ჩანდრიკა კუმარატუნგა
ჩანდრიკა ბანდარანაიკე კუმარატუნგა (დ. 29 ივნისი 1945, კოლომბო, შრი-ლანკა) — შრი-ლანკის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი (1994) და პირველი ქალი პრეზიდენტი (1994-2005). ცნობილი შრი-ლანკელი პოლიტიკოსების სოლომონ და სირიმავო ბანდარანაიკეების ქალიშვილი (მამა პრემიერ-მინისტრი იყო 1956-1959 წლებში, ხოლო დედა - 1960-1965, 1970-1977, 1994-2000 წლებში).
ჩანდრიკა კუმარატუნგა | |
შრი-ლანკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 ნოემბერი 1994 – 19 ნოემბერი 2005 | |
წინამორბედი | დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა |
მემკვიდრე | მაჰინდა რაჯაპაქსა |
პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 აგვისტო 1994 – 14 ნოემბერი 1994 | |
წინამორბედი | რანილ ვიკრემასინგჰე |
მემკვიდრე | სირიმავო ბანდარანაიკე |
დაბადებული | 29 ივნისი 1945 კოლომბო |
ეროვნება | სინჰალი |
მეუღლე | ვიჯაია კუმარატუნგა |
შვილები | იასოდჰარა, ვიმუკთი |
რელიგია | ბუდიზმი |
განათლება
რედაქტირებაჩანდრიკა ბანდარანაიკემ განათლება მიიღო კოლომბოს სანტა-ბრიჯიდას კოლეჯში. შემდეგ გაემგზავრა პარიზში და იქ მიიღო პოლიტიკური განათლება. სწავლის პარალელურად იგი მონაწილეობას იღებდა 1968 წელს სტუდენტების საპროტესტო გამოსვლებში შარლ დე გოლის მთავრობის წინააღმდეგ. პოლიტიკური მეცნიერების დაუფლების შემდეგ მან თავის ცოდნას შემატა ეკონომისტის და ჟურნალისტის დიპლომები. დაბრუნდა თავის სამშობლოში და გადაწყვიტა ჩართულიყო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება1974 წელს ჩანდრიკა არჩეულ იქნა შრი-ლანკის თავისუფლების პარტიის ქალთა ლიგის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. ეს სოციალისტური ორიენტაციის პარტია დააარსა მისმა მამამ 1951 წელს, ხოლო მისი მკვლელობის შემდეგ ხელმძღვანელობდა ჩანდრიკას დედა სირიმავო ბანდარანაიკე. 1984 წელს ჩანდრიკამ და მისმა მეუღლემ ვიჯაია კუმარატუნგამ ერთობლივი ძალებით შექმნეს შრი-ლანკის სახალხო პარტია, რომელიც პოლიტიკურ ალიანსში გამოდიოდა თავისუფლების პარტიასთან. 1986 წლამდე ჩანდრიკა ამ პარტიის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის პოსტიც დაიკავა. 1988 წლის 16 თებერვალს სინგჰალელმა ექსტრემისტებმა მოკლეს ჩანდრიკას მეუღლე. პარტიის სრულუფლებიანი ლიდერი გახდა ქალბატონი კუმარატუნგა. 1993 წლის მაისში კი არჩეულ იქნა აღმოსავლეთის პროვინციის პრემიერ-მინისტრად. პრემიერ-მინისტრის პოსტთან ერთად შეითავსა საზოგადოებრივი წესრიგის, ფინანსთა და დაგეგმარების, განათლების და კულტურის მინისტრის თანამდებობები.
1994 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის დააფუძნა „სახალხო ალიანსი“, რომელშიც გაერთიანდნენ შრომის პარტია, სახალხო პარტია და სამი პროგრესული ძალა: შრი-ლანკის კომუნისტური პარტია, შრი-ლანკის ერთიანი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და შრი-ლანკის სოციალური თანასწორების პარტია (ტროცკისტები). არჩევნები 16 აგვისტოს გაიმართა. "სახალხო ალიანსმა" აიღო ხმების 48,9 % ანუ პარლამენტის 105 მანდატი. ეს იყო უდიდესი წარმატება ჩანდრიკა კუმარატუნგა ბანდარანაიკესათვის, რომელიც “სახალხო ალიანსის” საარჩევნო სიის სათავეში იდგა. 19 აგვისტოს ჩამოაყალიბა მთავრობა და გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. პარალელურად შეითავსა ფინანსთა და დაგეგმარების, ეთნიკურ საქმეთა და ეროვნული ინტეგრაციის მინისტრის პორტფელები. სულ მალე ქვეყანაში მზადება დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნებისათვის. „სახალხო ალიანსმა“ მისი კანდიდატურა წამოაყენა, ხოლო ოპოზიციური ეროვნული ერთიანობის პარტიის კანდიდატი იყო ქალბატონი შრიმა დისანაიაკე, რომლის მეუღლეც არჩევნებამდე რამდენიმე კვირის წინ მოკლეს ტამილელმა ექსტრემისტებმა. 9 ნოემბერს პრეზიდენტის პოსტისათვის ერთმანეთს ეპაექრებოდა ორი ქვრივი ქალბატონი. მსოფლიო პრესამ იუმორით ამ პაექრობას „ქვრივების ომი“ უწოდა. „ქვრივების ომში“ ჩანდრიკამ გაიმარჯვა და მიიღო ხმების 62,3 %. 14 ნოემბერს ჩანდრიკა კუმარატუნგამ ოფიციალურად დაიკავა ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტი და შეცვალა დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა, რომელიც 1993 წლიდან იდგა ხელისუფლების სათავეში, მოკლული რანასინგჰე პრემადასას მაგივრად. ჩანდრიკამ კი პირველივე საპრეზიდენტო აქტით პრემიერ-მინისტრად დანიშნა 78 წლის საკუთარი დედა სირიმავო ბანდარანაიკე.
