ქართველი ღულამები ინდოეთში
ქართველები საუკუნეების განმავლობაში წარმატებებს აღწევდნენ უცხოეთში სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე. ბიზანტიის იმპერიაში, ოსმალეთში, სპარსეთში, ერაყში, ჩრდილოეთ აფრიკასა თუ ეგვიპტეში. XV - XVII საუკუნეებში ქართველთა საქმიანობა სამხრეთ აზიაშიც არანაკლები წარმატებით გამოირჩეოდა.
ქართველთა გამოჩენა სამხრეთ აზიაში პირდაპირ უკავშირდებოდა ირანში მიმდინარე მოვლენებს. XIV - XVI საუკუნეებში ირანის ხელმწიფეების მიერ საქართველოში ლაშქრობების შედეგად ათასობით ტყვე ქართველი ცენტრალური აზიაში აღმოჩნდა. სამხრეთ აზიაში ქართველები სპარსეთის გავლით მოხვდნენ და XVII საუკუნის დასასრულს, თანამედროვე პაკისტანისა და ინდოეთის ტერიტორიაზე, ქართველთა სიმრავლე თვალში საცემი იყო. ისინი სამ ძირითად კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ. უმეტესობა, მონებად გაყიდეს და ჩვეულებრივ მოსამსახურეებად გაამწესეს. ინდოეთში ქართველ მოსამსახურეთა გავრცელებაზე ისიც მეტყველებს, რომ XVIII საუკუნის ბოლოსთვის სიტყვა „გურჯი“ სასაუბრო ლექსიკონში გამოიყენებოდა არა მხოლოდ ქართველების, არამედ მოსამსახურის აღსანიშნავადაც. მეორე კატეგორიას წარმოადგენდნენ ქართველი ქალები, რომელთა ნახვა შეიძლებოდა დასავლეთ და სამხრეთ აზიის თითქმის ყველა ხელმწიფისა და წარჩინებული პირის ჰარამხანაში. ეს გარემოება კარგად არის ცნობილი ოსმალეთისა და ირანის მაგალითზე, მაგრამ სმგავსი ვითარება იყო ინდოეთშიც, სადაც ასევე მრავლად ჰყავდათ ქართველი მხევლები. მათგან გამორჩეული ხვედრი ხვდა უდაიპური მაჰალ საჰიბას, რომელიც თავდაპირველად დიდ მოგოლი იმპერატორის, შაჰ-ჯაჰანის შვილის - დარა შიკოჰის ჰარამხანაში აღმოჩნდა. 1658 წელს, შაჰ ჯაჰაბის ავადმყოფობის დროს, იმპერიას სათავეში დარა შიკოჰი ჩაუდგა, მაგრამ მას აუჯანყდნენ ძმები, მათ შორის აურანგზები. სამუღართან გადამწყვეტ ბრძოლაში აურანგზებმა გაიმარჯვა, სიკვდილით დასაჯა თავისი ძმა, ტყვედ ჩაიგდო მისი ოჯახი და მათ შორის უიდაპურიც. უიდაპურიმ უმალვე მიიქცია აურანგზების ყურადღება, მისი მხევალი გახდა და მომდევნო 50 წლის განმავლობაში მუდამ მის გვერდით იყო. XVII საუკუნის მიწურულს იტალიელი მოგზაური ნიკოლო მანუჩი, რომელმაც თითქმის მთელი თავისი ცხოვრება დიდ მოგოლთა სამსახურში გაატარა და კარგად ერკვეოდა მათი კარის ინტრიგებში, აღნიშნავდა რომ იმპერატორის „სხვა ცოლებსა და მხევლებს დიდად შურდათ, რომ აურანგზებს ასე ძლიერ უყვარდა უდაიპური“ და მუდამ, თუმცა ამაოდ, ცდილობდნენ მის დაკნინებას. თანამედროვეებისა და ისტორიკოსების თქმით, უდაიპური აურანგზების ყველაზე დიდი სიყვარული იყო, რის გამოც ის ბევრ რამეზე ხუჭავდა თვალს, მათ შორის ღვინისადმი დიდ მიდრეკილებაზეც. აურანგზები უკვე ორმოცდაათი წლის იყო, როცა უდაიპურიმ მას მეხუთე ვაჟიშვილი, მუჰამად კამ ბახში გაუჩინა. იგი აურანგზების გარდაცვალების შემდეგ აქტიურად იბრძოდა ხელისუფლებისთვის, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა და ჭრილობისგან გარდაიცვალა.
