ანჯელინა ჯოლი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯოლი, ანჯელინა)

ანჯელინა ჯოლი ვოითი (ინგლ. Angelina Jolie Voight; დ. 4 ივნისი, 1975) — ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზეს ქალად, ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და ოსკარი.

ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლი 2014 წლის ივნისში
დაბადების სახელი ანჯელინა ჯოლი ვოითი
დაბადების თარიღი 4 ივნისი, 1975 (1975-06-04) (49 წლის)
ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, აშშ
აქტიური 1982-დღემდე
მეუღლე(ები) ჯონი ლი მილერი (1996–1999)
ბილი ბობ თორნტონი (2000–2003)
ბრედ პიტი (2014–2019)
მშობლები მამა: ჯონ ვოითი
დედა: მარჩელინ ბერტრანდი
ნათესავები ძმა: ჯონ ჯოლი
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

1999 — გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში

1999 — გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს

მიუხედავად იმისა რომ ჯოლის დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას“, ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“ (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005).

ანჯელინა დაშორდა თავის პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს და მეორე მეუღლე ბილი ბობ თორნტონს. 2014-2019 წლებში ჯოლი ქორწინებაში იყო მსახიობ ბრედ პიტთან, მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ჯოლი დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ცხოვრების ადრეული წლები და ოჯახი

რედაქტირება

ანჯელინა ჯოლი ვოითი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში, არის მსახიობ ჯონ ვოითისა და მარჩელინ ბერტრანდის შვილი. ის ჩიპ ტეილორის ძმისწულია და ჯეიმზ ჰეივენის და, ასევე ჟაკლინ ბისეტისა და მაქსიმილიან შელის ნათლული. მამის მხრიდან ანჯელინა სლოვაკური და გერმანული წარმოშობისაა, დედის მხრიდან კი ფრანგი კანადელია.

1976 წლიდან მშობლების დაშორების შემდეგ ჯოლის და მის ძმას ზრდიდა დედა, რომელმაც მსახიობობისაკენ მისწრაფება დაივიწყა და და ბავშვებთან ერთად გადავიდა პალისეიდსში, ნიუ იორკის შტატში. პატარა ენჯი ხშირად უყურებდა ფილმებს დედასთან ერთად და მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ სწორედ ამ გარემოებამ დააინტერესა ის მსახიობობით. მამას მისთვის ძალა არ დაუტანებია, რომ არტისტი გამხდარიყო. როდესაც ანჯელინა 11 წლის იყო ოჯახი კვლავ ლოს-ანჯელესში დაბრუნდა, მან გადაწყვიტა რომ მსახიობობა სურდა და ჩაირიცხა კიდეც ლი სტრასბერგის თეატრალურ ინსტიტუტში, სადაც ის ორი წელი გადიოდა სამსახიობო ტრენინგებს და ჩნდებოდა სპექტაკლებში. ენჯის დედას მცირე შემოსავალი ჰქონდა, ამიტომ მომავალი ვარსკვლავი ხშირად ატარებდა მეორეულ ტანსაცმელს. მას ასევე აღიზიანებდნენ სხვა სტუდენტები, რომლთა ერთგვარი მიზანიც მის განსხვავებულ ნაკვთებსა და გარეგნობაზე დამცინავი საუბარი იყო, რადგანაც მსახიობი ძლიერ გამხდარი იყო, ატარებდა სათვალეს და ე. წ. აჭიმს. როდესაც ჯოლის პირველი სამოდელო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა მან თითქმის მთლიანად დაკარგა თვითპატივისცემა და საკუთარი თავის რწმენა. დაიწყო საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენება, მოგვიანებით ამაზე ჯოლიმ განაცხადა:

 
„მე ვაგროვებდი დანებს და ყოველთვის მქონდა რამდენიმე მათგანი ახლომახლო. რაღაც მიზეზების გამო ჩემი თავის დაჭრის და ტკივილის შეგრძნების რიტუალი, რომელიც შესაძლოა მაგრძნობინებდა სიცოცხლესა და თავისუფლებას, იყო ჩემთვის ერთგვარი თერაპია.“