ბრძოლა ტერორისტებთან
რედაქტირებაწინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩანდრიკა კუმარატუნგა მოსახლეობას დაპირდა რომ ბოლოს მოუღებდა სამოქალაქო ომს, რომელიც მიმდინარეობდა ხელისუფლებასა და სეპარატისტულ ორგანიზაცია „თამილ-ელამის განთავისუფლების ვეფხვებს“ შორის. სეპარატისტები პრეტანზიას აცხადებდნენ კუნძულის მთელი აღმოსავლეთ ნაწილზე. მათი აზრით სახელმწიფოს, რომელშიც ინდუისტი ტამილები იცხოვრებდნენ უნდა ჰქონოდა სრული სუვერენიტეტი. კუმარატუნგამ „ტამილელ ვეფხვებს“ შესთავაზა ფედერაციული მოწყობის პრინციპი: მათ ექნებოდათ საკუთარი მმართველობა, პროვინციის ხელმძღვანელს თვითონ აირჩევდნენ და ა. შ. ამ წინადადებას ორი პროვინცია (აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისა) დასთანხმდა, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის პროვინცია ამის წინააღმდეგი წავიდა.
1995 წლის 3 იანვარს მშვიდობის დამყარების პერსპექტივა გამოჩნდა, როცა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, მაგრამ ტამილელმა სეპარატისტებმა 26 აპრილს ცალმხრივად დაარღვიეს ეს ხელშეკრულება და აღსდგა საომარი ვითარება.
1995 წლის 17 ოქტომბერს სახელმწიფო არმიამ დაიწყო ოპერაცია სახელწოდებით „მბრწყინავი მზე“. ოპერაციის მიზანი იყო განეხორციელებინათ შეტევა ჩრდილოეთის პროვინციაში მდებარე ქალაქ ჯაფნაზე, რომელიც იყო ფაქტობრივი დედაქალაქი ტამილებისა და მათ იურისდიქციას ექვემდებარებოდა 1990 წლის სექტემბრიდან. 2 დეკემბერს ქ. ჯაფნა 47 დღიანი მძვინვარე ბატალიების შედეგად გათავისუფლებულ იქნა, ამ ოპერაციის ანგარიშზეა 2500 ადამიანის სიცოცხლე ორივე დაპირისპირებული მხარიდან. სულ მალე 1996 წლის მაისში ნახევარკუნძულ ჯაფნას უდიდესი ნაწილი დაექვემდებარა სახელმწიფოს იურისდიქციას.1996-1997 წლების მანძილზე მთავრობამ განახორციელა ორი ოპერაცია: „ნამდვილი გამარჯვება“ – ჯაფნას ნახევარკუნძულის სამხრეთის კარიბჭის ქალაქ კილინოჩის გასათავისუფლებლად და „აუცილებელი გამარჯვება“ ქალაქ ჯაფნამდე მიმავალი საავტომობილო გზის გაკონტროლების მიზნით. მიუხედავად ამისა, კონფლიქტის მოგვარების შიდა პოლიტიკური რესურსები ამოიწურა. საჭირო იყო ამ საქმეში საერთაშორისო საზოგადოების ჩაბმა. კუმარატუნგას და ბანდარანაიკეს მთავრობამ ამ მიზნით აქტიურად განავითარეს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები. საყრდენს დიპლომატიაში ეძიებდნენ. 1995 წლის მარტში პრეზიდენტი ესტუმრა ინდოეთს რათა აღედგინა კეთილმეზობლური ურთიერთობა, რომელიც გამწვავდა 1991 წელს, მას შემდეგ რაც, ტამილელმა ექსტრემისტებმა მოკლეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი. 1998 წლის 29-31 ივლისს კოლომბოში ჩატარდა სამხრეთ აზიის რეგიონალური თანამშრომლობის ასოციაციის X შეხვედრა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ თავისუფალი ვაჭრობის ზონა 2001 წლისათვის.
