ფეიხოა (ან ფეიხუა, Feijoa sellowiana, სინ. Acca sellowiana), აგრეთვე ცნობილი როგორც ანანას-გუავა — მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეების გვარი მირტისებრთა ოჯახისა. სამხრეთ ამერიკის სუბტროპიკულ რაიონებში ცნობილია 3 სახეობა. მათგან კულკტურაშია ერთი — Feijoa sellowiana. დასავლეთ საქართველოში შემოიტანეს 1900 წელს, პირველი პლანტაცია გაშენდა 1915—1916 წლებს ბათუმსა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში.

ფეიხოა
ფეიხოას ნაყოფი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  მირტისებრნი
გვარი:  ფეიხოა
ლათინური სახელი
Acca sellowiana
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 152946605

წარმოშობილია სამხრეთ ბრაზილიის, ნაწილობრივ კოლუმბიის, ურუგვაისა და ჩრდილოეთ არგენტინის მთიანი ადგილებიდან. ასევე ხარობს კავკასიის დასავლეთ სუბტროპიკულ ნაწილში და რუსეთის სამხრეთში — კრასნოდარის მხარეში, ასევე ყირიმსა და აზერბაიჯანში.

ბუჩქი სიმაღლით 3 აღწევს, აქვს გადაშლილი, ხშირი ვარჯი. ფოთლები მოპირისპირედაა განლაგებული, ყვავილი ერთეულია, უბისა, დაწყვილებული ან თანაყვავილედად შეკრებილი, ორსქესიანი. ფეიხოას მწიფე ნაყოფი მუქი მწვანეა, კენკრა, რბილია და მარწყვისა და ანანასის არომატი აქვს. ნაყოფი მდიდარია იოდით (მწიფე ნაყოფის 100 გრამში დაახლოებით 8-35 მგ იოდია), რითაც ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის. რბილობი მკვრივია, წვნიანი, მომჟავო-ტკბილი, მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში, იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს — ამზადებენ უმაღლესი ხარისხის მურაბას, ჯემს, ჟელეს, მარმელადს, უალკოჰოლო სასმელებს და ლიქიორებს. მწიფე ნაყოფი შეიცავს: მშრალ ნივთიერებას 30,7–40,3%, შაქრებს 8,2–12,5%, სიმჟავეს 2,3–3,1%.[1]

ფეიხოა საკმაოდ ყინვაგამძლე და გვალვაგამძლე მცენარეა. ღერო და ტოტები -13–14°C-ზე ზიანდება, ხოლო -16–18°C-ზე ფესვის ყელამდე იყინება. კულტურისათვის საკმარისია წლიური ნალექი 500-600 მმ ოდენობით. ვერ იტანს ზაფხულის გახანგძლივებულ ნალექებსა და მაღალ ფარდობით ტენიანობას, განსაკუთრებით ყვავილობის პროცესში (ივნისი-ივლისი). ასეთ შემთხვევაში აქტიურად ვითარდება ყვავილებისა და ნასკვების ნაცრისფერი სიდამპლე, რის გამოც ადგილი აქვს ნასკვების მასიურ ცვენას. საქართველოში ფეიხოასათვის საუკეთესო აგროკლიმატურ ზონად აფხაზეთი, სამეგრელო და კოლხეთის დაბლობის (აბაშა, სენაკი, ლანჩხუთი, ფოთი, ხობი) რეგიონები ითვლება. აჭარა-გურიის რეგიონებში ყველაზე კარგი პირობებია მისი ზრდისთვის, თუმცა მაღალი ტენიანობის გამო, ზოგიერთ წლებში დაგვიანებული ლპობის საწინააღმდეგო ქიმიური ღონისძიებების გამო მსხმოიარობა დაბალია.[1]

ამრავლებენ გენერაციულად (თესლით) და ვეგეტატიურად (კალმებით, გადაწვენით).[1]

პირველად ფეიხოა ევროპელებმა ბრაზილიაში აღმოაჩინეს XIX საუკუნეში. სახელი პირველაღმომჩენის — ბუნების ისტორიის მუზეუმის დირექტორის ჟუან და სილვა ფეიხოს პატივსაცემად შეარქვეს.

ძირითადი ჯიშებირედაქტირება

ყველა სხვა ხეხილის მსგავსად, ნიშანთვისებათა ძლიერ დათიშვას იძლევა თესლით გამრავლების დროს. ფორმათა დიდი სიჭრელე შეიმჩნევა იმ ნარგაობაშიც, რომელიც საქართველოში მოიპოვება. კულტურაში გვხვდება ფეიხოას შემდეგი ფრანგული ჯიშები: ანდრე, ბესონი, პერე. კალიფორნიული ჯიშებიდან ჩვენში გავრცელდა: ჩოისეანა, სუპერმა და კულიჯი — ყველა სელექციურია.[1]

  • ანდრე ყველაზე მეტადაა გავრცელებული. ნაყოფი მოგრძო ან ოვალური ფორმისაა, ნაყოფის ფუძე მომრგვალებული, წვერი კი მრგვალია; კანი მოუხეშო, ღია მწვანე, მოთეთრო ელფერით. მწიფდება ნოემბერ-დეკემბერში. თვითგამანაყოფიერებელი ფერტილური ჯიშია. ხასიათდება უხვი მსხმოიარობით.
  • ჩოისეანა — მისი ნაყოფი დიდი ზომისაა, სიმეტრიული, ოვალური. აქვს საუცხოო გემო. ადრეული ჯიშია. მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში. მოითხოვს დამამტვერიანებელი ჯიშების დარგვას.
  • სუპერმა იზრდეა 3,5 სიმაღლისა, მე-4 წლიდან შედის მსხმოიარობაში. ნაყოფის ფორმით წააგავს ჩოისეანას ნაყოფს, მასავით დიდი ზომისა და არომატულია. მწიფდება უფრო გვიან ვიდრე ჩოისეანა.
  • კულიჯი თვითფერტილური ჯიშია და არ საჭიროებს დამამტვერიანებელს. ნაყოფი გრძელი, სწორი, გლუვი და ოვალურია; სხვა ჯიშებზე უფრო პატარაა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 გაზ. „ჩვენი სოფელი“, №6 (56), 1 სექტემბერი 2020, გვ. 14–15.