თოთხმეტი წლის ასაკში მან მიატოვა სამსახიობო კურსები და ოცნებობდა, რომ დამკრძალავი ბიუროს დირექტორი გამხდარიყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის ატარებდა შავებს, შეიღება თმა შინდისფრად და თავის ბოიფრენდთან ერთად დადიოდა ე. წ. მოშინგის ტიპის კონცერტებზე, სადაც ცოცხალი მუსიკის ფონზე დამსწრეები ერთმანეთს აგრესიულად ეპყრობიან, ხელს კრავენ. ორი წლის შემდეგ, როდესაც მეგობარ ბიჭთან ურთიერთობა დასრულდა, მან იქირავა საცხოვრებელი ავტოფარეხის თავზე დედამისის სახლიდან რამდენიმე უბნის დაშორებით. ის დაუბრუნდა თეატრალურ სწავლებებს და დაამთავრა სკოლა. თუმცა ბოლო დროს მან დაკვირვებით ისაუბრა ამ პერიოდზე და დასძინა: „მე გულში კვლავაც ვარ და ყოველთვის ვიქნები უბრალოდ პანკი ბავშვი ტატუებით“.

ანჯელინა და მამამისი დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთს ჩამოშორდნენ, მაგრამ მათი ერთგვარი შერიგება მოხდა, როდესაც მამა გამოჩნდა შვილთან ერთად ფილმში „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001). 2002 წლის ივლისში ანჯელინამ წარადგინა განცხადება, რომ ლეგალურად შეეცვალა სახელი და გამხდარიყო: ანჯელინა ჯოლი ანუ მან ჩამოიშორა გვარი: ვოითი. სახელის შეცვლა ოფიციალურად 2002 წლის 12 სექტემბერს მოხდა, ხოლო ამავე წლის აგვისტოში გადაცემაში „Access Hollywood“ ჯონ ვოითი ირწმუნებოდა, რომ მის ქალიშვილს სერიოზული ემოციური პრობლემები ჰქონდა. მოგვიანებით ჯოლიმ აღნიშნა, რომ ის აღარ აპირებდა ედევნა მისი და თავისი მამის ურთიერთობისათვის. მან განაცხადა:

 
„მე და მამაჩემი არ ველაპარაკებით ხოლმე ერთმანეთს, მე არ ვარ მასზე ნაწყენი, არ მჯერა, რომ ოჯახი მაინცდამაინც სისხლით ნათესაობას ნიშნავს, რადგანაც ჩემი შვილი აყვანილია და ასე რომ ოჯახიც შეძენითია.“

ანჯელინამ განაცხადა, რომ არ სურდა იმ მიზეზების საქვეყნოდ გახმაურება, თუ რატომაც დაკარგა ურთიერთობა მამასთან.

ადრეული კარიერა, 1993-1997

რედაქტირება
 
ფილმ „ალექსანდრეს“ პრემიერაზე კელნში

ჯოლიმ მუშაობა დაიწყო, როგორც მოდელმა, როდესაც ის 14 წლის იყო. მას კონტრაქტი ჰქონდა სამოდელო სააგენტო Finesse Model Management-თან და მოღვაწეობდა ისევე როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაშიც, ძირითადად ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და ლონდონში. ამ პერიოდში ის გამოჩნდა ბევრ მუსიკალურ ვიდეოში, მაგალითად: მით ლოუფის „Rock & Roll Dreams Come Through“, ანტონელო ვენდიტის „Alta Marea“, ლენი კრავიტსის „Stand by My Woman“ და ლემონჰედსის „It's About Time“. 16 წლის ასაკში ჯოლი დაბრუნდა თეატრში და ითამაშა თავისი პირველი როლი, მან განასახიერა გერმანელი დომინანტი ქალი. მან გადაწყვიტა მამისაგან ესწავლა მისი ერთგვარი მეთოდი, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: დააკვირდე ადამიანებს, რათა მათნაირი გახდე. ამ პერიოდში მამა-შვილის ურთიერთობა არ იყო დაძაბული და ენჯი ფიქრობდა, რომ ისინი ორივენი „დრამის დედოფლები“ იყვნენ.

ჯოლიმ ითამაშა თავისი ძმის ხუთ სტუდენტურ ფილმში, რომელიც მან მაშინ გადაიღო როდესაც USC School of Cinematic Arts-ში სწავლობდა, მაგრამ ანჯელინას პროფესიონალური კინო-კარიერა 1993 წელს დაიწყო, როდესაც მან ითამაშა მთავარი როლი დაბალბიუჯეტიან ფილმში „კიბორგი 2“, სადაც მან განასახიერა კასელა (ქეშ) რისი — ადამიანური ტიპის რობოტი. ამას მოჰყვა ფილმი „სამხილის გარეშე“, ხოლო თავის პირველ ჰოლივუდურ 1995 წლის ფილმში „ჰაკერები“, სადაც ჯოლი მომავალ პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს შეხვდა, მან ითამაშა კეიტ ლიბი. ფილმი ჩავარდა და მოგება ვერ მოიტანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვიდეოზე გამოვიდა, უამრავი ფანი შეიძინა.

