ჩრდილოეთ კორეის ისტორია
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
სტატიაში მოცემულია ჩრდილოეთ კორეის ისტორია მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე.
წარმოშობა
რედაქტირებაჩრდილოეთ კორეა წარმოიქმნა 1945 წელს, როდესაც კორეის ნახევარკუნძული გათავისუფლდა იაპონელთა ბატონობისაგან. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დიდი სამეული შეთანხმდა, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც კი ფაშისტურ გერმანიასთან ომს მორჩებოდა, ჩაერთვებოდა აღმოსავლეთში შეერთებულ შტატებთან ერთად იაპონიის წინააღმდეგ ომში. ამ მოვლენების შედეგად, კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი აღმოჩნდა სსრკ-ის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ, ხოლო სამხრეთი ნაწილი — აშშ-ის კონტროლის ქვეშ.
იმის გამო, რომ იაპონიის კაპიტულაცია მოკავშირეებისათვის უჩვეულო, მოულოდნელი სისწრაფით მოხდა, გამარჯვებული სსრკ და აშშ მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ მომავალი კორეის საკითხის გადაწყვეტისათვის. იმ დროისათვის კორელეების სურვილი დამოუკიდებლობა იყო. ისინი ჩუმად ქმნიდნენ საკუთარი ხელისუფლების ორგანოებს. ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, სსრკ-ს ფარული მხარდაჭერით, 1946 წლის თებერვალში ჩამოყალიბდა ჩრდილოეთ კორეის სახალხო კომიტეტი კიმ ირ სენის მეთაურობით. 1948 წლის 15 აგვისტოს ნახევარკუნძულის ამერიკული ოკუპაციის ზონაში დაარსდა კორეის სახელმწიფო. ამის საპასუხოდ, სსრკ-ს კონტროლის ზონაში 1948 წლის 9 სექტემბერს ჩამოყალიბდა კსდრ — კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა.
პირველი წლები
რედაქტირებაახალწარმოქმნილ სახელმწიფოში პოლიტიკური ხელისუფლება პირველივე წლებიდან იქნა მონოპოლიზებული კორეის შრომის პარტიის მიერ. მეურნეობაში დამყარდა გეგმიური ეკონომიკა. 1946 წელს გამოცხადდა ნაციონალიზაცია, რომლის შედეგად წარმოების 70% გადავიდა სახელმწიფოს კონტროლქვეშ. 1949 წლისათვის ეს პროცენტი გაიზარდა 90%-ამდე. მას შემდეგ პრაქტიკულად მთელი მრეწველობა, საშინაო და საგარეო ვაჭრობა კონტროლდება სახელმწიფოს მიერ.
ახალი სახელმწიფოს არსებობის პირველ წლებში ხელისუფლება უფრო ფრთხილად ეპყრობოდა სოფლის მეურნეობას. 1946 წლიდან მან მოახდინა მიწების გადანაწილება წვრილ და საშუალო გლეხურ ოჯახებზე. 1954 წლიდან დაიწყო ე.წ. კოლექტივიზაცია, რომელიც 4 წელიწადი გაგრძელდა. ამის შემდეგ, მთელი ქვეყნის წვრილი გლეხური მეურნეობები გაერთიანდნენ სოფლის მეურნეობის კოოპერატივებში.
როგორც ყველა ომისშემდგომ კომუნისტურ სახელმწიფოებში, კსდრ-შიც ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო ფინანსების მოზიდვა მძიმე მრეწველობაში, სახელმწიფო ინფრასტრუქტურასა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებში. 1946-1949 წწ. ქვეყნის ეკონომიკაში მრეწველობის წილი გაიზარდა 47%-დან 70%-მდე. პარალელურად მიმდინარეობდა სამხრეთ კორეასთან მძიმე ომი. ასევე, გაიზარდა ელექტროენერგიის გამომუშავება, ფოლადის წარმოება და მანქანათმშენებლობა. საბჭოთა „ხუთწლედები“ს მსგავსად, შემოღებული იქნა „სამწლედები“.
ინდუსტრიალიზაციის განვითარების შედეგად სწრაფად გაიზარდა ცხოვრების დონე ჩრდილოეთ კორეაში.