ინდოეთში მყოფი ქართველების მესამე კატეგორიას განეკუთვნებიან სამხედრო მონები ანუ ღულამები. მათ იგივე როლი ეკისრათ, რაც თურქეთში - იანიჩრებს, ეგვიპტეში, სირიაში, ერაყში, ტუნისში - მამლუქებს, ირანში - ყული (ღულამი) სამეფო მონებს. საკუთარი ხელისუფლების განმტკიცების მიზნით, ინდოეთის ხელმწიფეები ყიდულობდნენ სამხედრო მონებს და ქირაობდნენ უცხოელთა სამხედრო შენაერთებს, რის შედეგად ინდოეთში არაერთი ქართველი აღმოჩნდა. უამრავ და მოქიშპე სამფლობელოდ დაქუცმაცებულ ინდოეთში დიდ ინტერესს იჩენდნენ ქართველი ღულამებისადმი, რომელთა შესახებ ინდოეთში ბევრი რამ ესმოდათ სპარსეთიდან და რომელთა მეშვეობითან ინდოელ ხელმწიფეებს საკუთარი სამხედრო ძლიერების განმტკიცება სურდათ. XVII საუკუნის ფრანგი მისიონერი ჟან ბატისტ დე ტავერნიე მიუთითებს, რომ როგორც სპარსეთში, ასევე ინდოეთში ქართველებს უპირატესობას აძლევდნენ, ვინაიდან ისინი „არაჩვეულებრივად მოხერხებულად ისვრიან მშვილდ-ისარს და ცნობილი არიან, როგორც საუკეთესო ჯარისკაცები მთელ აზიაში“. ინდოეთიდან ქართველები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც, მათ შორის სიამის სამეფოში (დღევანდელი ტაილანდი) მოხვედრილან. 1685 წელს ირანის შაჰის სულეიმანის დავალებით, ირანულმა დელეგაციამ იმოგზაურა სიამში და ეწვია მეფის ფრა ნარაის კარს. ამ მგზავრობის დეტალები ცნობილია დელეგაციის მდივნის მუჰამედ იბრაჰიმის ჩანაწერებიდან. სიამში არსებულა ირანელთა ვრცელი სათვისტომო სადაც ქართველებიც ყოფილან, მათ შორის, მუჰამედ იბრაჰიმის ცნობით, „ერთი ახლგზარდა ქართველი, რომელიც სიამის მეფის პირად ამალაში მსახურობდა და დაჯილდოებული იყო ცხენოსნობის და ნადირობის არაჩვეულებრივი ნიჭითა და გამბედაობით“.
„ინდუსი ქართველები“ მოგოლების წინააღმდეგ
რედაქტირებაXVI საუკუნეში შიდა აშლილობამ ინდოეთში დიდი ცვლილებები მოიტანა. ჩრდილოეთ ინდოეთში საფუძველი ჩაეყარა დიდ მოგოლთა იმპერიას, ხოლო სამხრეთ ნაწილში, დეკანში, სულს ღაფავდა ოდესღაც დიდი ინდუსური სახელმწიფო ვიჯაიანაგარა, რომლის პოლიტიკური ისტორია მეტად ჩახლართულად განვითარდა. ინდუსური ვაჯაიანაგარა გამუდმებით ებრძოდა ისლამურ დელის სასულთნოს და მის ხელწიფეებსაც გამუდმებით სჭირდებოდათ სამხედრო მონები, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ სპარსეთიდან ჩამოჰყავდათ. იმის გათვალისწინებით, რომ სპარსეთში უამრავი ქართველი ტყვე იყო, სავსებით დასაშვებია სწორედ ამ გზით აღმოჩენილიყვნენ ქართველები სამხრეთ ინდოეთის სხვადასხვა ნაწილში. ამას ადასტურებს ცნობილი ფრანგი მეცნიერი, ფილოსოფოსი და მოგზაური ფრანსუა ბერნიე, რომელმაც მრავალი წელიწადი გაატარა დიდ მოგოლთა იმპერიაში. მოგზაური თავის ნაშრომში მოგვითხრობს ვაჯაიანაგარის ერთ-ერთ ხელმწიფეზე, რომლის დროსაც ქართველი მონები