მან ითამაშა ჯინა მალაჩიჩის როლი 1996 წლის კომედიაში „ყველაფერი, რაც აქ არის, სიყვარულია“, რომელიც წარმოადგენს „რომეო და ჯულიეტას“ თანამედროვე ადაპტირებულ ვარიანტს, მთავარი მოქმედება ნიუ-იორკის უბან ბრონქსში ხდება, ორ მეტოქე რესტორნების მეპატრონე იტალიურ ოჯახს შორის. ფილმში „მოხავეს მთვარე“ (1996) ჯოლიმ განასახიერა ელეანორ რიგბი, ამავე წლის ფილმში „ცრუ ცეცხლი“ კი – მარგრეტ სადოვსკი. ლოს–ანჯელეს თაიმსი ამ უკანასკნელ ფილმთან დაკავშირებით ანჯელინაზე წერდა: „

 
„დიდი მომზადება დასჭირდა ამ გმირის შექმნას, მაგრამ ჯონ ვოითის ქალიშვილს აქვს იმის უნარი, რომ გადააბიჯოს სტერეოტიპებს.“

1997 წელს ჯოლიმ დევიდ დუხოვნისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ტრილერში „მოთამაშე ღმერთი“, რომელიც მოგვითხრობს ექიმზე, რომელსაც სამედიცინო ლიცენზია ჩამოართვეს და შეიტყუეს კრიმინალურ სამყაროში, სადაც ის ჯოლის გმირს – კლერს ხვდება. ფილმი კრიტიკოსებს კარგად არ მიუღიათ და როჯერ ებერტმა აღნიშნა:

 
„ანჯელინა ჯოლი პოულობს უდავო სითბოს მძიმე და აგრესიულ როლებში, ის მეტისმეტად ლამაზი ჩანს იმისათვის, რომ იყოს კრიმინალის მეგობარი გოგონა და შესაძლოა არის კიდეც.“

ამის შემდეგ იყო ტელეფილმი „ნამდვილი ქალები“ – ისტორიული, რომანტიკული დრამა, რომლის მოქმედებაც ამერიკის დასავლეთში ხდებოდა და რომელიც ჯენის ვოოდს ვინდლის წიგნზეა დაფუძნებული. ამავე წელს როლინგ სტოუნზის კლიპში სიმღერაზე Anybody Seen My Baby? ჯოლიმ განასახიერა სტრიპტიზის მოცეკვავე, რომელიც შუაში ტოვებს შოუს, რათა ნიუ–იორკში იხეტიალოს.

აღმავლობა, 1997–2000

რედაქტირება
 
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, 2005 წლის იანვარში

ჯოლის კარიერა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც მან ითამაშა კორნელია უოლესი 1997 წლის ბიოგრაფიულ ტელეფილმში „ჯორჯ უოლესი“, რისთვისაც მან მიიღო ოქროს გლობუსი და იყო ნომინირებული ემიზე. კრიტიკოსები ფილმს აქებდნენ და სხვა ჯილდოებს შორის მან ასევე მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო სატელევიზიო ფილმისთვის. აქ ანჯელინამ განასახიერა ალაბამას სეგრეგაცისტი მმართველის მეორე ცოლი, ფილმში ასევე თამაშობს გარი სინისი. ფილმის რეჟისორი ჯონ ფრანკენჰეიმერია.

