ცრუდათვისსოკო

(გადამისამართდა გვერდიდან Caloboletus calopus)

ცრუდათვისსოკო (ლათ. Caloboletus calopus) — სოკოს სახეობა ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. არასაჭმელი სოკოა, ხასიათდება მწარე გემოთი. არსებობს ცნობები, რომ ცრუდათვისსოკოს ჭამენ უკრაინასა და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში.[1]

ცრუდათვისსოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  Caloboletus
სახეობა:  ცრუდათვისსოკო
ლათინური სახელი
Caloboletus calopus (Pers.) Vizzini

გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1801 წელს როგორც Boletus calopus.[2]

2014 წლამდე ცრუდათვისსოკო ბოლეტუსის გვარში ერთიანდებოდა.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Boletus calopus Pers. (1801)
  • Boletus olivaceus Schaeff. (1774)
  • Boletus lapidum J.F.Gmel.
  • Boletus pachypus var. olivaceus (Schaeff.) Pers. (1825)
  • Boletus subtomentosus subsp. calopus (Pers.) Pers. (1825)
  • Dictyopus calopus (Pers.) Quél. (1886)
  • Tubiporus calopus (Pers.) Maire (1937)

აღწერა რედაქტირება

ქუდის დიამეტრი 4,5-15 სმ-მდე აღწევს, ნახევარსფეროსებრია, შემდგომში — ამოზნექილი, გლუვი, იშვიათად დანაოჭებული. მქრქალია, მშრალი, მოგვიანებით — შიშველი. ქუდის ფერი — ღია ყავისფერი, ზეთისხილისფერ-წაბლისფერი ან მონაცრისფრო-წაბლისფერი.

რბილობი — მოთეთრო ან ღია კრემისფერი, გაჭრისას ადგილ-ადგილ ლურჯდება (ძირითადად ქუდზე), გემოზე მწარეა.

ფეხის სიმაღლე — 3-15 სმ, სისქე — 1-4,5 სმ. ჯერ ბოლქვისებრია, შემდეგ — ცილინდრული. ზოგჯერ ძირში წაწვეტებულია, მკვრივი, ზედა მხარე ყვითელია თეთრი ბადით, შუაში — კარმინისფერ-წითელი ბადით, ქვედა მხარე — წაბლისფერ-წითელი.

ჰიმენოფორი — ყვითელი, მოგვიანებით ზეთისხილისფერ-ყვითელი, ფორები — მომრგვალებული, წვრილი, ახალგაზრდობაში მონაწრისფრო-ყვითელი, მომწვანო შეფერილობით, დაჭერისას ლურჯდება.

სპორების ფხვნილი მოწაბლისფრო—ზეთისხილისფერი, სპორის ზომა 12—16 × 4—6 მკმ, ჟანგმიწისფერი, გლუვი, თითისტარისებრი.[3]

მსგავსი სახეობები რედაქტირება

  • დათვისსოკო — ერთ-ერთი საუკეთესო საჭმელი სოკოა. ცრუდათვისსოკოსგან განსხვავებით ფეხის სიწითლე არ ახასიათებს.[4]
  • მუხისძირა — საჭმელი სოკოა. ცრუდათვისსოკოსგან განასხვავებელი ერთ-ერთი ნიშანია წითელი ფორები.
  • სატანას სოკო — შხამიანი სოკოა. ცრუდათვისსოკოსგან განასხვავებელი ერთ-ერთი ნიშანია წითელი ფორები.

ეკოლოგია და გავრცელება რედაქტირება

გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება წიწვოვან და ფართოფოთლოვან ტყეებში, მუხნარში, ხშირად მჟავე ქვიშიან ნიადაგზე, მუხისა და წიფლის ძირებში, სკვერებსა და პარკებში ერთეულებად ან ჯგუფებად.[5]

სეზონი — ივლისი-ოქტომბერი.

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Boa, E.R. (2004). Wild Edible Fungi: A Global Overview Of Their Use And Importance To People, Non-Wood Forest Products. Rome: Food and Agriculture Organization of the United Nations, გვ. 123, 128. ISBN 978-92-5-105157-3. 
  2. Persoon, C.H. (1801). Synopsis methodica fungorum (Latin). Göttingen, Sweden: Dieterich, გვ. 513. 
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 68, ISBN 99940-856-1-1.
  4. Haas, H. (1969). The Young Specialist looks at Fungi. London, UK: Burke, გვ. 36. ISBN 978-0-222-79409-3. 
  5. Alessio, C.L. (1985). Boletus Dill. ex L. (sensu lato) (Italian). Saronno, Italy: Biella Giovanna, გვ. 153–56.