დაწინაურდნენ. ფრანგი მოგზაურის ცნობით, ამ ხელმწიფის ამალაში იყო „სამი ქართველი მონა, რომელთაც იგი გამორჩეული პატივით ეპყრობოდა და საბოლოოდ, სამი დიდი მხარის მმართველებად დანიშნა“. ბერნიე არ ასახელებს ამ ქართველი მონების სახელებს, მაგრამ მიუთითებს, რომ პირველი მათგანი განაგებდა დაულეთაბადის გარშემო მდებარე ვრცელ ტერიტორიას, რომელიც შემდგომში დიდ მოგოლთა იმპერიის საზღვრებში მოექცა. მეორე ქართველი სათავეში ედგა ვიშაპურს, ხოლო მესამე - გოლკონდას. ეტყობა სამივე ქართველი ნიჭიერი მმართველი გამოდგა ვინაიდან ბერნიეს თქმით, ისინი იმდენად „გამდიდრდნენ და გაძლიერდნენ“, რომ აჯანყება მოაწყვეს, მეფე მოკლეს და ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. „ქართველი მონები და მათი შთამომავლები მტკიცედ განაგებდნენ თავიანთ სამთავროს იმიტომ, რომ ერთმანეთთან მუდმივ კავშირში იყვნენ და ერთმანეთს გვერდით უდგნენ მოგოლთა წინააღმდეგ დიდ სამხედრო ოპერაციებში“.
ბერნიეს ცნობა კარგად არის ცნობილი ქართულ ისტორიოგრაფიაში, თუმცა ის კრიტიკულად არავის შეუფასებია, იმისდა მიუხედავად რომ მასში უზუსტობები შეინიშნება. ბენიე ვიჯაიანაგარის ხელმწიფეს მოიხსენიებს, როგორც „რამრას“, მაგრამ ასეთი სახელი ვაჯაიანაგარის არც ერთ მმართველს არ ერქვა. სავარაუდოა, რომ ფრანგი მწერალი გულისხმობდა ალია რამა რაიას, რომელიც ვიჯაიანაგარას 1542 - 1565 წლებში მართავდა. რამა რაია საკმაოდ ძლიერი ხელმწიფე იყო, რომლის წყალობითაც ვაჯაიანაგარის სამეფო გაძლიერდა 1550-იან წლებში. მისმა წარმატებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია მეზობელ სახელმწიფოებში. 1565 წელს აჰმადგანარის, ბიჯაპურის, გოლკონდისა და ბიდარის მუსლიმური სასულთნოების მიერ ერთობლივი ლაშქრობის შედეგად რამა რაია სასტიკად დამარცხდა თალიკოთასთან ბრძოლაში და ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, რომელმაც მას თავი მოკვეთა. რამა რაიას დამარცხებამ დამანგრეველი ზეგავლენა იქონია ვაჯაიანაგარის სამეფოსთვის, რომელმაც მართალია განაგრძო არსებობა, მაგრამ ადრინდელი დიდება ვეღარ დაიბრუნა. ამ ცნობაში ბენიე, რომელმა დიდ მოგოლთა კარზე მრავალ წელიწადს დაყო და ბევრ დიდმოხელეს გაესაუბრა, სწორედ მოგოლთა ტახტისთვის ცნობილ ინფორმაციას იმეორებდა. ეს ცხადყოფს, რომ მოგოლებისთვის ქართველთა დაწინაურება არცთუ გასაკვირი ყოფილა.
ამავე დროს ბერნიეს ამ ცნობაში ასახულია XV საუკუნის მიწურულს სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთის ზოგიერთ სამეფოში ქართველი მონების დაწინაურება. ამ მხრივ ვაჯაიანაგარის დამარცხებაში მონაწილე სასულთნოებიდან საყურადღებოა ბიჯაპური, სადაც 1480-იანი წლებიდან მოყოლებული, დიდ წარმატებებს მიაღწია უსუფ ადილ-შაჰმა, ადილ შაჰთა ძლიერი სახელმწიფოს დამაარსებელმა.