1998 წელს ჯოლიმ ითამაშა HBO-ს სატელევიზიო ფილმში „ჯია“, სადაც მან განასახიერა სუპერმოდელი ჯია კარანჯი. ეს ემოციური დრამა მოგვითხრობს სექსისა და ნარკოტიკების სამყაროზე და აღწერს კარანჯის ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო მისივე ცხოვრებისა და კარიერის განადგურებას, მის დაკნინებასა და შიდსისაგან სიკვდილს. ვანესა ვანსმა Reel.com-იდან აღნიშნა:

 
„ანჯელინა ჯოლიმ მოიპოვა ფართო აღიარება ტიტულოვანი ჯიას როლის გამო და ადვილი დასანახია თუ რატომ. აქ ჯოლი მძვინვარეა — ავსებს ფილმს ნერვიულობით, შარმითა და სასოწარკვეთილებით და მისი როლი ამ ფილმში სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს ყველაზე მშვენიერი აღზრდის მარცხი, რაც კი ოდესმე გადაღებულა.“

შემდეგ წელს ჯოლიმ კვლავ მიიღო ოქროს გლობუსი და იყო წარდგენილი ემიზე, მან ასევე პირველად მოიპოვა კინომსახიობთა გილდიის პრემიაც. ლი სტრასბერგის სამსახიობო მეთოდისაგან განსხვავებით ანჯელინას ერჩივნა არ გამოსულიყო როლიდან სცენების გადაღებებს შორის მისი ადრეული ფილმების პერიოდში და ამის შედეგად მიიღო ისეთი მსახიობის რეპუტაცია, რომელთან ურთიერთობაც ძნელია. როდესაც „ჯიას“ იღებდნენ მან უთხრა თავის მომავალ მეუღლე ჯონი ლი მილერს, რომ მას ვერ დაურეკავდა ხოლმე. მე მას ვუთხარი: „მარტოსული ვარ, ვკვდები, ლესბოსელი ვარ, არ ვაპირებ შენ ნახვას რამდენიმე კვირით“. ჯიას ცხოვრება რომ უკეთ აღექვა ჯოლი ნიუ-იორკში გადავიდა და რამდენიმე ხნის განმავლობაში როლის თამაში შეწყვიტა. ის ჩაეწერა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, რათა შეესწავლა ფილმების შექმნა და ასევე ესწრებოდა წერის კურსებს. ამასთან დაკავშირებით მან გადაცემაში „მსახიობთა სტუდიაში“ განაცხადა: „ეს იყო კარგი ჩემთვის, რათა ჩემი თავი შემეგროვებინა“.

შემდეგ იყო 1998 წლის განგსტერული ფილმი „ჯოჯოხეთის სამზარეულო“, რომელშიც ჯოლიმ გლორია მაკნერი განასახიერა , ხოლო ამავე წელს, მოგვიანებით ის გამოჩნდა ფილმში „გულით თამაში“, რომელშიც მონაწილეობდნენ შონ კონერი, ჯილიან ანდერსონი, რაიან ფილიპი და ჯონ სტიუარტი. ფილმმა დადებითი შეფასებები მიიღო და ანჯელინაც შეაქეს და მან მიიღო ჯილდო Breakthrough Performance Award-ზე.

1999 წელს ჯონ კიუსაკთან, ბილი ბობ ტორნტონთან და კეიტ ბლანშეტთან ერთად ჯოლიმ მონაწილეობა მიიღო მაიკ ნიუელის კომედიურ დრამაში „ფრენათა მართვა“. ის თამაშობდა თორნტონის მაცდურ ცოლს. ფილმი კრიტიკოსებმა გულგრილად მიიღეს და ანჯელინას პერსონაჟი განსაკუთრებით გააკრიტიკეს. ამის შემდეგ ჯოლიმ ითამაშა დენზელ ვაშინგტონთან ერთად ჯეფრი დევერის კრიმინალური ნოველის მიხედვით გადაღებულ ფილმში „ძვლების შემგროვებელი“ (1999). მან განასახიერა ამელია დონაჰი — პოლიციის ოფიცერი, რომელსაც მოსვენებას არ აძლევს თავისი ასევე პოლიციელი მამის თვითმკვლელობა და რომელიც უხალისოდ ეხმარება ვაშინგტონის გმირს სერიული მკვლელის კვალის ამოცნობაში. ამ ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით 151 მილიონი დოლარი მოაგროვა, მაგრამ კრიტიკულად იქნა მიღებული. „დეტროიტის თავისუფალმა პრესამ“ დაასკვნა: „ჯოლი, რომელიც ყოველთვის შესანიშნავია შესახედად, უბრალოდ და სამწუხაროდ არ არის ამ როლისათვის შესაფერისი“.