კორეის ომი
რედაქტირებაკორეის ომი იყო სამხედრო კონფლიქტი სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის. სამხრეთ კორეას დახმარებას უწევდა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ხოლო ჩრდილოეთ კორეას საბჭოთა კავშირი და ჩინეთი. ომი დაიწყო 1950 წლის 25 ივნისს და დასრულდა საზავო ხელშეკრულებით 1953 წლის 27 ივლისს, რომლის თანახმადაც საზღვარი ორ კორეას შორის გაივლო 38 პარალელზე.
ომისშემდგომი პერიოდი
რედაქტირება1954–1956 წლების სამწლიანი ომის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის სამრეწველო პოტენციალი ომამდელ დონეს გაუტოლდა. ამას მოჰყვა მრეწველობის განვითარების ჯერ ხუთწლიანი (1957–1961) და შემდეგ შვიდწლიანი (1961–1967) გეგმები. ამ წლებში კსდრ განაგრძობდა სამრეწველო სიმძლავრეების განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა სტაგნაციას განაგრძობდა. უფრო და უფრო გაღრმავდა უფსკრული ქალაქსა და სოფელს შორის.
1956 წელს, როდესაც კიმ ირ სენი დაბრუნდა უცხოეთიდან, კორეის შრომის პარტიის ცკ-ის პლენუმზე ის მოწინააღმდეგე ”იანანის დაჯგუფების” რამდენიმე წევრმა მწვავედ გააკრიტიკა და პირდაპირ დაადანაშაულა პიროვნების კულტის შექმნაში. ოპოზიციონერებს მიუსაჯეს შინაპატიმრობა, მაგრამ მათ მოახერხეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაქცევა.
ამ მოვლენის შემდეგ, კორეის შრომის პარტიის ცკ-ის მუდმივმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება — კონტრრევოლუციური ელემენტების წინააღმდეგ ბრძოლა საერთო-სახალხო და საერთო-პარტიულ მოძრაობაში. ამ დადგენილებით სათავე დაედო 1957-1960-ანი წლების მასობრივ რეპრესიებს ჩრდილოეთ კორეში. დაახლოებით 2500 ადამიანი ჩამოახრჩვეს. ჩამოხრჩობა გახდა საჯარო. ბევრი დაისაჯა შედარებით მსუბუქი სასჯელის ფორმებით.
1960-ანი წლებიდან დაიძაბა პოლიტიკური ურთიერთობები ჩინეთსა და სსრკს შორის. ამ დაპირისპირებაში კსდრ მხარი დაუჭირა ჩინეთს. შედეგად სსრკ-მ შეამცირა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა. თუმცა კიმ ირ სენი მხარს არ უჭერდა მაო ძე დუნს ე.წ. „კულტურულ რევოლუციაში“. კიმი ამ ღონისძიებას რეგიონისათვის საშიშ ღონისძიებად მიიჩნევდა.
სსრკ-სტან გართულებული ურთიერთობის გამო, კიმ ირ სენმა შეიმუშავა ე.წ. ჩუჩხეს პოლიტიკა, რომელიც მიიღეს 50-ანი წლების ბოლოს. ჩუჩხე გახდა სახელმწიფო იდეოლოგია, რაც ითვალისწინებდა საშინაო პოლიტიკაში ყველა პრობლემის გადაწყვეტას საკუთარ ძალებზე დაყრდნობით.
ომისშემდგომ წლებში აყვავდა კიმ ირ სენის კულტი, რომელიც გამოცხადდა მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის მემკვიდრედ.
მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი
რედაქტირება70-ან წლებში სახელმწიფო ეკონომიკის ზრდა შეფერხდა და რეგრესიც კი განიცადა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა.
- მაღალი ფასები ნავთობზე, 1974 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ. კსდრ-ა არ გააჩნდა ამ დროისათვის ნავთობის მარაგი. ჩუჩხეს პოლიტიკა კი არ იძლეოდა აქტიური საგარეო ვაჭრობის საშუალებას.
- კორეის ეკონომიკა მიდიოდა მძიმე მრეწველობის განვითარებისკენ, რაც დიდ ხარჯებს მოითხოვდა.
- ასევე, დიდ ხარჯებს მოითხოვდა კორეის არმიის შენახვა-განვითარება, რის შემცირებაც ვერ შეძლო სახელმწიფომ. ამასთან, კიმ ირ სენის სიტყვების შემდეგ, რომ ორივე კორეა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში გაერთიანდებოდა, არმიის დაფინანსება კიდევ უფრო გაიზარდა.