უსუფ ადილ შაჰმა საინტერესო ცხოვრება განვლო. მისი წარმოშობა ბურუსით არის მოცული, თუმცა ყველა წყარო თანხმდება, რომ „უცხოელი“ იყო, ახალგაზრდობაში მონად გაყიდეს და შემდგომში იდოეთში მოხვდა. არსებობს წარმოშობის სამი ვარაუდი:
- ერთი ჯგუფი იყენებს XVI საუკუნის ინდოელი ისტორიკოსის მუჰამად ქასიმ ჰინდუ შაჰის (ფერიშთას) ცნობილ ნაშრომს - Tarikh-i-Firishtah, რომელშიც უსუფი ოსმალეთის სულთნის, მურადისშვილად არის წარმოჩენილი. ფერიშთას თქმით, მურადის გარდაცვალების შემდეგ, ახალმა სულტანმა მეჰმედ მეორემ თავისი ძმების დახოცვა ბრძანა. დედის დახმარებით, უსუფი სიკვდილს გადაურჩა - დედამისმა დაიბარა ერთ-ერთი ვაჭარი და შვილის გადარჩენაში დახმარება სთხოვა. ვაჭარს რამდენიმე გასაყიდი მონა ჰყოლია, რომელთაგან ერთ-ერთი ძალიან ჰგავდა უსუფს. ამრიგად, ეს ახალგაზრდა მოკლეს და მისი თავი სულთანს მიართვეს, ხოლო თვით უსუფი ქართველ მონად გაასაღეს და ჯერ ირანში, ხოლო შემდეგ ინდოეთში წაიყვანეს. რთული დასაჯერებელია, რომ სულთნის შვილად დაბადებული უსუფი მონად ყოფნას შეგუებოდა და შემდგომში ერთხელაც არ გაესვა ხაზი თავისი წარმომავლობისთვის. სამეფო ტახტზე აღზევებულ ადილ შაჰებს ეუხერხულებოდათ, რომ ისინი ერთი უბრალოდ მონის შთამომავლები იყვნენ. ამიტომ მათი დაკვეთით დაწერილ ოფიციალურ ისტორიაში ისინი თვით ოსმალეთის სულთნის შთამომავლები გახდნენ.
- მეორე ვარაუდს საფუძვლად უდევს რაფი ად-დინ შირაზის ნაშრომი Tazkiral al-Muluk. ფერიშთას მსგავსად, რაფი ად-დინი ადილ შაჰთა მოხელე იყო და თავისი ნაშრომის წერისას ასევე ხელშეკრული იქნებოდა. რაფი აცხადებს, რომ უსუფი წარმოშობით იყო სპარსეთიდან, სავას პროვინციის გამგებლის, მუჰამედ ბეგის შვილი. მამამისი ბრძოლის ველზე დაეცა და მტრებისგან დევნილი ოჯახი ინდოეთში გაიქცა, სადაც უსუფი ქართველ მონად გაასაღეს. რაფის მოსაზრება ეფუძნება ერთი 90 წელს გადაცილებული ინდოელი მოხელის მოგონებებს.
ფერიშთასა და რაფის ერთი საერთო აქვთ - ორივე აცხადებს, რომ სპარსული თუ თურქული წარმოშობის მიუხედავად, უსუფი იდოეთში ქართველ მონად იყო გაყიდული. საამისოდ უსუფს ქართველის რაიმე დამახასიათებელი ნიშანი ექნებოდა, მით უმეტეს რომ, სპარსეთსა და ინდოეთში კარგად იცნობდნენ და აფასებდნენ ქართველებს.
- სწორედ ამიტომ მკვლევართა მესამე ნაწილი ვარაუდობს, რომ უსუფი არც სულთნის და არც სპარსელი გამგებლის შვილი არ ყოფილა, არამედ საქართველოდან მოტაცებული ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც თავისი ნიჭის წყალობით შეძლო არა მხოლოდ მონობიდან თავის დაღწევა, არამედ ინდოეთის ერთ-ერთი სამეფოს სათავეში მოხვედრაც.