ამის შემდეგ ჯოლიმ მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა ფილმში „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ (1999), მან ითამაშა სოციოპატი ლიზა როუ. ეს ფილმი მოგვითხრობს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტ სუსანა კეისენის ამბავს და წარმოადგენს თავად კეისენის ამავე სახელწოდების მქონე მემუარის ადაპტაციას. უინონა რაიდერმა განასახიერა მთავარი პერსონაჟი და ითვლებოდა, რომ ეს მისი ერთგვარი დაბრუნება იქნებოდა, მაგრამ ფილმი ანჯელინას ჰოლივუდში მიღების კორონაცია გახდა. ჯოლიმ მიიღო მესამე ოქროს გლობუსი, მეორე კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის. ჟურნალმა Variety-იმ აღნიშნა: „ჯოლი შესანიშნავია, ისევე როგორც — კაშკაშა, უპასუხისმგებლო გოგონა, რომელიც აღმოჩნდა მეტად უფრო ხელშემწყობი სუსანას რეაბილიტაციისათვის, ვიდრე ექიმები“ და როჯერ ებერტმა დაწერა ანჯელინას თამაშზე:

 
„ჯოლი ჩნდება, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ველური სული მიმდინარე ფილმებისა, თავისუფალი კანონადა, რომელსაც როგორღაც სასიკვდილო მიზანი აქვს“

2000 წელს ანჯელინა გამოჩნდა საზაფხულო ბლოკბასტერში „გატაცება სამოც წამში“, სადაც მან ითამაშა სარა (სვეი) ვეილენდი — ნიკოლას კეიჯის გმირის, მანქანების ქურდის ექს-გელფრენდი. როლი პატარა იყო და „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა კრიტიკა: „ყველაფერი, რასაც ჯოლი ამ ფილმში აკეთებს არის დგომა, გრილება, თავისი ხორციანი, ფეთქებადი ტუჩების მოდელირება, რომლებიც მეტად გამომწვევად არიან მისივე კბილების გარშემო“. მოგვიანებით ანჯელინამ ახსნა, რომ ეს ფილმი იყო ერთგვარი შემსუბუქების მომტანი ლიზა როუს მძიმე ხასიათის როლის შემდეგ. ეს გახდა მისი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი, რაშიც კი მანამდე უთამაშია. ამ კინოსურათმა მსოფლიოს მასშტაბით 237 მილიონი დოლარი მოაგროვა.

საერთაშორისო წარმატება, 2001–დღემდე

რედაქტირება
 
2011 წლის კანის კინოფესტივალზე
 
ნიუ-იორკში ფილმ „ძლიერი გულის“ პრემიერაზე

მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლი ძალზედ აღიარებული იყო თავისი სამსახიობო შესაძლებლობების გამო, მისი ფილმები ხშირად ვერ ხვდებოდა ფართო აუდიტორიის წინაშე, მაგრამ ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ ის საერთაშორისო სუპერვარსკვლავად იქცა. ეს იყო პოპულარული ვიდეო თამაშის, „სამარხების მძარცველის“ ადაპტაცია და ჯოლის მოსთხოვეს რომ დაუფლებოდა ბრიტანულ აქცენტს, გაევლო სერიოზული მეომრული ტრენინგები, რათა ეთამაშა ლარა კროფტის როლი. მართლაც, ის შეაქეს თავისი ფიზიკური ტალანტის წარმოჩენის გამო, მაგრამ ამ ფილმმა უმეტესად უარყოფითი შეფასებები გამოიწვია. „Slant Magazine–მა რჩევა გამოაქვეყნა:

 
„ანჯელინა ჯოლი ლარა კროფტის გმირის თამაშისათვისაა დაბადებული, მაგრამ რეჟისორი საიმონ ვესტი ქმნის მის მოგზაურობას Frogger–ის თამაშში.“

ფილმმა მოიპოვა უდიდესი საერთაშორისო წარმატება და მსოფლიოს მასშტაბით 275 მილიონი დოლარი მოაგროვა, ჯოლის კი მოქმედებითი ჟანრის ქალი ვარსკვლავის ტიტული შესძინა.

