ყვითელი აბედა, ტყის ქათამი (ლათ. Laetiporus sulphureus) — სოკოს სახეობა ლეტიპორუსის გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს მსოფლიოს ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა.

ყვითელი აბედა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  აბედასნაირნი
ოჯახი:  აბედოვანნი
გვარი:  ლეტიპორუსი
სახეობა:  ყვითელი აბედა
ლათინური სახელი
Laetiporus Sulphureus

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. გემოზე ქათმის ხორცს მოგვაგონებს. საკვებად ვარგისია თერმულად დამუშავების შემდეგ, მხოლოდ ნორჩი ეგზემპლარები. პარაზიტი სოკოა. იწვევს მერქნის ლპობას. იზრდება ცოცხალ ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ხეებზე, გზისპირებში, პარკებსა და ტყეებში.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1789 წელს როგორც Boletus sulphureus.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ამერიკელმა მიკოლოგმა უილიამ ალფონსო მერილმა 1920 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Boletus sulphureus Bull., 1789 basionym
  • Cladomeris sulphurea (Bull.) Bigeard & H. Guill., 1909
  • Polyporus sulphureus (Bull.) Fr., 1821
  • Sporotrichum versisporum (Lloyd) Stalpers, 1984 (basionym — Calvatia versispora Lloyd, 1915)
  • დ სხვ.

ნაყოფსხეული — ერთწლოვანი. ასაკთან ერთად მისი ნაყოფსხეული მაგრდება, იღებს აბედასოკოებისთვის დამახასიათებელ „ყურის“ ფორმას და რამდენიმე შრედ ყალიბდება. ქუდის დიამეტრი 10-40 სმ-მდე აღწევს. სოკოს მაქსიმალური წონა 10 კგ-მდე აღწევს. კიდეები ტალღოვანია და გაყოფილია ღრმა ლაპოტიანი ნაპრალებით. ნარინჯისფერი ან ყვითელია, სიბერეში მკრთალდება, იღებს ნაცრისფერ-ყვითელ შეფერილობას.

რბილობი — რბილი და წვნიანი, თეთრი ფერის, გემოზე მომჟავო. სუსტად გამოხატული სუნით, თავიდან ლიმნის, მოგვიანებით არასასიამოვნო, თაგვის მსგავსი.

ჰიმენოფორი — მილებიანი, ვიწრო მომრგვალო ან დაკბილული ფორებით (3-5 მმ), გოგირდოვან-ყვითელი.[3] ნორჩობაში სოკო მრავლად გამოყოფს ყვითელი ფერის წვეთებს. მილები ყვითელი, მოკლე, 2-4 მმ სიგრძის.

სპორების მტვერი — მკრთალ-ყვითელი. სპორები — უფერული, გლუვი, კვერცხისებრი, ოვალური ან წვეთისებრი, 5-6,5×3,5-4,5 მკმ. [4]

ნაირსახეობები

რედაქტირება

სოკოს (Laetiporus conifericola Burds. & Banik, 2001)[5], რომელიც იზრდება წიწვოვან ხეებზე, ზოგჯერ დამოუკიდებელ სახეობად განიხილავენ. მისი საკვებად მოხმარება არ არის რეკომენდირებული, რადგანაც შესაძლოა გამოიწვიოს მცირე მოწამვლა, განსაკუთრებით ბავშვებში.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

გავრცელების არეალი მოიცავს მსოფლიოს ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა. უმეტესად გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.

იზრდება ცოცხალ ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ხეებზე, გზისპირებში, პარკებსა და ტყეებში. პარაზიტია. იწვევს მერქნის ლპობას. ძირითადად აავადებს ვერხვს, მუხას, ტირიფს, ცაცხვს, არყს, კედარს, ფიჭვს, ნეკერჩხალს, წაბლს და ა.შ.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე. ზოგჯერ ზამთარშიც.[6][7][8]

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. გემოზე ქათმის ან კრაბის ხორცს წააგავს. საკვებად ვარგისია თერმულად დამუშავების შემდეგ მხოლოდ ნორჩი ეგზემპლარები. უმად მიღება რეკომენდირებული არაა, რადგანაც შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის მომნელებელი სისტემის მოშლა. ახასიათებს სასიამოვნო სუნი და მომჟავო გემო.[9] გამოიყენება შემწვარი, დამარილებული და დამარინადებული. ხმარობენ სალათებსა და წვნიან კერძებში. შესაძლებელია სოკოს გაყინვა. ფართოდ გამოიყენება ვეგეტარიანულ სამზარეულოში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

რედაქტირება

ყვითელი აბედა საკვები სოკოა და არ შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებებს, თუმცა (იშვიათად), შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა, რომელსაც თან ახლავს გულისრევა, დიარეა და სისუსტე. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს წიწვოვან და შხამიან ხეებზე დაკრეფილი ან გადაბერებული ეგზემპლარები.

აუცილებელია შეგროვდეს მხოლოდ ნორჩი ეგზემპლარები, რომლებიც ჯერ კიდევ რბილია და არ ახასიათებთ უსიამოვნო სუნი.[10]

გამოყენება მედიცინაში

რედაქტირება

მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური თვისებების წყალობით, ყვითელი აბედა, ევროპისა და აზიის ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში გამოიყენებოდა ანთებითი დაავადებების, კუჭის კიბოს, კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და რევმატიზმის სამკურნალოდ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бондарцева М. А., Семейства альбатрелловые, апорпиевые,болетопсиевые, ... фистулиновые, СПб.: „Наука», 1998. — გვ. 51—52 (Определитель грибов России: Порядок афиллофоровые; Вып. 2), ISBN 5-02-026076-2.
  • Любарский, Васильева, Дереворазрушающие грибы Дальнего Востока, Новосибирск: Наука, 1975. — გვ. 111—112. 163 გვ. 1600 ეგზ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. D. N. Olennikov, S. V. Agafonova, G. B. Borovskii, T. A. Penzina, and A. V. Rokhin: Water-Soluble Endopolysaccharides from the Fruiting Bodies of Laetiporus sulphureus (Bull.:Fr.) Murr. In: Applied Biochemistry and
  2. Murrill, W.A. (1920) , In: Annls mycol. 18(1/3):51
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 47, ISBN 99940-856-1-1.
  4. Piotr Łakomy, Hanna Kwaśna, Atlas hub, Warszawa: Multico Oficyna Wydawnicza, 2008, ISBN 978-83-7073-650-7.
  5. Laetiporus conifericola საიტზე www.mycobank.org
  6. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 568-569, ISBN 3-405-12116-7
  7. Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 546-547, ISBN 978-3-440-14530-2
  8. Jean-Louis Lamaison & Jean-Marie Polese: „Der große Pilzatlas“, Editura Tandem Verlag GmbH, Potsdam 2012, p. 213, ISBN 978-3-8427-0483-1
  9. Михаил Вишневский, Грибные заготовки, Проспект, Москва, 2017, ISBN 978-5-392-25718-8.
  10. Андреас Гминдер (Andreas Gminder). = нем. Handbuch für Pilzsammler: 340 Arten Mitteleuropas sicher bestimmen. — Franckh Kosmos Verlag, 2014. — С. 283. — ISBN 978-3440143643.