საინტერესოა, რომ უსუფის გარდაცვალებიდან 150 წლის შემდეგაც კი დიდ მოგოლთა კარზე საუბრობდნენ მისი ქართველობის შესახებ. XVII საუკუნის მიწურულს იტალიელი მოგზაური ნიკოლო მანუჩი, რომელმაც თითქმის მთელი თავისი ცხოვრება დიდ მოგოლთა სამსახურში გაატარა და კარგად ერკვეოდა ინდოეთის პოლიტიკურ ვითარებაში, თავის ცნობილ ნაშრომში Storia Do Mogor-ი აღნიშნავდა, რომ „ბიჯაპურის პროვინცია გადაეცა ერთ-ერთ მონას, სახელად უსუფს, რომელიც თავდაპირველად ხელმწიფის სუფრასთან ხორცის დამჭრელად მსახურობდა. ამავე დროს გულკანდის პროვინცია გადაეცა იბრაჰიმ მალიქს, იმავე წარმოშობის მონას, რომელიც ხელმწიფის ბაზიერთუხუცეს იყო“. ამავე ნაშრომში, ბიჯაპურის სამეფოს ამბების განხილვისას, მანუჩი უსუფის თანამდებობას სხვანაირად წარადგენს: აღნიშნავს რა, რომ ბიჯაპურს მართავდა „ერთ-ერთი მონა, ქართული წარმოშობის რენეგატი უსუფი“, მანუჩი მიუთითებს, რომ ის ერთ დროს „სამეფო ხაზინას ხელმწღვანელობდა, რის გამოც იგი გამოსახულია ხელში დაჭერილი ოქროს გასაღებით“.
უსუფის ბავშვობაზე არაფერია ცნობილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი 1450 - 1451 წლებში დიაბადა. ფერიშთას მიხედვით, უსუფი დაახლოებით 17 წლის იყო, როდესაც იდოეთში აღმოჩნდა. 1460 - 1470-იან წლებში საქართველოში არაერთხელ შემოჭრილან ყარა-ყოიუნლუ და აყ-ყოიუნლუ თურქმენები, რომელთაც ქართული მხარეების აოხრების შემდეგ, დიდძალი ნადავლი ჩაიგდეს ხელში და ათასობით ტყვე წაიყვანეს ირანში. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ტყვეთა შორის ყოფილიყო ახალგაზრდა უსუფიც. წყაროებიდან გამომდინარე ცნობილია, რომ უსუფმა რამდენიმე წელიწადი გაატარა სპარსეთში, კერძოდ ქალაქ სავაში, სადაც ისლამი მიაღებინეს და სახელი შეუცვალეს.
1460-იანი წლების მიწურულს უსუფი სპარსეთიდან ინდოეთში წაიყვანეს, სადაც მას ყურადღება მიაქცია მაჰმუდ ღავანმა, დეკანის ბაჰმანის სასულთნოს დიდმა ვეზირმა, რომელიც წარმოშობით ირანიდან იყო და ჩანს კარგად იცნობდა ქართელებს. ღავანმა უმალვე იყიდა ქართველი მონა და თავის პირად ამალაში გააწესა. უსუფმა დიდი მხნეობა და ნიჭი გმაოიჩინა, ვინაიდან რამდენიმე წელიწადში ღავანმა იგი გაათავისუფლა და დაიახლოვა. უსუფმა თავი გამოიჩინა დეკანის სულთნისგან განდგომი ციხესიმაგრეების დაპყრობაში და სახელი მოიხვეჭა ვერაგურის ციხესიმაგრის, რომელიც აუღებლად ითვლებოდა, დალაშქვრით. ამ ლაშქრობების შედეგად უსუფმა უზარმაზარი ნადავლი ჩაიგდო ხელთ, მაგრამ ყველაფერი უკლებრივ გადასცა სულთან მუჰამედ შაჰ ბაჰამანი II-ს, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა უსუფის საქციელით და უხვად დაასაჩუქრა იგი. გამარჯვებების აღსანიშნავად ღავანმა და უსუფმა სულთნისთვის დიდი ნადიმი გამართეს, სადაც, სხვა ძღვენთან ერთად, მიართვეს „100 ჩერქეზი, ქართველი და აბისინიელი მომღერალი და მოცეკვავე“. სულთანმა დაიახლოვა უსუფი და მისი მამობილი და მათი დახმარებით ხელისუფლების განმტკიცებას შეუდგა.