შემდეგ ანჯელინამ ითამაშა ანტონიო ბანდერასთან ერთად ფილმში „ორიგინალური ცოდვა“ (2001), სადაც მან პატარძალი ჯულია რასელი განასახიერა. ეს ტრილერი დაფუძნებულია კორნელ ვულრიჩის რომანზე „ვალსი წყვდიადში“. ფილმმა კრიტიკული მარცხი განიცადა, „The New York Times“–მა აღნიშნა: „ამბავი იძირება უფრო შვეულად ვიდრე მის ჯოლის ყელსაბამი“. 2002 წელს მან ითამაშა ლენი კერიგანის როლი ფილმში „ცხოვრება ან რაღაც მაგდაგვარი“, რომელიც გადმოგვცემს ამბიციური ტელერეპორტიორის ამბავს, რომელსაც უთხრეს რომ ერთ კვირაში მოკვდება. ფილმი უარყოფითად იქნა მიღებული კრიტიკოსების მიერ, თუმცა ჯოლის თამაშმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა. პოლ კლინტონმა CNN–დან დაწერა: „ჯოლი შესანიშნავია თავის როლში. მიუხედავად ფილმის შუაში ზოგი უაზრო სიუჟეტური ადგილისა, ეს აკადემიის ჯილდოს მფლობელი მსახიობი არის მეტად დამაჯერებელი თავის თვით–აღმოჩენისა და ცხოვრების დასრულების ნამდვილი მნიშვნელობისაკენ მოგზაურობაში“.

2003 წელს ჯოლიმ განაახლა ლარა კროფტის როლი ფილმში „ლარა კროფტი სამარხების მძარცველი: სიცოცხლის აკვანი“. გაგრძელება არ იყო ისეთივე შემოსავლიანი, როგორც ორიგინალი ფილმი და მან მსოფლიო მასშტაბით 156 მილიონი აშშ დოლარი მოიტანა. მოგვიანებით, ამავე წელს, ანჯელინა გამოჩნდა ფილმში „საზღვრებს მიღმა“, რომელიც აფრიკაში მყოფი დამხმარე მუშაკების შესახებ მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა რომ ეს ფილმი ერთგვარად ირეკლავდა მსახიობის ცხოვრებისეულ ინტერესს საქველმოქმედო საქმეების ხელის შეწყობის მიმართ, ის მაინც კრიტიკულად და ფინანსურად წარუმატებელი გამოდგა. „Los Angeles Times“–მა დაწერა:

 
„ჯოლის, როგორც მან ეს გააკეთა თავის ოსკარით დაჯილდოვებულ როლში ფილმიდან „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“, შეუძლია მოიტანოს ელექტრობა და დამაჯერებლობა როლებში, რომელთაც გააჩნიათ რეალობა, რომლის აღქმაც მას შეუძლია. მას ასევე ძალუძს აკეთოს ლარა კროფტის ფილმები და ცნობილი მულტფილმები, მაგრამ ჰიბრიდული გმირის საპყრობილე, ცუდად დაწერილი მუყაოსმაგვარი პიროვნება საჰაერო თავდასხმაში, სისხლისა და ნაწლავების სამყარო სრულიად აბეჩავებს მას.“

2004 წელს ანჯელინამ ითამაშა ითან ჰოუკთან ერთად ტრილერში „ცხოვრებათა მიტაცება“. მან განასახიერა ილეანა სკოტი.