არჩევნები
რედაქტირება1999 წლის 21 დეკემბრისათვის კუმარატუნგამ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები და წინა საარჩევნო კამპანიის დროს როგორც მოსალოდნელი იყო გააქტიურდნენ „ტამილელი ვეფხვები“. არჩევნებამდე 3 დღით ადრე თავისუფლების პარტიის მიტინგზე კოლომბოში, სადაც სიტყვით გამოდიოდა პრეზიდენტი, ააფეთქეს ბომბი, დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო თვით პრეზიდენტს დაუზიანდა მარჯვენა თვალი და დაკარგა მხედველობა. აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა სამი კანდიდატი. ხმები მათ შორის ასე გადანაწილდა: ჩანდრიკა კუმარატუნგა — 51,1 %, რანილ ვიკრემასინგჰე — 42,7 % და ნანდანა გუნათალკე — 4,1 %.
შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2000 წლის 10 ოქტომბერს გაიმართა. ხუთპარტიულმა „სახალხო ალიანსმა“ (თავისუფლების პარტია, შრომის პარტია, სახალხო პარტია, მემარჯვენე ალიანსი, პროგრესისტები) არჩევნებში აიღო ხმების 45,1 % ანუ 107 ადგილი პარლამენტში. ამ რეზულტატით „სახლხო ალიანსი“ უმცირესობაში აღმოჩნდა. 2001 წლის 10 ოქტომბერს კუმარატუნგამ დაითხოვა პარლამენტი და მოიწვია ახალი პარლამენტი, მაგრამ ეს არჩევნები მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა რადგან აიღო ხმების 37,3 % და ძველ პარლამენტში მის ხელთ არსებული 107 მანდატის ნაცვლად დაიკავა 77 ადგილი. პრეზიდენტ ჩანდრიკას მძიმე პერიოდში მოუხდა ქვეყნის ხელმძღვანელობა. მისი მმართველობის წლებს წითელ ხაზად გასდევდა ტამილ სეპარატისტთა ტერორისტული გამოსვლები. მმართველობის ბოლო წლებში აღნიშნულ პოლიტიკურ კრიზისს სტიქიური უბედურებით გამოწვეული სოციალური სიდუხჭირეც დაემატა. 2004 წლის 26 დეკემბერს ქვეყანას თავს დაატყდა საზარელი ცუნამი, რომელმაც სამხრეთ აზიისა და აფრიკის 12 ქვეყანაში (შრი-ლანკა, ინდოეთი, ინდონეზია, ტაილანდი, მიანმა, მალაიზია, ბანგლადეში, სომალი, მალდივის კუნძულები, სეიშელის კუნძულები, ტანზანია და კენია) 160 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და განუსაზღვრელი რაოდენობის მატერიალური ზარალი მიაყენა აღნიშნულ ქვეყნებს.
ომით გაწამებულმა შრი-ლანკელმა ხალხმა სტიქიური უბედურებით გამოწვეულ სიღარიბეს ვეღარ გაუძლო და 2005 წლის დასაწყისში დაიწყო ოპოზიციური პარტიების წაქეზების შედეგად გამოწვეული ანტისამთავრობო გამოსვლები. სულ მალე ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვიტა რომ პოლიტიკური კრიზისი პრეზიდენტ კუმარატუნგას არასწორი მართველობითაა გამოწვეული და მას საპრეზიდენტო თანამდებობა უნდა დაეტოვებინა არა 2006 წლის ბოლოსათვის როგორც ეს კონსტიტუციით იყო გათვალისწინებული, არამედ 2005 წლის ბოლოს. ქალბატონი ჩანდრიკა დამორჩილდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და 19 ნოემბერს დატოვა თანამდებობა. მან მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა მაჰინდა რაჯაპაქსეს, რომელსაც გადააბარა კიდეც ქვეყნის მართვა-გამგებლობა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Bandaranaike Ancestry
- The Ratwatte Ancestry
- Economic and political agenda of a people's President დაარქივებული 2009-02-15 საიტზე Wayback Machine.
- Chandrika Kumaratunga's official website დაარქივებული 2019-11-25 საიტზე Wayback Machine.
- Sri Lanka Freedom Party's official Website დაარქივებული 2008-03-02 საიტზე Wayback Machine.
- Profile by BBC
- Search BBC for news about Chandrika Kumaratunga
- Ministry of Defence : Sri Lanka
- Profile of Mrs. Chandrika Kumaratunga on Sri Lankan government website დაარქივებული 2004-06-03 საიტზე Wayback Machine.
- Personal reminiscence
წინამორბედი: დინგირი ბანდა ვიჯეტუნგა |
შრი-ლანკის პრეზიდენტი 1994 – 2005 |
შემდეგი: მაჰინდა რაჯაპაქსე |