უსუფი ბიჯაპურის გამგებელი გახდა და სახელი მოიხვეჭა, როგორც ნიჭიერმა და სამართლიანმა მმართველმა. გადამთიელთა აღზევებამ და სულთნის გაძლიერებამ დეკანის წარჩინებულთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გაყალბებული საბუთების მეშვეობთ მათ დაასმინეს ღავანი და 1481 წელს სულთანმა მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. მამობილის სიკვდილი მეტად მძიმე დარტყმა იყო უსუფისთვის, მაგრამ სულთნისგან განდგომას მოერიდა და ხელსაყრელი დროისთვის მოცდა არჩია. ერთი წლის თავზე სულთანი გარდაიცვალა და ტახტი ერგო მის შვილს, თორმეტი წლის მუჰამედ შაჰ ბაჰმანს. ყმაწვილი ხელმწიფე მალევე პოლიტიკური ინტრიგების ქსელში მოექცა და მცირე ხანში ქართველი მონის, კასიმ ბარიდის, ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდა. უსუფმა ისარგებლა პოლიტიკური არეულობით, 1489 წლისთვის განუდგა სულთანს და თავი დამოუკიდებელ ხელმწიფედ გამოაცხადა.
მომდევნო ოცი წლის განმავლობაში მან მეტად წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა წარმართა, რის შედეგად ბიჯაპურის სამეფო ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. უსუფმა ჩაატარა დიდი არმაშენებლობითი სამუშაოები. ბიჯაპურში დღემდეა შემონახული მის მიერ აგებული შენობები. 1500 - 1511 წლებში იგი შეუპოვრად იბრძოდა ახლად გამოჩენილი პორტუგალიელების წინააღმდეგ და წარმატებებსაც მიაღწია. 1510 წელს პორტუგალიელებმა, ალფონსო ალბუკერის მეთაურობით, იერიში მიიტანეს უსუფის ერთ-ერთ საკვანძო ქალაქზე, გოაზე, მაგრამ უსუფმა უკუაგდო ისინი. გოასთან პორტუგალიელთა მარცხი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ის გვაძლევს დამატებით ცნობას უსუფის ქართველობაზე. გოასთან განცდილი მარცხით გაწბილებული პორტუგალიელები არაერთხელ აღნიშნავენ, რომ გოას დაცვას მეთაურობდა ვინმე საბაიო ან იაკუბ გურჯი, რომელმაც 400-კაციანი გარნიზონით წარმატებით მოიგერია პორტუგლაიელთა შემოტევები. ამ ინფორმაციას ასევე ადასტურებს იტალიელი მოგზაური ლოდოვიკო დე ვართემა, რომელიც აცხადებს, რომ გოას დაცვას „მეთაურობდა ვინმე სავანი, რომელიც თავადაც მამლუქი იყო და 400 მამლუქს მეთაურობდა. როდესაც ეს მეთაური თეთრ კაცს შეიძენს, მას მუდამ მაღალ ხელფასს უნიშნავს და თვეში სულ ცოტა 15 ან 20 პარდაის (ოქროს მონეტა) უხდის“. სავანი ან საბაიო სწორედ პორტუგალიელთა მიერ უსუფ ადილ შაჰისთვის წოდებული სახელია. 1518 წელს პორტუგალიელმა დუარტე ბარბოსამ დაასრულა თავისი ვრცელი ნამუშევარი, რომელშიც ის აღწერს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებს და მათ ბინადრებს. გოას აღწერისას ბარბოსა, საუბრობს საბაიოს შესახებ და მას თურქად მოიხსენიებს. უსუფ ადილ-შაჰის შვილებთან სტუმრობისას პორტუგალიელმა მწერალმა დიოგო დე კუტომ მათ წაუკითხა ბარბაროსას ნაწარმოების ნაწყვეტები, სადაც საუბარი იყო საბაიოზე. კუტოს თქმი, უსუფ ადილის შვილებმა გულიანად იცინეს და განუცხადეს, რომ მათი მამა არც თურქი იყო და არც სუფი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ალექსანდრე მიქაბერიძე, ქართველი ღულამები ინდოეთში, ისტორიანი. №6 (66), 2016 წელი, ივნისი. გვ. 22-29