ჯოლიმ ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005), სადაც მომავალ პარტნიორ ბრედ პიტთან ერთად ითამაშა. 2007 წელს ჯოლიმ შეასრულა მერიენ პირლის როლი დოკუმენტური ტიპის დრამაში „ძლიერი გული“. ფილმი პირლის ამავე სახელწოდების მემუარებზე იყო დაფუძნებული. ის ასახავს მერიენის ქმრის, „უოლ-სტრიტ ჟურნალის“ რეპორტიორ დენიელ პირლის გატაცების ამბავს პაკისტანში. ჯოლიმ ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ნომინაციები მიიღო. 2008 წელს ჯოლიმ შეასრულა მთავარი როლი კლინტ ისტვუდის დრამაში „ჩანაცვლებული“. ჯოლიმ განასახიერა კრისტინ კოლინსი, ლოს-ანჯელესში მცხოვრები დედა, რომელსაც 1928 წელს შვილი გასტაცეს, პოლიციამ კი სხვა ბავშვი დაუბრუნა. ჯოლიმ ამ როლისთვის მიიღო ოსკარის, ოქროს გლობუსის, კინომსახიობთა გილდიისა და BAFTA-ს ნომინაციები.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1982 ველოდები წასვლას Lookin' to Get Out ტოში
1993 კიბორგი 2 Cyborg 2 კასელა რიზი
1995 სამხილის გარეშე Without Evidence ჯოდი სვეარინგენი
1995 ჰაკერები Hackers კეიტ ლიბი
1996 მოხავეს მთვარე Mojave Moon ელეანორ რიგბი
1996 ყველაფერი, რაც აქ არის, სიყვარულია Love Is All There Is ჯინა მალაჩიჩი
1996 ცრუ ცეცხლი Foxfire მარგარეტ სადოვსკი
1997 ტფ ნამდვილი ქალები True Women ჯორჯია ვირჯინია ლოში ვუდსი
1997 ტფ ჯორჯ უოლესი George Wallace კორნელია უოლესი
1997 მოთამაშე ღმერთი Playing God კლერი
1998 ტფ ჯია Gia ჯია კარანჯი
1998 ჯოჯოხეთის სამზარეულო Hell's Kitchen გლორია მაკნერი
1998 გულით თამაში Playing by Heart ჯოანი
1999 ფრენათა მართვა Pushing Tin მერი ბელი
1999 ძვლების შემგროვებელი The Bone Collector ამელია დონაჰი
1999 გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს Girl, Interrupted ლიზა როუ
2000 გატაცება სამოც წამში Gone in 60 Seconds სარა ვეილანდი
2001 ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი Lara Croft: Tomb Raider ლარა კროფტი
2001 ორიგინალური ცოდვა Original Sin ჯულია რასელი
1999 ცხოვრება ან რაღაც მაგდაგვარი Life or Something Like It ლენი კერიგანი
2003 ლარა კროფტი სამარხების მძარცველი: სიცოცხლის აკვანი Lara Croft Tomb Raider: The Cradle of Life ლარა კროფტი
2003 საზღვრებს მიღმა Beyond Borders სარა ჯორდანი
2004 ცხოვრებათა მიტაცება Taking Lives ილეანა სკოტი
2004 ანფ ზვიგენის ამბავი Shark Tale ლოლა
2004 ზეციური კაპიტანი და ხვალინდელი სამყარო Sky Captain and the World of Tomorrow ფრანჩესკა კუკი
2004 ალექსანდრე Alexander ოლიმპიადა
2005 მისტერ და მისის სმიტი Mr. & Mrs. Smith ჯეინ სმიტი
2006 კარგი მწყემსი The Good Shepherd მარგარეტ რასელი
2007 ძლიერი გული A Mighty Heart მერიენ პირლი
2007 ბეოვულფი Beowulf გრენდელის დედა
2008 ანფ კუნგ-ფუ პანდა Kung Fu Panda ოსტატი ვეფხვი
2008 განსაკუთრებით საშიში Wanted ფოქსი
2008 ჩანაცვლებული Changeling კრისტინ კოლინსი
2010 სოლტი Salt ეველინ სოლტი
2010 ტურისტი The Tourist ელის უარდი
2011 ანფ კუნგ-ფუ პანდა 2 Kung Fu Panda 2 ოსტატი ვეფხვი
2014 მალეფიცენტი Maleficent მალეფიცენტი
2015 ზღვის პირას By the Sea ვანესა / რეჟისორი

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
ბრედ პიტთან ერთად 2009 წელს

2005 წლის აპრილში მედიაში გამოჩნდა პაპარაცების მიერ გადაღებული სურათები, რომლებიც გაიყიდა 500 000 დოლარად და რომლებზეც ნაჩვენები იყო პიტი, ჯოლი და მისი შვილი მედოქსი სანაპიროზე, კენიაში. ზაფხულის განმავლობაში, წყვილს სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავდნენ ერთად, რის მერეც მედიამ მათ „ბრანჯელინა“ შეარქვა. ორი თვის შემდეგ, პიტი და ჯოლი უკვე პოზიორობდნენ კამერების წინ როგორც წყვილი.