მოხუცი კიმ ირ სენი განაგრძობდა ეკონომიკის ძველი ხაზის განვითარებას, რამაც 1980-იანი წლების ბოლოსათვის კორეის ეკონომიკა კრახამდე მიიყვანა.
კიმ ჩენ ირი
რედაქტირებაკორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეა) მეთაური. კორეის შრომის პარტიის გენერალური მდივანი. ჩრდილოეთ კორეის მთავარი მხედართმთავარი. „დიდი ბელადის“ — კიმ ირ სენის ვაჟი და მემკვიდრე.
იგი იყო კორეის შრომის პარტიის (მმართველი პარტია 1948 წლიდან) გენერალური მდივანი, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე — ჩრდილოეთ კორეის არმიის უმაღლესი მხედართმთავარი.
2009 წელს, ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მას „უზენაესი ლიდერი“ ეწოდა. იგი ასევე წოდებულ იქნა როგორც „ძვირფასი ლიდერი“, „ჩვენი მამა“, „გენერალი“ და „გენერალისიმუსი“. მისი ვაჟი კიმ ჩენ ინი მუშათა პარტიის მმართველობაში დაწინაურებულ იქნა მმართველ პოზიციაზე. 2010 წელს ჟურნალ „ფორბსის“ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მას (კიმ ჩჟონ ინს) 31-ადგილი ეკავა. 2011 წლის 19 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეის მთვრობამ გაავრცელა ცნობა კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შესახებ.
კიმ ირ სენი 1994 წელს გარდაიცვალა და მისი მემკვიდრე მისი ვაჟი გახდა. კიმ ჩენ ირმა ჯერ კიდევ 80-ან წლებში დაიკავა კორეის შრომის პარტიის და თავდაცვის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი.
მისი მმართველობის დროს კორეა სტაგნაციას განიცდიდა. 1996-1999 წწ. ხასიათდებოდა ძლიერი შიმშილიანობით, რომლის შედგეად სხვადასხვა მონაცემებით დაიღუპა 10 ათასიდან 3 მილიონამდე ადამიანი. ქვეყნის ეკონომიკა აგრძელებს იზოლირებას, ხოლო სამხედრო საჭიროებებზე იფლანგება დიდი რაოდენობით თანხები. პრაქტიკულად მამრობითი სქესის შრომისუნარიანი ყველა მამაკაცი 18-30 წლის ასაკში არმიაში მსახურობს. ეს მაშინ, როცა მრეწველობა ქვეითდება.
2002 წელს ქვეყანამ დაიწყო რეფორმების დაწყება. ქვეყნის ვალუტა დევალვირებულ იქნა. ადგილობრივ ხელისუფლებას მიეცა გარკვეული თავისუფლება. გამოცხადდა თავისუფალი სავაჭრო ზონები და სხვ.
2005 წლის 10 თებერვალს კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გამოაცხადა საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ ინფორმაცია. მიუხედავად ლიბერალიზაციისა, პერიოდულად ხდება საერთაშორისო ნორმებისათვის შეუფერებელი მოვლენები.
2010 წლის 25 მაისიდან ჩრდილოეთ კორეამ შეწყვიტა სამხრეთ კორეასთან ყოველგვარი ურთიერთობა. ორი კორეული სახელმწიფოს ურთიერთობის გამწვავება გამოიწვია სეულის მიერ ყვითელ ზღვაში კორვეტ „ჩხონანის“ დაღუპვაში ჩრდილოეთ კორეის პირდაპირ დადანაშაულებამ. უფრო მეტად დაიძაბა სიტუაცია 2010 წლის 23 ნოემბერს სამხრეთ კორეული კუნძულის, იონფხიონდოს საარტილერიო ინციდენტმა კსდრ-ს მხრიდან. ინციდენტის შედეგად დაიღუპა სამხრეთ კორეის 4 მოქალაქე. ორივე მხარე აღმოჩნდა საომარი კონფლიქტის საზღვართან. მიუხედავად ჩრდილოეთ კორეის უარყოფისა, საერთაშორისო საზოგადოებამ გაამტყუნა და დაგმო მისი მოქმედება.
კიმ ჩენ ინი
რედაქტირებაჩრდილოეთ კორეის ლიდერი, შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი, კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. კიმ ჩენ ირის შვილი და კიმ ირ სენის შვილიშვილი. თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 2011 წლის 17 დეკემბერს, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ.
მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, დაიბადა 1982, 1983 ან1984 წელს. ის არის კიმ ჩენ ირისა და მისი მესამე ცოლის, ყოფილი მსახიობის კო იონ ჰის მესამე შვილი.
სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით კიმ ჩენ ინი სწავლობდა ბერნის საერთაშორისო სკოლაში. 2002 წლიდან კი სწავლობს კიმ ირ სენის სახელობის უნივერსიტეტში.
კიმ ჩენ ინმა გაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ქვეყნის გაძლიერების მიზნით. 2012 წლის 28 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში შეიძლება იყოს 5-7 ადამიანი, რომელთაც შეუძლიათ მიიღონ აღებული მოსავლის 30%. ამის წყალობით, 2013 წელს, პირველად აიღეს მოსავალი, რომელიც საკმარისი გახდა ქვეყნის მოსახლეობის გამოსაკვებად.
2014 წლის 30 მაისის ბრძანებულებით სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანე;ებს მიეცათ უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების აღჭურვილობა შეეძინათ ღია ბაზარზე საბაზრო ფასებში. დაექირავებინათ ან გაეთავისუფლებინათ პერსონალი, გადაეხადათ მათთვის იმდენი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიდნენ თავად. 2012 წელს გამოცხადდა 20-ზე მეტი სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ ინფორმაცია, რათა რაც შეიძლება მეტი უცხოელი ინვესტორის მოიზიდონ. მოქალაქეებს მიეცათ ჩინეთში სამუშაოდ გამგზავრების ოფიციალური უფლება.
2012 წელსვე ჩრდილოეთ კორეამ პირველად სცადა კოსმოსურ სახელმწიფოდ გადაქცევა. 2012 წლის აპრილში სახელმწიფოს დამაარსებლის კიმ ირ სენის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით გაიმართა გრანდიოზული ზეიმი. ამ ზეიმის ნაწილი იყო კოსმოსურ ორბიტაზე რაკეტ-მატარებელი „ინხა-3“ გაშვება, რომლის პირველი ცდა წარუმატებლად დასრულდა. შემდეგი ცდა 12 დეკემბერს მოხდა. ამჯერად კოსმოსურ ორბიტაზე გაიშვა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი „კვანმენსონ-3“. ამ მოქმედებით ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე თვით გაუსწრო სამხრეთ კორეას.
2016 წლის 7 თებერვალს კოსმოსში გაიშვა „კვანმენსონ - 4“ („ბრწყინვალე ვარსკვლავი-4“).
2014 წლის დასაწყისში ქვეყანამ შეიძინა ბრიტანული ტელეღიპუცები და ტელესერიალი ”Doctor Who”
2013 წლის კრიზისი
რედაქტირება2013 წლის 30 მარტს მსოფლიოს მოედო ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ ომი გამოუცხადა სამხრეთ კორეას. ცნობამ ძლიერი რეზონანსი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები მალევე დარწმუნდნენ - ჩრდილოეთ კორეის მოაქმედებები არ გადაიზრდებოდა საშიშ ბირთვულ კონფლიქტში, დღემდე არსებობს საფრთხე, რომელიც ჯერ კიდევ არ მოგვარებულა. ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვისპირეთში გადაისროლა ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც შეუძლია სამხრეთ კორეის, იაპონიის და კუნძულ გუამის ამერიკულ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განადგურების გამოწვევა. საპასუხოდ, აშშ-მ სამხრეთ კორეაში გადაისროლა მასობრივი განადგურების იარაღისაგან დაცვის ბატალიონი და კუნძულ გუამზე განათავსა ანტისარაკეტო სისტემა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Cumings, Bruce, et al.. Inventing the Axis of Evil. The New Press. 2004. ISBN 1-56584-904-3
- French, Paul (2007). North Korea: The Paranoid Peninsula: A Modern History, 2nd, London: Zed Books. ISBN 978-1-84277-905-7.
- Lankov, Andrei (2002). From Stalin to Kim Il Song: The Formation of North Korea, 1945-1960. Hurst & Company. ISBN 978-1-85065-563-3.
- Lankov, Andrei (2007). Crisis in North Korea: The Failure of De-Stalinization, 1956. Honolulu: University of Hawaii Press. ISBN 978-0-8248-3207-0.
- Lankov, Andrei (2013). The Real North Korea: Life and Politics in the Failed Stalinist Utopia. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-996429-1.
- O'Hanlon, Michael; Mochizuki, Mike. Crisis on the Korean Peninsula. McGraw-Hill. 2003. ISBN 0-07-143155-1