პონტოური ქაშაყი

(გადამისამართდა გვერდიდან Alosa immaculata)

პონტოური ქაშაყი[1] (ლათ. Alosa immaculata, ადრე Alosa pontica) — თევზი ქაშაყისებრთა ოჯახისა. აქვს დიდი პირი კარგად განვითარებული კბილებით; სხეული დაბალი, წაგრძელებული და გვერდებიდან შებრტყელებულია. თავის ზედა ნაწილი და ზურგი მომწვანო-მოლურჯოა; გვერდები მოვერცხლისფრო-მოლურჯო, დაჰკრავს იისფერი ან ვარდისფერი ელფერი. განირჩევა ორი ბიოლოგიური რასა: მსხვილი (სიგრძე 45 სმ-მდე) და წვრილი (25 სმ-მდე).[2]

პონტოური ქაშაყი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ქაშაყისნაირნი
ოჯახი:  ქაშაყისებრნი
გვარი:  ღიპა ქაშაყი
სახეობა:  პონტოური ქაშაყი
ლათინური სახელი
Alosa immaculata (Bennett, 1835)
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 907

ადრინდელ წყაროებში მოხსენიებულია როგორც „შავი ზღვის ქაშაყი“ და ითვლებოდა შავზურგა ქაშაყის ქვესახეობად — Alosa kessleri pontica.[2][3][4]

გამსვლელი და ქარავნული თევზია; ძირითადად ზღვაში ბინადრობს, თუმცა ასევე შედის სანაპიროების გამტკნარებულ წყლებში, მდინარეებსა და ტბებში.[2]

გავრცელებულია შავ და აზოვის ზღვებში, საიდანაც შედის დონში, დნეპრში, ბუგში, დნესტრში, დუნაიში. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებთან უმეტესად წვრილი ფორმაა.[2] ჩვენში სანაპირო წყლებში გვხვდება შემოდგომიდან ზაფხულის დასაწყისამდე (იზამთრებს).[3] შედის პალიასტომის ტბაში, მდინარეების რიონის, ხობისწყლის, ცივისა და ჭურიის შესართავებში, ზოგან უფრო ზევით ადის.[4]

უპირატესად იკვებება მცირე ზომის თევზებით (ქამსა, ქარსალა და სხვ.). ნაკლებად იყენებს პლანქტონს და ფსკერულ კიბოსნაირებს. მამალი სქესობრივ სიმწიფეს 2 წელში აღწევს, დედალი — სამ წელში. ქვირითს ყრის (10-დან 141 ათასამდე ცალს) მაისიდან აგვისტოს ნახევრამდე, მდინარეებსა და ტბებში.[2] ტოფობის შემდეგ უმეტესობა იღუპება, თუმცა ზოგიერთი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მეორედ და მესამედაც მრავლდება.[3]

შავ ზღვაში, საქართველოს სანაპიროებთან იჭერენ მცირე რაოდენობით, შედარებით უხვად — მდინარე დონსა და ქერჩის სრუტეში.[4] ქაშაყებში ყველაზე ცხიმიანი (18,8-21,8 %) და გემრიელია. უმეტესად იყენებენ დამარილებულს, ამზადებენ კონსერვებსაც.[2] შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში (როგორც მოწყვლადი სახეობა)[5] და ბერნის კონვენციის III დანართში.[6]

  1. Kuljanishvili, Tatia; Epitashvili, Giorgi; Japoshvili, Bella; Mumladze, Levan (2020). Kubík, Štěpán; Barták, Miroslav (eds.). „Freshwater fish species diversity in Georgia (South Caucasus Region) and their local names“. 12th Workshop on biodiversity (ინგლისური). Jevany: 48–64. ISBN 978-80-213-3072-6. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 ელანიძე რ., დემეტრაშვილი მ., ბურჭულაძე ო., ყურაშვილი ბ., შავი ზღვის ქაშაყი // საქართველოს მტკნარი წყლის თევზები : ატლასი, თბ.: „მეცნიერება“, 1970. — გვ. 10–11.
  3. 3.0 3.1 3.2 მესხიძე ჯ., ბურჭულაძე ო., შავი ზღვის ქაშაყი // საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს თევზები, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1982. — გვ. 22–23.
  4. 4.0 4.1 4.2 დემეტრაშვილი მ., შავი ზღვის ქაშაყი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 672.
  5. Freyhof, J. & Kottelat, M. (2008). „Alosa immaculata“. IUCN Red List of Threatened Species. 2008: e.T907A13093654. doi:10.2305/IUCN.UK.2008.RLTS.T907A13093654.en. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. ნინუა ნ., ჯაფოშვილი ბ., ბოჭორიშვილი ვ., შავი ზღვის ქაშაყი // საქართველოს თევზები, თბ.: ემ-პი-ჯი, 2014. — გვ. 24.