2005 წელს, პიტი ჯოლის წაყვა ეთიოპიაში, სადაც ანჯელინამ მეორე ბავშვი იშვილა, ექვსი თვის გოგონა ზაჰარა, მოგვიანებით ანჯელინამ თქვა რომ ამ ბავშვის შვილად აყვანა მან და პიტმა ერთად გადაწყვიტეს. 2005 წლის დეკემბერში, ცნობილი გახდა რომ პიტი ცდილობდა ლეგალურად ეშვილა ანჯელინას ორი შვილი. 2006 წლის 19 იანვარს, მოსამართლემ დართო ნება პიტს ბავშვების შვილად აყვანა და ბავშვების გვარი შეიცვალა ჯოლი-პიტად. 2006 წლის 11 იანვარს, ჯოლიმ ჟურნალ „პიპლზს“ დაუდასტურა რომ იგი იყო ფეხმძიმედ პიტისგან. 2006 წლის 27 მაისს, ჯოლიმ ქვეყნად მოავლინა გოგონა შაილო ნუველ ჯოლი პიტი, რომელიც ნამიბიაში გააჩინა. პიტმა დაადასტურა რომ მათ ახალგაჩენილ შვილს ექნება ნამიბიური პასპორტი, ჯოლიმ კი გადაწყვია ბავშვის სურათები გაეყიდა, ვიდრე ბავშვი სამიზნე ყოფილიყო პაპარაცების. ჟურნალმა „პიპლზმა“ 4 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა სურათებისთვის, ხოლო ბრიტანულმა ჟურნალმა „ჰელოუმ“ 3,5 მილიონი დოლარი. ჯამში თანხამ 10 მილიონი დოლარი შეადგინა. მთელი თანხა ჯოლი-პიტის საქველმოქმედო ფონდს გადაეცა.

2007 წლის 15 მარტს, ჯოლიმ შვილად აიყვანა სამი წლის ბიჭუნა ვიეტნამიდან პაქს თიენ ჯოლი-პიტი. ვინაიდან ობოლთა თავშესაფარი, არადაქორწინებულ წყვილს არ აძლევს საშუალებას ბავშვის აყვანის, ჯოლიმ იგი მარტო იშვილა, ხოლო პიტმა მოგვიანებით იშვილა ლეგალურად.

მედიის აზრით ჯოლი კვლავ იყო ფეხმძიმედ, რაც მისმა გამოჩენამ 2008 წლის Independent Spirit Award-ზე დაამტკიცა, როდესაც იგი დახურული კაბით წარსდა მაყურებელთა წინაშე. 2008 წლის მაისში, ჯოლიმ დაუდასტურა „თუდეის“, რომ ისინი ელოდებოდნენ ტყუპებს. 2008 წლის 12 ივლისს, ჯოლიმ გააჩინა ბიჭი და გოგო, სახელად ნოქს ლეონ ჯოლი პიტი და ვივიენ მარჩელინ ჯოლი პიტი. ნოქსის წონა იყო 5,05 ფუნტი, ხოლო ვივიენის 5 ფუნტი. ნოქსი ბრედ პიტის ბაბუის პატივსაცემად დაერქვა ბავშვს, ხოლო ვივიენი ანჯელინა ჯოლის დედის პატივსაცემად. 2015 წელს წყვილმა კიდევ ერთი ბიჭი, 2 წლის მუსა იშვილა, მუსა წარმოშობით სირიელია და თურქეთში, დევნილთა ბანაკშია დაბადებული.[1]

კიბოს პრევენცია

რედაქტირება

2007 წელს ანჯელინა ჯოლის დედა გარდაიცვალა მკერდის და საკვერცხეების სიმსივნის დიაგნოზით. 2013 წლის 16 თებერვალს ანჯელინა ჯოლიმ ჩაიტარა ორმხრივი პრევენციული მასტექტომია (მკერდის ოპერაციის გზით მოშორება მკერდის კიბოს პრევენციის მიზნით). როგორც გაირკვა, ანჯელინა ჯოლი არის მუტაციური BRCA1 გენის მატარებელი, რაც მკერდის სიმსივნის განვითარების 87%-იანი და საკვერცხის კიბოს განვითარების 50%-იანი რისკით ხასიათდება. ორი წლის შემდეგ, 2015 წელს ანჯელინა ჯოლიმ ჩაიტარა კიდევ ერთი, ამჯერად საკვერცხის კიბოს პრევენციული ოპერაცია — ორმხრივი ოვარექტომია.

„ანჯელინა ჯოლის ეფექტი“

რედაქტირება

სამედიცინო მედიაში 2013 წლიდან გამოჩნდა ახალი ტერმინი — „ანჯელინა ჯოლის ეფექტი“, მოკლედ „ჯოლის ეფექტი“ (ინგლ. The Angelina Jolie effect). „ჯოლის ეფექტი“ შემდეგში მდგომარეობს: მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანჯელინა ჯოლიმ მუტაციური BRCA1 გენის არსებობის გამო პრევენციული მასტექტომია ჩაიტარა, მსოფლიო მასშტაბით 2-ჯერ გაიზარდა ქალების მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში მკერდის კიბოს გენეტიკურ კონსულტაციაზე და სქრინინგზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: