus’, Journal of Human Evolution, 30(4), pp. 343–348. doi: 10.1006/jhev.1996.0027.
  17. Sarmiento, E., Sawyer, G.J., Milner, R., Deak, V. and Tattersall, I. (2007) The last human: A guide to Twenty species of extinct human ancestors. New Haven, CT: Yale University Press. (pp 97-98)
  18. 18.0 18.1 Sponheimer, M. (1999) Isotopic evidence for the diet of an early Hominid, Australopithecus africanus. (283 Vols). American Association for the Advancement of Science (AAAS).
  19. Constantino, P.J., Lee, J.J. - W., Chai, H., Zipfel, B., Ziscovici, C., Lawn, B.R. and Lucas, P.W. (2010b) ‘Tooth chipping can reveal the diet and bite forces of fossil hominins’, Biology Letters, 6(6), pp. 826–829. doi: 10.1098/rsbl.2010.0304.
  20. 20.0 20.1 Sarmiento, E., Sawyer, G.J., Milner, R., Deak, V. and Tattersall, I. (2007) The last human: A guide to Twenty species of extinct human ancestors. New Haven, CT: Yale University Press. (p 99)
  21. Sarmiento, E., Sawyer, G.J., Milner, R., Deak, V. and Tattersall, I. (2007) The last human: A guide to Twenty species of extinct human ancestors. New Haven, CT: Yale University Press. (pp 100-101)
  22. Hughes, A.R. and Tobias, P.V. (1977b) ‘A fossil skull probably of the genus Homo from Sterkfontein, Transvaal’, Nature, 265(5592), pp. 310–312. doi: 10.1038/265310a0.
  23. Ember, C.R., Ember, M.R. and Peregrine, P.N. (2006) Anthropology. 12th edn. United States: Pearson Education (US). (p 107)
  24. Dart, R.A. (1960b) ‘The bone tool-manufacturing ability of Australopithecus Prometheus’, American Anthropologist, 62(1), pp. 134–143. doi: 10.1525/aa.1960.62.1.02a00080.